 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 24 თებერვალი, 2024 |
(გაგრძელება)
13 ბედის ირონია ყველას გვიგემია ცხოვრებაში. აბა დაფიქრდით... "ბედი არა მაქვს", "მე რომ ბედი მქონოდა", "ჩემს ბედს რა ვუთხარი"... ხშირად გვითქვამს ამგვარი ფრაზები. ამბობენ, ყველა ადამიანი თვითონ ქმნისო საკუთარ ბედს ან შეიძლება დაწერილიც აქვსო წინასწარ. ეს სადავო საკითხია და აქ არ ღირს განვრცობა. მხოლოდ ერთს ვიტყვი, უბრალო მოკვდავებს ზოგჯერ მართლაც დაგვცინის ბედი. დაგეგმილ წუთებს, საათებს, ყოველდღიურობას და ხანდახან მომავალსაც კი გვაცვლევინებს. ზოგიერთებს გზაგზა წამოგვეწევა ხოლმე მისი მჭრელი მახვილი. ზოგს კი მთელი ცხოვრება სდევს უბედობა, გაუმართლებლობა. დაჩის შემთხვევაშიც დაახლოებით ასე იყო. უფრო მეტიც, მის ბედს დაბადებისთანავე ტყუპისცალივით თან დაჰყვა ირონია და ძალიან ხშირად ახსენებდა მასწავლებელს თავის არსებობას. როცა მამის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს მწარედ გაეცინა. ამჯერად ბედს დაასწრო და თვითონ დასცინა მას. რა გამოდიოდა? კაცი, რომელსაც შვილი უნდა აღეზარდა, გაეზარდა, ადამიანობა ესწავლებინა და ყველანაირად მიეხედა, ახლა თავად შვილისგან მისახედი გამხდარიყო. კაცს, რომელსაც ორი წლის ასაკში, დედის ანაბარა დატოვებული ერთადერთი ვაჟისთვის არასდროს ეგრძნობინებინა მამობრივი ალერსი, ახლაც არ ემეტებოდა მისთვის მისი წილი სითბო. ვერ ემეტებოდა... გამეტება რომც მოესურვებინა, გაყინული სხეულით უკვე ვეღარ შეძლებდა უდიდესი შეცდომის გამოსწორებას. ცრემლიც არ გადმოვარდნია დაჩის. არ ეტირებოდა, არ ედარდებოდა. ის ადამიანი უბრალოდ იწოდებოდა მამად. განგებამ მიანიჭა ამ სახელის ტარების მადლი, მაგრამ კაცმა ვერ გამოიყენა ეს ნიჭი. ჰო, მამობა ერთერთი ყველაზე დიდი ნიჭია. მან კი ვერ შეძლო. ზედმეტად სუსტი მხრები აღმოაჩნდა მის საზიდად. მხრებიც და გულიც, რომელსაც ერთხელაც არ უგრძვნია, სხვისი მამიკოების მაცქერალი პატარა ბიჭის დიდი ტანჯვა. დაჩი ფიქრობდა. რაოდენ ნაწყენი და გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო, საკუთარ სისხლს და ხორცს უცხო ქვეყნის მიწაზე ვერ დატოვებდა. დრო იყო, სხვებისგან ნასწავლი კაცობა ამჯერადაც ეჩვენებინა და მამა საკუთარ ეზოში გადმოესვენებინა. სხვანაირად არ ეკადრებოდა ქრისტიან, ღვთიურად და კეთილად აღზრდილ ადამიანს. საქმის მოსაგვარებლად კი ფული იყო საჭირო. არცთუ ცოტა ფული. ქმედება, რომელიც იმ მომენტში უნდა განეხორციელებინა დაჩის, წინასწარ კლავდა, სულს უხუთავდა, უსაშველოდ ტკენდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სხვას ვერაფერს იზამდა. თავისი პრობლემა მასთანვე რჩებოდა და ვერავის მოახვევდა თავს. ამიტომაც ეს უნდა გაეკეთებინა... უნდა ამდგარიყო. ყულაბა უნდა გაეხსნა! მაქსიმეს ოპერაციისთვის განკუთვნილი, წლების განმავლობაში ნაგროვები თანხა ახლა უნდა დახარჯულიყო! ბიჭი ცოტას კიდევ მოითმენდა. მამა ისევ იშოვიდა ფულს და შვილს არ დააღალატებდა. ეს იყო უკანასკნელი, უთქმელი სიტყვები, რითაც დაჩი თითქოსდა თავს იმშვიდებდა. მერე მშობელი საქართველოში გადმოასვენა. წესისამებრ გადაუხადა პანაშვიდები და წესისამებრ მიაბარა მიწასაც. იმ მიწას, რომელზეც ერთ დროს უარი თქვა კაცმა. ცოლის გვერდით არ დაუკრძალავს მიცვალებული. მისგან კარგა მოშორებით გაათხრევინა საფლავი. ამით მან დედის ხსოვნას, დედის მოუშუშებელ იარას სცა პატივი. ორმოცისა და წლისთავის სუფრებიც გაუკეთა. აღდგომას კი მისი სულის საამებლად ცხვარი შესწირა. *** ჩვენი სოფლის ღირსშესანიშნაობებსა და მის საოცარ მიდამოებზე უკვე საკმაოდ ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ერთიც უნდა ვთქვა. ადგილი, რომლის შესახებაც ახლა მე ვიტყვი, თავად ღერძი იყო სოფლის. ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ხალხის სუნთქვა და არსებობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ადგილი ბაზარი გახლდათ (ახლაც არსებობს). დიახ, დიახ... თვალი არ გატყუებთ. კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს, დაახლობით ექვსი სოფლის გლეხობა ჩვენთან მოდიოდა და დიდი ბაზრობა იმართებოდა. ბაზრობა, სადაც შეგეძლოთ გეყიდათ და გაგეყიდათ. იქნებოდა ეს შინაური ფრინველი თუ ცხოველი. რძის ნაწარმი: ყველი, ნადუღი, კარაქი, მაწონი, თვითონ რძეც კი. იქ იპოვიდით ტანსაცმელ-ფეხსაცმელსაც. ჭურჭელსა და სხვა საოჯახო ნივთებს. სამუშაო იარაღებს. შეშის ღუმელებს თავიანთი გაწყობილობით. შეშასაც, ნახშირს, კირს, შაბს და ა. შ. ყველაფერი იყო, ყველაფერს იშოვიდი, რაც დაგჭირდებოდა. გარდა ვაჭრობისა, დიდი ხნის უნახავი ნაცნობების, ნათესავებისა და მეგობრების ნახვაც შეიძლებოდა იმ ბედნიერ დღეს. დიახაც, ბედნიერი იყო ყველასთვის. რადგან სოფელში სხვა გასართობი საშუალება არ არსებობდა, ბაზარი ყველაფრის ფუნქციას ითავსებდა. პაემნების ადგილადაც კი იყენებდნენ წყვილები, რომლებიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იყვნენ და ერთმანეთის ნახვას იშვიათად ახერხებდნენ. დაჩიც ხშირი სტუმარი იყო ბაზრობის. ხანდახან მაქსიმეც მიჰყავდა ხოლმე. ძირითადად დასახმარებლად, როცა რაიმე მიჰქონდა გასაყიდად. ბავშვს მეთვალყურედ აყენებდა, ვინმეს რომ უნებართვოდ არ აეღო მათი სანოვაგე, თვითონ კი ვაჭრობდა ისე, როგორც შეეძლო. დიდად კი არ ეხერხებოდა ეს საქმე. ბიჭს ყოველთვის უხაროდა ბაზარში წასვლა. ათასნაირი იერისა და ათასნაირად აჭრელებული ხალხის ცქერით საღამომდე ტკბებოდა. მერე კი სასიამოვნო ემოციებით დატვირთული სახლის გზას ღიღინ ღიღინით მიუყვებოდა. იმ კვირაშიც გაერია დაჩი მობაზრეებში. ამჯერად არ ყიდიდა. პირიქით ყიდულობდა. კვირის ბოლოს აღდგომა თენდებოდა და მამის სულის საცხონებლად ცხვარი შეიძინა. პირველი კვერცხი მაქსიმემ გადააგორა ბაბუას საფლავზე, მერე კი მამამისმაც გაიმეორა იგივე. უბრალოდ მოვალეობა მოიხადეს, სხვა გრძნობა მათ გულებს არ გაკარებიათ. მაშინ, როცა დაჩი შესაწირს ყიდულობდა, გვერდიდან ნაცნობი ხმა შემოსმა. გაიხედა და გაეხარდა. ის იყო, უფროსი თანასკოლელი და მეგობარი. კაცი, რომელმაც დედაქალაქში მყოფი ბიჭები ჯერ სასდილოში, შემდეგ კი სახლში მიიპატიჟა. სიყვარულით და მონატრებით გადაეხვივნენ ერთმანეთს. დიდხანს ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ აღდგომა დღეს ისიც სოფელში რჩებოდა. ბებია-ბაბუის საფლავზე მისვლა წლების განმავლობაში ვერ მოეხერხებინა, ახლა კი, როგორღაც თავი დაეძვრინა საქმიდან და შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა. მერე მეორე მეგობარი მოიკითხა და თანვე ინახულა. საბოლოოდ კი ბიჭებს თბილისში გადასვლა შეთავაზა. ცოტა ხნის წინ სამშენებლო ბიზნესი წამოეწყო და წელში გასამართად შესაფერის კადრებს ეძებდა. როგორც თვითონ აღნიშნავდა, მათზე ჭკვიანი და ერთგული ხალხი ნაკლებად ეგულებოდა სადმე. ამიტომ მთელი გულით ითხოვდა დათანხმებოდნენ. მეგობრები არც დაფიქრებულან, ისე უთხრეს უარი. იმიტომ კი არა, რომ მისი ნდობა არ ჰქონდათ ან წამოწყება მიაჩნდათ საეჭვოდ. უბრალოდ ასე უცებ ადგომა და იმ ყველაფერზე უარის თქმა, რაც წლების განმავლობაში ეშენებინათ, მარტივი არ იყო. სამსახურების დატოვება, ქალაქში ოჯახებით გადასვლა და მათი მორგება სოფლისგან მკვეთრად განსხვავებულ გარემოზე ბევრ დროსა და ენერგიას საჭიროებდა. პირველ რიგში კი სურვილი იყო გასათვალისწინებელი. არც მაქსიმეს და არც დაჩის მეჯვარის ცოლ-შვილს არ ენდომებოდათ მარად ყვავილოვანი ეზო-სახლების დათმობა და თბილისში ნაქირავები ბინის კედლების სუნთქვა. ვერც ბიჭები დატოვებდნენ ოჯახებს ბედის ანაბარა და მეგობარს ვერ გაყვებოდნენ. მთელი რიგი მიზეზები იყო, რის გამოც უარით გაისტუმრეს ახალბედა ბიზნესმენი, მაგრამ მას არ წყენია. ყველაფერი სწორად და შეგნებულად გაითავისა. თუმცა მათთან ერთი "გარიგება" მაინც დადო. საჭიროების შემთხვევაში ორივე დაუყოვნებლივ თბილისში გაჩნდებოდა და საქმის მოგვარებაში დაეხმარებოდნენ მეგობარს. შეთანხმება ძალაში შევიდა. მერე აღდგომაც გათენდა. ძველი ტრადიციისამებრ საფლავებზე გავიდნენ. მიცვალებულების გულებზე კვერცხები გადააგორეს, პასკები დადეს, შესანდობარი თქვეს და ერთმანეთს ქრისტეს ჭეშმარიტად აღდგომა მიულოცეს. საღამოს ყველა ერთად, დედა-ბებიას მიერ გაშლილ, გემრიელობებით სავსე მაგიდას მიუსხდა და კარგადაც მოილხინეს. გვიან ღამით დაიშალნენ, მეორე დღიდან კი ისევ თავთავიანთი ცხოვრების გზას გაუყვნენ. *** 2005 წლიდან მოყოლებული, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ძლიერი ღელვა ეწყებოდა ხოლმე დაჩის. მასწავლებელი თავისი აბიტურიენტების შედეგებზე პასუხისმგებლად თვლიდა თავს და აგვისტომდე გამუდმებით შფოთავდა. ბოლო პერიოდში საქმეებიც დაუგროვდა და მაქსიმესთვის ძველებურად ვეღარ იცლიდა. გონება უამრავი პრობლემით ჰქონდა დატვითული და ვერც კი შენიშნა როგორ ჩაიკეტა ბავშვი, როგორ უცებ შეწყვიტა გარშემომყოფებთან კონტაქტი. შიშებიც დასჩემდა. ღამღამობით მამას ჩაეკვრებოდა ხოლმე და ისე იძინებდა. აღარც ძილი ჰქონდა მშვიდი. ბორგავდა, ყვიროდა, ზოგჯერ ტიროდა კიდეც. ივლისში ათი წელი შეუსრულდა. დაჩიმ დიდი დაბადების დღე გადაუხადა. კლასელები და უბნის მეგობრები დაუპატიჟა. ოღონდ შვილის სახეზე ძველებური სიხარული შეემჩნია და რას არ გააკეთებდა. მართლაც გაბედნიერდა მაქსი. ისეთი მხიარული გახდა, ბოლო კვირეების განმავლობაში რომ არ ყოფილა. ყველაზე ტკბილად იმ ღამეს ეძინა, დაძინებამდე კი მამიკოს იავნანას გახსენება თხოვა. არ ჭირდებოდა დაჩის გახსენება, რადგან არც არასდროს დავიწყებია ის ჯადოსნური სიტყვები, რომლებითაც ერთადერთი იმედის სარეცელს ატკბობდა წლების მანძილზე. მამაკაცი ჯერ ჩუმად აღიღინდა, მერე კი ნელ-ნელა ხმას აუწია:
"მამიკოს იმედად გაჩენილო, მამიკოს ციმციმა სხივო, გულში სიხარულად ჩარჩენილო ნანა, ჩემო ტკბილო შვილო. ნანა, ჩემო ტკბილო, ნანინანა ანგელოზის დარო შვილო. მშვიდად დაიძინე მამის ფიქრო, შენს შიშს მე დავიჭერ თბილო, მამის სიძლიერეს ხომ შენც იცნობ ნანა, ჩემო ტკბილო შვილო. ნანა, ჩემო ტკბილო, ნანინანა ანგელოზის დარო შვილო. შვილო, საამაყო გამეზარდე, შვილო, გაუფრთილდი მირონს, მამის გული გლოცავს დღე და ღამე ნანა, ჩემო ტკბილო შვილო. ნანა, ჩემო ტკბილო ნანინანა ანგელოზის დარო შვილო. ღმერთს ვთხოვ, გარგოს ჩემმა იავნანამ შვილო, სულზე ტკბილო შვილო." მართლაც ტკბილი ღამე ტკბილადვე გაუთენდა ბიჭს! იმ დღის შემდეგ თითქოს კარგად იყო. ადრინდელი ღიმილიც დაუბრუნდა, მაგრამ დარდიანი მზერა უცვლელი დაურჩა. სწავლის დაწყების წინ ისევ ჩაიკეტა. ჩვენი, კარგად ნაცნობი ქვრივი მუდმივად აკვირდებოდა მაქსიმეს მდგომარეობას. ბავშვის მკვეთრი ცვლილებები გულს უწვავდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა მის სასიკეთოდ. ერთ დღეს კი, როცა დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მდინარის პირას იპოვა მარტოდმარტოდ მჯდომარე, სივრცეზე თვალგაშეშებული ბიჭი, დაჩის მისი ფსიქოლოგთან წაყვანა შეთავაზა. ქალის სიტყვებმა უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვეს მამას! (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მალე დამთავრდა ეს თავი :( რა ხდება ნეტა მაქსიმეს თავს? 5 მალე დამთავრდა ეს თავი :( რა ხდება ნეტა მაქსიმეს თავს? 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|