ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2023


რკალი ზოდიაქო "მშვილდოსანი"

            მე ვხედავ მათ,  ისინი კი ვერ მხედავენ მე; -  ასე ჩემთვის ხშირად ვიმეორებდი  გულში  დიდი წვეთის პულტთან მყოფი. ერთგვარად სასიამოვნო განცდაა, ამაში კარგა ხანია  გამოვუტყდი საკუთარ თავს, მაგრამ ახლა, როცა ვიცი, ვიღაცა დამყურებს თავზე და მე თვითონ მას ვერ ვხედავ, ნაკლებად სასიამოვნოა.
      ამას თავი დავანებოთ, შეიძლება გაუძლო ამ ნაკლებად სასიამოვნო მდგომარეობას,  ვიღაცა მითვალთვალებს? ჯანდაბას მაგის თავი, ავიტან როგორმე.  მაგრამ როცა იცი, რომ იმ მოთვალთვალის თვალში მახინჯი მწერის სახით ჩანხარ,  ეს უკვე ძალიან, ძალიან აუტანელია.  სწორედ ამ წუთას მშვილდოსანი დამყურებს თავზე (ახლა ის ზის „დიდი წვეთის“ პულტთან),  და სულაც არ მეხალისება ვკითხო, როგორი ვჩანვარ მის თვალში.
       
        გაქცევითაც რომ ვერსად გაექცევი, იძულებული ხარ, თვალი გაუსწორო, რაც შენს თავს ხდება, პირისპირ შეეჩეხო ყოველივეს.  როგორი საქმეა, მხინჯი მწერი ხარ, მეტი არაფერი, ვიღაცის თვალში სწორედ ასეთი ჩანხარ.  გგონია დადიხარ, ამ დროს საცოდავად დაფორთხავ, თავი ყოვლისშემძლე თუ არა, დიდად ძლევამოსილი გგონია, ამდროს სრული არარაობა ხარ.  (და ვიღაცის თვალიც რომ განუშორებლად თან გდევს, ყოველივე ამ სიკეთესთან ერთად.)  ვცდილობ გავექცე ამ საზიზღარ განცდას  და ვერაფრით ვერ ვახერხებ.
        თანაც ეს ყოველივე  სულაც არაა ახალი ამბავი, რკალის დასაწყისიდანვე ასე გრძელდებოდა, რიგრიგობით უთვალთვალებდნენ ერთმანეთს  „დიდი წვეთის“  პულტიდან, „ტკბებოდნენ“  ერთმანეთის შესახედაობით.  უმეტესობამ  უკვე  იცოდა ამის შესახებ, მე ვერაფერს ვამჩნევდი, გვიან მომიწია მესაჭეობამ. არ ვიცოდი, როგორ და რა თვალით მიყურებდნენ,  მოლოდ მაშინ გახდა ჩემთვის  ცხადი ეს ყოველივე,  როცა  მე თვითონ ვეზიარე ამ საქმეს.
        მერე კიდევ, იმ წითელ სახელურსაც ხომ ყველამ ახლო ხელი, ცხადად ვნახე ამის დამადასტურებელი ნიშანი,  მერედა რა?  ვითომც არაფერი,  რა კარგად ნიღბავდნენ თავებს... აკი  ხშირად ვხვდებოდი იქ, ბროლის კრისტალში  ნამყოფებს, იდუმალი სხივების  ყოვლისმხილველობასთან განდობილებს. განა რაიმეს ამოიკითხავდი მათ სიფათებზე?  ვერაფერს ვხედავთ, არაფერი ვიცით, და საერთოდ, არც გვაინტერესებს, ვინა ხარ და რა ხარ, რას წარმოადგენ, - აი ასე ეჭირათ თავი.  ამასაც მხოლოდ ახლა მივხვდი, მესაჭეობის შემდეგ.   
        თხის რქა გამახსენდა, აი თურმე რატომ იყო ასე შეცბუნებული,  როდესაც გამარჯვებას ვულოცავდით, რა უცხო თვალით  გვიყურებდა სათვალთვალო ეკრანიდან,  პირველად  მას მოუწია  „დიდი წვეთის“  მესაჭეობამ მზის თორმეტ მადევართა შორის,  ყველაზე ადრე დაგვხედა ბროლის კრისტალის სიღრმიდან,  დაგვინახა  ასეთნაირად, რაც ახლა ასე უსიამოდ მეჩხირება თვალში, თუმცა არაფერი გვითხრა, ჩვენს მხიარულებას არ მიაყენა ჩრდილი, თუ რა ვიცი…
      მერე იმ უცხო თვალს ყველაში ვამჩნევდი, ვინც სათვალთვალო ეკრანიდან გადმოგვხედავდა,  მეტნაკლებად.  ზოგიერთი კარგად ნიღბავდა თავს,  ზოგს ეს მაინცდამაინც არ გამოსდიოდა...  კვლავ თხის რქას გავიხსენებ, თხის რქის მსგავსად.

          ამას თავი დავანებოთ, ეს კიდევ არაფერი,  თვითონაც უკვე როგორღაც უცხო თვალით შევყურებ საკუთარ თავს,  რაღაც იმდაგვარი განმეორდა, რაც ვარდისფერი ნისლის წიაღში განვიცადე.  აგერ ლომი ხის ძირას მიყუჟულა  (ჩემზეა ლაპარაკი),  გულზე ლომის ნიშანი ახატია, თუ  რაღაც ლომის მინაგვარი, და ეს არსება  თავის ნახატიანად  საზიზღარი მწერის სახით მოჩანს ვიღაცის თვალში,  უფრო ზუსტად, ვიღაცეების თვალში.
        საქმე იმაშია, რომ მესაჭეობის შემდეგ ლომის თვალთხედვა როგორღაც შეიცვალა, ანუ, ლომს  თან გამოჰყვა ის ხედვა (თუ მისი რაღაც ნაწილი), რითაც დანარჩენებს, თორმეტ მოგზაურს  დაჰყურებდა ყოვლიმხილველი ეკრანიდან.  ახლა  უკვე  შეცვლილი  სახით,  ანუ  ისევ იმ მახინჯი საძაგელი მწერების სახით  ხედავს მათ, და ამას დასარული არ აქვს. რაღაც წილი იმ ხედვისა ყოველთვის იჩენს თავს, ვისაც არ უნდა შეეჩეხოს თორმეტ ყოჩაღ მოგზაურთაგან,  ყოველთვის მახინჯ მწერებად ესახება ისინი.    უფრო მეტიც,  ხანდახან ასე ეჩვენება, თითქოს  შედარებით ნაკლებად საზიზღრები იყვნენ, როცა  სათვალთვალო ეკრანებდან დაჰყურებდა მათ, ახლა კი, როცა პირისპირ ხვდება მათ,  სრულიად აუტანლები არიან. 
        სხვა  არაფერი შეცვლილა,  თვითონ  „დიდი წვეთი“,  სრულქმნილებასთან წილნაყარი ხომალდი,  გამომთვლელი მანქანები, თავიანთი ამოურწყავი  სტომაქებით,  ყოველივე ისევ ისეთია, როგორც სულ პირველად  იხილა. არც ზოდიაქოს ნიშნები შეცვლილან,  მზის მადევრების მკერდებზე მიხატულები,  ისინიც  თითქოს ძველებურად ემსახურებიან  „დიდი წვეთის“  წიაღს,  ეწევიან ყოველდღიურ საქმიანობას. არც მწვანე ბაღნარს დასტყობიათ რაიმე ცვლილებისმაგვარი,  უფრო ზუსტად, კიდევ უფრო გალაღდა  ბოლო დროს. და ესაა ლომის  ნუგეში, მათი სამსახური მევალებოდა, და ახლაც მათ  ვემსახურები, უფრო მეტიც, მათ აფარებს  თავს.
        და მაინც, რატომ ხდება, რომ ისევ მახინჯ მწერებად ვხედავ მათ, სამართავი პულტის გადმოღმაც.  მერამდენედ ეკითხება ლომი თავის თავს ხშირად;  პასუხს ვერ პოულობს,  ვერც ამ შეცვლილ ხედვას იცილებს თავიდან,  ვერა და ვერ დააღწია მას თავი, .~  და ამან ლომი, მეტი რომ აღარ შეიძლება, ისე გააწამა.                       
