ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2023


ყველაფერი აქ

    ახლა, როცა დროის მარყუჟში ვარ გამოკეტილი, უფერო, უწონო გისოსებში, უიმედო, უძრავ, წყვდიად კედლებში, - პლანეტა დედამიწაზე, შიგადაშიგ მაგონდება, თუ რა ვიგრძენი, როდესაც მოტოციკლეტით ფშავიდან დავეშვი და გადავხედე ჟინვალის წყალსაცავს; როცა სითბო ტალღებივით მეტაკებოდა: ამისთვის ვარ დაბადებული!
    მაგონდება ზერმიდეს თვალის ზედაპირი, როგორ გადაეფინებოდა სიმწვანე მასზე, როცა ვკოცნიდი და სარაის შავი თმები როგორ მეყრებოდა სახეში ქარის დროს.
    როცა პირველად ნისლში მკვდარი ზღვა ვნახე, გული გამისკდა. მიწაზე ხელის გული დავადე და ის მაინც გუგუნებდა, მაინც ცოცხალი იყო.
    მახსოვს ტბისპირეთი, სადაც დაბანაკებულებს თავი ბუზთა ბატონში გვეგონა, მაგრამ ყველაფერი ისეთი ბავშვური და წმინდა იყო, რომ თავად ბუზთა ბატონი არსად ჩანდა.
    არც არავის კალთაში თავის ჩარგვა დამვიწყებია, სადმე, სახურავზე, როცა მთვარე ისე ძლიერად ანათებდა, რომ თვალსაც მოგჭრიდა და თან სასწაულებრივად, ის გარშემო ვარსკვლავებს არ ყლაპავდა თავისი სინათლით.
    ყველაფრის გახსენება შემიძლია:
    ამ წყლისა და უხვი მცენარეების ქვეყანაში უდაბნოშიც კი ვარ ნამყოფი ჩემი უღალატო მოტოციკლეტით, გაოცებისგან ცარიელ გზაზე რომ გავჩერდი, გადმოვედი და ღმერთმა უწყის რამდენი საათი ვუცქერდი ჩემსავით მარტო მყოფ კალიას.
    ეს ყველაფერი კი ერთიდაიგივე ადგილზე მოხდა, უფერო, უწონო გისოსებში; უიმედო, უძრავ, წყვდიად კედლებში - პლანეტა დედამიწაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები