#ლექსები
ნინო დარბაისელი
დავითის გოდება შვილზე
გასაგებია, არ მერგებოდა მე საკუთარი მხედართმთავრის, ჩემი ერთგული მეომრის ცოლი! ვნებას ავყევი და ქმარი იგი უთანასწორო ომში გავუშვი დასაღუპავად. ცოდვისა იყო ის სარეცელი, ბერშებასთან, თანაც მრავალგზის რომ გავიყავი, ცოლად შერთვისთვის დავისაჯე…
დიდი ხარ მამა, ყოვლგან მყოფი, ყოვლად ძლიერი, გაუგებრობა - თვისებაა შენი მარადი, მაგრამ ხომ არის რაღაც მაინც, ის, რაც მოკვდავსაც გაეგება, და რატომ არის, რომ ყველაფერი, რაც მოკვდავისთვის ცისქვეშეთში გასაგებია და ყველაფერი, რაც ცისზესეთშიც გასაგებია, გასაძლებად უმწარესია, უსველესია კაცის ცრემლით, მიწის ჭამას რომ მოგანდომებს ამ სიმწრისაგან.
რად მომიკალი შვილი იგი! გასაგებია, ცოდვის ნაყოფი ჩამოწყვიტე, ის ცოდვა გვეტკბო, მაგრამ რატომ წაიყვანე, რად მიითვისე, ბავშვმა განა რა დააშავა! მამა, ბავშვებმა რა დაგიშავეს კაცთა მოდგმისა, მშობლის ქცევაზე პასუხი ხომ არ მოეკითხებათ! დე, გაიზარდონ, გაიხარონ! განა ყველანი ცოდვის შვილები არა ვართ, ღმერთო, განა ცოდვისთვის არ გამოაგდე უშორესი ჩვენი მშობლები იმ სამოთხიდან? განა ცოდვისთვის არ უთხარი, პირზე ოფლით ჭამე პურიო, ან უხსენებელს სადაც ნახავ, თავი უნდა გაუჩეჩქვოო, და თუკი მაინც ცოდვის ბრალია, იმის მაგივრად დედამისი წაგეყვანა, მე წაგეყვანე!
ღმერთო, დამხედე, რას დავემგვანე! თავზე ნაცარი დავიყარე, შესამოსელი შემოვიხიე, ხმის ჩახლეჩამდე, ხმამაღლა მოვთქვამ, აღარც კი ვიცი, რომ გიგალობდა, სად აგდია დღეს ჩემი ქნარი, მიწაზე ვგდივარ და მიგია შენგან აქ ნარი, მომეტევება ცოდვა ესე, ჩემი ნაქნარი?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|