 | ავტორი: დებორა ჟანრი: პროზა 2 ოქტომბერი, 2023 |
#პროზა
ნინო სტრონი
სასუი ნატაშა
ჩვენს იტალიურ, ანუ თბილისურ ეზოში ნატაშა ორი გვყავდა. ერთმანეთისგან უცებ რომ გაერჩიათ, ერთს ზურგსუკან სასუი ნატაშას ეძახდნენ, მეორეს, - ცალ ხელზე პარალიჩის კვალი რომ ეტყობოდა და გამხმარ მუცელზე მიდებულს სულ დაბლა- მაღლა ამოძრავებდა, მეფანდურე ნატაშა ერქვა. ახლა სასუი ნატაშაზე ვფიქრობ. ჩვენს მეზობლად, უფრო სწორად პირველ სართულზე მუდმივ მდგმურად ერთი ოჯახი ცხოვრობდა. კაცს სახელად სერჟიკა ერქვა, ქალს - ნატაშა. სერჟიკა - ერთი სიტყვაძუნწი, ობლობაში გაზრდილი, მშრომელი კაცი იყო. ამბობდნენ, მამა გეპეის პრორექტორი ჰყავდა და კომუნისტებმა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს და ინტერნატში გაატარა ბავშვობაო, მერე ვიღაცისგან ხელობა უსწავლებია და თავისი შრომით ლუკმას ჭამსო. წამოიკიდებდა ეს ჩვენი სერჟიკა მხარზე რაღაც ხის, მრგვალ სალესებიან დაზგას და გაუყვებოდა უბნის ქუჩას დილაადრიან ძახილით ,,ნაჟი ტაჩიც, ნაჟი ტაჩიიც!” იმისი ცოლი - სასუი ნატაშაც - ერთი უთვისტომო ქალი იყო. დანარჩენი ქალებისგან განსხვავებით, ქმრების დაბრუნებამდე გაპუწულები, ბამბაზიის ხალათებით რომ დარბოდნენ და საღამოთი იბანდნენ პირველად პირს ეზოს საერთო კრანზე, დილიდანვე სულ გულმისავლად ჩაცმულ- მოვლილი იყო, ტკბილსიტყვიანი ადამიანი, სულ “შენი ჩირიმე”-თი გველაპარაკებოდა დიდსა თუ პატარას, მთელი დღე პატარა ოთახს და იმის წინ - პატარა დერეფანს რეცხავდა და აწკრიალებდა, საყიდლებზე დადიოდა, ყოველი საღამოსთვის ქმარს კარგ სადილს ახვედრებდა. ტვაროჟნიკებს როცა აცხობდა, დამწვარი ზეთის მძიმე სუნში არეული ვანილის სურნელი რომ დატრიალდებოდა , ბავშვები იმის კართან უფრო ახლო-ახლო ვთამშობდით. აუცილებლად გამოგვაწვდიდა ტვაროჟნიკს და ფქვილიანი, მანიკურიანი გრძელი თითებით თვითონვე ოთხად გაგვიყოფდა. რა კარგი იყო, თან მოტკბო, თან ოდნავ მომჟავო… იმის მერე სად არ გავსინჯე, რა რეცეპტით არ გამოვაცხე და ისეთი გემრიელი ტვაროჟნიკი მაინც არ მიჭამია. ერთი, პატარა ჩრდილი მზესაც აქვსო, ნათქვამია, ჩასავლელკიბეებიანი ბოთლების ჩასაბარებელი წერტის პატრონ მოშესთან სარდაფში რომ ჩავიდოდა სასუი ნატაშა ერთი სეტკა ბოთლებით, ცოტა დიდხანს ყოვნდებოდა და გარეთ ხალხს ცდა უწევდა… თუმცა მოშეს ეს საქმეც კარგად ჰქონდა აწყობილი, ნდობიანი კაცი იყო. უბანში უცხო და ახალი თუ არ იყავი, იცოდი, შეგეძლო, ბოთლები გარედან, იქვე, კუთხეში დაგეტოვებინა და კედელზე ჩამოკიდებულ ბლოკნოტზე იქვე ჩამობმული ფანქრით, შენი ხელით მიგეწერა, “გივიას ნინო, ათი ლიმონათის, ოთხი ღვინის, ოთხი - რძის”. მერე, ცოტა ხანში როცა გამოივლიდი და კარს ღიას დაინახავდი, შენ თვითონ წაუკითხავდი რა რამდენი გეწერა და მოშეც იმდენს გადაგიხდიდა. არც შეგიმოწმებდა ნათქვამს და არც არაფერი. მოკლედ, ახლა რომ ინდმეწარმეობას ეძახიან, ეგ საქმე ჩვენთან, ლესელიძეზე ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ყვაოდა და იფურჩქნებოდა. სერჟიკას ხომ ასეთი სიამტკბილი ოჯახი ჰქონდა, არა? ხანდახან ზომაზე მეტ არაყს თუ გადააკვრევინებდა ვინმე, ნატაშას მშობლიურ ენაზე წივილ-კივილი მათი ოთახიდან რომ გამოდიოდა, უბანს ესმოდა. რაღაცას ყვიროდა, “სასუი ბუდუსასაცო!” სასუი ნატაშაც ალბათ იმიტომ დაარქვეს. მაშინ ქალთა უფლებები, შემაკავებელი ორდერები და ეგეთი რამეები არ იცოდნენ, იმერელი მეზობელი მაცაცო ერთს ჩაილაპარაკებდა ,,ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო”, ხელს ჩაიქნევდა და იტალიურ ეზოში ვარდისფერი “ნედეთი” ალუმინის გამურული ქვაბის ხეხვას მშვიდად გააგრძელებდა. მეორე დილას დალილავებული ნატაშა ქმრის ფლოსტებში ფეხგაყოფილი მეზობლის ქალებს რაღაც, თავისებური შეფარული სიამაყით, დეტალურად უყვებოდა ყველას, რა ეჭვიანი გამოადგა სერჟიკა და უკვე მერამდენედ, როგორ მაგრა სცემა, სულ არაფრისათვის. ერთ მშვენიერ დღესაც მოხვეტა ნატაშამ ყველაფერი, რაც გააჩნდა, ფანჯრის რაფაზე კოხტად ჩამწკრივებული ფაიფურის დოქი - პირში ოქროსფერბურთიანი ლურჯგვერდება დედა თევზი და იმისი წითელპირდაფჩენილი ექვსი თევზიკოც არ დავიწყებია და გაქრა… სად წავიდა, რას გაჰყვა, ვერც სერჟიკამ და ვერც ვერავინ ვერაფერი გაიგო. ჩვენი იტალიური ეზო, რაღაც, შუა გზაზე ასფალტამოთხრილი და მიტოვებული ორმოსავით გახდა. სერჟიკამ იდარდა, იდარდა, სმას ძალიან უმატა, მოუვლელი დადიოდა, შეკითხვით - ნატაშაზე არავინ ეკითხებოდა, ისე ქალები ჩურჩულებდნენ, მოშემ ბინა დაუქირავა ახალ გარეუბანში, ერთოთახიანში ჰყავს დედოფალივით და არაფერს არ აკლებს, იქ ბოთლების ჩასაბარებელი მეორე წერტიც გაუხსნიაო. სერჟიკას კი დიდხანს აღარც უცოცხლია. მერე ყვებოდნენ მუხათგვერდის სასაფლაოზე ახლობლის გაკრძალვაზე ვიყავი, სერჟიკას ორადჰილიან საფლავზე ერთ სარეველას ვერ იპოვით, შავი მიწა ყრია, კუთხეში რადაც, მრგვალი მარადმწვანე ბუჩქიაო. რამ გამახსენა ახლა სერჟიკა და იმისი მგონი, ოცი წლით უმცროსი ნატაშა! ვფიქრობ, ნეტა შვილი რომ მისცემოდათ, ცხოვრება როგორ წაუვიდოდათ-მეთქი. ხელმოკლე ოჯახებში შვილი წებოსავითაა, მაინც ერთად ამაგრებს წყვილს, მდიდრები ამას არ დაგიდევენ. ახლა მუხათგვერდის სასაფლაოზე რომ ვიყავი. იქაურობა ვეღარც ვიცანი, ვეძებე და იქვე, შესასვლელში სერჟიკას საფლავი ვინიშნე. ქვა არც ადრე ედო, გალავანი - მაშინათვე ცემენტისა ჰქონდა და სულ დაშლილა. არ ვიცი, რატომ დავასკვენი, რომ ორი ვიღაც ასვენია, ალბათ გულს უნდა სჯეროდეს, მაგრამ იმდენ სარეველაში და მოუვლელობაში დანამდვილებით რას გაიგებ! უცებ ერთი ბღუჯა ბალახი მაინც მივგლიჯ- მოვგლიჯე და იქვე, გალავანს გარეთ გადავყარე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეჰ, მილიონ მეერთედ, კიდევ შემეშალა ჟანრის შეცვლა, პროზა უნდა ეწეროს ეჰ, მილიონ მეერთედ, კიდევ შემეშალა ჟანრის შეცვლა, პროზა უნდა ეწეროს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|