ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 აგვისტო, 2023


დოდერი

ნინო დარბაისელი სტრონი

დოდერი

სულ მიკვირდა და მაფიქრებდა, თუ რატომ ხდება, რომ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოდან წასული ნიჭიერი ან არცთუ უნიჭო ადამიანების ნაწილი საქართველოს თუ უბრუნდება, უბრუნდება უცნაურ ტიპად.
იერი - იმ ქვეყნის ახალგაზრდული მოდის პარამეტრებში უთავსდება,
აქ რა არის გასაკვირი, აბა, ბებიისთაობელებივით ყორნისფრად შემოსილი ხომ არ ივლიან ახალგაზრდები!
წინათაობელებზე უკეთაც უნდა ჩაიცვან და უკეთაც უნდა გაიხადონ!
ახლა რაღაც შორტებზე ყოფილა ატეხილი ერთი ამბავი. მე პირადად ყოველდღიურად სულ შორტები მაცვია, როგორც ირგვლივ ყველას, ცხელა აქ.
მაინც მეჩვენება, რომ რაღაც, კერძო შემთხვევის მიზანმიმართულ, მაქსიმალურად განზოგადებასთან გვაქვს საქმე - ისედაც დათიშულ-დანაწევრებული საზოგადოების კიდევ ერთ ბინარულ დაყოფასთან: ნათელ-ბნელთა თუ პროგრესულ-რეგრესულ ფენებად.
მაგრამ ამაზე - სხვა დროს!
მოკლედ ზოგიერთებს, საქართველოში უცხოეთიდან დაბრუნებულებს,
ხელში საამაყო უცხოური დიპლომი უჭირავთ,
გზა ხსნილი აქვთ ათასნაირ უცხოურ პროექტში ადგილის მოსაძებნად, უცხო ენაც იციან, კიმპიუტერიც (თუმცა ამის ცოდნით დღეს დაწყებითი კლასის ბავშვებსაც ძნელად გააკვირვებ, ცხოვრება მაინც წინ მიდის) თითქოს რაღაცეებს ამბობენ, ვიღაც მხარდამჭერებიც ჰყავთ - თავისნაირები, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რეალური საბაზისო ცოდნა არაფრისა გააჩნიათ. მე ასეთ ადამიანებს დოდერებს ვუწოდებ.
დოდერი რას ნიშნავს?
შარშან ფლორიდაში მოგზაურობისას ,, “ზვიგენთა სანაპიროზე” ვნახე ხეები, ზედ ულამაზესი ყვავილებით.
რასაკვირველია, სურათი გადავიღე და როცა მოვინდომე ჯიშის გარკვევა, მიპასუხეს, რომ დოდერია (dodder).
ხეზე ამოსულ ამ მცენარეს დამოუკიდებლად, მიწაზე არსებობა - არ შეუძლია.
მასპინძელი ხის (host tree) პარაზიტია.
ზედაპირული, მჭიდი- ფესვებივით წამონაზარდებით ეკრობა მას, მისი მოპოვებული წყლით, საკვებით საზრდოობს, ზომიერების ფარგლებში მასპინძელი ხე იტანს კიდეც მას, მაგრამ თუ მეტისმეტად მიეძალა, გამრავლდა, შეიძლება გაახმოს კიდეც იგი, მაგალითად, როგორც “ქაძუმ”, რომელმაც რომელიღაც აღმოსავლური ქვეყნიდან ერთხელ შემოაღწია და ამერიკის ტყეებსაა მოდებული. შესახედავად - მართლა ლამაზია, ყოველ შემთხვევაში, მე მომწონდა. მაგრამ ამიხსნეს, მასპინძელ ხეს ჩაგრავსო.
ამას წინათ დოდერებზე ფიქრი ახლიდან მომეძალა, ალბათ უფრო იმის გამო, რომ ბრიტანეთში წლობის მანძილზე მყოფ ერთ მეგობარს, ძალიან კარგ ადამიანს ვესაუბრე “ფეისბუქ- ქოლით”
ასაკით პატარა არაა, ცუდ დროს მოუწია თბილისის უნივერსიტეტში სწავლა. შესაბამისად, კარგი საბაზისო განათლება იქ ვერ მიიღო და ინტუიციის წყალობით, ცოდნის დეფიციტს რაღაცნაირად ივსებდა. წარმოშობით - არ მიეკუთვნებოდა ქართული ელიტის ფენას. გონებრივად - მშრომელი იყო, მაგრამ ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა წესიერად საქართველოში.
ნიჭიერი იყო, მეტის ცოდნაც უნდოდა და როგორც იქნა, ინგლისური ენის რაღაც ეტაპობრივი გამოცდები ჩააბარა და ბრიტანეთის ერთ უმაღლესის სტუდენტი გახდა.
რომ ჩავედი, ჯერ ენის რაღაც მოკლევადიანი კურსები აქაც გაგვატარეს, მაგრამ საუნივერსიტეტო სწავლება რომ დავიწყეთ, დღე და ღამე კი ვმეცადინეობდი, მაგრამ ნახევარი არ მესმოდაო. უფრო სწორედ, უცხოურენოვანი ინფორმაციის შინაარსის გაგებაზე მიმდიოდა მთელი ძალა და კონცეპტუალურად, ჩაღრმავებით - ვერაფერს ვუღრმავდებოდიო.
საუნივერსიტეტო პროგრამები ძირითადად ისეა აგებული, რომ საბაკალავრო დონეზე - საბაზისო ცოდნას იძენ, ზედა- სამაგისტრო დონეზე უკვე სპეციალიზაცია, არჩევითი კურსები იწყება. მე რომ ენა ისე ავითვისე, სასწავლი გამეგო, აღმოვაჩინე, რომ ბაზისი, რომელიც ვერც საქართველოში შევიქმენი, ბრიტანეთშიც არ მქონია მყარიო. (დავარქვათ ბაზისს - მასპინძელი ხე), საგანგებო ცოდნას კი ვამატებდი, მაგრამ მაინც ათვისებული კლიშეების გამეორება მიხდებოდა, დამოუკიდებლად ვერ ვაზროვნებდიო.
მე ვამაყობ ამ მეგობრით, რომელსაც იმდენი სიკერპე აღმოაჩნდა, რომ საბაზისო ცოდნის შეძენას მიუბრუნდა.
ამასობაში წლებიც კი გაუვიდა, ოჯახიც არ შეუქმნია და ისე შეეთვისა იქაურ გარემოს, მეეჭვება, საქართველოში დაბრუნება ან მოისურვოს ან შესძლოს.
ვინაობას აქ არ ვწერ, ფეისბუქის ამ გვერდზეც ჩემი მეგობარია, საერთო მეგობრებში მრავალი თქვენგანიც მყოლია და თუ სურვილი აქვს, თვითონ გამოჩნდება, რომაც არ გამოჩნდეს, შემთხვევა ხომ ტიპობრივია იმ მომენტამდე, ვიდრე თვითონ გადაწყვიტა, საბაზისო ცოდნას მიბრუნებოდა.
ჩავთვალოთ, რომ მასზე საუბარს იმიტომ შევყევი, რომ შორიდან ასე მოვეფერე და ისევ პრობლემას მივუბრუნდეთ.

