ჯორჯ გორდონ ბაირონი - ოდა ნაპოლეონ ბონაპარტს
"Expende Annibalem: -- Quot libras in duce summo invenies?" -- Juvenal, Sat.x. “აწონეთ ჰანიბალის ნეშტი, ბევრს აიწონის მრისხანე სარდალი?“ (იუვენალი) – (ლათ.)
I აჰა, აღსრულდა, გაბათილდა შენი მძლავრობა! ვინც ხელმწიფეებს ამარცხებდი მარსის მახვილით, გადაქცეულხარ უსახელო არარაობად, შეინარჩუნე თუმც სიცოცხლე პატივახდილი! ნუთუ ეს გახლდათ სამეფოთა ამაოხრები, ვინც დედამიწა გადაავსო მტრების ჩონჩხებით, რათა ჩაეხშო შურისგების მცირე წადილიც? მცდარად შერაცხულ დანარცხებულ „ცისკრის ვარსკვლავის“ შემდეგ შენსავით არ დაეცა მაღლით არავინ.
II შლეგო! მუხლმოყრილს, ვისაც ჰქონდა შენი რიდება, რატომ როზგავდი, რად გნებავდა მისი დაწიხლვა? დაგაბრმავებდა საკუთარი ტახტის დიდება, ხოლო სხვებისგან მოითხოვდი თვალის ახილვას; განუყოფელი ძლიერების დასაუფლებლად, ჩამოურიგე საჩუქრებად იმათ უკლებლად სამარის მიწა, ვინც ვერ შეძლო შენგან განხიბლვა. შენი შემყურე დაჭკვიანდნენ ჭკუით ბეცებიც - მიხვდნენ რად ფასობს ამბიცია გულნამცეცების!
III გამოადგება გაკვეთილად, კეთილ საბოძვრად, მას, ვინც ინებებს მეომრობას, მოსვლას მმართებლად, ფილოსოფიის სწავლებაზე უკეთ დამოძღვრავს, რასაც ეს სიბრძნე ქადაგებდა წარუმატებლად. კაცთა გონების დაირღვევა ჯადო მნუსხავი, რათა არასდროს შეეყაროს სენი მმუსრავი, როცა მოკვდავი განდიდდება გაუმართლებლად და დააწესებს ხმლის მქნეველი გვირგვინოსანი, თიხისფეხება, თითბრის კერპის თაყვანს ოსანით.
IV საზარზეიმო დიდებისთვის მუდამ გამრჯელი მოგებულ ბრძოლით ღებულობდი სიამოვნებას, მიწისძვრასავით მოგუგუნე ხმა გამარჯვების, შენი სიცოცხლის სუნთქვა იყო, მტკბარი ოცნება, მახვილი, სკიპტრა და ისეთი ძალის უფლება, რაც ადამიანს მორჩილებას აიძულებდა, ხელს შეგიწყობდა ქვეყანაზე საბატონებლად, ჩაიხშო! – შეწყდა ბნელი სულის უკეთურება, გიორკეცდება მოგონებით უბედურება!
V მაოხრებელი, მსხვერპლი გახდი გაჩანაგების, ჩამოგრთმევია დამარცხებულს ნების ნიათი, სხვისი ბედ-იღბლის განმკარგველი, მკაცრი განმგები, გადაქცეულხარ მავედრებლად შენი ყისმათის. საიმპერიო იმედებით ისევ ირჯები და უმკლავდები ბედის შეცვლას გულდადინჯებით? თუ გეშინია სიკვდილის, ან უცნობ ხიფათის? მეფურ აღსასრულს ამჯობინე ხვედრი ნამარდის და შენს დუშმანებს ჯაბანივით მონად ჩაბარდი!
VI ხელით გააპო ძველად მუხა მძლავრმა ბერძენმა, გახლეჩილ ტანის ვერ გათვალა უკუქმედება, ხემ ჩაითრია მტევანი და მწვავე შეგრძნებამ კაცი დატანჯა, ვერ უშველა ბედკრულს ვედრებამ; ძლიერებისას ჩაიდინე მსგავსი სიავე, შენც დაგატყვევა უტიფრობამ, ბრიყვის სიბრმავემ და შენი თავის დამხობაში ბრალი გედება: თუ შებოჭილი გმირი მხეცმა მოინადირა, შენ საკუთარ გულს ამოიჭამ დარდით ნამდვილად.
VII მრისხანე სულა, ვინც დიად რომს ედგა ებგურად, როცა გაბეზრდა სისხლის ნთხევის ღვართა ყურებით, ხმალჩაგებული, გულზვიადი შინ გაეშურა, ქალაქს მოსცილდა ზიზღნარევი მედიდურებით; ვერ შეეგუა ქედუხრელი, ბრძოლით უღლელი ბრბოს, ვინც მორჩილად დაითმინა მონის უღელი, მარტო დატოვა მწარე ხვედრის წყნარი მდგმურები; როცა ხელი ჰკრა სამეფო ტახტს მყიფეს, არამყარს, თვისი დიდება მხოლოდ მაშინ მოავარაყა.
VIII დათმო გვირგვინი ესპანელმა მეფემ გასენვით, ამაოებით ტკბობის ჟინი გამოელია, კრიალოსანი დაიჭირა, ნაცვლად ფაენის, სამეფოს მართვას ამჯობინა ბერის კელია; დაითვლებოდა ზედმიწევნით სკვნილის მარცვლები და დოგმატებზეც კამათობდა რჯულის დამცველი, ჭკუასუსტობას თუმც ბერობით ვეღარ შველიან, სჯობდა მონასტერს არ ყოლოდა მსგავსი მოსაგრე და უფრო ადრე მის სამეფოს - გულქვა მოსაყდრე.
IX შენ ახირება წარგმართავდა მუდამ, არჯლობა, ელვის კლაკნილი მიიტაცე ხრიკით, ნაცილით, ნაგვიანევად მიატოვე მთავარსარდლობა, ჩასჭიდებოდი მეფის ტიტულს სიქაგაცლილი; კაცი ოგნდება ავი სულის გამოცხადებით, შეღონდებიან მზერით შენი პირქუშ ხატების, რადგან ხედავენ საბრალო მსხვერპლს მაცდურ მაცილის; ნუთუ სამყარო იმად შექმნა ღმერთმა უბადლო, ფეხის სადგამად მისცემოდა შენგვარ უმადლოს?!
X ენგიდუნია უხვად მორწყე სისხლის ტბორებით, არ იმეტებდი საკუთარ სისხლს ოღონდ სანთხევად, გევედრებოდნენ მეფეები მუხლის მოდრეკით, გმადლობდნენ, თუ არ უპირებდი ტახტის წართმევას! თავისუფლებავ, უფრო მეტად გაგიფრთხილდებით, თუ შენს მოქიშპეს თავზარს დასცემ ავის მხილებით, დამცირებული წელში ვეღარ გაიმართება; თუკი მტარვალის განდიდებულ სახელს შელახავ, კაცობრიობა არ ცდუნდება სხვისგან ხელახლა!
XI ავი საქმენი ამოჩხაპნე სისხლით, სიქუფრით, აწ სამარცხვინო მწიკვლი მეტად აღარ გეცხება, შენს სახელს ვეღარ განადიდებს ომის ტრიუმფიც, მისი ლაქებიც ჟამით ვეღარ წაირეცხება, თუ ბრძოლის ველზე ეგდებოდა შენი ცხედარი, კვლავ აღდგებოდა მაცდენელი მსგავსი მხედარი, რათა ეწვნია დედამიწას ისევ შერცხვენა; თუმცა მიაღწევს განა ვინმე მზიურ სიმაღლეს და უვარსკვლავო ღამეს ბრწყინვით მოჰფენს სინათლეს?
XII თუ გმირის ნეშტი ასაწონად დადეს ყანთარზე, მიწა იქნება ისიც მდარე, თიხანარევი, სიკვდილო ყველას ჩაიხუტებ, გაათანაბრებ, აიწონება შენგან ზუსტად გლახაც, ნარჩევიც, ვგონებ, რჩეული ვარსკვლავი თუ აკიაფდება, წარჩინებულის სიკაშკაშემ, გადიადებამ, უნდა დაგვზაფროს, ან მოგვხიბლოს სხივმფინარებით. ვინ იფიქრებდა, აიგდებდა ზიზღი აბუჩად, მას, ვისაც ყველას მბრძანებლობის სწრაფვა გაუჩნდა.
XIII სად არის შენი მგლოვიარე თანამეცხედრე, ნაზი ყვავილი, მძიმე ხვედრით გაწამებული? თუ შენთანაა, მოწიწების გრძნობით შეხედე! კვლავ ერთგულია დაცემული მისი მეუღლის? ვით აიტანა მეფობიდან შენი განკვეთა, ნაგვიანევი სინანული, სასოწარკვეთა, დატუსაღება დამნაშავის, ტახტწართმეულის? თუ კვლავ უყვარხარ, გაუფრთხილდი ობოლ მარგალიტს, ვერ შეედრება დიადემა შენი გამქრალი!
XIV პირქუშ კუნძულზე გელოდება ბოლო სადგომი, იქ ზღვას უცქირე, დაგამშვიდებს ზოგჯერ დანახვა, არ გიპასუხებს ისე, როგორც წინააღმდგომი, შენ მისი მართვა არ შეგეძლო და არ დაგძრახავს! ანდა ნაპირზე უსაქმურად მოხეტიალემ, სილაზე ხელით წააწერე მწარე სიმართლე - სამყარო იხსნეს, ჩაიფუშა ავი განზრახვა! კორინთოს სკოლის პედაგოგმა, ურცხვმა, მზაკვარმა, მისი მოძღვრება შენს მოჭმუხნულ შუბლზე დაკაწრა. XV შე თემურლენგო! რომ ჩაესვი თემურს ყაფაზში, რა ხვაშიადებს გაგიჩენდა ტყვევნა, სიოხრე? დაიმშვიდებდი ალბათ შენს თავს ჩუმი ნააზრით: „ერთ დროს სამყარო ჩემი იყო, გული ვიოხე!“ ეგებ, ემსგავსე ბაბილონის მეფე-ღვთაებას, ტახტის დაკარგვას, შეშლილობის სენიც წაება! ვერ შემოსაზღვრავს, ვერ დაიჭერს დიდხანს სიცოცხლე, ბობოქარ სულის მისწრაფებას მტკიცე მარწუხით, სხვისი მჩაგვრელი დაგამდაბლა ბედმა საწუხრით! XVI განა შეძლებდი შენც ტიტანის ტანჯვის დათმენას, ვინც მოიტაცა ღვთაებრივი ცეცხლის ნაწილი და აიტანა სისხლისდენა, ქენჯნა, დათენთვა, ვისაც ყოველდღე ღვიძლს ჯიჯგნიდა კლდეზე არწივი? ღვთივგანწირულს და კაცისაგან წყეულს, დაგმობილს და შენი ბოლო საქციელით უფრო დამცრობილს, ბოროტი სული მასხრად გიგდებს, თავზე დაგწივის; თუ ზენაარსი გააჩენდა ტიტანს მოკვდავად, ქედს არ დადრეკდა სიკვდილის წინ მდგარიც ოდნავად!
XVII გალების იყო სულ ახლახან მთელი პლანეტა, გალებს მბრძანებლად მოევლინე, როცა ამხედრდი, რომ შეგძლებოდა სავალალო ბედის განჭვრეტა, ნებსით დაგეთმო ხელმწიფება, წილად ნახვედრი, საბრძოლო ხმალიც მის ქარქაშში დროზე ჩაგეგო, განგადიდებდა უფრო მეტად, ვიდრე მარენგო! არ დაგზაფრავდა არც წარსული გადანახედი; შარს ვერ მოგდებდა მომავალში ვიღაც მცონარი, ზეობის ჟამში ჩადენილი შენაცოდარით.
XVIII უნდა გეცხოვრა, უეჭველად, შენ ხომ მეფურად და უნდა გცმოდა მეწამული შესამოსელი, თითქოს შეეძლო ამ მანტიას გამოეწურა გულიდან ხსოვნა, რა წოდების გყავდა მშობელი. სად არის ახლა ტანსაცმელი მეფედ ცხებულის, დიბა-ზარბაბის მუნდირები, გამშვენებული ეპოლეტებით, მრავალგვარი შესამკობელით? იმპერიული ფუფუნების ბავშვო, თავნებავ! წაგართვა ყველა სათამაშო ნუთუ განგებამ?!
XIX დამაშვრალ თვალებს თუ მოუნდა ხილვა მამაცის, ვინც გადიდკაცდა და ვერ შერყვნა მისმა მიზნებმა, ვისშიც არ ბუდობს დაფარული ნირი ავკაცის და არც ნაქმნარით გვემეტება შესაზიზღებლად, მზერას მიაპყრობს ცინცინატუსს დასალიერის, პირუთვნელია, უვერცხლოა და სახიერი! ვისაც შურმაც კი ვერ შეკადრა ურცხვი ლიზღება, გვეანდერძება ვაშინგტონი ქველის სახელად, შენ ცუდსახელად შემოგვრჩები, კაცთა მძრახველად!
21 იანვარი, 2024 წ.
შენიშვნები: „ცისკრის ვარსკვლავი“ (ლათ. Lucifer.)
ტიტანი - პრომეთე, რომელმაც ოლიმპოდან ცეცხლი მოიტაცა და ადამიანებს გადასცა.
მარენგო (იტალია) - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მარენგოს მიდამოებში ნაპოლეონისა და ავსტრიის არმიებს შორის (1800 წ. 14 ივნისი).
სულა - (138-78 ძვ.წ.) რომაელი მხედართმთავარი, დიქტატორი.
ესპანელი - კარლოს V(1500-1558), წმინდა რომის იმპერიის იმპერატორი, რომელიც ნებაყოფლობით გადადგა ტახტიდან და ბერად აღიკვეცა.
კორინთელი პედაგოგი - დიონისე უმცროსი (გარდ ძვ. წ. 344) სირაკუსელი სახელმწიფო მოღვაწე, ძვ. წ. 367-357 სირაკუსეს ტირანი, განდევნის შემდეგ წავიდა კორინთოში და სკოლა დააარსა.
ცინცინატუსი - ცინცინატუსი ლუციუს კვინციუს - (ძვ.წ.აღ. V საუკუნე) ცნობილი პატიოსნებით და ღარიბული ცხოვრების ყაიდით.
მარი ლუიზ ავსტრიელი (ჰაბსბურგი) - (1791-1847) - ნაპოლეონის მეუღლე.
ნაბუქოდონოსორ II – (ძვ.წ. 605 – 562) – ახალბაბილონური სამეფოს მეფე.
თემურ ლენგმა თავისი დაუძინებელი მტერი ,,ელვისებურად" წოდებული ოსმალეთის ცალთვალა სულთანი-ბაიაზიდ პირველი 1402 წელს ტყვედ ჩაიგდო. თემურ ლენგის ბრძანებით ოსმალეთის ტყვედქმნილი სულთანი რკინის გალიაში დაამწყვდიეს.
გალეთი (გალია) — ისტორიული სახელმწიფო ძველი რომის აღმოსავლეთით. გალიას ეკავა საფრანგეთის, ლუქსემბურგის და ბელგიის მიწები (აქ, საფრანგეთს აღნიშნავს).
George Gordan, Lord Byron - Ode to Napoleon Buonoparte "Expende Annibalem: -- Quot libras in duce summo invenies?"-- Juvenal, Sat.x.
I 'TIS done -- but yesterday a King! And arm'd with Kings to strive -- And now thou art a nameless thing: So abject -- yet alive! Is this the man of thousand thrones, Who strew'd our earth with hostile bones, And can he thus survive? Since he, miscall'd the Morning Star, Nor man nor fiend hath fallen so far.
II Ill-minded man! why scourge thy kind Who bow'd so low the knee? By gazing on thyself grown blind, Thou taught'st the rest to see. With might unquestion'd, -- power to save, -- Thine only gift hath been the grave, To those that worshipp'd thee; Nor till thy fall could mortals guess Ambition's less than littleness!
III Thanks for that lesson -- It will teach To after-warriors more, Than high Philosophy can preach, And vainly preach'd before. That spell upon the minds of men Breaks never to unite again, That led them to adore Those Pagod things of sabre sway With fronts of brass, and feet of clay.
IV The triumph and the vanity, The rapture of the strife -- The earthquake voice of Victory, To thee the breath of life; The sword, the sceptre, and that sway Which man seem'd made but to obey, Wherewith renown was rife -- All quell'd! -- Dark Spirit! what must be The madness of thy memory!
V The Desolator desolate! The Victor overthrown! The Arbiter of others' fate A Suppliant for his own! Is it some yet imperial hope That with such change can calmly cope? Or dread of death alone? To die a prince -- or live a slave -- Thy choice is most ignobly brave!
VI He who of old would rend the oak, Dream'd not of the rebound: Chain'd by the trunk he vainly broke -- Alone -- how look'd he round? Thou, in the sternness of thy strength, An equal deed hast done at length, And darker fate hast found: He fell, the forest prowler's prey; But thou must eat thy heart away!
VII The Roman, when his burning heart Was slaked with blood of Rome, Threw down the dagger -- dared depart, In savage grandeur, home -- He dared depart in utter scorn Of men that such a yoke had borne, Yet left him such a doom! His only glory was that hour Of self-upheld abandon'd power.
VIII The Spaniard, when the lust of sway Had lost its quickening spell, Cast crowns for rosaries away, An empire for a cell; A strict accountant of his beads, A subtle disputant on creeds, His dotage trifled well: Yet better had he neither known A bigot's shrine, nor despot's throne.
IX But thou -- from thy reluctant hand The thunderbolt is wrung -- Too late thou leav'st the high command To which thy weakness clung; All Evil Spirit as thou art, It is enough to grieve the heart To see thine own unstrung; To think that God's fair world hath been The footstool of a thing so mean;
X And Earth hath spilt her blood for him, Who thus can hoard his own! And Monarchs bow'd the trembling limb, And thank'd him for a throne! Fair Freedom! we may hold thee dear, When thus thy mightiest foes their fear In humblest guise have shown. Oh! ne'er may tyrant leave behind A brighter name to lure mankind!
XI Thine evil deeds are writ in gore, Nor written thus in vain -- Thy triumphs tell of fame no more, Or deepen every stain: If thou hadst died as honour dies, Some new Napoleon might arise, To shame the world again -- But who would soar the solar height, To set in such a starless night?
XII Weigh'd in the balance, hero dust Is vile as vulgar clay; Thy scales, Mortality! are just To all that pass away: But yet methought the living great Some higher sparks should animate, To dazzle and dismay: Nor deem'd Contempt could thus make mirth Of these, the Conquerors of the earth.
XIII And she, proud Austria's mournful flower, Thy still imperial bride; How bears her breast the torturing hour? Still clings she to thy side? Must she too bend, must she too share Thy late repentance, long despair, Thou throneless Homicide? If still she loves thee, hoard that gem, -- 'Tis worth thy vanish'd diadem!
XIV Then haste thee to thy sullen Isle, And gaze upon the sea; That element may meet thy smile -- It ne'er was ruled by thee! Or trace with thine all idle hand In loitering mood upon the sand That Earth is now as free! That Corinth's pedagogue hath now Transferr'd his by-word to thy brow.
XV Thou Timour! in his captive's cage What thought will there be thine, While brooding in thy prison'd rage? But one -- "The world was mine!" Unless, like he of Babylon, All sense is with thy sceptre gone, Life will not long confine That spirit pour'd so widely forth-- So long obey'd -- so little worth!
XVI Or, like the thief of fire from heaven, Wilt thou withstand the shock? And share with him, the unforgiven, His vulture and his rock! Foredoom'd by God -- by man accurst, And that last act, though not thy worst, The very Fiend's arch mock; He in his fall preserved his pride, And, if a mortal, had as proudly died!
XVII There was a day -- there was an hour, While earth was Gaul's -- Gaul thine -- When that immeasurable power Unsated to resign Had been an act of purer fame Than gathers round Marengo's name, And gilded thy decline, Through the long twilight of all time, Despite some passing clouds of crime.
XVIII But thou forsooth must be a king, And don the purple vest, As if that foolish robe could wring Remembrance from thy breast. Where is that faded garment? where The gewgaws thou wert fond to wear, The star, the string, the crest? Vain froward child of empire! say, Are all thy playthings snatched away?
XIX
Where may the wearied eye repose When gazing on the Great; Where neither guilty glory glows, Nor despicable state? Yes --one--the first--the last--the best-- The Cincinnatus of the West, Whom envy dared not hate, Bequeath'd the name of Washington, To make man blush there was but one!
1814
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უღრმესი მადლობა, მუხა, იხარეთ მრავალჟამიერ! უღრმესი მადლობა, მუხა, იხარეთ მრავალჟამიერ!
1. შედევრი თარგმანია, და განმარტებები საინტერესო. შედევრი თარგმანია, და განმარტებები საინტერესო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|