ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2023


ნამდვილი ამბავი

ნამდვილი ამბავი

როცა დიდ გვალვებს მიაბამდა ხოლმე აგვისტო,
ღრმა ბავშვობაში ძილი ბევრჯერ წამკიდებია
ჩემი მსხლის ძირში, დამიჯერეთ იყო მაგის დროც
მსხლის ხეც იყო და მშვიდი ძილიც, იყო ბებიაც

მუდამ რაღაცის მდარდელი და მოუსვენარი,
როცა გვალვები დაბზარავდა ბოსტნის ნიადაგს,
ჩემი ბებია (მისი მსგავსი ახლა ვინ არის?)
მოიფიქრებდა ზეცას უნდა კიბე მიადგას

და წვიმა ჩართოს. ამიტომაც უბნის ქალებით
შემოკრებილი, აიღებდა ხელში მარიამ
ღვთისმშობლის ხატს და (იყო ქალი ამ გაქანების,)
ტყისაკენ სადაც დღესაც ჩრდილის საბუდარია

დაიძვრებოდნენ, მიყვებოდნენ რუს სათავისკენ,
იქ მიდიოდნენ სადაც პირუტყვს არ უძოვია,
ალბათ ოდესმე იმ ბილიკებს ყველა გავიგებთ,
ყველა ვნახავთ და ფეხშიშველიც ყველა მოვიართ.

იქ ლოცულობდნენ წვიმებისთვის წყალში ჩამდგარნი,
და ლოცვის ბოლოს ხატსაც წყალში აბანავებდნენ
ლოცვა არ ვიცი და მკვდარია ყველა მათგანი
თორემ ვკითხავდი. (იმათ ხსოვნას უფალს ვავედრებ.)

ჩამოვიდოდნენ საღამოხანს ლოცვით დაღლილნი,
(უძილო ღამემ უძირო ქვევრს თავი მოხადა)
ბუნებით სველი, შერცხვენილი და თავ დახრილი,
ცელქი ბავშვივით, სახლისაკენ, წვიმა მოჰყავდათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები