 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 19 თებერვალი, 2024 |
(გაგრძელება)
12 გიგრძვნიათ შიში დასასრულის? იმ ყველაფრის განადგურების, რასაც წლები ელოლიავები და უფრთხილდები? დაგინახავთ თქვენს წინ უფსკრული, რომელსაც წუთი წუთზე უნდა ჩაეტანეთ? უფსკრული, საიდანაც ვეღარასდროს ვეღარ ამოხვალ. უფსკრული, თავისი ღრმა სიცარიელით რომ ნთქავს მთელ სამყაროს, მთელ შეგნებას, მთელს არსს ცხოვრებისას. გიცქერიათ ზემოდან თქვენი სულის გარდაცვალებისთვის? მხოლოდ სულის... სხეულს რომ არაფერი ვნებია საერთოდ. გიყმუვლიათ უხმოდ, უცრემლოდ, არაადამიანურად?.. ამ განცდებში ჩავარდა დაჩი, როცა საავადმყოფიდან დარეკვის შემდეგ, ავტომობილის საჭეს მიუჯდა. მთელი გულით უნდოდა ფანტაზია კარგი და საიმედო ფიქრებით დაეტვირთა, მაგრამ ვერ შეძლო, ვერ მოახერხა. რა აღარ წარმოიდგინა... რა კადრმა აღარ გაურბინა თვალწინ... თავს ძალას ატანდა, რომ არ გამტყდარიყო, რომ არ დაცემულიყო. სიძლიერე გადარჩენის ერთადერთ გზად იქცა იმ მომენტში. სისუსტე კი დამღუპველ, უკვალო ბილიკად. ჯერ იქამდე მისვლა იყო საჭირო, მთავარი იყო ცოცხალი დახვედროდა. ცოცხლისთვის უნდა მიესწრო. მერე კი... მერე... არა, არა... ცოლს უფლება არ ჰქონდა მარტო დაეტოვებინა ქმარი... მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში, ერთგულად ელოდა მის გამოჯანმრთელებას. დიდხანს უნდა ესუნთქა დინას, დაჩის არსებობაც რომ ღირებულიყო, ზოგისთვის მძიმე, ზოგისთვის კი ნაკლებად რთულ სამყაროში. საავადმყოფოში მისულმა უჩვეულო ჩოჩქოლი შენიშნა. ექიმები, ექთნები აქეთ-იქით გადარბოდნენ. რაღაც ხდებოდა, რაღაც... დასასრულის მსგავსი. გაჭირვებული კაცი ხომ ყველაფერ ცუდს მომენტალურად თავის თავზე მოიაზრებს. დაჩისაც ასე დაემართა. იფიქრა რომ დააგვიანა. თავბრუ დაეხვა, შეაკანკალა, მერე კი გაფითრდა. გაუაზრებლად მიეყრდნო კედელს და ჩაიკეცა. ძალა, რომელსაც მთელი იმ ხნის განმავლობაში საგანგებოდ ფუთავდა, მთლიანად გამოეცალა. გარემო განაცრისფერდა, ცოტა ხანში კი გაშავება დაიწყეს კლინიკის კედლებმა. მამაკაცმა გონება დაკარგა. აზრზე მოსული, თავიდან ვერ მიხვდა სად იმყოფებოდა. მერე, ოთახში გამეფებულმა თეთრმა მდუმარებამ ყველაფერი გაახსენა. ფეხზე წამოიჭრა, უნდოდა გარეთ გასულიყო. სანამ კართან მივიდა, ექთანი შემოვიდა. მედდამ ღიმილიანი სახით აცნობა, რომ მის ცოლს მრავალსაათიანი შოკისთვის თავი დაეღწია და აღარაფერი ემუქრებოდა. პირიქით, იმაზე კარგად გრძნობდა თავს, ვიდრე წინა დღეებში. დაჩიმ ღრმად ამოისუნთქა და ცხოვრება ხელახლა შეიყვარა. ხელახლა დააფასა გავლილი და შემდეგში გასავლელი ყველა წამი, რომლებსაც საყვარელი მეუღლის გარშემო უნდა ეწიკწიკათ. დინას ნახვა ისურვა. პალატაში შესულს თითქოს განაწყენებული მოეჩვენა ქალი... ან იქნებ დაღლილიც იყო მთელი დღის ნაბრძოლი და სახეზეც მისი კვალი დატყობოდა. ცოლთან მივიდა. გაცოცხლებული მზერით უყურა ძალიან დიდხანს, მანაც ჯიუტად არ მოაშორა თვალი. რატომღაც ძველებურად აღარ უღიმოდა, არც ჩახუტებია. მხოლოდ შესცქეროდა. ისე დაჟინებით, თითქოს ქმრის ნაკვთებზე დაკვირვებით რაღაც მნიშვნელოვანის გახსენებას ცდილობდა. თავისებურად იჭყლეტდა ტვინს... მერე შეეშვა, არაფერი გამოუვიდა და დანებდა. შემდეგისთვის გადადო ალბათ ძიება. უცებ კისერზე ჩამოეკიდა კაცს. თმაზე წაეთამაშა, ეფერა, ეალერსა. ისევ თბილი გახდა ქალი. ქმარმაც დაუკოცნა სახე და თვალები ერთადერთ სიყვარულს. შუაღამემდე მასთან დარჩა, შემდეგ კი სახლის გზას გაუყვა დამშვიდებული, ბედნიერი, თავიდან დაბადებული. დაბადებული იმისთვის, რომ ცხოვრების ბოლომდე ცოლ-შვილზე ეზრუნა. იმისთვის, რომ მაქსიმესთვის საინტერესო მომავალი ეჩუქებინა. მომხდარმა ამბავმა ლიზას კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედები. გულამღვრეული მეორე დღესვე წავიდა უბნიდან, თუმცა ამჯერად გაუჩინარებას აღარ აპირებდა. დაიბარა რომ ცხელ აგვისტოს აუცილებლად ამ გრილ სოფელში გაატარებდა. *** ჩვენი გრძელი ქუჩა ძველი, ცისფრად შეღებილი სახლით სრულდებოდა. პრინციპში გააჩნდა, საიდან შემოხვიდოდით. ერთი მხრიდან მისით მთავრდებოდა, მეორე მხრიდან კი ეს შენობა ითვლებოდა საწყისად. როგორც თითქმის ყველა ქართულ სოფელში, საერთო უბანში მცხოვრები ადამიანები ნათესავებად ვითვლებოდით და ურთიერთთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. თავიდან ის სახლიც ერთერთ შორეულ ნათესავს ეკუთვნოდა. მერე ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და საკმაოდ ხელშესავლები შენობაც პირველივე მსურველს მიყიდეს. ახალი ბინადარი ხანში შესული ქალბატონი გახლდათ. თავის წარმომავლობაზე არაფერი უთქვამს და არც ჩვენ მივძალებივართ. დიდად კონტაქტური არ იყო, თუმცა მეზობლობა კი ნამდვილად გულიანი იცოდა. მოსვლისთანავე ყველას, განურჩევლად ასაკისა, გვთხოვა მისთვის ბებია დაგვეძახა. იმ დღიდან ის ჩვენი ქუჩის ბებია გახდა. სხვა ბებიებს თუ სახელის თანდართვით მოვიხსენიებდით, მას დიდი და პატარა უბრალოდ ბებიას ვეძახდით და არასდროს არავის გაჭირვებია გამოცნობა, ვისზე იყო ხოლმე საუბარი. ბებიასთან სტუმრები არასდროს მოდიოდნენ. უფრო სწორად ერთი ნათესავი დადიოდა ოჯახით, ისიც ხანდახან. მოხუცი მას დიშვილად აცნობდა ყველას და თავის ერთადერთ მემკვიდრედაც თვლიდა. როცა ის ქალი გვსტუმრობდა, ყოველთვის დედა და ქმარი ახლდა თან. შვილი არ ჰყავდათ. ერთ დღეს მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. ბებიას პატივისცემის ნიშნად მეზობლებმა პანაშვიდზე წასვლა და სამძიმრის თქმა გადაწყვიტეს. მიცვალებულის ოჯახი მაშინ ერედვის მინიციპალიტეტის სოფელ ერედვში ცხოვრობდა. ყველა წასასვლელად მოემზადა. სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე, ისედაც ცხელ ივნისში გამოცდების ციებ-ცხელებას ვყავდი შეპყრობილი. დაჩიც გაყვა უბნელებს. მანაც მოიხადა თავისი ვალი და ისევ ოჯახს დაუბრუნდა. რამდენიმე კვირაში კი ბებია გახდა ავად. არ ვიცი ნერვიულობამ უწია თუ ასაკმა, ერთ საღამოს მანაც დაგვტოვა სამუდამოდ. ამასობაში აგვისტოც დადგა. თვის დასაწყისიდან საშინელი დღეები დაუდგა საქართველოს. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსის ჯარი შემოიჭრა ჩვენს პატარა, მაგრამ დიდგულიან ქვეყანაში და სოფლებისა თუ ქალაქების დაბომბვა დაიწყეს. განსაკუთრებული ზიანი ცხინვალთან ახლოს მდებარე, სოფელ ერედვს მიადგა. რუსული ბომბდამშენების მიერ რამდენჯერმე დაბომბილი სოფელი ბოლოსდაბოლოს მოსახლეობისგან დაიცალა. ხალხი იძულებული გახდა თავისი ადგილსამყოფელი დაეტოვებინა. მათმა უმრავლესობამ ნათესავების ოჯახებს შეაფარა თავი. დევნილთა სიაში აღმოჩნდა ბებიას ერთადერთი მემკვიდრეც. ომის შედეგად მისი საცხოვრებელი მთლიანად განადგურებულიყო. ქუჩაში, დედასთან ერთად დარჩენილ ქვრივ ქალს პირველი შოკისას ვერ მოუაზრებია როგორ უნდა მოქცეულიყო. მერე კი მოსულა გონს და თავშესაფარიც გახსენებია. ის ცისფერი შენობა, რომელიც მოხუცმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე გადაუფორმა მემკვიდრედ წოდებულ ქალბატონს, მოუთმენლად ელოდა ახალ მდგმურებს. დედა-შვილი ჩვენს სოფელში მოვიდა საცხოვრებლად, არავინ იცოდა დროებით თუ სამუდამოდ. მათი მოსვლის შემდეგ ცვლილებები დაეტყო უბანს. ვერ ვიტყვი ის სახლი საოცრად გახალისდა, სადაც ამჯერად ბინა დაიდეს-მეთქი, მაგრამ სიცოცხლეს კი ნამდვილად შეამჩნევდით ეზოსაც და გარემოსაც. კონტაქტზეც გამოდიოდნენ და მეზობლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარეს. განსაკუთრებულ სითბოს ბავშვების მიმართ იჩენდა ქვრივი ქალი. თავად უშვილო, ქუჩაში მცხოვრებ ყველა პატარას თავს ევლებოდა და ცდილობდა თავისუფალი დრო მათთან ერთად გაეტარებინა. გამორჩეულად კი მაქსიმე შეიყვარა. რვა წლის, გონებაგახსნილ მოზარდთან შეეძლო საათობით ესაუბრა რიგ საკითხებზე. მამას არ გამოპარვია ახალი მეზობლის განსაკუთრებული დამოკიდებულება თავისი შვილის მიმართ. ქვრივს დიდ პატივს ცემდა. ჩამოყალიბებულ, პატიოსან ადამიანად თვლიდა და ახარებდა ის ფაქტი, რომ ბიჭი მის გვერდით თავს ლაღად გრძნობდა. ასე გრძელდებოდა დღეების, კვირეებისა და თვეების განმავლობაში. ერთხელ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაფიქრდა დაჩი თავის ყოფაზე. დინა რომ არ ყოფილიყო ნეტავ როგორ ცოლს ისურვებდა? ლიზასნაირ თავნებას, მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დამხეველ ქალს თუ ახალი მეზობლის მსგავსს-ზომიერად ემოციურს, ზედმეტად თბილს, უანგაროსა და ყურადღებიანს? ალბად მეორე ვარიანტს აირჩევდა კაცი. მშვიდი ცხოვრების მოყვარულს ქვრივთან უფრო მოუნდებოდა სარეცლის გაყოფა. ფიქრებს გაყვა, კარგა ხანს ითარეშა საკუთარ წარმოსახვებში, მერე კი გამოფხიზლდა. თავისივე აზრების შერცხვა, შერცხვა და ცუდად იგრძნო თავი. არ იყო სწორი თუნდაც წარმოსახვით შეხებოდა იმ ქალს , რომელსაც მამაკაცისთვის, მსგავსი ფიქრების გაჩენის არანაირი საბაბი არ მიუცია. იმის შემდეგ ერიდებოდა დაჩი ქვრივთან შეხვედრას, თუკი მაინც გადაეყრებოდა სადმე უბრალოდ მიესალმებოდა. ადრე თუ საუბარსაც გაუბამდა ხოლმე, იმ დღიდან სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდა. ეგ კი არადა დიდი ხნის მანძილზე თვალებშიც ვერ უყურებდა ქალს. მერე სირცხვილი დრომ შეანელა. დრომ და იმ დამოკიდებულებამ, რომელსაც მეზობელი მაქსიმეს მიმართ იჩანდა. მან შვილივით შეიყვარა ბიჭი და ისევე დარდობდა მის გადაუჭრელ პრობლემაზე, როგორი ემოციითაც დედა იდარდებდა ნაშობის ტკივილს. *** საქართველოში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ლიზამ ვეღარ მოახერხა აგვისტოს სოფელში გატარება. ამიტომ დანაკლისი ზამთრის თვეებში აინაზღაურა. ძველით ახალ წელს ჩამოსულ დედა-შვილს, თებერვლის ბოლომდე, ფეხი არ გაუდგამთ უბნიდან. მთელ დღეებს ჟრიამულით ატარებდნენ ძველი ნაცნობების გარემოცვაში. ახალი მეზობლის დასახლების შესახებ კი მანამდე შეეტყო, ვიდრე ჩვენ გვესტუმრებოდა. თუმცა არანაირი ინტერესი არ გაუმჟღავნებია მის მიმართ მანამ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახა საკმაოდ საამო აღნაგობის ქალბატონი და სანამ მასში მეტოქე არ გამოჩიჩქნა. მაშინ კი მოიღრუბლა დაუმორჩილებელი ქალი. ლამის ფრჩხილები დაიჭამა ნერვიულობისგან. ვინ იყო ქვრივი მასთან შედარებით? საიდან ან რატომ გაჩნდა? რის მიღწევას ცდილობდა? ნეტავ რამის იმედი ჰქონდა? წლები ელოდა ლიზა დაჩის სიყვარულს და არ აპირებდა ვიღაც ჩამოსული სოფლელისთვის ( ასე მოიხსენიებდა მას) უბრძოლველად დაეთმო ნანატრი მამაკაცი. არაფრით დაუშვებდა მისი დიდი ხნის წინ დასახული და აუხდენელი ოცნება, იმ უცხოს ახდენოდა, თვეები რომ დაეხეტებოდა მამა-შვილის გარშემო. დაჩი არ დაინტერესებულა მიზეზით, რომელსაც ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ქალს შორის, ლამის სისხლისმღვრელი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა. ის თავის ცხოვრებას ძველებურად მიუყვებოდა. სახლი და სკოლა. სკოლა და სახლი! ტკბილად ატარებდა დროს მაქსიმესთან ერთად და ნიღბად აკრული ღიმილით მალავდა დარდებს, დარდებს, რომელიც უხვად გაემეტებინა მისთვის ბედისწერას. ერთ დღეს უცხო ზარი დაფიქსირდა მასწავლებლის ნომერზე. უცხო ხმა უცხოეთიდან მამის გარდაცვალების შესახებ ატყობინებდა. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგად წერთ. მეცოდება დაჩი 5 კარგად წერთ. მეცოდება დაჩი 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|