ჯორჯ გორდონ ბაირონი - დამშვიდობება ნიუსტედის სააბატოსთან
რატომ აღმართავ პალატებს, ფრთოსანი დღეების პირმშოვ? თუმც დღესდღეობით იხედები შენი კოშკიდან, მაგრამ სულ ცოტა ხანში დაქროლავს სამუმი და იზუზუნებს შენს დაცარიელებულ ეზოში. ოსიანი
შენს გალავანში, ნიუსტედო, ქარი თარეშობს, დაბზარულია წინაპართა ბინის კედლები; სადაც ვარდნარი ამშვენებდა ადრე გარემოს, ახლა კონიოს და ნარშავის მოჩანს ეკლები.
შენი ამაყი ბარონები აბჯარასხმულნი, პალესტინისკენ მიუძღვოდნენ ომში ვასალებს, გერბიან ფარებს კედელს ახლის ქარი რახუნით, მწუხარე ნაშთად რომ შემორჩა ჟამძველ სასახლეს.
მოხუცი რობერტ ვეღარ შეძლებს ქნარით, სტრიქონით, მებრძოლთა მკერდში საომარი ჟინის დანთებას, თვლემს ასკალონის კოშკის ახლოს ჯონ ჰორისტონი და მენესტრელის მკლავი ვეღარ აღიმართება.
ჰუბერტი, პოლი ჩაიხუტა კრესის მინდორმა, იხსნეს ინგლისი და ედვარდის ხელისუფლება, მამებო! თქვენი დატირება ერმა ინდომა, მემატიანე გთვლით გმირებად, შეწირულებად.
რუპერტთან ერთად თქვენც აღკვეთეთ ფლიდთა მზაკვრობა, ოთხი ძმის სისხლით გაიპოხა ველი მარსტონის, როცა ზვარაკად შეეწირეთ ორგულ მზვაობართ, დაადასტურეთ ერთგულება მეფე ბატონის!
გემშვიდობებით გმირ წინაპრებს შთამომავალი და ვიდრე წავალ, აღთქმას გიდებთ ყველა თაობას, მეც გამოვიჩენ ამჟამადაც და მომავალშიც, შინ, თუ სახლს გარეთ, სიქველეს და გამბედაობას.
თუმც თვალებს ცრემლის საბურველი გადაეკვრება, გული კი არ ძრწის, მწუხარებით ვეღარ მშვიდდება, მემკვიდრეს ნებავს წინაპრებთან გაპაექრება, რადგან არ აძლევს მოსვენებას თქვენი დიდება;
სახელის ხვეჭას და დიად ღვაწლს დაეშურება და შემოგფიცავთ, არ გახდება ქვეგამხედვარი, თქვენებრ იცხოვრებს და მსგავსადვე აღესრულება, ვიდრე თქვენს ნეშტთან აირევა მისი ცხედარი.
14 დეკემბერი, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://en.wikisource.org/wiki/The_Works_of_Lord_Byron_(ed._Coleridge,_Prothero)/Poetry/Volume_1/On_Leaving_Newstead_Abbey
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი თარგმანი. კარგი თარგმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|