დასაწყისიდანვე ენის არასაკმარისად მცოდნე, უცხოეთში საბაზისო ცოდნის ვერშემძენი, ალაგ-ალაგური, აქა-იქური, რაღაც, რემნანტული (გადა-ნარჩენული) ინფორმაციებით საქართველოში დაბრუნებული, დიპლომირებული ადამიანების ნაწილი, ვისაც მე გულში დოდერებს ვუწოდებ, ქართულ რეალობას უკვე ვერ ხედავს, ვერ გრძნობს. თავის მხრივ, ეს რეალობაც - არცთუ
მომხიბლავია.
შედეგად:
წარმოიშობა კიდევ ერთი ან მრავალი კონფლიქტი. რომელიც სულაც არ ემსახურება ისედაც არსებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური პრობლემების დაძლევას, უფრო პირიქით.
და ზოგნი ამის “მამათა და შვილთა ბრძოლის” ფსევდო-პარადიგმად გასაღებას ცდილობენ.
რაშია გამოსავალი?
მართლა არ ვიცი.
ერთი უტოპიური აზრი კი მაქვს.
ნეტა ასეთი რამ ხომ არ უშველის საქმეს?
- რომ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში საწყისი, საბაზისო განათლების სისტემა მაქსიმალურად საფუძვლიანი გახდეს.
ბაკალავრის დონე ასე დაიძლიოს, საქართველოშივე.
უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელთათვის დარჩეს მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
ცალკეულ შემთხვევებში სახელოვნებო დარგებში, ან თუ საქმე ვუნდერკინდთან და მისთ გვაქვს, დაშვებული იქნას გამონაკლისი, - ბაკალავრიატის საფეხურზე გაგზავნა.
თუ ისევ მოქმედებს უცხოეთში წასვლის მსურველთათვის სამოსწავლო საქველმოქმედო პროგრამები - მაღალ კლასებში უცხოეთში გაგზავნა, ეს შეიძლება შენარჩუნდეს, რადგან უცხოეთში ენობრივი და სოციალური ადაპტაციის საფეხურის დაძლევაში ეხმარება სწავლის მოწადინეს
და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, უმაღლესი სასწავლებლის საბაზისო საფეხურის იქ დაძლევისა, თუმცა ქართული გარემოდან გარიდება უკვე სხვა რიგის პრობლემებსაც აჩენს.
საქართველოშივე თუ არსებობს საუკეთესო უცხოურენოვანი სკოლები, რომელიც ცხადია, უფასო ვერ იქნება და ამდენად, ხელმისაწვდომი მხოლოდ , ახალი ქართველებისთვის” აღმოჩნდება, საფიქრებელია, რომ უცხოურს კი შეასწავლიან იმ დონეზე, რომ წარმატებით სკოლადამთავრებულს ქვეყნის გარეთ საბაკალავრო- საბაზისო განათლების მიღების პრობლემა არ შეექმნეს, მაგრამ მეეჭვება, საბოლოოდ საქართველოს, ქართულ საზოგადოებას გამოადგეს მათი ცოდნა, ბავშვობიდანვე მისდამი დუბლირებული გაუცხოების გამო.
მაგალითი ხომ სახეზე გვაქვს.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ძირითადად კომუნისტური ელიტის შვილებისა და მათთან აფილირებული, ცოტა ინტელიგენციის ბავშვებშერეული კონტინგენტისთვის ხომ შეიქმნა გერმანულენოვან სკოლათა ქსელი; მის კურსდამთავრებულთა საკმაო ნაწილი, მერე უკვე საუკეთესო გერმანულ უმაღლესდმთავრებული , თუმცა უკვე ბავშვობიდანვე - დუბლირებული გაუცხოების ნაყოფი, - ხომ დაუბრუნდა საქართველოს; პრივილეგირებულ სამსახურებრივ პოზიციებსა თუ თანამდებობებზეც ხომ გადანაწილდა, ერთმანეთთან მჭიდრო სოციალური ბმაც შეინარჩუნა, ჩამოყალიბდა კლანად და რა!
არგო კი რაიმე ზოგადად ქართულ კულტურას, საზოგადოებას?
შესძლო კი გამოერღვია თავისი კლანის ფარგლები?
ჩემი ფიქრით, ვერა!
თუმცა მე რა ტვინს ვიჭყლეტ, ეს ყველაფერი განათლების სფეროში დასაქმებულ პროგრესულ ადამიანებს ჩემზე მილიონჯერ უკეთ ეცოდინებათ.
მოკლედ, პრობლემა არსებობს, ღრმავდება და მიხედვა სჭირდება.
თუმცა ვინაა მიმხედავი!

ნდს 

დოდერი 2

როგორც ჩანს, ჩემმა დღევანდელმა ფიქრებმა, საკმაო დაინტერესება
გამოიწვია. საიტ ფორუმ ჯი- ზე მკითხველებს გაუჩნდათ სურვილი, გაერკვიათ, თუ როგორია ამერიკის საგანმანათლებლო სისტემა, რა საბაზო საგნები ისწავლება კოლეჯში და როგორ შემიძლია ვიცოდე, რამდენად სრულყოფილად ფლობს ვინმე ტექნიკურ საბაზისო ცოდნას  და ასე შემდეგ.,
ასევე მთხოვეს, უკეთ გამეშალა, ამეხსნა  საქართველოში განათლების სისტემის  გაუმჯობესების ჩემეული კონცეფცია.
ეს პოსტი, რომელიც ფორუმ. ჯი- დან გადმომაქვს, ამ საკითხებს ეხება

მე მუდამ თავს ვიკავებ ტექნიკურ საკითხებზე საუბრისაგან. ეს არ არის ჩემი კვალიფიკაციის სფერო.
ამიტომ ვერაფერს გეტყვით.
მე ვხედავ ყველაფერს, ვიწროა თუ ფართო, ჩემი კვალიფიკაციის ლიტმცოდნეობის სარკმლიდან და გამოტეხვით რომ გითხრათ, მის გარდა ბევრი არც არაფერი მაინტერესებს.

აქ ვიღაცა კითხულობდა რაღაცას ამერიკულ სწავლების სისტემასთან დაკავშირებით.
თუ კითხვა სწორად გავიგე….ინტერნეტ კავშირი ცუდი მაქვს, ციხიდან ვპოსტავ.
(არაფერი - ცუდი, გული არ გაგისკდეთ, ,, ჯეილ” ასე ეწოდება ტავერნას, სადაც ვზივარ ამწუთას უტაში)

ამერიკაში ხუთსაფეხურიანი, 12 წლიანი სწავლების ბოლო არის “ჰაი სქული” - ჩვენებურად ,, უმაღლესი სკოლა”.
უმაღლეს საფეხურზე და მგონი საშუალოზეც - ტარდება ყველასთვის სავალდებულო, რაღაც ფედერალური ტესტები,
ეს ტესტები გასაზღვრავს სტუდენტის დონეს. შედეგები საჯაროა და უნივერსიტეტებსაც შესაბამისად, ხელი მიუწვდებათ.

მისაღები გამოცდები უნივერსიტეტში - როგორც ვიცი, ჩემს შტატში - ტენესიში საერთოდ არ არსებობს. ზოგან ალბათ სხვანაირადაა.

“ჰაი სქულის” მაღალრეიტინგულ მოსწავლეებს ჯერ კიდევ ,, ფრეშ-მენობიდან” ანუ უმაღლესი სკოლის პირველი წლიდან ( სამწლიანია) მოსდის უამრავი მოწვევა ამერიკის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. გთავაზობენ ტურს. თუ დაინტერესებული ხარ მათით, გეგმავ. ბოლოს მოგწყინდება და პირდაპირ, გაუხსნელად ,”შრედერში” ყრი ამ მოწვევებს. ზოგი უნივერსიტეტიდან გამეორებითაც გიგზავნიან
ეს არის კლიშე - ფორმები, რომელიც ძირითადად ასე იწყება

“ძვირფასო ნინო, გილოცავთ!
ჰარდინის უნივერსიტეტი მოხარულია, გაცნობოთ, რომ თქვენ გახდით ჩვენი სტუდენტი…”
(მერე საქართველოში გულუბრყვილო ჟურნალისტები წერენ, ესა და ეს ამერიკის მოწინავე ხუთ უნივერსიტეტში ჩაირიცხაო და ასე შემდეგ)

თუ ძალიან კარგი ხარ ჰაი სქულში, დაკავებულიც არა ხარ სხვა ,, ექთივითებით”, შეგიძლია, უკვე შერჩეული უნივერსიტეტის რაიმე კურსი/ კურსები წინასწარაც აიღო.

ამას უწოდებენ “სტუდენტის ინტერესზე მორგებული სისტემის” წესს)

ხოლო კოლეჯში, ანუ უნივერსიტეტის ქვემო, საბაკალავრო დონეზე რა ისწავლება “ბეისიკებიდან” (როგორც აქ უწოდებენ) ანუ ჩვენებურად საბაზო საგნებიდან, ფოტოდ გიდებთ. მარტივი ინგლისურია, მანდ ამდენი ყველამ იცით.
* * *
ერთი საკითხიც:
გინდა დამიჯერეთ, გინდა არა, მე მართლა მაწუხებს საქართველოს ბედი. განათლების გარეშე მთლად კმაყოფაზეც რომ აგვიყვანონ უცხოელმა მეგობრებმა, არაფერი გამოვა. ფული ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია და როგორც ვატყობ, არც ექნება კაი ხანს .
იმიტომ ვიფიქრე, იქნებ ბაკალავრის დონე მაინც დაიძლიოს საქართველოში და მაგისტრატურა და დოქტორანტურა გაიარონ უცხოეთში ბაკალავრიატის დამთავრების მერე - მეთქი, რომ ადგილობრივ ხარჯებს უფრო რაციონალურად გამოიყენებდნენ უმაღლესი დაწესებულებები, რამე უკეთეს სასწავლო პირობებს შექმნიდნენ.
დანარჩენს - სწავლის წარმატებით დამძლევი და მისი განგრძობის მოწადინე ყველა სტუდენტი უკვე უცხოეთში გააგრძელებდა. ანუ ორიენტაცია რომ იყოს ასე აღებული, რომ ყველა (!!!) სწავლაში წარმატებული ახალგაზრდა და არა მხოლოდ ერთეულები ან ფულიან-პატრონიანები (!!!) უნივერსიტეტს უცხოეთში ამთავრებდეს.
ამაში დაგვეხმარონ უცხოელი მეგობრები ერთი , ათი-ოცი წლით. მერე საქართველოც მომაგრდება განათლების მხრივ და რამეს იზამს.
არ ვიცი, რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები