 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 16 თებერვალი, 2024 |
(გაგრძელება)
11 ჯიბრი წინდაუხედაობაა. მისით შეპყრობილი ადამიანები კი მომენტალურ, უარყოფით სიტუაციებსა თუ ემოციებს აყოლილი საბრალო სულები. მათი შველა შეიძლება-საუბრით, შეგონებით, იმ შედეგზე დაკვირვებით, რომელსაც დაუფიქრებელი ქმედების შემდეგ იღებენ. მაგრამ არასდროს ეშველება მას, ვინც მუდამ ვიღაცას უდგას ჯინში. ასეთები ეტაპობრივად, თუმცა საბოლოოდ მაინც კლავენ საკუთარ არსში პიროვნების მაჩვენებელ ყოველგვარ ნიშან-თვისებას და მოსიარულე ბოღმებად იქცევიან. ჯიბრით გადადგმული თითოეული ნაბიჯი ყველაზე მეტად სწორედ ამ ნაბიჯის გადამდგმელს ვნებს, თუმცა ზოგჯერ სხვებსაც ურთულებს ცხოვრებას. *** დაჩისთან უკანასკნელი და საშინლად მძიმე ჩხუბის შემდეგ, სოფლიდან წასული ლიზა დეპრესიაში ჩავარდა. არც ჭამდა, არც სვამდა, არც მეგობრებთან გადიოდა. ოჯახის წევრებსაც კი არ ეკონტაქტებოდა. სამსახურზეც მთლად აიღო ხელი. მასზე ძალიან დარდობდნენ მშობლები, მაგრამ თავს ზევით ძალა არ ჰქონდათ. შერჩენილი სიამაყე და შექმნილი მდგომარეობა ნებას არ აძლევდათ კიდევ ერთხელ ეთხოვათ შვილის, ავადმყოფობად ქცეული სიყვარულის გამთლიანება. კვირეები უცქერდნენ თავიანთი ნებიერას გაუსაძლის ტკივილს და ვერაფერს აკეთებდნენ მის შესამსუბუქებლად. ერთ დღეს ლიზა საწოლიდან ადგა. მოირთო, მოიკაზმა და სახლიდან გავიდა. უკან დაბრუნებულს ოდნავი სიხარული შენიშნა დედამ და ცოტა დამშვიდდა. იმის შემდეგ ყოველდღე გადიოდა გოგონა. დილით გასული გვინ ღამით ბრუნდებოდა. ზოგჯერ უგონოდ მთვრალიც კი. საგონებელში ჩავარდნენ მშობლები. ხვდებოდნენ რომ შვილის მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, პირიქით უარესობისკენ წავიდა. ერთხელაც სახლში ვიღაც კაცი მოიყვანა. ნორმალურ, მოწესრიგებულ და პატიოსან ადამიანს გავდა. ეტყობოდა, რომ ქალის მიმართ გულგრილი არ იყო და მას ძალიან აფასებდა. გოგომ ის თავის საქმროდ გააცნო ოჯახის წევრებს და მათი წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე დღეში ცოლადაც გაყვა. დაჩის ჯიბრზე იქორწინა ლიზამ! დაჩის ჯიბრზე გახდა იმ კაცის ცოლი, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის გაცნობილი ყავდა და ცხადია მის მიმართ არაფერს გრძნობდა. არ ვიცი ამ საქციელით რის დამტკიცებას ცდილობდა. "ყოფილის" ეჭვიანობას ელოდა? მისგან სინანულს? თუ უბრალოდ აჩვენა, რომ სხვა მამაკაცებიც არსებობდნენ ქვეყანაზე? რომ მისით არ დაწყებულა და არც დამთავრდებოდა ქალის ცხოვრება! შეიძლება თავისი თავისუფლება მიაჩნდა კაცისთვის ძირითად დაბრკოლებად და იფიქრა მასთან "სტატუსით" გათაბრების შემდეგ მიაღწევდა მიზანს? არ ვიცი... არ ვიცი... მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ლიზას საქმრო არც ქორწინებამდე უყვარდა და არც მის მერე. შვილის გაჩენა აზრადაც არ გაუვლია. უბრალოდ იყო იმ ადამიანთან. როგორც ქალი მამაკაცთან. დაჩიზე ფიქრებით დამძიმებული თავი მის მკლავზე ედო და უძლებდა დროის მსვლელობას. ერთ დღეს კი გაიგო რომ ორსულად იყო. გაოცდა, დაიბნა. არ ელოდა. ვერაფრით მიმხვდარიყო როდის მოიქცა დაუდევრად. იმ ხანებში ქმართან განქორწინებაზე ფიქრობდა და ახალი ამბავი გადაუჭრელ პრობლემად დაატყდა თავს. ნაყოფის მოცილება გადაწყვიტა. საავადმყოფოშიც მივიდა, მაგრამ ვერ გაიმეტა. საკუთარ ნაწილზე ვერაფრით თქვა უარი. ციცქნა მარცვალი უკვე შეყვარებოდა. კაცმა ძალიან გაიხარა ახალი ამბით. ისედაც განებივრებულ ცოლს იმ დღიდან გაასმაგებულად ევლებოდა თავს, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ქალმა. ვერ ქნა, ვერ იარსება უსიყვარულოდ და ოთხი თვის ფეხმძიმემ ბოლო მოუღო თავის ყალბ ცხოვრებას. ლიზა სახლში დაბრუნდა, ადრიანად გაბერილი მუცლით. მერე კი პატარა გოგონაც გაჩნდა. ყველაფრის აზრი, ყველაფერი ცუდის დამვიწყებელი ოქროსფერი წიწილა. ის ლამაზი ქალბატონი, სოფელში დაბრუნებულ დედიკოს თან რომ წამოეყვანა ყველასა და ყველაფრის გასაცნობად! რამდენიმე დღის ჩამოსული იყო ლიზა, მაგრამ დაჩი ჯერაც არ ენახა. ნახვას ვინ დაეძებდა, თვალიც კი ვერ მოეკრა სადმე. მართალია სახლიდან ძველებურად ხშირად არ გადიოდა, თუმცა საღაამოობით რამდენიმე საათით პატარას ყოველთვის ასეირნებდა და მაშინაც არსად დაუნახავს მონატრებული მამაკაცი. იდგა, იჯდა თუ დადიოდა ყოველთვის ეძებდა, მაგრამ არა და არ ჩანდა. ვერც ვერავის ეკითხებოდა მის შესახებ. ახლა ის უკვე განათხოვარი ქალი იყო და არ ჰქონდა უფლება თუნდაც უბრალო, უმნიშვნელო გამოძიებით კაცის რეპუტაცია შეელახა. შეიძლება ამგვარ სითამამეს ქალაქში არ თვლიდნენ საგანგაშოდ, მაგრამ ჩვენ, სოფელში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანები ულამაზო საქციელად მივიჩნევდით მას. ლოდინის გარდა სხვა არაფერი დარჩენოდა ლიზას. ისიც ელოდა დიდი მოთმინებით. თუმცა თვითონაც არ იცოდა რატომ და რა მიზნით. წესით ბევრის არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ერთი ფიქრი აწვალებდა ქალს: "იქნებ წლებმა დაღალა კაცი?.. იქნებ ყელში ამოუვიდა ამდენხნიანი უშედეგო მცდელობა?.. იქნებ მისი სული, სხვა სულს ითხოვდა გადარჩენისთვის?.. იქნებ ახლა დამდგარიყო ეს დრო?.." ლიზაც მზად იყო... ყოველთვის... ყოველწამს! დაჩი კი არ ჩანდა. თითქოს ჯიუტად არიდებდა თავს საუკუნო შეხვედრას... თითქოს ბედი ცდიდა ორივეს! *** როგორც ადრე ვთქვი, ჩვენს ულამაზეს სოფელში, საოცარი ხეივნით გარშემორტყმული, სუფთა, კამკამა და ლურჯი მდინარე მოედინებოდა (ახლაც მოედინება). ყველას, ვისაც განტვირთვა და ცოტა ხნით ცხოვრებისეული ყოველდღიურობისაგან გათავისუფლება უნდოდა, შეეძლო მის ნაპირას განლაგებულ უზარმაზარ ქვებზე საათობით ჩამომჯდარიყო და ტკბილად ეცქირა თვალის მომჭრელი, მყვირალა და მაინც სიმშვიდის მომგვრელი ჩანჩქერისთვის. რადგან ბავშვების ცხოვრება, უფროსებისგან განსხვავებით, უფრო თავისუფალი და პოზიტიური იყო, ამიტომ ჩვენ მდინარეზე "ფიქრთ გასართველად" კი არა, საცურაოდ ან სათევზაოდ მივდიოდით ხოლმე. თევზი კი ბლომად იყო. გამოცდილი მეთევზე არასდროს ბრუნდებოდა სახლში ხელცარიელი. ჩვენი ხელდამშვენებულობის კი რა გითხრათ. წყალში ანკესებს მხოლოდ იმ მიზეზით ვისროდით, ერთმანეთს რომ შევჯიბრებულიყავით. თუ რომელიმეს ნემსაზე თევზი მოედებოდა და ძუა ათამაშდებოდა, ერთ ჟრიამულს გავმართავდით. მთელს სოფელს ვაყრუებდით იმ მომენტში. ერთადერთი მიზანი გვქონდა- გართობა! სიცოცხლე გვიყვარდა და ვზეიმობდით კიდეც ყოველ გათენებულ დილას. მდინარეს ერთი მხრიდან დიდი კლდე დასცქეროდა (დასცქერის). იქ ბევრი ყვავილის პოვნა შეიძლებოდა. ჩვენც არ ვიზარებდით. გაზაფხულის პირზე ყოველთვის ვაგროვებდით ახლად გაფურჩქნულ იებს, ენძელებს, ფურუსულებს, ყოჩივარდებს. თითოეულ მათგანს თაიგულებად შევკრავდით ხოლმე და მიგვქონდა დედებისთვის. ზოგადად ყველა ქალს ვაბედნიერებდით სამეზობლოში. ძირითადად სამ და რვა მარტს. დაჩისაც ძალიან უყვარდა მდინარის ნაპირებზე ხეტიალი. განსაკუთრებით კი თევზაობა. იმდენად უყვარდა, რომ პროფესიადაც ექცია ეს საქმიანობა. ერთგვარ ხელობად მოიაზრებდა მას კაცი. ყოველთვის, როცა წყლები ადიდებას იწყებდნენ, ანკესს ან ბადეს აიღებდა და მთელ დღეს იკარგებოდა. რა თქმა უნდა მხოლოდ მაშინ, როცა თავისუფალი იყო. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმ პერიოდებში არცთუ იშვიათად პოულობდა მცირე დროს მაინც, გული რომ გაეხალისებინა. ხსენებული პერიოდები კი თითქმის შუა ზაფხულამდე გრძელდებოდა. სანამ დაქორწინდებოდა დაჩი, სათევზაოდ მარტო მიდიოდა ხოლმე. მუდამ წინააღმდეგი იყო სხვასთან ერთად წასვლის. ფიქრობდა, რომ ასე თევზი ხალხმრავლობას იგრძნობდა და იქაურობას გაეცლებოდა. თანაც მარტოდ მყოფი ახალგაზრდა ბიჭი, ნადავლის ლოდინში, ბევრ ფიქრს ასწრებდა და არ უნდოდა ოცნებაში აშენებული კოშკები ვინმეს გაუფრთხილებელ მოძრაობას ჩამოეშალა. ცოლის შერთვის შემდეგაც იცლიდა ხოლმე საყვარელი საქმიანობისთვის. დინას მისი გატაცება სათავისოდ არ მოსწონდა, ამიტომ არასდროს გაჰყოლია მეუღლეს. თუმცა შებრაწულ ლიფსიტებს გემრიელად მიირთმევდა. მერე მაქსიმე გაჩნდა. ცხოვრებისეულმა, ურთულესმა პრობლემებმა საერთოდ გადაავიწყა დაჩის მდინარეც და მასთან დაკავშირებული სასიამოვნო განცდებიც. წლები აღარ გაკარებია იმ ადგილს. წლები აღარ უგრძვნია გამძაფრებული ლოდინის სურნელი. წლები აღარ აჩქროლებია გული ანკესზე მოდებული თევზის შეგრძნებისას. მთელი დრო შვილის აღზრდას მიუძღვნა. მისი ცხოვრებით ცხოვრებას შეეჩვია და ბედნიერი იყო ამით. ერთ დღეს კი თავისი ძველი ანკესი მოძებნა. ოთხი წლის მაქსიმე ხელში აიყვანა და მდინარისკენ მიმავალ გზას დაადგა. ბავშვი გაიბადრა აჩქარებული და ხმაურიანი წლის დანახვისას. თვალმოუცილებლად უყურებდა და გულიანად კისკისებდა მისგან წამოსულ იმ შხეფებზე, სახესა და ტანზე რომ ეცემოდა. მერე მამას დააკვირდა. რაღაც ჯოხს რომ ჩაჩერებოდა გულმოდგინედ. როცა ნემსივით თავზე, მაქსიმესთან ერთად იმ დილით შეგროვებული ჭიაყელები დაამაგრა, ბიჭი გაოცდა. ათასი კითხვა დასვა, ათასი პასუხი მიიღო. კიდევ და კიდევ კითხულობდა. კიდევ და კიდევ პასუხობდა მამიკო და ასე, საინტერესო საუბრებით, საღამომდე იხალისეს ბიჭებმა. სახლში კი დადებითი ემოციებითა და თევზით დატვირთულები დაბრუნდნენ. იმ დღიდან აღარ ეშვებოდა შვილი დაჩის. როგორც კი თავისუფალს ნახავდა მაშინვე მდინარეზე წასვლას თხოვდა. ყოველ წელს დაიოდნენ. ყოველი წლის გაზაფხულიდან იწყებდნენ. მაქსისაც მამასავით კარგად გამოდიოდა თევზჭერა, თუმცა მისგან განსხვავებით მარტო წასვლა არ უყვარდა. იმ წელსაც მამიკოს ელოდებოდა. მამიკოს, რომელიც რაიონებში ტრენინგების ჩასატარებლად მიეწვიათ და მინიმუმ ორი კვირა ვერ დაბრუნდებოდა. სწორედ ეს იყო დაჩის გაუჩინარების მიზეზი. სწორედ ამიტომ ვერ ნახა სოფელში დაბრუნებულმა ლიზამ მამაკაცი. მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდა ქალმა. მერე გადაწყვიტა, შემოვლითი გზით, მაქსიმესგან გაეგო მამამისის ადგილსამყოფელი. მაგრამ ამასობაში მასწავლებელიც დაბრუნდა. ის იმ დროს მივიდა სახლში, როცა ლიზა სტუმრობდათ. ამდენი ხნის შემდეგ, ქალის მოულოდნელმა გამოჩენამ, თანაც მისთვის უცნობ პატარა გოგონასთან ერთად, კაცი ძალიან დააბნია. სიტუაცია ბოლომდე აღქმულიც არ ჰქონდა, ტელეფონმა რომ დაურეკა. საავადმყოფოდან იყვნენ. დინას შეტევის შესახებ აცნობეს. ექიმებს ძლივს დაუმშვიდებიათ. გვიან შუადღეს ისევ განმეორებია, უფრო რთულად და უფრო ხანგრძლივად. მერე კი გონიც დაუკარგავს ავადმყოფს. საათები ყოფილა, რაც მის გამოფხიზლებას ცდილობდნენ, მაგრამ თურმე აზრზე ვერ მოჰყავდათ. სუნთქვაშეკრული დაჩი კლინიკაში გაიქცა. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|