ჯორჯ გორდონ ბაირონი - ჩამომეცალეთ, ჰანგებო გლოვის!
ჩამომეცალეთ, ჰანგებო გლოვის! ჩუ, ადრინდელო მალხენო ჩანგო! ჟამი დამიდგა აქედან ლტოლვის, ვეღარ მივიჩნევ თქვენს ბგერებს სანდოდ.
მომაგონებენ დროს მტკბარს და ნეტარს, დადუმდეს სიმი, ნუ მომგვრის ვაგლახს! არ მსურს ნაფიქრით გაჩხრეკა, ჭვრეტა, როგორი ვიყავ, რა გავხდი ახლა.
ხმა, მატკბობელი მელოსის ჟღერის მიწყდა და ვეღარ მომხიბლავს კრინით, იმავე ჰანგზე ვიღაცის მღერით სამგლოვიარო მესმება გვრინი.
შენით სუნთქავენ ჰანგები ისევ, ძვირფასო თირზა, თუმცა ხარ მტვერი; ჰარმონიით რაც მალხენდა მყისვე, ამჟამად ყურს მჭრის უამურ ბგერით.
თუმცა მიჩუმდა საამო ჩქამი, კვლავ ამაჟრჟოლებს ნახმევი მისი, არ მინდა, მაგრამ დღითა თუ ღამით, მოგონებებში დროდადრო ისმის.
მერყევი სული მიკრთება ხშირად, როცა მძინარეს ხმა მიხმობს ნაზი, არ მახსომდება ნანახი სიზმრად, ვეღარ გამომაქვს ნათქვამის აზრი.
ძვირფასო თირზა! ძილშიც და ცხადშიც, ქცეულხარ ტკბილი ზმანების ლანდად, მოსხივცისკარე ვარსკვლავი ცაში სხვაგან მოაფენ სინათლის ქანდას.
მან კი, მრისხანე ცისქვეშ ვინც ივლის ისევ ცხოვრების მწუხარე გზებით, უნდა იგლოვოს გამქრალი სხივი, რომ უნათებდა გზაწვრილებს გზნებით.
20 დეკემბერი, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryverse.com/lord-byron-poems/away-away-ye-notes-of-woe
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|