ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2023


losS angeles city

როგორ დაგვეძებენ ქუჩა-ქუჩა,
ბრაზიანი თვალებითა და ტუჩებზე მომდგარი დორბლით,
როგორ აშინებენ ჩვენს დედებს და როგორ აშანტაჟებენ მამებს,
როგორ სარგებლობენ ჩვენი მოხუცების დაუძლურებული არსებობით,
როგორ გვწირავენ, როგორ გვიმეტებენ, დროს როგორ გვაკარგინებენ, როგორ...
აი ანგელოზის ფრთები, ჩვენი ანგელოზის ფრთები, ჩვენი ქალაქის ნაგავსაყრელთან
როგორ მოწყენილა უანგელოზოდ.
ისინი ანგელოზს მოგლიჯეს, გულამდე ჩაზრდილ ფესვებიანად,
მოგლიჯეს და ბერწი სიცილით უყურებდნენ როგორ ეძებდა ხელის ცეცებით
ზურგზე რაღაც ისეთს, რაც ადრე ჰქონდა...
დიდ ხანს უყურეს, მერე გაქრნენ როცა დაღამდა,
და ვერც კი ნახეს როგორ შეისხა ანგელოზმა ხელახლა ფრთები და როგორ გაფრინდა...
დიახ, გაფრინდა ანგელოზი იქ, სადაც უყვართ ანგელოზები,
ჩვენ კი ვინც დავრჩით, სხვა რა გზა გვაქვს გარდა იმისა
რომ უბრალოდ დავმალოთ ფრთები
და მანამ, სანამ ფრენა შეგვიძლია კი არ ვიფრინოთ,
არამედ ვიფიქროთ ლეგენდებზე,
თუ როგორ გვიშლიდნენ ფრენას ისინი ვისაც ეშინოდა ყოველთვის ჩვენი.
ვინც დაგვეძებდა ქუჩა-ქუჩა
ბრაზიანი თვალებითა და ტუჩებზე მომდგარი დორბლით,
ჩვენ კი გავრბოდით და ახლაც გავრბივართ,
ვიმალებოდით და ვიმალებით ახლაც...
მხოლოდ ხანდახან, ვწერთ განცხადებებს მათ სახელზე ვინც
სხედან მაღლა და ანგელოზთა ცალმხრივ ფრენებს განაპირობებენ,
რომ ერთი საათით მაინც მოგვცენ ნება - გავშალოთ ფრთები,
და გარდაუვალ უარყოფით პასუხამდე ვიტოვებთ იმედს
რომ სადღაც მაინც, უმნიშვნელო ძვრა ექნება აწმყოს,
რომელიც ჩანასახშივე კლავს მომავალს და ანადგურებს...
და რჩება მხოლოდ ბერწი იმედი განწირულთა
რაც ციხის საკნის უაქანდაზოდ გვას გავს უფრო,
ვიდრე აძრომას მაღალ ხეზე,
რომლის კენწეროც არც კი იცი, მალავს თუ არა საიდუმლოს,
თუმცა-ღა ვიღაც მაინც გვის საკანს, ხოლო სხვა ვიღაც,
დავიწყებისთვის განწირული, მიძვრება ხეზე,
დამვიწყებელი ქვემოთ დგას და დიდრონ ქვებს ესვრის,
რადგან აქამდე არავის მოსვლია აზრად ასულიყო ხის კენწეროზე,
აქამდე - არავის, და რახან აქამდე არავის მოსვლია აზრად ასულიყო ხის კენწეროზე,
დიდრონ ქვებს ესვრის დამვიწყებელი დავიწყებისთვის განწირულს,
რადგან იცის რომ ისიც და სხვებიც,
ვინც არსებობდა ყველა შეძლებდა ასულიყო კენწერომდე
- ასვლად რომ ღირდეს...
სხვები კი მათზე ლოცულობენ,
როგორც აკვანში დასაბრუნებელ სიმშვიდეებზე,
და კოზაკის ტყავის ხელმეორედ გადაკვრას უპირებენ ქვებით დახეთქილ მათ კეფას.
თუმცა ისინი ლოცულობენ და ეს ლოცვა არის მთავარი.
თუნდაც დემონზე ლოცულობდნენ - ხომ ლოცულობენ?
_იტყვიან სხვები და თვით მლოცველებს სისიდეებში ეჯიბრებიან.
მლოცველები კი ბუტბუტებენ გაუთავებლად,
მაშინ, როდესაც ღმერთი MLB_ს დრაფტს უყურებს ორას დიუმიან თხელ ეკრანში,
და მიკრო ზომის ვიდეოთვალებს,
მზესუმზირის კანებივით გვაყრის თავზე ახსნად იმისა
_ რომ ის ყველგან არს, და ამაში არაფერია ცუდი.
ხოლო ისინი, ვინც ფიქრობენ რომ ანგელოზები ღმერთს გაემიჯნენ
_ წყეულიმც იყვნენ,
წყეულიმც იყვნენ სახე მათი და ფიქრები მათი,
წყეულიმც იყოს ახირება მათი და რომანტიზმი მათი,
ბერწად იშვას ყოველი შთაგონება მათი,
რადგან ოდესმე მაინც... ოდესმე მაინც... ოდესმე მაინც...
იმ ქალაქის აეროპორტიდან,
ჰო, იმ ქალაქის, სადაც უყვართ ანგელოზები,
ერთი ბილეთი მაინც გაიყიდოს, სახლისკენ მომავალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები