ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2023


თვალი იგი ავტორგარეშე

#ეტიუდები

ნინო დარბაისელი

  თვალი იგი ავტორგარეშე

ადამიანი,
შეიძლება, ისე,
თავისთვის,
მთელი ცხოვრება იჯდეს და  წერდეს
და  არც არავის აჩვენებდეს,
მისი ნებაა. 
და გნებავთ, მისი ფუფუ-ნება.
მაგრამ თუ  ნაწერს
ავტორგარეშე თვალი იგი
არც რეალში,
ვირტუალშიც არ მოხვედრია,   
ის არის სადღაც,
არის, მაგრამ ჯერ არ არსებობს.

ჰო, ტექსტს ყოველგვარს,
ტექსტებს  ჩვენი არსებობისა,
არა  ავტორი,
არამედ მხოლოდ შეტყობინების  ადრესატი  ანიჭებს ძალას არსებობისა,   
რეციპიენტი,
მკითხველი  იგი,
რომელიც  ახლა უფრო და უფრო სანატრელია!

თვით შესაქმის დროს
სამყარო ვერც კი  მიხვდებოდა,
რომ არსებობდა,
ლოგოსი - ქრისტე ღმერთშივე რომ არ ყოფილიყო.
პირველად იყო ლოგოსი
და მან თქვა “კარგია!” 
და რა ვუყავით  ჩვენ  - მოკვდავებმა უკვდავის  შექმნილ ამ კარგ სამყაროს!
 
მსოფლიო ომი,
რიგით მესამე -  არა მუქარა,
არამედ უკვე რეალობაა!
 
ვაი, შენ, ჩემო საქართველოვ, 
ცეცხლოვან  რკალში მოქცეულო,
გასაქცევიც რომ არსადა გაქვს!
სად არის წყალი!
ზღვა - დასავლეთით და ისიც შავი?

ტექსტი ხარ- მეთქი,  დედამიწავ!
ეს მერამდენედ, 
თითქოს ყველასთვის  ნაცნობი ხარ, 
მაგრამ ყველასთვის საბოლოოდ შეუცნობელი;
ცეცხლმოდებული  ცის  გრაგნილზე
რაღაც ანბანით  წერიხარ და არცა წერიხარ
და ალაგ-ალაგ იკითხები და არც იკითხები.
ამოკითხული  - აღიქმები და ვერც აღიქმები, 
ყველა ენაზე რაღაცას ამბობ,
მაგრამ  ყველაზე  სხვადასხვაგვარად დეკოდირდები
და კოდის კოდთან ვერ შეთავსების,
კოდის კოდთან შეჯახების შედეგია მსოფლიო ომი,
შვილმკვდარი და  დედამკვდარი,
არა  - თავმკვდარი!

შენ - დედამიწავ,  ცად გრიგალების ატანილო ძველო გრაგნილო,
წვით - გარეშემო წყვდიადს ანათებ,   
მაგრამ ვისთვის?
ავი ნათების  ამ მხურვალებით ვინ ითბობს ხელებს!

საცაა ზეცა ყვავ-ყორნების
ჭვარტლეულით დაიფარება.

რა ხმები გვზარავს!
ყურებიდან გრუხუნ-გრიალი 
სისხლში აზელილ ტალახიან ნიაღვრად შეგვდის
და კეფა უნდა აგვეხადოს,
და ახდილიდან გადმოგვასკდეს  ტვინის შიგთავსი. 

შენ,  მკითხველო,
შენ,  წამკითხველო,
დამჯდარი  ფერფლის  გამქექავო, ამომკითხველო მომავლიდან,
დროზე,
დაგვხედე,
შემოგვხედე
და გვისმინე,
ვიდრე პირი ყველას მიწით ამოგვევსება.

რა სიჩუმეა.
შტეფსელიდან თითქოს გამორთეს და
ეს გრიალი წამლეკავი წამიერად  მიწყდა სრულიად,
ავ მოლოდინში სული  როგორი გასუსულია!
დედამიწაზე უპატრონო მძორის სუნია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები