ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2023


მოჰავე

ამ წამს, როდესაც „კარუზოს“ ვუსმენ
და ლუჩანონე სუნთქვას მავიწყებს,
კუზი მტერივით ამოსდის ზურგზე
ჩემს საქართველოს, ბრმას და სამიწეს.

მიდის ქართველი... იქ — სურიენტო,
აქ — შავ პონტოზე, მთვარე კოლხეთის...
ენანებოდა, მაგრამ მიანდო
ბედს ვით ოჯახმა — დიდი  პოეტი.

თუმცა არ იყო იგი კარუზო
და არც დიდების ჟინით იწვოდა,
დასავლეთისკენ ყველას  გაუსწრო,
რომ იქ ეცქირა, სან-ფრანცისკოდან.

ძველი აფიშის ნაგლეჯი ეგდო,
იკითხებოდა ზედ: საქართველო,
სძულდა მას ყველა მხდალი და დღემდე
მდგარი აქ რაზმი კვლავ სადამსჯელო.

მკვლელს შეაჩეჩა, რაც კი ებადა,
მიდის, ამ წამსაც იღებს მიგრანტებს
ჩირაღდნიანი ქანდაკება და
ხელს იბანს ერი, ერი — პილატე.

მტერს მამისეულ მიჰყიდის ბინას
და ეწაფება ტვირთსავსე პორტებს,
და დგას კუთხეში ხის პიანინო —
სამარისპირა პიანოფორტე.

მაგრამ ვიდრემდე ჩირაღდანს ნახავს,
უდაბნო უნდა გამოიაროს
და ვინაიდან დღეს მოსე არ ჰყავს,
არ იცის თუ რას ეტყვის  იანუსს.

აცხუნებს მზე შორს, კალიფორნიის,
შფოთავს შორს ყურე ძველ აცტეკების...
არ ჩანს აფსაროს, ციხეგონიო...
სჯერა დარჩენა რომ არ ეგების!

ტოვებს სახლ-კარს და არც კარუზოა,
არც გავროშია და არც დავრიში,
ოღონდ გაექცეს, გროშსაც არ ზოგავს,
უცნობ მოჰავის ნაცნობ წადილში.

ელის მიგრანტებს იქ ამერიკა —
ნიკე, თემიდა და მრავლის მხსნელი
და მებადურთა ღამე ირიბად
ლონგ-აილენდზე ილევა, ნელი.

დასავლეთისკენ გზად ბევრს გაუსწრო —
წილი ეყარათ მართლებს  მრუშებთან —
ქვას დაუშენდა თავის სისხლს და ხორცს,
მტრის გამო კიდე თავს შეუშვერდა…

თავსაც ებრძოდა, ღმერთსაც, კაცს, ბედსაც...
გამოლეოდა მას გასამრჯელო,
ქუჩაში ძველი აფიშა ეგდო
და დაეწერათ: “…შენ, საქართველო!“

2022

https://youtu.be/hXAAXe_00Cc?feature=shared

https://youtu.be/iJFI53qZ7xY?feature=shared

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები