 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 12 იანვარი, 2024 |
(გაგრძელება)
3 იცოდით ცხოვრება ადამიანს რომ ჰგავს?.. დიახ, დიახ! ცხოვრებას სხეული აქვს: ხელები, ფეხები, სახე, თვალები... ყველაფერი, რასაც უნდა გაუფრთხილდე, მოეფერო, აცოცხლო, ასუნთქო შენი ქცევებით, შენი ყოველდღიურობით, შენგან გადადგმული თითოეული ნაბიჯით... დაჩისაც ჰქონდა ცხოვრება, თანაც ერთი არა, ბევრი, ბევრნაირი და მაინც მის განსაკუთრებულ ცხოვრებას დინა ერქვა. დინა, რომელიც მას შემდეგ არ ენახა, რაც უნივერსიტეტის ეზო დატოვა გოგონას ბოლო გამოცდის დღეს. "მას შემდეგ" კი ამ შემთხვევაში ექვს თვეს ნიშნავდა. "მასწავლებელმა მოსწავლისთვის განკუთვნილი დრო კეთილსინდისიერად ამოწურა და წავიდა. მეტი რა უნდა ექნა? რა იყო აქ უჩვეულო ან საწყენი?"- ასე ფიქრობდა დინა. მაგრამ მაინც წყინდა, მაინც ტკიოდა, რადგან ვერ ივიწყებდა მზერას, რომელმაც მომავლის იმედი გამოაძერწინა და იმ გზაზე დააყენა, რასაც ჩვენ- მიამიტი, გულწრფელი, უბოროტო ადამიანები ნდობის გზას ვეძახით. წავიდა დაჩი, უბრალოდ გაქრა! *** გამომცდელების ახლობლებისგან შექმნილი ცოცხალი დერეფანი გაიარა თუ არა წინ ნათესავის ბავშვი შეეფეთა. მოზარდს სახე გაჰფითრებოდა, სირბილისაგან გულაჩქარებულმა სათქმელს ძლივს მოაბა თავი. უთხრა როგორ გაუჭირდა მისი პოვნა და როგორ ძალიან სჭირდებოდათ ახლა ის გამზრდელ ბიცოლასა და ბიძას. ბიძას, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროებოდა. დაჩის მხოლოდ ერთი ბიძაშვილი ჰყავდა, რომელიც იმ დროს, საბედნიეროდ, გერმანიაში იმყოფებოდა. სწორედ ამ გოგონამ და მისმა იქაურმა "ოჯახმა" იზრუნა ავადმყოფის ოპერაციისა და შემდგომდროინდელი პროცედურების ხსენებულ ქვეყანაში ჩატარებაზე. დაჩი ბიძას უკვე დადგენილ კლინიკამდე უნდა გაჰყოლოდა, საქმეების მოგვარების შემდეგ კი უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ სიტუაციები ისე არ განვითარდა, როგორც ელოდებოდნენ, მთელი რიგი სირთულეების გადალახვა მოუწიათ ოპერაციამდეც და მის მერეც. მართალია ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ ამასობაში ნახევარი წელიწადიც გასულიყო. ექვსი თვე იყო, რაც დაჩის დინა არ ენახა, ექვსი თვე იყო, რაც მისი მთრთოლვარე ხმა არ გაეგონა, ექვსი თვე იყო, რაც წარმოსახვებითა და დაუსრულებელი ფიქრებით ათენ-აღამებდა. შეეძლო ბიჭს, მართლა შეეძლო გოგონამდე ხმა მიეწვდინა და თავისი გაუჩინარების შესახებ შეეტყობინებინა, მაგრამ ვერ ქნა... არ ქნა... რა უნდა ეთქვა? უფრო სწორად რატომ უნდა ეთქვა? იქნებ დინას აღარც კი ახსოვდა ის, არც ელოდებოდა? იქნებ მაშინდელი სინათლე, მოსწავლის თვალებში, უბრალოდ დაჩის მიერ, სათავისო ბედნიერებისთვის გამოგონილი სიცრუე იყო და მეტი არაფერი? იქნებ წარმატებულ სტუდენტს ახლა სხვა მეგობრები და მასწავლებლები უნთებდნენ მზერას?.. და მაინც შეახო თუ არა ბიჭმა ფეხი სამშობლოს მიწას, გაიქცა. დასასვენებლად კი მხოლოდ უნივერსიტეტის ჭიშკართან ჩამოჯდა. ის დრო იყო ლექციები უკვე სრულდებოდა და სტუდენტებიც ნელ-ნელა ტოვებდნენ აუდიტორიებს. თებერვალიც ბოლო დღეებს ითვლიდა. მოახლოებული გაზაფხული გაუბედავად დაფარფატებდა ტყემლის ტოტებზე. თბილოდა... ლოდინისფერად! ყვითელი ფოთლებით გაწყობილი თეთრი კაბა ეცვა იმ დღეს დინას. ისე მჭიდროდ მიკრულიყვნენ ფოთლები ქსოვილს, იფიქრებდით შეშინებულ შემოდგომას ეს კაბა უქცევიაო თავის თავშესაფრად. თმასაც ყვითელი ბერეტი უმშვენებდა. თეთრი ჩანთა კი თეთრსავე ჩექმისთვის შეეფერებინა. მოდიოდა მსუბუქად, მშვიდად, გაწონასწორებულად, მანამდე, ვიდრე სასწავლებლის ჭიშკარს გადაივლიდა. *** არის დღეები, როცა თავს ჩვეულებრივად გრძნობ... მიზანმიმართულად, გეგმასაყოლილად, მყარად... და არის დღეები ან თუნდაც წუთები, როცა შინაგანად აფორიაქებული ხარ, არეული, რაღაცის მოლოდინში. როცა ვერ ხვდები ეს მოლოდინი გახარებს თუ პირიქით. როცა არ გინდა ემოციებს აყვე, არ გინდა იღელვო, მაგრამ განცდები არ გასვენებენ, არ გემორჩილებიან, შენზე მაღლა დგანან... მშვიდად მომავალ დინაში, მოულოდნელად, დიდი ხნის წინ დავიწყებულმა, მაგრამ ნაცნობმა შეგრძნებამ შეაღწია. გოგონას დასცხა, ორივე ხელი გაიქნია სახესთან, მარაოს მსგავსად. მერე ფრთხილად გააღო ჭიშკარი და გაიყინა... სითბო უცებ სიცივემ ჩაანაცვლა. დიდხანს იდგა ერთ ადგილს ჩაფრენილი, ათრთოლებული, გაოგნებული. თვალები დახუჭა და გაახილა. ისევ დახუჭა, ისევ გაახილა. რამდენჯერმე გაიმეორა ასე, თითქოს ექიმს მისთვის მხედველობის პრობლემა აღმოეჩინოს და სამკურნალოდ მასაჟი გამოეწეროს, ამგვარი ფორმით. ყოველ გახელაზე იგივე სურათს ხედავდა, კადრი არ იცვლებოდა. ბოლოს დანებდა, თავისსავე მზერას ენდო, ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა, მერე მეორე. უკვე მის წინ იდგა, საკუთარი ბედისწერის წინ! დინას ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა: კრიტიკულ სიტუაციებში ჩავარდნილი, ყოველთვის პოულობდა ძალას არსებულ მდგომარეობაზე გაემარჯვა და მხრებში ამაყად გამართულიყო. ახლაც ასე მოხდა. გოგონამ ყოველგვარი უარყოფითი შიგნითვე ჩაიცხრო და სუფთა, გაბედული, შესამჩნევად სიყვარულნარევი ხმით მიესალმა "სტუმარს": - გამარჯობა, მასწავლებელო! - გამარჯობა, დინა! - იცით? მე სტუდენტი გავხდი... - ვიცი დინა... სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა შემიძლია მოლოცვა. - არა უშავს, ახლა ხომ აქ ხართ... ხარ... აქ... - მე ყოველთვის აქ ვიყავი დინა... ძალიან მენატრებოდი! უცებ გოგონამ მასწავლებლის ხელი გულზე დაიდო, შემდეგ თავი ასწია- ნელა, მონოტონურად... მისი მზერა ყველაფერს დაუფარავად აცხადებდა. მაგრამ მაინც აამღერა სიტყვები: - შენ ჩემი სიყვარული ხარ დაჩი... ერთადერთი... დაუსრულებელი! მერე ქორწილი იყო, მარტის იმ რიცხვში, როცა ერთმანეთი გაიცნეს! ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. დინამ სწავლა გააგრძელა, დაჩიმ მასწავლებლობა. თაფლობის თვე ზაფხულისთვის გადადეს. ყოველი ახალი დღე უფრო მეტი ბედნიერებით თენდებოდა მათთვის. ყოველი მზის ჩასვლა კი უფრო კაშკაშა მომავლის იმედს აღვივებდა, თავად საიმედო წყვილის გულებში. ერთ უბრალო საკლასო ოთახში დაწყებული ურთიერთობა ახლა ცოლ-ქმრული კავშირით მყარდებოდა და ოჯახური წლების ათვლას იწყებდა. დროც თავის საქმეს ერთგულად აკეთებდა: კვირას კვირა მოსდევდა, თვეს-თვე. სეზონს სეზონი ენაცვლებოდა და დუღდა ცხოვრება ვენებში მოჩუხჩუხე სისხლივით. ცივ ამინდებში გაეხვია იმ წელს შემოდგომა. ხშირად წვიმდა, არც ქარი აკლებდა სისინს. იშვიათად თუ დახედავდა მზე ნოემბრის ნაღვლიან შუადღეებს. ერთერთი იშვიათთაგანი დღე კი ის დღე იყო, როცა აცრემლებული დინა ადრიანად დაბრუნდა სახლში. ზოგადად გვიან უმთავრდებოდა ლექციები. უნივერსიტეტშიც ზოგადად ყოველთვის ქმარი აკითხავდა, მაგრამ იმ მომენტში, მომხდარით იმდენად იყო მისი გონება დაკავებული, აღარც ლექცია გახსენებია და აღარ საყვარელი მეუღლე. ფიქრებით გაჟღენთილი, გაუცნობიერებლად პირდაპირ სახლის გზას დაადგა. როცა უნივერსიტეტში მისულ დაჩის ცოლი იქ არ დახვდა ძალიან გაუკვირდა. ეს მის საქციელს არ ჰგავდა. დინა გაუფრთხილებლად არასდროს არსად წასულა. აქ რაღაც ამბავი იყო, მაგრამ სანამ სიტუაციაში არ გაერკვეოდა მამაკაცმა საკუთარ თავს ყოველგვარი ნეგატიურის გულში გავლება აუკრძალა. იმ წლებში ერთმანეთთან დაკავშირება წერილებით ან ხაზის ტელეფონებით ხდებოდა. თუმცა, რადგან სოფელში ტელეფონი არავის ედგა და წერილიც ამ შემთხვევისთვის შეუფერებელი მაცნე იყო, დაჩიმ წასვლა გადაწყვიტა. ნაგროვები ფულით ნაყიდ ავტომობილში სასწრაფოდ ჩაჯდა და სახლისკენ ჩვეულებრივზე ბევრად მეტი სიჩქარით გასწია. ერთადერთი სიყვარული, თავიანთი ბუდის გარდა, სხვაგან არსად ეგულებოდა და მართალიც იყო. ცოლი იქ დახვდა, სადაც ვარაუდობდა. ცოლი- თვალებჩაწითლებული, გაფითრებული, ერთ წერტილზე მზერაშეყინული. მისმა ამ მდგომარეობაში დანახვამ დაჩის ფეხქვეშ მიწა გამოაცალა. რომ არ წაქცეულიყო კედელს მიეყრდნო. მერე თავს ძალა დაატანა, დინას მიუახლოვდა, თავისკენ შემოაბრუნა და ამოისუნთქა. არსებული სურათის მიუხედავად, მეუღლის ლურჯ "ტბებში" ბედნიერების მარცვლები დაცურავდნენ. - მე და შენ... ჩვენ... შვილი გვეყოლება დაჩი!.. ნოემბრის იმ უჩვეულო დღის შემდეგ სურვილების ნუსხა მუდამ ჯიბეში ჰქონდა მომავალ მამიკოს. დინა ერთ რომელიმე ხილს ან ტკბილეულს თუ მოინატრებდა, დაჩი თითქმის ყველა სახეობისას ყიდულობდა და მოჰქონდა. რა იცი, პატარას რა დროს, რა მოუნდებაო, იმართლებდა თავს. ცოლს თუ უხასიათობას შეამჩნევდა, ყველა ღონეს ხმარობდა მის გასაღიმებლად. სხვაგან მოსმენილ ან თავის მიერ გამოგონებულ ამბებს საოცარი მიმიკებით იქამდე უყვებოდა, სანამ გულიანად არ ააკისკისებდა. ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს. მიჰყავდა სასეირნოდ. ეხმარებოდა ექიმის მიერ დანიშნული ვარჯიშების გაკეთებაში. გამოცდებსაც ერთად ამზადებდნენ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის პოულობდა დროს მეუღლის გვერდით რომ ყოფილიყო. ასე, ერთმანეთის უსაზღვრო სიყვარულით და თანადგომით გავიდა ფეხმძიმობის პერიოდი და დადგა ის დღე, როდესაც დედამიწაზე ახალი სიცოცხლე უნდა მოფრენილიყო. 2000 წლის შუა ზაფხულში, ძალიან, ძალიან მცხუნვარე შუადღეს დაჩის სიხარულით აცნობეს, რომ ის ვაჟის მამა გახდა. ცოტა ხნის შემდეგ კი იგივე ხმამ სამწუხარო ამბავიც შეატყობინა. რთულ და მრავალსაათიან მშობიარობას დინაზე უარყოფითად ემოქმედა და ნარკოზიდან გამოსულ ახალბედა დედას გონება არევია. -ქალბატონს ფსიქოლოგიური პრობლემა შეექმნა!- ასეთი იყო ექიმების პასუხიი. მშობიარობით გამოწვეული ტრამვა... რომელიც არავინ იცოდა რამდენ ხანს გასტანდა. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. პოეზიის ჟანრი გიწერიათ, შეასწორეთ პოეზიის ჟანრი გიწერიათ, შეასწორეთ
2. - ქალბატონს ფსიქიკური პრობლემა შეექმა!-ასეთი იყო ექიმების პასუხიიი!!! სიყვარული ყველა დაავადებას კურნავს, დავესესხები პირველ კომენტარს
- ქალბატონს ფსიქიკური პრობლემა შეექმა!-ასეთი იყო ექიმების პასუხიიი!!! სიყვარული ყველა დაავადებას კურნავს, დავესესხები პირველ კომენტარს
1. უი... იმედია, ასეთი სიყვარული ყველა სიძნელეს გაუმკლავდება და ყველაფერი კარგად ჩამთავრდება. 5 უი... იმედია, ასეთი სიყვარული ყველა სიძნელეს გაუმკლავდება და ყველაფერი კარგად ჩამთავრდება. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|