ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2024


ჭის მშენებელი/ ლიტ. გაზეთი

  ოდნავ უკან გადახრილი ყურებით იდგა შარიკა პატრონის წინ, პირი დაღებული ჰქონდა და კუდს აქეთ-იქით აქნევდა. თავზე ხელი გადაუსვა თუ არა ლაშამ, ძაღლი ფეხებთან დაუწვა და ფართო, კეთილი თვალებით მიაჩერდა.
-აი, ასე ჩემო შარიკა, ხვალ ან ზეგ ჩავდგამ ჭაში ოწინარს, იფ, იმისთანა ჭას ავუშენებ ჩემს საყვარელ გვანცას, რას ვიფიქრებდი,  ოდესმე მის სიახლოვეს თუ მომიწევდა ყოფნა? მას რომ ვუყურებ, გული ისე უცნაურად გადამიქანდება ხოლმე, ეტყობა, ცოტა ასაკის ბრალიცაა. ისე, სიყვარულთან ასაკი რა მოსატანია? განა რამეს ნიშნავს ათი წელი? თანაც, ჩემი ყურით გავიგონე, მეგობარს რომ ეუბნებოდა, ცოლად მხოლოდ ჭის მშენებელს გავყვებიო...
იმას გეუბნებოდი, ჩემო შარიკა, ჭის აშენებას ცოტა დრო ხომ არ უნდა, ამასობაში, იქნებ შევუყვარდე კიდეც.
შარიკამ საპასუხოდ კუდი გააქნია.
-გიხარია, ხო? ვიცი, ვიცი რომ გიხარია, შენ ჩემი ერთგული მეგობარი ხარ, - გულზე მიიკრა ლაშამ ძაღლი და ღრუბელგადაყრილ ცას გულდაიმედებულმა ახედა...
* * *
გვანცასთან მისულმა ელენემ მოუთმენლად იკითხა:
-რა მოხდა, გოგო, რა დაემართა იმ შენს ჭის მშენებელს?
-ნუ მკითხავ გოგო... -დივანზე დაეშვა გვანცა და მეგობარსაც ანიშნა, დამჯდარიყო, -გეფიცები, ახლაც ვერ დამიჯერებია, სიზმარი მგონია, იმ დღით, ფანჯრიდან დავინახე, მონდომებით მუშაობდა, თავისი ძაღლი კი ეზოს ბოლოში იყო...
დედაჩემმა მთხოვა, ხაჭაპური გამეტანა მისთვის. გავედი თუ არა, ამ წყნარმა ძაღლმა უეცრად ყეფა ატეხა, თან ისეთი სისწრაფით გამოქანდა, მეგონა ცოცხლად შემჭამდა, ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვასწარი, ამიარა გვერდი და ჭაში გადახტა... ელდა მეცა, ავტეხე ყვირილი, საბრალო ძაღლი ჭაში ჩავარდა -მეთქი, იქით დედაჩემი გამოვარდა, აქეთ კარის მეზობელი, ჩავიხედეთ ჭაში და ნეტავ არ ჩამეხედა, -თვალები აეცრემლა გვანცას, -გულწასული ეგდო საწყალი ბიჭი, ძაღლი კი გულზე შესდგომოდა და სახეზე უსვამდა ენას, თან ისე გულსაკლავად წკმუტუნებდა...
-უფ, გამაჟრჟოლა,- მკლავზე დაიხედა ელენემ.
-გახსოვს, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, წინა დღეს ხუმრობით რომ გითხარი,  ცოლად მხოლოდ ჭის მშენებელს გავყვები- მეთქი? მგონი, გაიგონა საბრალომ,- ამოიხვნეშა გვანცამ და ლაპარაკი ღიმილშეპარულად გააგრძელა: - გუშინ რა მოხდა, არ მკითხავ?
-გუშინ რაღა მოხდა? -ფეხი ფეხზე გადაიდო ელენემ.
-ხომ იცი, ის ბიჭი, დათო, სალოს დაბადების დღეზე რომ გავიცანი, მთელი ორი კვირა, რომ არ მასვენებდა და პაემანზე მეპატიჟებოდა, გუშინ სასწავლებელთან შემხვდა შემთხვევით და გაგაცილებო, შემომთავაზა. მოვდიოდით ჩვენთვის მშვიდად და აზრზე არ ვარ, საიდან გაჩნდა იქ შარიკა, მივარდა დათოს და ლამის ტანსაცმლიანად შეჭამა...
-საიდან გაჩნდა იქ? - თავშეკავებულად ჩაიცინა ელენემ.
-რავი, გოგო, მეც არ ვიცი, უცნაური ძაღლია, ყოველ დღე მოდის აქ, გაივლის-გამოივლის და ისევ მიდის, -ტუჩი მოიკვნიტა გვანცამ და ყავის მომზადებას შეუდგა.
-ძაღლი ახსენეო, აი, ისიც... ფანჯარაში გაიხედა ელენემ და შარიკას სევდანარევი მზერა მიაპყრო.
შარიკამ საქმიანად აიარ-ჩაიარა გვანცას სახლის წინ, ყველა გამვლელ- გამომვლელ ბიჭს შეუღრინა, მერე ჭიშკართან დაწვა, თათები წინ გამოსწია, ზედ თავი ჩამოდო და ფართო, კეთილი თვალებით ერთ წერტილს მიაჩერდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები