კაკლის ხეებს შორის გაბმულ ჰამაკზე იჯდა ქალი და აკვიატებულ სიმღერას ღიღინებდა. იქვე ნერვიულად გადი-გამოდიოდა ქმარი. -რა მოხდა, შეკაცო, რა თავბრუ დამახვიე?- შეღრინა წყობიდან გამოსულმა. -დღეს ერთმა ბიჭმა ჩემი დის ხელი მთხოვა... - გადაულაპარაკა კაცმა. -მერე რა ცხვირი ჩამოგიშვია, უნდა გიხაროდეს, პატარა ხომ აღარაა? -შეიცხადა ცოლმა და მკვირცხლად წამოწია ზურგი ჰამაკიდან. -ეგ ხო, მაგრამ ნაცოლარი ყოფილა თურმე...- დანანებით ამოთქვა კაცმა. -რა მოხდა მერე?! - წარბები ზემოთ აზიდა ქალმა. - ჩემს დას არ სცოდნია და ის მოხდა...-ხმაში წყენა შეერია კაცს. -ეგ არაფერი, ვითომ არ იცი შენი დის ამბავი, რომ არ უყვარდეს ის კაცი, შენამდე მოუშვებდა? არა! ჰოდა, თუ უყვარს აპატიებს კიდეც! - მუცელზე მოჭერილ შარვლის სათავეზე ღილი შეიხსნა ქალმა და ორმაგად ამოისუნთქა... საღამოსკენ, ჯანზე მოსულმა ქარმა წვიმა მოიყოლა... "საჩემო ამინდია" - გაიფიქრა რძალმა და ის იყო გულდამშვიდებულმა ცხელი, ქაფქაფა ყავა გვერდით მოიდგა და ფანჯარაში გაიხედა რომ, მულმა დაღონებული სახით შემოაღო ეზოს კარი. " -რა დაეტაკა ამ ჭირიანს?"- გაიფიქრა გულშემოყრილმა და როგორც კი ოთახში დაიგულა, კართან შედგა და გაილურსა. მულმა მობილურიდან რაღაც ამოიწერა, ფურცელი წიგნებს შორის შეაცურა და ღონემიხდილი დაეშვა დივანზე. -გავიგე, სატრფო გყოლია, მე რას მიმალავ, მეწყინება თუ რა? - თავზე დაადგა რძალი. -აღარ მყავს, დამშვიდდი.- ცალყბად გაეპასუხა ფიქრებში წასული მული. -რატომ? -ელდა ეცა რძალს. -მომატყუა, ნაცოლარი ყოფილა. -რა მოხდა მერე შექალო, თუ კი გიყვართ ერთმანეთი. - დაყვავებით უთხრა რძალმა.პ -ხო, მაგრამ არ უნდა მოეტყუებინა! -შენი ძმა უნახავს დღეს, უთქვამს შენი და მიყვარს, მისი ცოლად შერთვა მინდაო. -უთხრა რძალმა და გამომცდელად მიაჩერდა. ქალს სახე გაებადრა. რძალმა ჩაიცინა და მისი ნუგეში განაგრძო: -სერიოზულად რომ არ ფიქრობდეს შენზე, ასე ხომ არ მოიქცეოდა? -ხო, მაგრამ ტყუილს ვერ ვაპატიებ, ამაოდ ჩამილაგე ბარგი... -მიუხვდა მული გულის ფიქრს. რძალმა კბენა გაუტარა და გულდამშვიდებულმა, კვლავ რბილად მიუგო - როგორც გინდა... -მაგის დანახვაც აღარ მინდა. - ამოიგმინა ქალმა და მობილურიდან მისი ნომერი ამოშალა. ვერც ამან გაუფუჭა რძალს ხასიათი. -შენი საქმის შენ იცი...-მხრების აჩეჩვით უთხრა და თეძოს რხევით გავიდა ოთახიდან. მეორე დღეს, როგორც კი დრო იხელთა ქალმა, მულის ოთახში შევიდა, წიგნებს შორის ჩადებული ფურცელი გამოაძვრინა, ზედ დაწერილ მობილურის ნომერს დახედა და ირონიით წარმოთქვა: ვერ აპატიებს თურმე... აპატიებ და კიდეც იცეკვებ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი ვერსიაა ქ-ნო მზია. კარგი ვერსიაა ქ-ნო მზია.
5. „რძალ-მულიანი“ შეიძლება ეწოდოს „რძალ-დედამთილიანის“ მსგავსად.
„რძალ-მულიანი“ შეიძლება ეწოდოს „რძალ-დედამთილიანის“ მსგავსად.
4. მუდმივი თემის ერთ-ერთი ვარიანტი :) მუდმივი თემის ერთ-ერთი ვარიანტი :)
3. ვეცდები ???? ვეცდები ????
2. ვეცდები ???? ვეცდები ????
1. ავტორისაგან უკეთეს ველი. ავტორისაგან უკეთეს ველი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|