ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 დეკემბერი, 2023


ყველას გვაჯობა (პაოლო იაშვილის ხსოვნას)

                                                        ყველას გვაჯობა
                                            პაოლო იაშვილის ხსოვნას

მწვერვალამდე სულ ცოტა აკლდა. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით მეტად უჭირდა ნაბიჯის გადადგმა. გრძნობდა, როგორ ეწინააღმდეგებოდა პარნასი. იციან მთებმა წინააღმდეგობის გაწევა, მიუღებლობა. თუ შეძელი და ძალით დაიპყარი, აუცილებლად გიმუხთლებს დაშვებისას. მითუმეტეს, როცა ,,კომუნიზმის პიკიდან“    დაქცქერიან ,,ღმერთები“,  ,,გალიფეშარვლიანი ღმერთები“.

მთლად ღმერთებად არ მიუღია, მაგრამ, მათი  ,,მეუფების“  თავსმოხვევას,  არ შეწინააღმდეგებია,  ,,ფეხი აუწყო“ ახალ დროებას. მაშინ დაისადგურა მის მზერაში შიშმა, სატვირთო ვაგონებში, სადგურ ,,ყვირილასთან“, სხვა აჯანყებულებთან ერთად მისი ძმაც რომ დახვრიტეს.

ტრაგიკული იყო აგვისტოს ეს დღე, მაგრამ მწარე გაკვეთილიც: არ შეიძლებოდა მათი ნდობა ... არავის ნდობა!... მიზანს უნდა გაემართლებინა საშუალება, მწვერვალზე ფეხის დადგმას - წითელი  დროშით ასვლა. ,,ცისფერი ფერი“ სამუდამოდ უნდა დაევიწყებინა, სისხლისფერით ჩაენაცვლებინა. მერე, ვერ წააქცევდნენ ,,ღმერთები“!  სახალხო პოეტის წაქცევა ადვილი არ იქნებოდა!

ბავშვივით მეამიტი იყო პაოლო! ... მეოცნებე ბავშვივით.

უკან მოხედვისა არ ეშინოდა, არ ჰქონდა ,,სიმაღლის შიში“, წინ,  ,,თოკში“ ტიციანი ჩაბმულიყო. ქვემოთ კოლაუ, ვალერიანი ...

კოლაუ  პროტესტით შეხვდა ,,წითელი ღმერთების“ შემოსვლას, თბილისში. უცნაურად მოეჩვენა მისი ეს ნაბიჯი, მაშინ . ეგონა, თავისუფლება მოჰქონდათ წითელი დროშით:  ,,ეს კი, რად ეწინააღმდეგებაო ნათელ მომავალს“? ...

,,თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელი!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა  ხალხი“.

,,რა დროს ბრძოლააო, მოუკვდა პატრონი“!  - თოვლის მოფარფატე  ფიფქებს, წითელი ღვინითა და ღორის მწვადებით შეეგებებია თბილისი, მარო მაყაშვილი და იუნკერები უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები! ... შეზარხოშებული საზოგადოება გაოცებული უმზერდა ,,ბუდიონოვკიან“ წითელარმიელებს, თურმე!  ... არა! არ მიუტოვებიათ დროსტარება! ... ქართველები წიხლს ხომ არ ჰკრავდნენ სუფრას ?

ძმის დახვრეტიდან სამიწლისთავზე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩიეს, ,,წითლებმა“ მარტო ეს არ აკმარეს, თბილისის საბჭოს წევრობაც  ,,უწყალობეს“. ...

მათ ნდობას ,,ამართლებდა“.

ამიერკავკასიის ცაკის წევრი გახდა 1934 წელს.  ისევ არ აკმარეს მარტო ეს, წითელი დროშის ორდენიც ჩამოჰკიდეს მკერდზე ... მარცხენა მხარეს! ... გულთან ახლოს! ...

წლების მსვლელობასთან ერთად, რეპრესიებმაც იმატა.  1937 - ში მეგობრები დაუპატიმრეს, ბრალდებად სამშობლოს ღალატი წაუყენეს ... ერთისა კი არა, ორივე  სამშობლოს ღალატი, დიდისა და პატარისა ...

არც ,,დიდი“ იყო და არც ,,პატარა“, რაფიელ ერისთავის ,,სამშობლო“ იყო მათი სამშობლ:

,,სადც ვშობილვარ, გავზდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა–პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმიყვე ვჩვეულვარ, – ჩემი სამშობლო ის არი“ ...

დაიწყო დაკითხვები, გადასახლებელი, დახვრეტები. ჩეკას კაბინეტებში დღედაღამ ენთო შუქი. სარდაფებში ხალხის  ტევა არ იყო. უმეტეს ახსოვდა 1921 წლის 25 თებერვლის ის თოვლიანი დღე, თბილისის ქუჩებში გამოჩენილი ,,ღორეშელი ბიჭი“ რომ ადღეგრძელეს ,,ცისფერი ყანწით". სულისშემძვრელი ის იყო, რომ  სიკვდილმისჯილნი უკანასკნელ განთიადს, აკაკის ,,განთიადის" ღიღინით ეგებებოდნენ:

,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო"!  ...
 
პაოლოს ჯერიც დადგა! ...

სიყვარულით უცემდა გული. ის გული, ,,წითელი ორდენით“ რომ სცადეს ბოლშევიკებმა მისი დაფარვა:

,,ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია – და ეს სიბრძნე დამბუდებია,
მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორც გელი
ჩემი თვალები უკეთესი საბუთებია.
ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წუთის ცეტობა
როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა
ეს ყველაფერი სანატრელო შენი დაღია.
მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა
გამოჩნდი იმ დროს – იჭვები რომ მებადებიან
ნუ გეშინია ჩემო კარგო თმაში ჭაღარა
ეს სინათლეა სიყვარულს რომ შემატებია.
ოცდა ჩვიდმეტი წელიწადი ისე გაცურდა
როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან.
იყავი ჩემთან გამტანელთან და ვაჟკაცურთან
ამ დიდ დღეებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.
ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა
ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება
საშინელია როგორც ომის მოახლოება
საშინელი, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება“.

,,ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო“ ...  მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის ეს სიტყვები ...

1937 წლის 22 ივნისი, მწერალთა სახლში ორლულიანი თოფის, ცალი ლულა დაიცალა.

P.S.
წილად მხვდა პატივი, 2002 წელს ვყოფილვიყავი პაოლოს იუბილის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე ...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები