ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პროზა
26 სექტემბერი, 2023


ზებედა /ლიტ.გაზეთი

  ახლადშეწვერილი ყმაწვილები ჭირივით შეუჩნდებიან ხოლმე ზებედას: -ნიავს თუ ადევნებიხარ ზებედ?
- სიცილით ეკითხებიან და თვითონვე სცემენ ერთმანეთს პასუხს.
-ეგ  ვის არ ადევნებია, ნიავი რა მოსატანია?
-ნიავს კი არა, გამგებლის ცოლს, კირას აჰკიდებია იმ დღეს.
-უი, მასწავლებელი რომაა?
-მასწავლებელი კი არა, პედაგოგი!
-ხო, რაცაა. რაო, მერე იმისთვის რაღა უთქვამს?
-სკოლინდელი ამბები მოუყოლია, იმისთანა მოსწავლე ვიყავი, მთელს სკოლაში ერთიც არ გეყოლებათ ჩემნაირიო.
-ერიჰააააა... ბებიაჩემს ადევნებია იმ დღეს, ბაღამდე მიჰყოლია, თავის ცოლზე მოუყოლია, იმისთანა ლამაზი ცოლი მყავდა, იმისთანა, რომ ქალს თუ კაცს ყველას იმაზე რჩებოდა თვალიო.
-ეგ კი არა, პატარძალი გადაურევია იმ დღეს. ეზოში ყოფილა საწყალი გოგო, პირს იბანდა თურმე, მიდგომია ეს, ღობეზე შემოუწყვია მკლავები, გადაუყვია თავი და ა, კიდო გამოუკითხავს ყველაფერი. მერე უთქვამს ჩემი ცოლიც შენი სოფლიდან იყოო.
-კაცმა რომ კითხოს ქალაქელი ცოლი ჰყავდა.
-მაგისას რას გაიგებ...
-ზებედ, ზებედ, შენი შვილი ვნახე იმ დღეს,- ირონიაშეპარვით უთხრა ერთ-ერთმა.
-რომელი?- ულვაშზე ხელის ჩამოსმით იკითხა ზებედამ.
-უფროსი.
-მერე, რაო.
-რაო და მამაჩემს უთხარით და სიგარეტის ფულს მოგცემთო.
-ხელფასს ავიღებ და მერე მოგცემთ,- მარჯვენა ფეხი განზე გადგა ზებედამ და გზის მეორე მხარეს მიმავალ კაცს სტვენით ანიშნა, დამელოდეო.
ხელფასიო, -სინამდვილეში კი პენსიას გულისხმობდა.
ზებედა, ის კაცი არ იყო გული გაეტეხა ან კიდევ თავისი მარტოობა შეემჩნია. ცხოვრება გამოუცდელ ლაწირაკებს აეგდოთ მასხრად, თორემ კაცი არ იყო ზებედას მისამართით მადლიერებით არ ეთქვა:
- "ისე გავთოხნე ბაღი ზებედასთან ლაპარაკში, ვერაფერი გავიგეო" ან კიდევ "მარტო წასვლა მეზარებოდა და ზებედა დამემგზავრაო."
ზედმეტად არავის აწუხებდა- ამბავს გამოჰკითხავდა, თვითონაც რამდენიმე სიტყვას თუ ჩააკვეხებდა თავის არარსებულ ცოლ-შვილზე, ეგ იყო და ეგ.
ერთი ძაღლის,-როქსის, მეტი არავინ გააჩნდა ზებედას. ზოგი ამბობდა ხოლმე როქსიზე,- ძაღლიც პატრონს ჰგავს, ისიც მასავით ღობე-ყორეს არის მოდებული და ყველას კუდში დასდევსო.

***
ჩვეულებრისამებრ, დიდი ნაბიჯებითა და ხელების ქნევით დაუყვა ზებედა გზას და სოფლის სამარშრუტო ტაქსიში ავიდა. დაჯდა თუ არა, უკნიდან ირონიით გადმოსძახა ვიღაცამ: -ზებედ, ცოლ-შვილი როგორ გყავს?
-არაუშავთ რა, -მშვიდად გაეპასუხა და გვერდით მჯდომ ქალს გადაულაპარაკა. ახლა წინიდან მოისმა ხმა ზებედას მისამართით: "ვის გვერდითაც ამას არ გაუვლია და ვისი ამბავიც ამან არ იცისო."
სამარშრუტო ტაქსიში უცნობი მამაკაცი ავიდა, არ ეცნო ზებედას და ჩუმად შეათვალიერა.
-შეხე, რა კაცია, ნეტავ ვინაა?- გვერდით მჯდომმა ქალმა გადაულაპარაკა ზებედას,- შეხე, შეხე, როგორ სუფთად აცვია, უპატრონო კაცს ვინ ჩააცმევს, ვინ მოუვლის ასე, შეხედავ თუ არა პატრონი ეტყობაო.
გულში ბრაზი მოუვიდა ზებედას -ეტყობა და ეტყობოდესო, გაიფიქრა და ისე ჩავიდა, ძველებურად მგზავრებისთვის ომახიანად აღარ უთქვამს, აბა, კარგად დარჩითო. არც ქუჩაში ადევნებია ვინმეს და "ხელფასის" რიგშიც არავის გამოლაპარაკებია.
ყველა ერთიმეორეს ეკითხებოდა, რა ჭირს ზებედასო.
ზებედა კი თავის ფიქრს მისცემოდა და ნერვიულად წრიალებდა.
საღამოს ზებედას სიგარეტის ფულზე მიადგნენ ბიჭები.
ზებედას დიდი სპილენძის ტაშტი გამოეტანა ეზოში, შიგ როქსი ჩაესვა და მიმხმარ ტალახს აცლიდა, როქსი წამდაუწუმ თავ-ტანის ქნევით საპნიანი წყლის წვეთების მოცილებას ლამობდა და შესაბრალად წკმუტუნებდა.
-რას შვები კაცო, რას დატანჯე ძაღლიო. -სასაცილოდ არ ეყოთ ბიჭებს.
-დავტანჯე რას ჰქვია, უპატრონო ხომ არაა, ასე ჭუჭყიანმა რატომ უნდა იაროს, პატრონი ხომ უნდა ეტყობოდეს, - მხრები აიჩეჩა ზებედამ და როქსის წითელი საყელო შეაბა.
დღესაც მგზავრმა უბნის თავში ზებედა თუ შენიშნა ვინმეს გვერდით, უბნის ბოლოს უცილობლად როქსისაც გადააწყდება...
ეჰ, ზებედამ იკითხოს, თორემ როქსის რა ენაღვლება, პატრონიც ჰყავს და ეტყობა კიდეც ხორცშევსილ ფერდებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები