ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2023


მოლოდინი

მოღრუბლულია, წვიმს გამეტებით,
ჯერ ისევ მომდევს დაღლა იმ კვირის,
ნი, ძველებურად ფიქრს ავედები,
ფეხდაფეხ მივდევ, როგორც ჯიბგირი.

დავეხეტები ნერვებაშლილი,
არავინ მელის გასულს შინიდან,
გახსოვს ძველი დრო როცა ბავშვივით,
ჭექა-ქუხილის რომ მეშინოდა...

ნი, მონატრების შემიჩნდა სენი,
უკურნებელი გამტანჯა ძლიერ,
ღმერთს რა შევცოდე ასეთი, შენი
რომ წარმოდგენაც არ შემიძლია.

აწვიმს ძველ ქუჩებს, ჩემს ფიქრებს აწვიმს,
შენ ხომ ჭერივით გადამეხადე,
წვიმაში მოსჩანს მოხუცი კაცი,
დასველებული თავით ფეხამდე.

ნი, გაუმართავთ ღრუბლებს აგორა
ცაზე და ალბათ განმსჯიან ცოდვილს,
შენი ხმა ერთხელ რომ გამაგონა...
დავთმობდი წარსულს, რაც რამ ვიცოდი.

ჰო, ბაბილონის გოდოლად მექცა,
შენზე ოცნება, მიღწევა ცამდე,
ვერ მოვერიე დროს კალოს მლეწავს,
ვერც საკუთარ გულს ცოდვების ჩამდენს.

და ასე ჩუმად ისე, ვით საგზალს,
ვინახავ წუთებს შენს გვერდით განცდილს,
ნი, მაპატიე, არა მაქვს სხვა გზა,
რადგან რუბიკონს უკვე გადავცდი.

შენ ვერ გაიგებ პოეტურ ვნებებს,
უკან დახევა რომ არ ეგების,
მე უნდა გავყვე ლურჯ მოჩვენებებს,
მრჩება ლექსები, როგორც ნერგები.

ნუ გიკვირს როცა, ქარს თავს ვადარებ,
სხვა ვერ შეიგრძნობს ფოთლების შრიალს,
შორს გარიყული ხმელი ჭადარი,
ნი, თითქოს მეხის მოლოდინშია.

დანტე დარდიანი    24/07/2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს