 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 15 იანვარი, 2024 |
(გაგრძელება)
4 როდისაა სიყვარული ყველაზე ძლიერი? როცა საყვარელი ადამიანი გრძნობითვე გვპასუხობს, როცა ქორწინებაზე ჩვენს აზრს იზიარებს თუ თავად ქორწილის დღეს? ან იქნებ მაშინ, კამათის მერე რომ პირველად ჩავეხუტებით გულისწორს. შეიძლება... შეიძლება. დაჩის კი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მაშინ შეუყვარდა თავისი მეუღლე, როცა ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შემდეგ, ცოლის პალატაში შესული, მის არეულ მზერას და უმიზეზო სიცილს დააკვირდა. სწორედ იმ მომენტში, იმ წამებში მიხვდა მამაკაცი, რომ გრძნობა, რომელიც მთელ სამყაროზე მაღლა იდგა მისთვის, ამ უმწეო ქალს ეკუთვნოდა სამუდამოდ და ეს საბედისწერო განაჩენი არათუ თრგუნავდა მას, პირიქით, მტკივნეული სიტუაციის მიუხედავად, ძალას აძლევდა, ფრთებს აშლევინებდა. დაჩის სიყვარული სიგიჟეს არ ცნობდა, არ აღიარებდა, არ ემორჩილებოდა!.. რამდენიმე დღის შემდეგ დინა გამოწერეს. ექიმები მის გონებრივ მდგომარეობას სასიკეთოს ვერაფერს ამჩნევდნენ, ამიტომაც ურჩიეს ბიჭს ავადმყოფის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა, რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა. ქმარს ცოლის გამოჯანმრთელობის მტკიცედ სჯეროდა, დარწმუნებული იყო, რომ ერთ დღეს მისი დინა აუცილებლად დაუბრუნდებოდა ძველებურ მდგომარეობას და მათ უკვე გაზრდილ ოჯახს კვლავ ბედნიერების სხივები გააფერადებდა. *** ცოლ-ქმარი ძალიან იშვიათად კამათობდა. თუმცა კამათსაც ვერ დაარქმევდით, ისე სწრაფადვე რიგდებოდნენ. ორივეს დიდი უნარი და მოთმინება გააჩნდა, საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთისთვის დაეთმოთ და ამით თავიანთი ურთიერთობა ბზარებისგან გადაერჩინათ. ერთ საკითხთან დაკავშირებით კი დაუსრულებლად კინკლაობდნენ. ვერაფრით თანხმდებოდნენ ბავშვისთვის რომელი სახელი დაერქმიათ. მამიკოს ბიჭისთვის ცოტნე შეერჩია, გოგოსთვის- ელენე. დედიკოს კი მაქსიმე და ნუცა მოსწონდა. ყოველთვის, როცა ამ თემას შეეხებოდნენ, წყვილს შორის პატარ-პატარა ბომბები იწყებდნენ აფეთქებას. არაფერი არ გვარდებოდა, არცერთი არ თმობდა პოზიციას. ბოლოს, ასეთი სიჯიუტე მობეზრდათ და კომპრომისზე წავიდნენ. გადაწყვიტეს ისეთი სახელი მოეძებნათ, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნებოდა. სწორედ ამ დროს დინას სამშობიარო ტკივილები დაეწყო და ფუმფულა ბიჭუნაც გააჩინა. გააჩინა, მაგრამ სამწუხაროდ, თავად ვერაფრით შეიგრძნო დედობის სიტკბო. იმ დროს ის უკვე ამ სამყაროსგან განსხვავებულ განზომილებაში იმყოფებოდა. დაჩიმ შვილს მაქსიმე დაარქვა! *** დარდი, ნაღველი, ტკივილი ის სიტყვები არაა, რომლებსაც შეეძლოთ იმ სულიერი ტრამვის ჩვენება, ყოველ წუთს გაფანტული, უმიზნოდ მოსიარულე, ზოგჯერ კი საშინლად ანერვიულებული ცოლის ცქერისას რომ განიცდიდა ქმარი. იყო პერიოდები, როდესაც დინა თითქოს ბრუნდებოდა, ისეთი ხდებოდა, როგორსაც ვიცნობდით. მეუღლესთან მიდიოდა, ეფერებოდა, ეხუტებოდა. შვილი ხელში აჰყავდა, თუმცა არ ლაპარაკობდა. ამ დროს დაჩის მისი გამოჯანმრთელების იმედი კიდევ უფრო უძლიერდებოდა. მაგრამ მერე მალევე ამჩნევდა რომ საყვარელი ქალის დაბრუნება მხოლოდ წუთიერი სინათლე იყო და ისევ ეცრიცებოდა ოცნების სხივი. ყველაზე მეტად დედა-შვილის ურთიერთობა აღელვებდა მამას. ბევრჯერ დაუნახავს გაუაზრებლად როგორ შეუღია დინას ბავშვის ოთახის კარი, ბევრჯერ შეუნიშნავს როგორ დაჟინებით უყურებდა ახალშობილს ხან თბილად, ხან კი ისე გულგრილად, თითქოს შვილი კი არა მის წინ ვინმე უცხო, უცნობი სულიერი ყოფილიყოს. ცოლის ამგვარი ქცევა იყო სწორედ იმ დიდი შიშის მიზეზი, რომელიც მამობის განცდით დამთვრალი კაცის გულს აკანკალებდა. ახლა გაასმაგებული ყურადღება სჭირდებოდა და იჭრებოდა კიდეც ასად და ათასად. უნდოდა თუ არ უნდოდა, ცხოვრებას მეუღლის ნაბიჯების გამკონტროლებლად ექცია. თითქმის ყოველ კვირაში დაჰყავდა დაჩის დინა ექიმებთან, ქალაქიდან ქალაქში. ვის აღარ აჩვენა. მკურნალობას უნიშნავდნენ, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დარწმუნებით ვერცერთი ექიმი ვერ აძლევდა. ის მაინც არ ნებდებოდა. უკანასკნელ ხავსს ეჭიდებოდა. ნაცნობს, უცნობს, ვისაც კი რამე გაეგონა მსგავსი დაავადების შესახებ, ყველას ეკითხებოდა. ზოგისგან მცირედს, მაგრამ მაინც საიმედოს ისმენდა, ზოგისგან კი დუმილს და სევდაჩამდგარ მზერას იღებდა. რადგან ავადმყოფობაც ადამიანივით ინდივიდუალურია, სამწუხაროდ, საბოლოოდ მაინც ვერავინ აიმედებდა. *** ერთ დღეს დაჩი სკოლაში გამოიძახეს. მართალია დირექციას მისი ოჯახური მდგომარეობა გათვალისწინებული ჰქონდა და მასწავლებელი შვებულებით სარგებლობდა, მაგრამ იმ დღეს განათლების სამინისტროდან მნიშვნელოვან სტუმარს ელოდებოდნენ და შეხვედრაზე ყველა პედაგოგის დასწრება იყო აუცილებელი. სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა წასულიყო. გამოუცდელ მამას ბავშვის აღზრდაში ბიცოლა ეხმარებოდა. მის გარდა არავინ ეიმედებოდა. კეთილი ქალი, წლების წინ თუ მაზლიშვილს უწევდა დედობას, ახლა მისი შვილის ჯერი დამდგარიყო. ახლა მისთვის უნდა ყოფილიყო ბებიაც, დედაც და მამაც კი, როცა საჭირო იქნებოდა. სიამოვნებით ითავსებდა ამ საქმიანობას. მაქსიმე გაგიჟებით უყვარდა, თანაც ჩვილი საოცრად მშვიდი და მარტივად აღსაზრდელი იყო, თითქოს გრძნობდა დედის გაუსაძლის მდგომარეობას და აღარ ჭირვეულობდა. ზედმეტი სადარდებელი რომ არ დაემატებინა მოსიყვარულე მამიკოსთვის. სამყაროში არ მოიძებნებოდა სიტყვა, რომელსაც შეეძლო აღეწერა დაჩის სიყვარული შვილისადმი. ბიცოლა დინასაც ისევე უვლიდა და უფრთხილდებოდა, როგორც ახალშობილს. აბანავებდა, ვარცხნიდა, ფერად-ფერადი კაბებით მოსავდა. გონარეულ ქალს მოსწონდა ეს "უცხო" ქალბატონი და მუდამ უღიმოდა ხოლმე, ალბათ მადლობის ნიშნად. იმ დღესაც მოაწესრიგა რძალი, მისაღებში დასვა, თვითონ კი სამზარეულოში შევიდა, მაქსიმესთვის საჭმელი რომ მოემზადებინა. ცოტა ხანში ბავშვის ტირილი შემოესმა, გულგახეთქილმა აირბინა კიბეები, ოთახში შევიდა. იქ კი ასეთი სურათი დახვდა: საწოლზე ჩამომჯდარ დედას შვილი მკლავზე გადაეწვინა, თავისებურად ეფერებოდა და ვერც კი აცნობიერებდა როგორ მტკივნეულად ჩქმეტდა ყველგან. სახლში დაბრუნებულმა მამამ ჩვილის სხეულზე რომ დალურჯებები შენიშნა ლამის შეიშალა. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ კი, ცხოვრებაში პირველად, არაადამიანური ღრიალი აღმოხდა. მერე ცოლს მიუახლოვდა. ქმრის ქმედებით გაოცებულ ქალს თვალები გაჰფართოებოდა. მისი შემხედვარე იფიქრებდით სადააცაა წამწამებზე ზღვა გადმოეღვრებაო. ჩაიხუტა, გულში ღრმად ჩაიკრა თავისი, ბავშვურად გაბუტული, დიდი სიყვარული. ვერ გაუბრაზდა, ვერ ეჩხუბა, ვერ დატუქსა. მისი ბრალი არ იყო. ამას ის არასდროს ჩაიდენდა, რომ არა... ღმერთო, როგორ უნდა მოქცეულიყო ამის შემდეგ? მთელი ღამე ფიქრში გაატარა. სხვა არჩევანი არ ჰქონდა. დინა უნდა დაეთმო. ამას თუ არ გააკეთებდა, ოდნავი ყურადღების მოდუნებაც კი შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო. საერთოდ არ უძინია, მაგრამ დილით თავს მაინც ენერგიულად გრძნობდა. დაჩის გადაწყვეტილება უკვე მიეღო და ახლა მხოლოდ მისი განხორციელება იყო საჭირო. ხელ-პირი დაიბანა, მოწესრიგდა და მეუღლის გასაღვიძებლად ოთახში შევიდა. ისე მშვიდად და უწყინრად ეძინა ქალს... რა გული უნდა გქონოდა ადამიანს, ასეთი ანგელოზი გვერდიდან მოგეშორებინა? ჰოდა... ვერ გაიმეტა, ვერ შეელია. ღამისეული სიმტკიცე გალღვა, დაიშალა, ფერფლად იქცა. დინა სახლში დარჩა! *** დღეები კვლავინდებურად შეთანხმებულად უთმობდნენ ერთმანეთს ადგილს. ავადმყოფის მდგომარეობაც კვლავინდებურად უცვლელი რჩებოდა. ცვლილებები მხოლოდ დაჩის ემჩნეოდა. გარეგნულად ძალიან დასუსტდა, თმა და წვერიც გაეზარდა, მზერაში მუდმივი დარდი ჩაუსახლდა. საკუთარი თავისთვის საერთოდ ვერ იცლიდა. იმ დღის შემდეგ კიდევ უფრო ყურადღებიანი გახდა. არსად გადიოდა. საჭირო ნივთებისა და პროდუქტების ყიდვას მეზობლის ბიჭს სთხოვდა ხოლმე, ისიც დაუზარებლად ეხმარებოდა. ცოლი და უვნებელი შვილი ახლოს ჰყავდა და ამ ბედნიერებას კმარობდა. სხვას არაფერს ითხოვდა, სხვა არაფერი სჭირდებოდა... მაქსიმე იზრდებოდა. როცა პირველად "აღუ" თქვა, დაჩიმ ძალიან, ძალიან ბევრი კოცნა. დინას რეაქცია არ ჰქონია, ფანჯრიდან, ქარის მიერ აშრიალებულ ხეებს მშვიდად უცქერდა. შემდეგ კი გაუგებარი სიტყვებით უყვირა სივრცეს. ქმარმა მკლავი მოხვია ანერვულებულ ქალს, ბავშვის საწოლთან მიიყვანა, მასთან ახლოს დასვა, მერე ხელშიც დააჭერინა. უცებ დედას სახე გაუნათდა, შვილს სახე და კისერი დაუკოცნა. გაუღიმა- გულწრფელად, დედისეულად. თუმცა უცბადვე ჩაქრა. სულატკივებულმა კაცმა ბიჭი საწოლში გადააწვინა. *** შემოდგომას ზამთარი მოჰყვა ჩვეულად. ზამთარს კი- თოვლი. თოვდა და თოვდა ნაზად, სუფთად, გადაუღებლად. სახლების საკვამურებიდან ამოსული კვამლი ფაფუკი ღრუბლებივით იშლებოდა ჰაერში და სოფლის ორღობეებს მიუყვებოდა მგზავრულად. სხვანაირად ლამაზია ზამთარი სოფელში. სხვანაირად მშვიდია იქ დაცემული ყოველი ფიფქი. დაჩის ნალოლიავებ ბუდეშიც გიზგიზებდა ღუმელი. სითბოს თავისი გაეტანა და ცოლ-ქმარი მოედუნებინა. მხოლოდ მაქსიმეს ღუღუნი არღვევდა სიმყუდროვეს. დაღლილ მამას იავნანასავით ჩაესმოდა შვილის ტკბილი ხმა. უცებ ცოლის მკვეთრმა მოძრაობამ გამოაფხიზლა. ქალმა მხოლოდ მხარი იცვალა სავარძელში. მამაკაცმა შეშის ნაკლებობა შენიშნა. გაიფიქრა, დავჩეხავ, ვიდრე მთლად არ დამთავრებულაო და ფიქრის განსახორციელებლად ეზოში გავიდა. დაახლოებით ოცი წუთი დაჰყო გარეთ. ამ დროის განმავლობაში დინამ ერთ ადგილას ვერ მოისვენა, ფეხზე წამოდგა, შვილთან მივიდა და კიდევ ერთხელ აიყვანა. უბრალოდ უყურებდა, სხვა არაფერი გაუკეთებია. უკან დაბრუნებულმა დაჩიმ მაქსიმე რომ დედის ხელში დაინახა შეკრთა, შეცივდა. გადაწყვიტა შეშა ფრთხილად დაეწყო, მაგრამ სიჩქარეში სიფრთხილე არ გამოუვიდა. სიჩუმედასადგურებული ოთახი იმაზე მეტად ახმაურდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ქალმა შიშისგან ძლიერად შეჰკივლა და ბავშვი ხელიდან გაუვარდა. ცოცხალმკვდარ მამას შვილის ხმა აღარ გაუგონია. სახლში მხოლოდ ღუმელი მღეროდა. დინა კლინიკაში წაიყვანეს. უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ყველასთვის ასე ჯობდა! (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გული მეტკინა. ასეთი სიყვარული ასე არ უნდა დაიჩაგროს გული მეტკინა. ასეთი სიყვარული ასე არ უნდა დაიჩაგროს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|