        განა არ სცადა,  გულით  უნდოდა,  ისევ ისეთები დაენახა  მზის თორმეტი  მადევარი, როგორებიც სულ პირველად იხილა.  „დიდმა წვეთმა“  შეჰყარა ისინი ერთად (ამის შესახებ უკვე ითქვა), მანამდე  თვალიც არ მოეკრათ ეთმანეთისთვის,  ამ დროს კი  ეგონათ, ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთო.  არაფერი არ უშლიდა ხელს იმ საოცარი ერთიანობის განცდას,  რაც იმ პირველ დღეებში  სუფევდა მათ შორის.  რა სანდომიანები ჩანდნენ, თიკნებივით მხიარულობენო, -  ყველა ასე იტყოდი მათი შემყურე.    რა საამო იყო ის განცდები,  როგორ გაქრნენ ასე უკვალოდ.
            ბევრი უსარგებლო ცდის შემდეგ ლომი დარწმუნდა,    რომ ძველ ხედვას ვეღარასოდეს დაიბრუნებდა. უფრო მეტიც, მის რაღაც ნაწილსაც ვეღარ  მიწვდებოდა, ამან განსაკუთრებით დაუმძიმა  გუნება, აღარავის თვალით დანახვა აღარ უნდოდა. შემთხვევით თუ ვინმეს გადაეყრებოდა,  შეხვედრისას ყოველნაირად ცდილობდა, თვალი აერიდებინა მათთვის, მხოლოდ იმ ნიშანს დაჰყურებდა, რაც მკერდზე ეხატათ.  და ამ დროს ასე ფიქრობდა, ისინი  ჩემზე უარეს დღეში არიანო.  „- მე ვხედავ, რა ახატიათ მკერდზე, ისინი კი რას ხედავნ? რაღაც გამოუცნობ,  აბდაუბდა მონახაზს,  ესეც ხომ დამატებითი უსიამოვნებაა მათთვის;“ - ამაზე გულში ეცინებოდა..
            თუმცა სიცილის იშტა  დიდხანს არ გაჰყოლია, გამუდმებით ტვინს უბურღავდა საკუთარ ორსახოვან არსებობაზე ფიქრი. ბოლოს და ბოლოს,  ვინა ვარ მე, ლომი თუ მახინჯი მწერი, ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა საკუთარ თავს.  რაღაც უცნაური არსება  წარმოუდგებოდა ასეთ  დროს თვალწინ, ოღონდ როგორღაც ბუნდოვნად,  სანახევროდ ბურუსში დანთქმული.    როგორ არ სცადა, ვერა და ვერ შეძლო იმ ბურუსის გაფანტვა. მისი მკაფიოდ დანახვა, იგი ჯიუტად გაურბოდა მის ხედვას, მეტად გამოუცნობი რამ იყო.
        აჰა, ისევ  ეს სიტყვაც, გამოუცნობი მხეცი,  მისი საკუთარი ნიშანი, მკერდზე რომ ეხატა მთელი ამ ხნის მანძილზე. ისევ მას მიადგა ლომის და მწერის შეთავსების მცდელობისას.
        ამან უფრო გაუსაძლისი გახადა მისი ყოფა,  „დიდი წვეთის“  წიაღიც  გაუცხოვდა მისთვის, თვალს ვეღარ უსწორებდა მის  სრულყოფილებას, არადა ერთ დროს როგორ ამაყობდა ამ საოცარი დიდებული ხომალდით.  „მან ვარსკვლავები გაგვიფინა ფეხქვეშ.“- დაცინვასავით ჟღერდნენ ახლა მისთვის ეს სიტყვები, ნეტავი როგორი ვჩანვარ თქვენს  თვალშიო, ფიქრობდა, როცა ვარსკვალებს წამით მაინც გაუსწორებდა მზერას.  ისინი ხომ გვიყურებენ, თავს ზემოთ თუ ფერხთა ქვეშ, ყოველთვის გვიყურებენ,  თვალს წამითაც არ აშორებენ.

                                                                      *  *  *
        არადა, რკალი უკვე  იკვრება, სადაცაა სივრცეები ერთმანეთს გადაკვეთენ, შეხვდებიან, ცთომილებზე იტყვიან, გზები კვეთენ ერთმანეთსო, აქ კი, კოსმოსში, სივრცეები კვეთენ ერთმანეთს, რკალი, სახელად ზოდიაქო, საცაა შეიკვრება და ჩვენ, მზის მადევრები, რითი ვხვდებით ამ დიდებულ წამს. (?)
        ბოლოს ესყოველივე იმით დამთავრდა, რომ სრულებით აუკრძალა საკუთარ თავს ვარსკვლავებით მოკენჭილ ბილიკზე, ანუ  დიდი წვეთის  ზეგამჭვირვალე  გარსზე  ფეხის  დადგმა,  საჩემო ადგილი აქ არ არისო.  ადვილი სულაც არაა  ეს ყოველივე ლომისთვის,  გამჭვირვალე გარსი  ხომ  საკუთარ  მშობლიურ  ცთომილთან  აახლოებდა,  - ეს განცდა  სამუდამოდ  დაიკარგა მისთვის. თანაც რა დროს,  საცაა რკალი შეიკვრება, დიდი წვეთი უკანვე ამოანთხევს იმ პატარა წვეთებს, რომლების რკალის დასაყისში ჩაყლაპა,  ის  კი, ლომი,  ამ დროს ასეთ გაუგებრობაშია.
        რა ვიღონო? - უკვე მერამდენედ ეკითხება ლომი თავის თავს.
        ნეტავი იმდენი მაინც შეეძლოს, აი, იმ მოციმციმე ვარსკვლავს  დაემალოს,  თავზე რომ დაჰყურებს,  ხანდახან მწვანე ხეების ტოტებს შორისაც ჩამოიხედავს მისი ყოვლისმხილველი თვალი...  ესეც კი გაუსაძლისია ლომისთვის, მეტად უსიამოდ აჟრიალებს იმის წარმოდგენისას, თუ რას და როგორ ხედავს ამწუთას მისი  სახით.  ყოველ შემთხვევაში,  აქ ყოფნა ურჩევნია,  გამჭვირვალე მწერები ნაკლებად საზიზღრები ჩანან მწვანე ხეების გვერდით.  მათ საძაგელ შესახედაობას ყველაზე მეტად სწორედ უნაკლოდ გალაქული ზედაპირები ამჟღავნებენ.
        ყველაფერს აჯობებს,  რაც შეიძლება ფართოდ ტოტებგაბარჯღული ხე იპოვოს.  თუმცა ისიც მშვენივრად იცის, რომ ეს ამაო მცდელობაა. ვერანაირი მწვანე ტოტები ვერ დაიფარავენ ბროლს კრისტალის ყველგანშემღწევი სხივებისგან, მაინც თავისას ცდილობს, . რაიმე ხომ უნდა იღონოს, სხვა კი არაფერი შეუძლია.
        დადის ლომი მწვანიანში,  ლამის მთელი მიწიერი ბირთვი მოიარა,  ბოლოს  იპოვა  თავისი გუნების  ფართოდ  ტოტებგაბარჯღული  ხე. იქ ჩაიმუხლა და  უცბად მშვილდისარიც იპოვა,  ხის  ერთერთ ტოტზე ეკიდა პატიოსნად.
          მაშინვე  იცნო,  ეს ხომ სწორედ მან  გამოთალა,  სასწორის თანავარსკვლავედში ყოფნისას,  ნამდვილად შეძლო რაღაც.  მშვენიერი მშვილდისარია,  მშვილდს მოზიდავ, ისარიც  დასხლტება,  თუ  ლამბს  ხელს  გაუშვებ,  მაგრამ ამის გაკეთებას გამოუცნობი მხეცი არ ჩქარობს,  ჯერ კიდევ ფიქრებსა და ვარაუდებშია ჩაფლული. ის წვალებაც ახსენდება, რაც ამ სათამაშოს გამოთლისას განიცადა,  არავინ და არაფერი ყავდა დამხმარედ, საკუთარი ათი თითის გარდა, თუ ამ მომცრო დანას არ ჩავთვლით,  და ამ თითებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს,  ეს სანდომიანი ნივთი შექმნეს. ამისთვის არ დასჭირვებიათ ციფრების ნიაღვრები, მათ მხოლოდ საკუთარი ღონე და მოხერხებულობა დასჭირდათ, მეტი არაფერი. 
        მერე კიდევ, ამ სანდომიანმა ნივთმა  რამდენი გარდასახვა  გამოიარა.  გამოუცნობმა მხეცმა ხომ  სწორედ მშვილდისარი დახატა რკალის დასაწყისში. მართალია ვერ გაიმარჯვა, საცდელი მაინც სცადა.
        ანუ,  მშვილდისარი ნახატი იყო,  როდესაც გამოუცნობი მხეცი ლომად გარდასახვას ცდილობდა და ამის იმედიც ჰქონდა. 
        ნახატმა  სხეული შეიძინა, როცა გამოუცნობმა მხეცმა თოჯინად იგრძნო თავი.
        ახლა კი, როცა გამოუცნობი მხეცი საზიზღარ  მწერად იქცა, მშვილდისარი უკვე ქმედითი იარაღია.
      აქ    გამოუცნობი მხეცი მოწონებით იქნევს თავს, ყოველივე სწორად განსაჯა და დაალაგა, ნახატი ნამდვილად გარდაისახა იარაღად,  უკეთესად ვერ იტყვი, მაგრამ ეს არაა საკმარისი. საფიქრელი სხვაც ბევრია. 
        როგორ უნდა გამოიყენოს ეს იარაღი,  საითკენ, ანდა  ვისკენ უნდა მიმართოს... 
        გამოუცნობი მხეცი  კიდევ კარგა ხანს დგას უძრავად ხის ქვეშ,  თავიც მძიმედ ჩაუქინდრავს, ჩანს, რაღაც მძიმე ვარაუდებშია ჩაფლული..
        აჰა,  მგონი მიიღო რაღაც გადაწყვეტილება. მოსცილდა ხის ძირს, გაშლილ ადგილას გამოვიდა. მშვილდისარს მაგრად ჩასჭიდა ხელი, ისარი ლამბს დაანდო  და მოზიდა, თან ირგვლივ ავლებს თვალს,  ყოველი შემთხვევისთვის...
      არავინ და არაფერი არ ჩანს ირგვლივ.
      გამოუცნობი მხეცი ერთხანს კვლავ აყურედებს გარემოს,  ძალაუნებურად მშვილდოსანს ეძებს,  ყველაზე ხშირად  სწორედ მას ხვდებოდა  დიდი წვეთის  ბილიკებზე.   
      მაინც, რა უცნაურად გადაიხლართა მათი გზები  „დიდი წვეთის“  წიაღში მოხვედრისთანავე.  ლომმა (ანუ გამოუცნობმა მხეცმა) სწორედ მშვლდოსნის ნიშანი  დახატა, როგორც გზის დასაწყისის გამომსახველი ნიშანი.
        მან კი, მშვილდოსანმა, ლომი დახატა ნახტომში გაწვართული. 
        ორივემ წააგო, ვერცერთმა ვერ მიაგნო გზის დასაწყისის უმარტივეს ნიშანს.
        უძრავად  დგას გამოუცნობი მხეცი, ხელში მშვილდისრით, თითქოს ცხადად ჩაესმის მშვილდოსნის  სიტყვები, ოდესღაც მისთვის თქმული:  რას ეხვევი ვერძის ტყავში. შენ ლომი ხარ, ლომის ტყავში უნდა გაეხვიო!
        ნეტავი  ”დიდი წვეთის“  საჭესთან არ იჯდეს მშვილდოსანი,  უარს არ იტყოდა  მასთან შეჯიბრზე.  ისრის ტყორცნაში მოსინჯავდნენ ძალას.  იქნებ ამ ერთხელ მაინც გაიმარჯვოს, გაეხვიოს ლომის ტყავში.
        არა და არ ჩანს მშვილდოსანი,  და საერთოდ, არცერთი საძაგელი მწერი არ ჩანს თვალსაწიერზე.
        მიწაზე ვეღარ მოიძია სამიზნე,  და გამოუცნობი მხეცი  ახლა უკვე მაღლა, ცისკენ იყურება, იქითკენ, საიდანაც  ვარსკვლავები ჩამოჰყურებენ.  რაღაც ნიშნისმოგების მსგავსი ჩანს მათ გამოხედვაში, თითქოს გამომწვევიც კი.  ეს რაღაც ახალია, რაიმე ამის მსგავსი გამოუცნობ მხეცს ჯერაც არ დაუნახავს.  მოზიდა  მშვილდი, დასხლიტა, ისარიც გაფრინდა მაღლა,  ვარსკვლავების გამომწვევი მზერისკენ.
      გამოუცნობ მხეცს  მოზეიმე ყიჟინა აღმოხდა, თითქოს გამარჯვების მაუწყებელი. მან გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმ შეჯიბრში, რომელიც არ შემდგარა, მაგრამ მაინც ბედნიერია. მან ხომ ვარსკვლავებს, უფრო სწორად,  მათ გმომწვევ მზერას  სტყორცნა ისარი.  ამას, ცხადია,  მშვილდოსანიც დაინახავდა, ბროლის კრისტალში ტივტივებს და  მისთვის არაფერია დაფარული ...
        ერთხანს  იდგა,  ბედნიერებით ტკბებოდა,  მერე კი გატყორცნილი ისრის საძებნელად გაემართა. რა  ჯაფა დაადგა მის გამოთლაზე, ასე ადვილად ვერ შეელევა. გაიარა ის გზა, რომელიც ვინ იცის, რამდენჯერ გაუვლია, გადაინაცვლა სპირალიდან სპირალზე  და ზეცაზე აღმოჩნდა. ერთხანს ეძება, მიიარ - მოიარა ვარსკვლავებით მოფენილი ბილიკები, რომლებიც გამგონედ ეგებიან ფეხქვეშ,  და აჰა იპოვა თავისი ისარი,  რომელიღაც თანავარსკვლავედზე იყო გაწვართული.
        აიღო ისარი გამოუცნობმა მხეცმა, სახეზე კმაყოფილება აწერია,  კვლავ დაანდო ლამბს, როგორც ჩანს,  ისევ მის გატყორცნას აპირებს, ახლა  უკვე დაბლა,  მიწისკენ.
        უცბად სახე შეეცვალა, კმაყოფილება გაოცებამ  შეცვალა. რა მოხდა? თურმე კიდევ დაინახა ისარი.
        დაუშვა მშვილდი,  საჩქაროდ მიირბინა ისართან, აიღო...  ათვალიერებს, თითქოს თვალს არ უჯერებსო. ო, ნამდვილად ისარია, საგანგებოდ გამოთლილი. 
        გამოუცნობი მხეცი გაოცებით იყურება  აქეთიქით, თავს ზემოთაც აიხედავს,  მიწიერ ბირთვს შეათვალიერებს.  მერე დაბლა  დაიხედავს, თითქოს ვარსკვლავებიდან ელოდება პასუხს.  ვერსაიდან პასუხს ვერ ეღირსა, თუმცა თვალების ცეცებას მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია მისთვის,    ერთი ისარი კიდევ დაინახა,  მოციმციმე ვარსკვლავებზე მსუფევი.  მივიდა, აიღო.  სხვაც დაინახა შორიახლოს,  ისიც აიღო. მერე კიდევ სხვა...  საკმაოდ ბევრი მოუგროვდა,  მთელი ბღუჯა.  ახლა უკვე მშვილდი დაანდო ვარსკვლავების მკერდს  გამოუცნობმა მხეცმა და  ისრების თვლას მოჰყვა.  ითვლის, ითვლის  და ვეღარ დაუთვლია, მეტისმეტად ბევრია ისრები, ხელის თითები აღარ ჰყოფნის მათ დასათვლელად...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები