ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2024


მამაჩემის იავნანა

(გაგრძელება)

6
ადამიანებს, ცხოველებს ფრინველებს, ზოგადად სულიერ არსებებს ერთი საერთო თვისება გაგვაჩნია: "ჩვევა". გაჩენის დღიდან კაცობრიობა ერთმანეთს ეჩვევა. მუდმივ ურთიერთობაში მყოფი საზოგადოება კი მხოლოდ ერთმანეთს კი არა- ერთმანეთის ჩვევებსაც. ცხოველები ჩვენ გვეჩვევიან, ჩვენ მათ. ფრინველები - ჩვენს სახლებს, ეზოებს, ბაღებს და ა. შ. მოკლედ, ამ სამყაროში ყველასა და ყველაფერს შეიძლება მიეკედლო, მიეჩვიო და ვეღარც  გადაეჩვიო. უბრალო, პაწაწა მცენარესაც კი, რომელზედაც მუდმივად ზრუნავ. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ გადაჩვევა არაა მარტივი, მიჩვევა მითუმეტეს... უფრო რთულია... უფრო და უფრო.
დაჩისაც გაუჭირდა... იმაზე მეტად, ვიდრე რომელიმე ჩვენგანის ფანტაზიას წარმოუდგენია. ვერაფრით ეგუებოდა ცოლის იმგვარ მდგომარეობას. ან არ ეგუებოდა... არ უნდოდა შეგუება... იმედი ჰქონდა... იმ დღემდე! ვერც შვილის  მარტოდ ყოფნას ურიგდებოდა, დედა გვერდით რომ ჰყავდა და მაინც უდედოდ იყო. თავის თავსაც ვერ ეჩვეოდა-უმწეო, ძალაგამოცლილ კაცს, შველას რომ ცდილობდა და ყველანაირი მცდელობა რომ ფუჭად ეთვლებოდა. მერე კი მოდუნდა. აღარ მოუნდომებია. მიხვდა, აზრი არ ჰქონდა. მიხვდა და მისთვისაც ყველაფერმა დაკარგა აზრი. ყველაფერი განაცრისფერდა, გარდა ერთი წერტილისა, რომელსაც მუდამ უნდა ეკაშკაშა და გაეთბო მამიკოს გაყინული სული.
მას შემდეგ, რაც ცხოვრების უდიდესი სიყვარული ექიმების იმედად დატოვა, მთელი თავისი დრო და ენერგია მამამ მაქსიმეს მიუძღვნა.
***
მოვრჩებოდი თუ არა მეცადინეობას, მე მაშინვე პატარასთან გავრბოდი. ვეფერებოდი, ვუვლიდი ( დედა-ბებიას ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად), ვათამაშებდი. ზოგჯერ კი ისეთ დროს მიწევდა ხოლმე მისვლა, როცა ბავშვს ეძინა ან როცა მამიკო აძინებდა თავის ერთადერთს. მაშინ კი იცით რა ხდებოდა? - ვჯადოვდებოდი, სადღაც შორს, უკიდეგანო სივრცეში ვიკარგებოდი. - დაჩი მთელი გულით უმღეროდა ბიჭს იავნანას. მთელი არსებით. ყველა სიტყვას ისეთი სიფრთხილით, ისე სუფთად და გარკვევით აწვეთებდა პატარას, იფიქრებდით შვილისთვის ცხოვრების ჰიმნად სწორედ ეს ნანა უქცევიაო მამას. შეიძლება მართალიც აღმოჩენილიყავით, რადგან მხოლოდ მაშინ კი არა, მერეც, წლების მერეც დამინახავს, უკვე გაზრდილი, მძინარე მაქსის თავთან მჯდომარე იავნანას მქარგავი დაჩი.
***
მამაკაცი მიეჩვია. უცოლობას მიეჩვია. მამობას მიეჩვია. ღიმილსაც მიეჩვია, სევდაგარეულ ღიმილს.
ამასობაში გაზაფხულიც დაიბადა. თითქოს საქორწილოდ მოემზადა ჩვენი ლამაზი სოფელი. ჯერ ნუში აყვავილდა, მერე ტყემალი. ატამიც შეიმოსა სულმოუთქმელად. თეთრ და ვარდისფერ საპატარძლოებში გამოწყობილებს, მწვანე მინდვრებმა გაუშალეს ხალიჩა პირველი ვალსისთვის. მდინარემ კი, სოფლის უნაკლო სიმდიდრემ, მუსიკა აჩუქა ბუნებას. სამყაროში ყველაზე ტკბილხმოვანი სიმღერა.
ხალხიც გამოეფინა გარეთ, მზე ერთნაირად უთბობდა ყველას გულსაც და სიტყვასაც. ჰაერში გაფანტული სურნელი კიდევ უფრო აყვარებდა სიცოცხლეს  ზამთარგამოვლილ ადამიანებს.
დაჩიც და მაქსიმეც გამოჰყვა ამინდებს. ბედნიერი იყო პატარა. ბედნიერი იყო მამაც.
-როგორ ხარ დაჩი?- ჰკითხა მეზობელმა.
-სკოლაში როგორ მიდის საქმეები?
-პატარა ხომ ჯანმრთელადაა?
-სიახლე ხომ არაფერია... დინასგან?
...
ბავშვისკენ გაიხედა კაცმა! მერე კი თქვა:
- ყველაფერი კარგადაა, ძალიან კარგად!
***
ჩვენს უბანში სახლები ერთმანეთისგან შორ მანძილზე არ იყო აშენებული. ყველა მეზობელს მეორესთან ერთი საერთო ღობე აკავშირებდა. ლამაზად განლაგებულ შენობებს შუაში საკმაოდ ფართო, სამანქანოდ გამოსადეგარი გზა ჩაუდიოდა. ჩემი და დაჩის სახლები გვერდიგვერდ იდგა. პირდაპირ კი იყო ოჯახი, რომელშიც მისი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობდა. ბიჭები თანატოლები იყვნენ. ბაღიდან ერთად მოდიოდნენ. კლასშიც ერთ მერხთან ისხდენ და იქიდანაც ყოველთვის ერთად ბრუნდებოდნენ. ერთად მეცადინეობდნენ. ერთად თამაშობდნენ. მეზობლების ხილის ხეებსაც ერთად "ძარცვავდნენ". მუდამ ერთად იყვნენ, არავის არასდროს ენახა ისინი ცალ-ცალკე. მოკლედ, მათი კავშირი ძალიან ძლიერი იყო. შეგეძლოთ მეგობრობის არსი, ამ ორის ურთიერთობაზე დაკვირვებით გაგეთავისებინათ.
დაჩიმ რომ ცოლი შეირთო, ეს ბიჭი ჰყავდა მეჯვარედ. როცა დინა ავად გახდა, მეგობარი გვერდიდან არ მოცილებია. მაქსიმეც ერთად წაიყვანეს საავადმყოფოში, ერთად გადაიტანეს მამობრივი ტკივილი. მერეც მასთან იყო...მუდამ... ყოველთვის. ახლა კი ამ გულიანი ადამიანის ჯერი იყო, ახლა ის ქორწინდებოდა და ისევე სჭირდებოდა თავისი " ბავშვობა" გვერდით. რა თქმა უნდა დაჩისაც არ უღალატია. ყველაფერში ერთგულად დაეხმარა, ყველაფერი საუკეთესოდ და ბევრი ღელვის გარეშე მოაგვარეს. და დადგა ქორწილის დღეც. შუა გზაზე გაშლილ "სეფაში" უამრავ სტუმარს მოეყარა თავი. ერთმანეთს ულოცავდნენ, ეხვეოდნენ და ხარობდნენ. დიდი ხნის უნახავი ნათესავების ამბებს კითხულობდნენ. ვინ გოგო გაათხოვა, ვინ რძალი მოიყვანა, ვინ სამსახურში მოეწყო- ყველაფერი იმ დღეს განიხილეს. ეს ის დღე და ადგილი იყო, როცა და სადაც ადამიანები თანმდევ ყოფიერ პრობლემებს ივიწყებდნენ და ცოტა ხნით არაფერზე ნაღვლობდნენ. ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. განსაკუთრებით კი სიძე-პატარძალი. მართლაც ნამდვილი დედოფალი მოგვიბრძანდა უბანში. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლაღი...
ქორწილში კიდევ ერთი მშვენიერი, სიფრიფანა გოგონა მოსულიყო პატარძლის მხრიდან. უცხო სილამაზე ჰქონდა, რომც არ გდომოდა, მაინც მიაქცევდი ყურადღებას. ყველას გული მოიგო, ყველამ შეამჩნია, ჩემმა უფროსმა მეგობარმაც კი. გოგოსაც არ დარჩენია შეუმჩნეველი
არც ზედმეტად სიმპატიური დაჩი და არც მისი წამიერი დაინტერესება. დიახ, ეს მართლაც წამიერი, უნებლიე მზერა იყო გამორჩეული სილამაზის მიმართ და მეტი არაფერი. იმის შემდეგ ბიჭს ახალგაზრდა ქალისკენ აღარც გაუხედავს. ყურადღებანაჩვევი ქალბატონის პრაქტიკაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა და რა თქმა უნდა უკმაყოფილო დარჩა. ამიტომაც გადაწყვიტა ინიციატივა თვითონ გამოეჩინა!
დაჩის მამაკაცური ნაკვთები დარდიან დღეებს კიდევ უფრო გამოეკვეთა. მართალია მზერა მუდმივად სევდიანი ჰქონდა, მაგრამ ეს ვერაფერს აკლებდა მის უნაკლო აღნაგობას. მაღალი ტანის, შავი თმისა და წვერის, კეთილი ღიმილისა და მომწვანო-მოთაფლისფერო თვალების (სამოსის ფერის მიხედვით რომ იცვლებოდა) პატრონი, ახალგაზრდა კაცი გულგრილს ვერავის ტოვებდა.
რამოდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ, როცა საზოგადოება უკვე კარგად შეზარხოშდა, სოფელში საუკეთესოდ მიჩნეულმა, დამკვრელ-მომღერალმა ძალიან ლამაზი მუსიკა ააჟღერა. გოგონა მოურიდებლად მივიდა დაჩისთან და საცეკვაოდ გაიწვია. ბიჭმა კულტურულად უთხრა უარი. ჯერ გაოცდა, მერე კი გაწითლდა სტუმარი, მაგრამ დანებება აზრადაც არ გაუვლია. მეორეჯერაც მივიდა, მეორედაც სთხოვა ცეკვა. კაცს მოერიდა კიდევ ერთხელ უარის თქმა და გაყვა. ცეკვის დროს, თავისი წარმომავლობისა და საქმიანობის შესახებ ყველაფერი უამბო ქალმა დაჩის. ის ექიმი გახლდათ და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მამაკაცმაც ორიოდე სიტყვით უთხრა რომ ცოლ-შვილიანი პედაგოგი იყო და თავისი ადგილისკენ წავიდა.
გოგონა გაოგნდა. გაშეშდა. არ ელოდა. დაჯერება უჭირდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა. რეალობა სხვა ფერი აღმოჩნდა და ამას აღარაფერი ეშველებოდა. ქალმა საკუთარ თავს დაჩიზე ფიქრი აუკრძალა!
ის დღე დამთავრდა, ცხოვრება კი გაგრძელდა. არ უნდოდა, მართლა არ უნდოდა, მაგრამ უკვე გაჩენილ გრძნობას ვერაფერს უხერხებდა. ყველგან ის ელანდებოდა, ყველგან მის სევდიან თვალებს ხედავდა, ყველგან მის სურნელს გრძნობდა. ვეღარ გაუძლო და ერთხელაც ბიძაშვილს (გოგონა პატარძლის ბიძაშვილი იყო) ესტუმრა. სწორედ მაშინ გაიგო საყვარელი მამაკაცის მტკივნეული ბედის შესახებ. ეწყინა, თუმცა იმედი ჩაესახა. კაცს ცოლიანი არც ეთქმოდა, მის შვილს კი ისევე შეიყვარებდა, როგორც დედა. ოღონდ ის ყოფილიყო თანახმა, ოღონდ მას მიექცია ყურადღება. ლიზა (ასე ერქვა გოგონას) დიდხანს დარჩა ბიძაშვილთან და მერეც ხშირი სტუმარი იყო მისი. ყოველდღე ხედავდა დაჩის და ამით კმაყოფილდებოდა, რადგან სხვა არაფრის გაკეთება შეეძლო. კაცს, რომელსაც თავისი ცოლი უყვარდა და მთელი გულით ოჯახს ეკუთვნოდა, ვერანაირი ხიბლით ვერ აინტერესებდა. თუმცა მაინც უცდიდა. ფიქრობდა, რომ ერთ დღესაც მობეზრდებოდა მეუღლის უიმედო ლოდინი და სხვას შეხედავდა. კერძოდ კი მას- ლიზას შეიყვარებდა. მაგრამ ეს დღე არათუ დადგა, ახლოსაც არ იყო დაჩის გულთან.
როცა გოგონას მშობლებმა შეიტყვეს თავიანთი ნებიერა ქალიშვილის აკრძალული გატაცების შესახებ, ნამდვილი ქარიშხალი ამოვარდა. გაგიჟებული დედა პირდაპირ სახლში მიუვარდა შვილის "შემცდენელს" და ყველაფერში ის დაადანაშაულა. არც კი იკითხა მომხდარში ბრალი ვის მიუძღოდა. ხამაღლა აფიქსირებდა, რომ ტრადიციულ, თანაც გავლენიან და ქალაქში ცნობილ ოჯახში აღზრდილ მის ერთადერთ ( ლიზას უფროსი ძმაც ჰყავდა, რომელიც დიდი ხნის წინ რუსეთში წასულიყო, იქაური ქალი შეერთო და საცხოვრებლადაც იქვე დარჩენილიყო) გოგოს არაფერი სჭირდა იმის ფასი, საკუთარი ბედი ცოლ-შვილიანი კაცისთვის დაეკავშირებინა და თავი სალაპარაკოდ გაეხადა. ლიზა სოფელს გააშორეს და გარკვეული პერიოდი ჩვენსკენ აღარც გამოახედეს. მაგრამ მთელი იმ ხნის განმავლობაში, მშობლებმა შვილს ტანჯვის და ტკივილის მეტი რომ ვერაფერი შეატყვეს, იძულებული შეიქნენ მისთვის თავისუფალი გადაწყვეტილების ნება მიეცათ. ქალმა ისევ დაჩის სიახლოვეს დაიწყო ტრიალი. იმ დაჩის, რომელიც უწინდელზე უფრო ცივად და იშვიათად ხვდებოდა.
ირგვლივ, ვინც კი გოგონას გრძნობების შესახებ იცოდა, ყველა ცდილობდა მისთვის ხელი შეეწყო, რადგან მათ დინას დაბრუნების იმედი გადაწურვოდათ და უნდოდათ თავიანთი ძვირფასი მეზობელი მეორე შანსით მაინც ყოფილიყო ბედნიერი. მამაკაცს ცხოვრების ხელახლა დაწყებას ეჩიჩინებოდნენ და ნიჭიერი ქალის გვერდით საინტერესო მომავლს უსახავდნენ. მაგრამ ის ყველას მდუმარე და თავაზიანი ღიმილით ისტუმრებდა. ისედაც ბედნიერი იყო თავისი ყოფით. ცოლი უყვარდა და მეტი არავინ ჭირდებოდა!
ლიზა კვდებოდა. სხვა გზა არ იყო. კაცის გულში "გამჩნდარი" და თითქოსდა გოგონას მშობლების ქცევით "მინავლებული ნაპერწკალი", ისევ მათ უნდა აეგიზგიზებინათ!
ერთ საღამოს დაჩიმ და მისმა ძვირფასმა ბიძა-ბიცოლამ ქალაქელი სტუმრები მიიღეს. ბოდიშის მოხდის შემდეგ მათ დაუფარავად განაცხადეს თავიანთი სურვილი. აუხსნეს, რომ ერთადერთი ქალიშვილის გრძნობებს პატივს სცემდნენ და უნდოდათ მისი ბედნიერებით დამტკბარიყვნენ. კაცი გააწითლა ასეთმა პირდაპირობამ. სიმტკიცეშერყეულმა ლიზას უხერხული მზერა მიაპყრო და მშობლებთან ერთად სუფრასთან მიიწვია.
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები