| ავტორი: ნონესთ ჟანრი: პროზა 28 მაისი, 2024 |
იმ დილას პირველად მოვისმინე შენი ხმა. არა, ასე არა, მოდი ნორმალურად დავიწყოთ. ამბავი გინდოდა, თანაც დავიწყებული, მე ამბის იმ ნაწილსაც მოგიყვები, დავიწყებამდეც რომ არ იცოდი.
გონება მთელი დღეები ათასი ფიქრით მქონდა სავსე, აქ ჩამოსვლამდეც ასე იყო და მხოლოდ ის შეიცვალა, ათმაგი ძალით ვცდილობდი აქ ფიქრების ჩაცხრობას, სადმე კუთხეში მიმალვასა და დამშვიდებას.
ყოველი დღე ერთნაირად იწყება, საკუთარი თავისთვის პირობის მიცემით რომ თუ საწოლიდან ავდგები, რუტინას გადავუხვევ, ხალხს გავიცნობ და ახალ მოგონებას შევიქმნი, ძველები ნელ-ნელა გაფერმკრთალდება, ისეთი მძაფრი აღარ იქნება, ისეთ ლაქებს აღარ დატოვებს. ვდგები, ვუღიმი - სხვებს და საკუთარ თავსაც, თავს ვიწესრიგებ და გავრბივარ. არც კი მახსოვს საერთოდ თუ ვჩერდები სადმე.
საუზმე - ხალხი, კლასები - ხალხი, სადილი - ხალხი, აქტივობა - ხალხი.. შუაში მუდმივი სირბილი - პირდაპირიც, გადატანითიც. დავრბივარ ფიქრსა და ფიქრს შორისაც და მოედანზე კარიდან კარშიც, ბადიდან ბადემდეც.. დავრბივარ მანამ, სანამ ვინმე არ მეტყვის რომ გავჩერდე და მაშინაც გონებაში ყველაფერი შვიდმაგად ჩქარდება.. ჩქარდება ფიქრები, ჩქარდება გულისცემაც, ცარიელ ოთახში ექოც კი მესმის თითქოს..
სირბილ-სირბილში, ხალხიდან - ხალხში, ძილიდან - ღვიძილში.. და გონებამდე მაინც არაფერი დადის ახალი, გულამდე - ლაპარაკიც არაა.
იმ დილასაც გამხნევებით, პირობებითა და ქრთამით წამოვაგდე საკუთარი თავი საწოლიდან. „ახალი დღე - ახალი შესაძლებლობები“ ნახევრად ირონიულად გამიელვა გონებაში ხალხის ნაკადში შერევისას. სირბილმა თავისი ქნა - ყველა მიცნობს, ყველა მელაპარაკება, „ძალიან კარგია“ - თავს ვეუბნები. მაგრამ სულ უფრო მიჭირს საკუთარ თავს დავაჯერო, რომ რაიმე მაინც არის კარგად ან ისე მაინც, როგორც უნდა იყოს. რატომღაც მძიმე დღეა, მძიმე ნაბიჯებით ავდივარ ზევით, ტრიბუნაზე ჩემს ადგილს ვპოულობ, ვჯდები და ველოდები. რას? არ ვიცი. რამეს. განა მუდმივად რაღაცას არ ველოდებით? საშველს? იმედს? გამოსავალს? ნიშანს? არ ვიცი. რამეს.
თავში ქაოსია, ხურს, ლამისაა საგულდაგულოდ შეკუნჭულებულ-შემალული ფიქრები ერთიანად გადმოვიდნენ ყურებიდან.
და უცებ ყველაფერი წყნარდება.
თავიდან ცოტა კანკალი გაქვს ხმაში, მერე ტემბრს ცვლი ნელა და ბოლოს მშვიდდები, თითქოს მარტო მღეროდე აბაზანაში, ისე აგრძელებ. შეშლილ ნოტზე წარბებს იკრავ და ალბათ ასი ადამიანი რომ არ გიყურებდეს, ახლიდან ცდიდი მაგ მონაკვეთს იმ მომენტამდე, სანამ ზუსრად ისე არ იმღერებდი, როგორც შენ გინდა. ყველა ფიქრი საკუთარ ადგილას დაბრუნდა, გაირინდა და შენ გისმენს. ქაოსის ნაცვლად შენი ხმაა ჩემს გონებაში. მერე რა რომ ეგ სიმღერა არ მომწონს, მერე რა, რომ ჩემ გარდა კიდევ ბევრი ადამიანი გისმენს, წამიერად შენს მზერას ვიჭერ და ღრმად მწამს, რომ მე მიმღერი.
მხოლოდ ტაშის ხმაზე ვხვდები, რომ გაჩერდი, და რომ ვიღაც ბიჭის გვერდით დგახარ, რომელიც მთელი ეს დრო უკრავდა და მე ვერც ვხედავდი, რომ წეღანდელი შეჭმუხნილი წარბების ნაცვლად ახლა ძალიან ფართო ღიმილით იღიმი და თვალებიც ერთიანად გიელვარებს.
ყველა გეგმა გაქრა, გაჩნდა ახალი - უნდა გაგიცნო. განა მანამდე არ გიცნობდი, თვალწინ მყავდი, თვალწინ თუ არა, თვალქვეშ მაინც, საწოლების განლაგებიდან გამომდინარე. როგორ ვერ გხედავდი აქამდე? აქამდე სად ვიყავით ან შენ და ან მე? უნდა გაგიცნო. ძალიან მარტივი გეგმაა ხო? სულ ერთი საფეხური აქვს, სულ ერთი მიზანი.
ყველაფერი მშვიდად არის.
მერე გავიგე რომ სიმღერასთან ერთად უკრავ კიდეც. მერე ოთახში სხვისი გიტარაც აღმოჩნდა..
ხომ მარტივი გეგმაა არა? სულ ერთი მიზანი და უკვე სულ ერთი გზაც..
უტიფრად გადგები შენც და პატრონისგან მარტო დატოვებულ გიტარასაც, ორივეს ხელს გავლებთ და ჩემს სამალავში მიმყავხართ.
დიდი ხნის მერე ეგ მომენტი რომ გაიხსენე, მითხარი, მათემატიკით მაწონებდი თავსო და სიმღერითო?.. არ მახსოვს.. არ მოგატყუებ, არც ეგ მომენტი მახსოვს, არც კონკრეტულად რა მითხარი. იმდენი რამ მინდა მახსოვდეს..
მაგრამ შეგრძნებები არ მავიწყდება. ღია ფანჯარაში შემოსული სიცხე, მზის ბოლო სხივები, სტადიონიდან ამოსული ხმაური, ბურთის ხმა, შეძახილები, დერეფანში ნაბიჯები. შენი ბეჭედასხმული თითები რუსოს გიტარაზე, შენი მოციმციმე თვალები - ჩემზე. მახსოვს უცხო ფრანგული სიტყვები და იმ მომენტამდე უცნობი სიმღერა როგორ დაძვრებოდა ჩემს სხეულში და პეპლებს ეთამაშებოდა. მახსოვს რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმ ღამეს პირველად მეძინა მშვიდად, უფიქროდ და უსიზმროდ. მახსოვს როგორი სიმსუბუქე მაგრძნობინა ჩემს ცხოვრებაში დაბრუნებულმა სილამაზემ და იმედმა. თურმე ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო კარგად.
ისტორიები?.. ნეტავ ვინმეს დეტალებში ახსოვს ვინ სად და როდის? განა ყველას ყველაფერი ახსოვს.. შენ თვითონ არ მიმღერე?
I can’t remember your hands
I can’t remember your home
I can’t remember your deepest
eyes and you..
სიმღერაც შევინახე და ძველსაც ვიხსენებ, რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, მაგრამ უკვე დიდი ხანია სიტყვებში ძალა აღარ ჩანს და ემოციებში - სიტყვები. დიდი ხანია ნაკუწ-ნაკუწ ტივტივებს გონებაში ყველაფერი - ქარის მოტანილი ბუსუსოებივით, მუდმივად შენს სახესთან რომ დაფარფატებს, სანამ დაჭერას განიზრახავ.
არაუშავს, ცარიელ ფურცლებსაც თავისი სილამაზე აქვთ და უსიტყვო მოგონებებსაც - თავიანთი ემოცია. დიდი ხნის დაკეტილ სახლსაც შეუძლია ადამიანი მიიღოს, მოხვიოს თავისი ოთხი კედელი და გაათბოს.
როგორც ყოველთვის, იცი ვინც..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|