ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2024


მოქცევა (დასასრული)

            თავი XI
ორი დღე შიშით ებრძოდა ფიქრებს,
ნინოს ეახლა და სთხოვა ლოცვა,
ხელმწიფემ თავი დახარა მძიმედ
და სინანულის აღმოხდა ოხვრა.
მუხლებზე დადგა, წარმოთქვა სიტყვა:
- ვაცხადებ ქრისტეს იბერთა ღმერთად! -
ხელი აღაპყრო ,,მცირემ“ და ,,დიდმა“,
მუხლებზე დადგა სრულიად მცხეთა.
,,დიადი შუქის“ დიადმა ძალამ,
მეფეს აღუძრა ერთი სურვილი,
წამოიმართა და ასე ბრძანა:
- უნდა მოვიკლა სულის წყურვილი.
აქვე  ავაგებ დიდებულ ტაძარს,
რათა ილოცოს სრულიად მცხეთამ,
ზურგი ვაქციოთ ღვთაება არმაზს
და ვეთაყვანოთ უწმინდეს ღმერთ-კაცს!
იქ, ,,თხორის მთაზე“ მისი სახება,
გამომეცხადა მე ნათლის შუქად,
ეს იყო ალბათ ღმერთის განგება,
რომ უვნებელი მოვბრუნდი უკან! -
მერე კი, ნინოს შეჰბედა რიდით:
- სად მივუძღვნაო ალაგი ტაძარს? -
- იქ ააგეო, მეფეო იგი,
სადაც გონება შენი მტკიცე არს! ...
შვიდი ნაძვის ხე მიწაზე დასცეს,
როცა ხეები კარგად გამოხმა,
მეფემ უბრძანა ერთგულ მებაღეს,
შვიდივე მორის სვეტად გამოთლა.
შვიდი სვეტიდან ექვსი აღმართეს,
ხოლო მეშვიდე ვერასგზით დადგეს,
ხარაჩოებიც მკვიდრად გამართეს,
რა არ იღონეს, როგორ არ სცადეს: -
ნინოს უამბეს სვეტის ამბავი,
მანაც შესთხოვა შემოქმედს შველა,
დილით იხილეს სვეტი დამდგარი,
ამ ამბის გამო შეირყა მცხეთა; -
აუწყეს მეფეს:  ,,ოცნება ახდა,
ზეცით გვეახლა ვაჟი მბრწყინავი,
მან აიტაცა სვეტი და დადგა,
თანაც ხმა ჰქონდა ისე მგრგვინავი,
ცოტა არ იყოს შევშინდით კიდეც,
მაგრამ როდესაც ვიხილეთ სვეტი,
იმ ვაჟს დაედგა ის სვეტი ისე,
სიხარულისგან დაგვესხა რეტი“! -
,,სვეტიცხოვლისა“ უწოდეს ტაძარს,
სვეტის სასწაულს მიუძღვნეს იგი,
წმინდა ასულის ოცნებაც ახდა,
საყდრად დაიდგა ,,წარსულის ფიქრი“;


      თავი  XII
ბიზანტიიდან იწერებოდა,
იმპერატორი საამო წერილს,
მასში სიკეთე იკვეთებოდა
და თანადგომა, გამართვა ხელის; -
-  რადგან აღსრულდა უფლის მიზანი
და მოიქეცი შენ ქრისტეს რჯულზე,
ბექას გიბრუნებ, მღვდლებსაც გიგზავნი,
ვაცხადებ ხელის დადებით გულზე,
რომ დღეის შემდგომ, იბერთა მეფევ,
მე, კონსტანტინე ფიცსა ვდებ შენთან,
ჭირსა და ლხინში ჩემს ძმობას ენდე,
ერთად ვიბრძოლებთ მოსისხლე მტრებთან“!  ...
ერთი თვის თავზე მცხეთას ეწვია,
ეპისკოპოსი მღვდელთა ამალით,
,,სვეტიცხოველში“ მიწას ემთხვია,
მეფეს მიჰგვარა ვაჟი ბაქარი: -
დილით დაიწყეს განათვლა მტკვარში,
ინათლებოდა სრულიად მცხეთა,
ერი დაუდგა მირიანს მხარში,
ტალღებს ეტრფოდნენ ჩრდილები ხეთა.
წყალში შევიდნენ მეფე და რევი,
ატლასის კაბა ემოსათ ტანზე,
ტყვე-ქალმა წყალი აიღო პეშვით,
სამჯერ აპკურა მირიანს თავზე.
ცრემლი შენიშნა მეფის თვალებში,
თვითონაც ცრემლით აევსო თვალი:
- აღესრულაო, ჩემი  თარეში,
მოვიხადეო, მეფეო ვალი! -
თავი  დახარა, განაგრძო მშვიდად:
- ჩემმა  ცხოვრებამ იცვალა ფერი,
იბერიაში შემოსვლის დღიდან,
განესრულაო მეშვიდე წელი. -
,,მთავრის სანათლო“ დაარქვა ადგილს,
სადაც ნათლობა მიიღო ერმა,
მეფე გადასწვდა ნაპირზე მარგილს,
გამოეხატა სახეზე წყენა:
- სად არს ფეროზი, მმართველი რანის?
რად მოისურვა დარჩენა ჩრდილში? ...
ძებნა  დაიწყეს მსტოვრებმა მთავრის,
გაპარულიყო წყეული გიშში;
მაცნე აფრინეს, მიუსწრო ბოდბეს,
თავი იმართლა მანჭვა-კაკანით,
აწონ-დაწონა, იფიქრა ორ დღეს,
უკან მობრუნდა გულისფანცქალით.
თავად ისურვა ჯვარზე მოქცევა,
,,იჭყუმპალავა“ კამკამა მტკვარში,
უთხრა მირიანს: ,,ახდა ოცნება,
აწი მოვხვდებით ორთავე ცაში“! -
მერე კი ხვეწნით გაუპო გული:
- გამატანეო, მემკვიდრე რანში,
მსურს მასთან ერთად  გავშალო მუხლი,
ვინადიროთო ჯიხვებზე მთაში; -
არ ეჭაშნიკა მუდარა წვევის,
ეს უთხრა მხოლოდ მმართველს რანისას:
- ჯერ დაველოდოთ სიძეო რევის,
რადგან  აპირებს შერთვას ქალისას;
სალომე ჰქვია მშვენიერ ასულს,
ურბნისში სახლობს ოჯახი მისი,
იქ გავატარებთ წლევანდელ ზაფხულს,
,,სიგელით“ უკვე შევკარით ფიცი!  ...
სამი თვის თავზე გასწიეს რანში,
ფეროზმა რევის მიუძღვნა ,,ქისა“,
უთხრა:  ,,მზის-გულო, შემიდექ მხარში,
ხორნაბუჯს დავდგათ ტაძარი ქვისა! -
რევიც დათანხმდა საყვარელ ბიძას,
გზიდან მიწერა სურვილი მამას,
ფეროზი  ,,კბილით იჭერდა“ მიზანს,
რადგან ელოდა  უნაკლო საბაბს.
გიშში ჩასულებს ფაიქი დახვდათ,
იწერებოდა შაბური უსტარს:
- რანის მთავარო! სურვილი ახდა,
ალმასის თვლების გიგზავნი მუშტარს.
სამმაგ ფასს მოგცემს, ცუდი არ ეთქმის,
საჭირო კაცად ითვლება ჩვენში,
ნარსე რაც მოკვდა და მე გავმეფდი,
მას აღარ ვარჩევ საკუთარ ძმებში.
შენც დამეხმარე, მომდიე ერთხანს,
მეფე მირიანს მოვუღოთ ბოლო,
ქრისტიანობა აღმოვფხვრათ მცხეთას,
რაც შეეხება შენს საქმეს, ხოლო,
მინდა, რომ გახდე იბერთ მხარეში,
პირველი კაცი, მმართველი მესხთა,
ამასთან შეწყდეს რომის თარეში,
მთელი ქვეყანა შენ გეპყრას ხელთა! -


      თავი  XIII
ნინო ჩავიდა ურბნის-ქალაქში,
ოტას ჭიშკართან მცირე ხნით შედგა,
ფეხი  გადადგა ღელვით ალაგში,
გამოეგება მოხუცი ,,დედა“;
თმა შევერცხლოდა დედობილს მისას,
გულამოსკვნილი ატირდა ოტა.-
,,ვერ დავრჩებიო შენს ქოხში დიდხანს,
უნდა წავიდე, დრო მაქვსო ცოტა“! -
,,არ წახვიდეო“! - ევედრა დედა,
ხვეწნა-ვედრებით შეუძღვა სახლში,
ცრემლების ფრქვევით დაძლია სევდა,
ცერცვის წვნიანი ჩაუსხა ჯამში. -
- მაშინაც ასე ვისხედით, გახსოვს?
შენ, რომ გამოჩნდი პირველად ჩვენთან,
გზაში გიპოვე, სასახლის ახლოს,
ხემსი  მოგართვი ზანდურთან ერთად; -
ნინომ მიირთვა წვნიანი ცერცვის,
დაემშვიდობა,  გავიდა გარეთ,
,,მეჩქარებაო“! - წარმოთქვა სევდით:
,,გინახულებო,  უცილოდ ხვალე“!  ...
ეპისკოპოსი მღვდლებით სწვეოდა,
სურდა ეხილა  ტაძარი უფლისს,
ქალაქის მმართველს, როგორც სჩვეოდა,
უკვე მოესწრო გაწყობა სუფრის.
მადლობა უთხრა მას იოანემ:
- მე გახლავარო შვილო, მაძღრისად,
უნდა ვნახოო ნინო და მეფე,
მერე კი მსურსო ხილვა ტაძრისა! -
ნინო იხილა მონათა შორის,
იგი უცქერდა ღიმილით ფარსმანს,
როგორ ცდილობდა ყმაწვილი მორის,
თელის მარგილით ადგილით დაძვრას.
ახლოს მივიდა, შესძახა ნინომ,
ხელით ანიშნა ჩამოსვლა მასთან,
მათი შეხვედრა  ურბნისში თითქოს,
შეხვედრას ჰგავდა  კაცისა მთასთან.
სითბო გამოკრთა ღვთიურ თვალთაგან:
როგორ ცხოვრობო“? - მხოლოდ ეს ჰკითხა;
- ტაძარს ვაგებო, ნინო, ამ ჟამად,
შენ, როგორ ხარო? თავად ეს მითხარ! -
მონა მივიდა და უთხრა ფარსმანს:
- ოსტატმა ბრძანა, ადიო მაღლა! -
სახე უცვალა ყმაწვილკაცს ხათრმა -
,,არ შემატყოსო ოსტატმა დაღლა“; -
ნინოს შეხედა, ემთხვია ხელზე,
თავზე მოევლო სწრაფად ხარაჩოს,
ტაძრის პირდაპირ, პატარა ველზე,
ძირს დაეხარა თავი ყაყაჩოს.


      თავი  XIV
უჯარმას შედგა მცირე ხნით ნინო,
მრევლი განათლა, ადიდა ღმერთი,
ხალხში დატოვა ულევი სითბო,
აღმოაცენა სიკეთის ნერგი.
იქიდან ბოდბეს ისურვა წასვლა,
შეუძლოდ გახდა,  გაორდა ფიქრი,
თხოვნა შებედეს,  არაფრით არ ჰქნა,
არ გამობრუნდა მცხეთაში იგი.
სალომე იხმო,  თავით დაისვა,
განავრცო სიტყვა, დაიწყო თხრობა,
ცა შეამღვრია წითლად აისმა,
მიმქრალმა ღამემ ცისკარი შობა;
- მამას უხმობდნენ, დაო, ზაბილონს!
უმწრმესი შვილი ვიყავი მისი,
მისი საფლავი ღმერთმა ადიდოს,
გამტანი იყო ჭირსა და ლხინში;
დედას  კი ერქვა! - ნინო შეყოვნდა,
ამოიოხრა, ამოჰყვა გული:
- სოსანა ერქვა, როგორც მეგობარს,
ისეთი სათნო გააჩნდა სული.
მე,  დავიბადე  კაპადოკიას,
კოლასტრა ერქვა პატარა ქალაქს
და წამიყვანეს,  ესეც სწორია,
ქრისტეს წამების უწმინდეს ალაგს.
იერუსალიმს ვიყავ იმ ხანად,
როს გავინათლე ახალი რჯულით,
ბიძამ მოკეთის სახლში მიმგვარა
და დედობილმაც მიჩვენა გული;
ნიაკოფორამ, ჩემმა მოკეთემ,
კვართის ამბავი მომითხრო მაშინ,
სული გამითბა, და დრო ვიხელთე,
ვეღარ დავდექი,  გავჩერდი სახლში.
კონსტანტინეპოლს ლოცვა ვისმინე
და დედოფალი ელენეც ვნახე,
აქ  გავიცანი დედა-რიფსიმე,
მაგრამ დაგვიგო ურჯულომ მახე;
დიოკლეტიანს უხმობდნენ იმას,
გამოგვატარა წამების გრდემლი,
დრო შევარჩიე, დავუძვერ ხიფათს,
გამოვაღწიე უღრანი ტევრით.
ტბასთან მოვედი, დავყევი თავქვე,
ცხვარს აძოვებდა იქ სამი მწყემსი,
შვილად მიმიღეს, სუფრასთან დამსვეს,
მშიერი ვიყავ,  გავტეხე ხემსი.
სხვა დანარჩენი კი იცით უკვე,
აქ, თქვენთან ვიყავ,  ვნატრობდი დედას,
ფიქრსა და სევდას მრავალჯერ ვუხმე,
რომ ერთხელ მაინც მეხილა ნეტავ! -
ითხოვა წყალი, შეწყვიტა თხრობა,
დალოცა მეფე, დალოცა ერი:
- ბოდბეს დამფალით! - ეს მაქვსო თხოვნა:
- მაზიაროსო, მოვიდეს მღვდელი! -

        თავი  XV
ცრემლად ჩამოდნა თვალთაგან სევდა
და ბოდბეს დაფლეს ნინოს ცხედარი,
იბერთა მოდგმას მფარველად ექმნა,
ცად აღვლენილი სული ნეტარი;
ბოდბეს ისურვეს ტაძრის აგება,
მაგრამ მეფის ძე ავად შეიქმნა,
ღამეს უთევდა ნინოს ხატება,
სრულიად მცხეთა მუშტად შეიკრა ...
მთელს იბერიას მოუკვდა რევი,
სვეტიცხოველში აუგეს წესი,
გლოვად დაემხო  ათი დღე მრევლი,
არ გაიკარეს მშობლებმაც ხემსი ...
ვეღარ გაუძლო სატანჯველს ხორცმა,
,,ტანში“ შეუჯდა მირიანს სენი:
- უხმეთო, ბექარს! - ძლივსღა წარმოთქვა:
- აქ მომგვარეთო, მამულის მცველი! -
მეფემ ილოცა ღვთისმშობლის ჯვარზე,
ოქროს გვირგვინი გადასცა ბექარს:
- ფეროზი მოჰკალ, მოიქეც ასე,
თუ გსურს, რომ ქვეყნად ვაჟკაცი გერქვას! -
უთხრა ძეს თვისას, აუწყა ესეც:
- რანის მმართველმა მოწამლა რევი,
აღმოაცენე მომხრეთა ფესვზე,
სიკეთის ნერგი, ამრავლე ერი! -
ბოდვა დაიწყო მირიან მეფემ,
თვალი დახუჭა, მოუხმო რატის,
ბექარმა იხმო დედოფლის სეფე,
მოატანინა ღვთისმშობლის ხატი;
- ნინო სად არის? - ბორგავდა მეფე:
- იბერთა ერის ასული წმინდა? ...
ბექარ! შენ უნდა იყო ხელმწიფე,
ამგვარად მსურს და ამგვარად მინდა! -
მე, შვილის გვერდით  ,,დამიდგით  ბორცვი“,
ისე იცხოვრე ნუ შეჭამ სირცხვილს! ...
გაქვავდა მისი ტანჯული ხორცი,
სიცოცხლისათვის ეჯობნა სიკვდილს.
     

        თავი  XVI
ერთი წლის თავზე დედაც მოუკვდა
და მარტო დარჩა მეფე ბექარი,
გლოვას რომ მორჩა, მსახურს აუწყა,
მოაყვანინა მხედართმთავარი;
უთხრა:  ,,რადგანაც დამიდე ფიცი,
ჟამთასვლის გზაზე ჩემს სიტყვას ენდე,
თავზე დაეცი, აიღე გიში,
ფეროზი გასვი გასანთლულ ძელზე“! -
გზა დაულოცა დაჩის ძეს მეფემ,
ფარავნის ტბაზე ისურვა წასვლა,
ტბასთან მისულმა გზის პირას ფერდზე,
მოხუცი მწყემსი ეულად ნახა:
- აქ მოუხმეთო, ჭაღარა დევკაცს! -
გასცა სასწრაფოდ მეფემ ბრძანება,
ბექარის ფეხთით მუხლზე დაეცა:
- ცხადი არისო, თუ არს ზმანება? -
ეს თქვა დევკაცმა, გასწორდა ხვნეშით,
მოჰკიდებოდა მზის სხივი კანზე,
მწყემსის კომბალი ეჭირა ხელში,
ერკემლის ტყავი ემოსა ტანზე. -
- ვინ ხარ მოხუცო? მითხარ სად მოველ? -
- ბაჩა გახლავარ, მეფეო მწყემსი,
შენ დაგინახე, აქეთ წამოველ,
სურვილი თუ გაქვს, გატეხე ხემსი!
იმ  გორის იქით  ქოხი გვაქვს მწყემსებს,
იქვე ვისხედით ჩვენ წეღან პურად,
ფარავნის კალმახს მოგართმევთ კეცზე,
თუ კი მიიღებ ჩემს ნათქვამს გულად! -
-  ჩვენც  კალმახზე ვართ, ამბობენ ტობობს,
რადგანაც მთხოვე, წავიდეთ იქით,
ასეთ წვევაზე  უარი ვთქვა როგორ?
არ შევიწუხებ თავს დიდხანს ფიქრით! -
სუფრასთან დასხდნენ,  გაჩაღდა ლხენა,
თევზი იგემეს,  გატეხეს პური,
მოხუცმა მწყემსმა ითხოვა სმენა,
მეფეს შესთხოვა: ,,მომაპყარ ყური! ...
მაშინაც ასე  დავლაგდით რიგით,
მე,  არტაშა და ბერიკა ერთად,
შენს ზურგსუკნიდან გამოჩნდა იგი,
პატარა ჯოხი ეჭირა ხელთა;
მარტო შემოვრჩი წარსულის ფიქრით,
შემომაძარცვა სიკვდილმა ძმანი,
ფეხშველი იყო, სდიოდა სისხლი,
რადგან საბრალოს არ ეცვა ხამლი.
მე რა ვიცოდი, უგნურმა მაშინ,
რომ ჯვარი ეპყრა ჯოხის მაგიერ,
უკვე დავბერდი, შევედი ხანში,
არ შევხვედრივარ უფრო სახიერს;
,,ნინო მქვიაო“!  - მახსოვს ეს რომ თქვა, -
- ეჰ, როგორ დნება მეფეო წლები! ...
თასი დაცალა ჭაღარა მწყემსმა,
შეათამაშა  ,,ბებერი მხრები“;
ზურგით შებრუნდა ბექარი ერთხანს,
ფიქრში წასულმა მინდორს გახედა,
მოუტრიალდა ჭაღარა დევკაცს,
მის ცრემლმორეულ თვალებს ჩახედა;
ქისა შეიხსნა, გადასცა ბაჩას:
- მაშ,  ეს ცხოვრება ყოფილა მქისე,
ცრემლი მოუხდა მოხუცო ნათქვამს! -
თქვა და ბექარი წამოდგა მყისვე;
ჯამი ითხოვა, მოციცქნა იფქლი,
ბაჩუამ  დინჯად ჩაუსხა ღვინო,
ლუკმა ჩააწო,  განაგდო ფიქრი
მეფემ შესთხოვა შენდობა ნინოს.
ღრუბელმა მზის სხივს დაუგო მახე,
სხივთა დაჩრდილვა შეიმჩნა თვალით,
ცისფერმა ბინდმა დაფარა სახე,
გამოისახა ღრუბლისგან ქალი;
მცირე ხნის შემდეგ ისევ განათდა,
ცაზე არ დარჩა ღრუბლების კვალი,
ცრემლი გამოკრთა მეფის თვალთაგან,
როგორც კამკამა ბუნულის წყალი.

         

        ეპილოგი
,,მე,  უკვე დიდი ვარ“! - 
ჩამხედე თვალებში 
და ბავშვურ მზერაში
წუხილი გამოკრთა ,-
ზეციდან
მიწაზე უეცრად დავეშვი,
ცხოვრების გრძელი გზა
მაშინვე დამოკლდა;
,,შენ უკვე დიდი ხარ“! - 
მაგრამ მე იხტიბარს,
არ ვიტეხ,
მამა ვარ,
არ ვიცი რა მომდის,
გვერდი-გვერდ ვდგავართ და
ჯერ ერთად მოვდივართ,
სიკვდილი სიცოცხლეს
სულს როდის ამოხდის,
არ ვფიქრობთ,
რადგანაც
ჩვენს ნაცვლად სხვა ფიქრობს,
ან ფიქრი ამგვარი 
რას მოგვცემს წინასწარ?
ჯერ  ,,რიგი ჩემია“
ღმერთით და გაჩენით,
,,ხელადა წავუღო“ 
იმქვეყნად წინაპარს;
სამშობლოს მძიმე ტვირთს,
ჯერ შენი მხარ-ბეჭი,
ვერ ზიდავს,
ვდუმვარ და
არ ვამბობ ხმამაღლა,
იღბალი
ცხოვრების ხახაში ნაღეჭი,
ფრთაგაშლილ ოცნებას
უსიტყვოდ დამარხავს.
არ გკითხავს არაფერს,
,,ფეხებთან გაწვება“,
აჩრდილის ფერით და
შეფარვით ამას გთხოვს:
,,ორიდან ერთ-ერთის
მოგიწევს არჩევა,
ან მხდალი სიცოცხლე,
ან  ,,მოსვლა ყაყაჩოდ“! -
,,იქორის ყივილი“
წინაპრის დვრიტადან,
ვენახის ფესვივით
დაგრეხილ ძარღვებში,
ამ წუთისოფელში,
რას აღარ იტანდა,
ძუ მგელის ლეკვივით,
,,ალგეთში ნაგეში“; -
,,შენ უკვე დიდი ხარ“ ! ...
ზღვისფერი თვალებით,
შეჰყურებ ზეცას და
ბილიკზე კვალს ტოვებ, 
მოდიხარ  ნინოს ჯვრით,
გვარით და სახელით,
რომ აწმყოს წარსული
მუდმივად ახსოვდეს ...
,,შენ, უკვე,
დიდი ხარ“! ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები