 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 1 მარტი, 2024 |
#ლექსები
რაც გამომივიდა, აგერ დევს და თავად გაარკვევთ. მინდოდა კი ნარატივის, ბალადის ტიპის ამბავი ყოფილიყო, არც ძალიან ტრაგიკული. რითმები მომეძია შედარებით ორიგინალური. ერთი რეალური ამბავი ავიღე და ლექსად “გარდავთქვი”. მე და შოთა ასე ვერთობით ხოლმე მოწყენილობის ჟამს????
ნინო დარბაისელი
ანა მარკოვნას ხარაზოთი
ანა მარკოვნა, ანა მარკოვნა, აქ, კუკიაზე თქვენს საფლავთან რამ შემაყოვნა!
ტანად პატარა, ტკბილი, როგორც ჩიტი ნიბლია, რაფაზე - დიდი საიდუმლო, თქვენი ბიბლია!
მეუბნებოდით, მინდა, გახსოვდე სულ ამითიო, მითი იყოო, არ არსებობდა სულამითიო და კერვისაგან დაჩხვლეტილი მაგონდება მარცხენა ცერა, თქვენ არ გესმოდათ ჩვენებური, არც ენა-წერა.
გახსოვთ? - მიამბეთ, ოცდაჩვიდმეტში მეზობელს როცა მოაკითხესო, ცოლიც მიჰყავდათ, დააყრევინეს ნაყოფები, როგორც ქვით ხესო, შინ შევიკეტეთ, შეგვეშინდა, რა გითხრა, დაო, ერთი ვიცანი, ქალთან ჩუმ-ჩუმად დადიოდაო, იმათი ხვნეშა მთელ ეზოში გადიოდაო. თითქოს ნანახიც არ ჰყავდა წინათ, გამოყვანისას ეუხეშა, კიდეც დასცინა. ამასობაში პატარა ბავშვი გამოპარულა და ჩვენს კარებზე აფხაჭუნებდა მერე ფარულად. ვიყავით შინ და კარის გაღების შეგვეშინდაო. ეზოში მათზე ახლობელი არავინ გვყავდა, საკუთარივე გულისცემა ყელში გვირტყამდა, მაგრამ რა გვექნა, რას ვუშველიდით, თავი თუნდაც წვრილად აგვექნა!
ზამთარი იყო და დილას რძეზე რომ გავედი… ეჰ, ჩემი ბედი! მაშინ არ იყო, აქ, კიბეზე რომ ამოშვერილი ლურსმნებია, იქ დამჯდარა და ნამტირალევს ჩასძინებია.
შემოვიყვანე, ატამანკაზე დავაწვინე, მაღალსიცხიანს მართლა შვილივით მოვუარეო, ბრონქიტი ჰქონდა, მოვლა როდი ვიუარეო, ორი დამჭკნარი ვაშლი მეგდო და რაღაც კომში, გზაზე ნაყიდი, რომ მივდიოდი მე რაიკომში, რაღაცა ჩირი, ერთ მუჭამდე თხილის ნარჩენი, სხვა გაჭირვებამ რა შემარჩინა! ეს ყველაფერი გაუფცქვნელად გავატარე და ნეტა გენახათ იმის სახეზე ის ნეტარება… მერე მამიდამ მოაკითხა, უცხოვრია აქვე, ბაზართან, ნეტა იმისთვის არ მიმეცა, მე გამეზარდა! ბავშვი პატარა, გამომვლელი შიშთა და ზართა - დიდი კაცია, რომ გამომივლის, მეუბნება, ჩვენი ცხოვრება - ერთი წამია, წყალმა წაიღოს, რაც გვიწამია, ჩემს ცხოვრებაში არაფერი იმ ხარაზოთზე უკეთესი არ მიჭამია, ისეთი გემო ვეღარაფერს დავატანეო, ცოლთან რეცეპტი გამატანეო, ოღონდ არ მახსოვს, კოვზით ვჭამდი თუ ცოტა პურიც შევატანეო. მოგონებაში გულმა ცრემლი გამოურია, თებერვალია, აქ შეყოვნება ჩემი ვალია. რა სიცივეა, დღე უჟმურია, თავზე რუხი ცა ახურია, აქვე არხია, აქ საფლავია მოუვლელი და აქ მარხია ერთი მექუდე, მარტოხელა ქალი, ურია - ანა მარკოვნა. თუ მოინდომებთ, ადვილია საფლავის პოვნა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მოდი და ნუ შეეშინდებოდა მარტოხელა, მექუდე ქალს მაუზერიანი ჩეკისტების! მეც ვერ გავაღებდი შიშით კარს. ეს ანა მარკოვნას ბინა კი აუცილებლად გეხსომება, პლეხანოვზე ქუდები რომ იყო ხოლმე პირველი სართულის ფანჯრის შიგნიდან გამოკიდებული. ახლა რაღაც ტანსაცმლის მაღაზიაა. მოდი და ნუ შეეშინდებოდა მარტოხელა, მექუდე ქალს მაუზერიანი ჩეკისტების! მეც ვერ გავაღებდი შიშით კარს. ეს ანა მარკოვნას ბინა კი აუცილებლად გეხსომება, პლეხანოვზე ქუდები რომ იყო ხოლმე პირველი სართულის ფანჯრის შიგნიდან გამოკიდებული. ახლა რაღაც ტანსაცმლის მაღაზიაა.
1. შემოვიყვანე ატამანკაზე დავაწვინე.. შენ გაიხარე ავტორო, კაი რამეების დაწერა იცი. შემოვიყვანე ატამანკაზე დავაწვინე.. შენ გაიხარე ავტორო, კაი რამეების დაწერა იცი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|