ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2023


ბედნიერების ლექსი

რას ვიფიქრებდი ოცნებები თუ ახდებოდა,
თუ დავრჩებოდი ცარიელი  პეპლის პარკივით,
თუ ვისწავლიდი ცხოვრებას და ჩემი წებოდან

აშენდებოდა სიყვარულიც ამ ქალაქივით.
რას ვიფიქრებდი სადარდელად მხოლოდ ყოფითი
ამბები თუ კი დამრჩებოდა. დარდის არქივი

თუ გაქრებოდა სიზმარივით, ნასროლ თოფივით
დადუმდებოდა, მისი ექოც მიიყუჩებდა.
რას ვიფიქრებდი ახალ ლექსებს ასე ფოფინი

მოუნდებოდათ, დავივლიდი ნაცნობ ქუჩებს და
მოწკრიალებდნენ წყაროსავით და წვიმასავით,
და ისვენებდნენ მხოლოდ უცხო გოგოს ტუჩებთან.

რას ვიფიქრებდი ჩემი გული - სევდის საცავი,
ჩიტის გულივით სიხარულით იფრთხიალებდა,
ცრემლში მარილი გაქრებოდა - მკაცრად ნაზავი,

ფიქრი არასდროს ამაფრენდა თვითმფინავებთან.
რას ვიფიქრებდი გაქრებოდა ქვეყნად სიკვდილი,
მაგრამ შვილებთან ხუთი წუთით ვიგუნდავებ და

დაიმალება კურდღელივით, ჩემი ქვითკირის
ღობის გადაღმა, ღელის პირზე, ეკლის ბუჩქებთან.
რას ვიფიქრებდი შეწყდებოდა ღამით ქვითინი,

ყავით ფიზიკურ დაღლილობას გავიყუჩებ და
აღარ მაწუხებს არაფერი, მხოლოდ მცირედი
ტკივილი მთენთავს ხერხემალში, როგორც მუცელთან.

რას ვიფიქრებდი დავფარავდი კრედიტს იმედის,
მეგობრის ვალებს დავფარავდი ანდა პოეტი
ბედნიერებას შევიგრძნობდი რას ვიფიქრებდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები