 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 17 ივლისი, 2024 |
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
ნინო დარბაისელი
გალაკტიონის ალქიმიიდან - თდეციმა
მე დღემდე სხვადასხვა სიტყვებით არაერთგზის აღმინიშნავს, რომ გალაკტიონი თავისი საუკეთესო ლექსების ერთ, მნიშვნელოვან წყებაში, რომლის დიდი უმრავლესობაც მის კრებულ ‘არტისტულ ყვავილებშია“ შესული, სინტაგმათა ქმნისას ინტენციურად ირჩევს მრავალმნიშვნელოვან სიტყვებსა თუ გამონათქვამებს, ქმნის პოლისემანტიკურ ველს და ამ გზით სიმბოლისტური შთაბეჭდილების ხიბლში აგდებს მკითხველს. იგი გამონათქვამში, ზოგჯერ მთელს ლექსში რამდენიმე მნიშვნელობის ინტეგრირებას ახდენს. ამგვარი სინთეზირებით ქმნის საკუთარ პოეტურ სამყაროს და მის ამოსახსნელად სინთეზირების საპირისპიროდ, მეცნიერული ანალიზის მომარჯვება რაღაცაში კიდეც გვეხმარება, მაგრამ ხელიდან გვაცლის ამა თუ იმ პოეტურ სახეში მის მიერ ჩადებულ მნიშვნელობათა მთელს ბუკეტს, გვიტოვებს რა, კენტ ყვავილს. ამ მცირე ოპუსში არ ვაპირებ მისი ერთი ცნობილი ლექსის მთლიანად გაანალიზებას. მინდა, მხოლოდ ორიოდე საინტერესო მომენტს მივაპყრო მკითხველის ყურადღება. გალაკტიონის შემოქმედება, რომელიც რომანტიზმის უხვ ნაკადებს შეიცავს, მაგრამ ძირითადად მოდერნიზმის ფარგლებში თავსდება, - მრავალფეროვანია. ხდება, რომ უეცრად მისი რომელიღაც, თითქოს არცთუ დიდად გამორჩეული ლექსი იქცევა ხოლმე მკითხველთა უეცარი, საერთო გატაცების საგნად. ასეთ დროს არაა დიდად გასაკვირი ახალ-ახალი, მოულოდნელი ინტერპრეტაციების გაჩენა. არც რომელიმე პლანის უტრირებამდე მიყვანა. გავა დრო და თანამედროვე მკითხველისაგან დასვენებული პოეტური ტექსტი სხვა კუთხიდან გაეხსნება ახალ რეციპიენტს... ყველა ეპოქა ხომ ერთსა და იმავე ტექსტს თავის ენაზე კითხულობს... ვატყობ, აქ უკვე თეორიული განსჯები გაგვიტაცებს, ამიტომ უმჯობესია, კონკრეტულად იმას შევეხოთ, რაც ამ ოპუსის მიზეზად იქცა. გალაკტიონის ლექსი ‘’ცისფერი’ 1923 წლით თარიღდება. გავიხსენოთ იგი:
ცისფერი
იწვება სული ხილვის ტაროსზე, როგორც პოეტის ნაზი თდეციმა, აფრა აშვებულ გემის აროზე მისი მკაცრი ხმა ცივად ეცემა. უყვარს თოვლივით ქაფის თამაში, მძიმე ოცნების ცაზე ატანა. მელანქოლიის ამ აკლდამაში ბედმა დიდება გამოატანა. ვიცი: სამყარო მას მოსწყინდება. დარჩება ხსოვნა ყოფნას, დიონისს, და იშვიათად თუ მობრწყინდება სხვა საუკუნე გალაკტიონის. ანგელოსები მას შეაფარდებს ქრისტეს, რომელიც ჯვარზე გაკრულა და ცა კივილით დაუშვებს ფარდებს ამ სააქაოს წყევად და კრულვად. ჩამოისვენებს ბრძოლის დალევით ქვეყნის სიშავე ნისლიან ფრთებზე. ძეგლი ცისფერი და ნამთვრალევი აიმართება მშობლიურ მთებზე!
ზღვაზე 1923
წინამდებარე ლექსიდან ორი ტაეპი ქართველ პოეზიის მოყვარულთა საყოველთაო სიტყვიერების კუთვნილებაა, კერძოდ:
და იშვიათად თუ მობრწყინდება სხვა საუკუნე გალაკტიონის.
მთელი ეს ლექსი სიმბოლისტური ესთეტიკის გალაკტიონისეული გააზრებითაა შეთხზული. პოეტი აცალკევებს ლირიკულ სუბიექტსა და საკუთარ თავს და ასე თავისებურად, დისტანცირებულად, მესამე პირში საუბრობს მის შესახებ. ეს არის ლექსი- ხილვაა, მე ვიტყოდი, პროფეტული შერბენა მესამე პირით გამოვლენილ საკუთარსავე მომავალში. ამ ლექს-ხილვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ პოეტი ქრისტეს გზაზე დადგომის, მისი გავლის შემდეგ, მომავალში მოიპოვებს დიდებას, მშობლიურ მთებზე აღიმართება მისი ცისფერი ძეგლი, მაგრამ ამ მკაცრ გზაზე მას დიონისური, სტიქიური ძალების, მათი გამუდმებული ბრძოლა- ჭიდილის გარეშე საბოლოო მიზნამდე, დიდებამდე მიღწევა არ უწერია. თან ვამბობ, პოეტური გამონათქვამის, ქმნილების მრავალპლანიანობა-მეთქი, თავად კი ერთი ხაზის გაყვანას ვცდილობ, ანუ ვკითხულობ რა ლექსს ამგვარად, ფოკუსს მიღმა აუცილებლად დამრჩება ამავე ლექსში პოეტის მიერ ნაგულისხმევი სხვა ინტერპრეტაციები. და მაინც, დაე, იარსებოს ამ ერთმა, ამგვარმა ინტერპრეტაციამაც, რომელიც არც აქამდე არსებულსა და არც მომავალ ცდებს არ აუქმებს, არამედ მათ მიემატება. ჯერ მთლიანი ლექსის საერთო, გამჭოლ კონცეფციაზე ვთქვათ! ქართულ ლიტმცოდნეობაში არაერთგზისაა აღნიშნული, რომ გარდა შუა გაგანია რევოლუციის დროს მოსკოვის რამდენიმეთვიანი სარეჟისორო კურსებისა, გალაკტიონს სხვა უმაღლესი განათლება არ ჰქონია. რაკი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, არ მგონია, ამის გამო მისი თეოლოგიური ცოდნა დიდად ღრმა ყოფილიყო. იმავე სასწავლებლებში მეოცე საუკუნის არაერთი სახელოვანი ქართველი მწერალი სწავლობდა, თან გაცილებით მასზე უკეთესადაც, მაგრამ იქიდან გამოტანილ მათს საგანგებო თეოლოგიურ განათლებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელად მეჩვენება. (მერე - -კი, ბატონო! იმპერიისა თუ უცხოეთის უნივერსიტეტები გამოიარეს). ყოველ შემთხვევაში გალაკტიონივით კლასში მგონი მათგან არავინ ჩარჩენილა ცუდი სწავლის გამო. (პაოლო იაშვილი ცუდი ყოფაქცევისთვის გააგდეს). გალაკტიონი ბიბლიას რომ კარგად იცნობდა, მომავალში ხელოვანი თანასკოლელებივით, ეს არა მხოლოდ ამ, არამედ მისი სხვა ლექსებითაც თვალნათლივ დასტურდება და გასაკვირიც არაფერია. ასევე, ლექსებითა და სხვადასხვა ჩანაწერებით დასტურდება მისი განსწავლულობა ანტიკურ მითოლოგიაში, ამ ლექსში არცთუ შემთხვევით ნახსენები დიონისე - პაგანური, ანტიკური ღმერთია, სმასა და ვაკხანალიურ კულტურას უკავშირდება და განსხვავებით, მაგალითად, აპოლონისგან, დასავლურ აზროვნებაში შემოქმედების სტიქიური საწყისის გამომხატველია (ნიცშე) დღეს ეს - ჩვენი, ყველას საანბანო ცოდნაა და სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ლექსში ნათქვამის ერთი პლანი ასე იკითხება... მოდით, აქ მეტისმეტად გავამარტივებ: პოეტს დიდება ელის. თუ პოეზიისთვის ხელოვნებისთვის, შემოქმედებისთვის ქრისტეს - ტანჯვა-წამების გზას გაჰყვება , თანაც თუ მოიწყენს ამ ყოფასა და ხსოვნას შეატოვებს დიონისს, მისი სტიქიის გამოხატულებას, მისი კულტისადმი თაყვანისცემის გამოვლენას - სმას, მემთვრალეობას, (ყრმა დიონისო ,, მარმარილოდან”) ბედისწერა, რომელმაც “დიდება გამოატანა” და რომლისთვისაც მოვლენილია ‘იგი’ ამ ორივეს შერწყმით - საბოლოოდ მაინც აღსრულდება. ზემოთ ბიბლიის ცოდნა ვახსენე. კონკრეტულად ვგულისხმობ არა მხოლოდ სახარებას, კერძოდ, ჯვარცმის მომენტს, რომლის დასრულებისთანავე, ქრისტეს მიწიერი, სააქაო ყოფა დასრულდა, მიწა იძრა და ტაძრის ფარდა გადასკდა, რაც გალაკტიონის ლექსში ასე გამოიხატა:
და ცა კივილით დაუშვებს ფარდებს ამ სააქაოს წყევად და კრულვად.
არამედ ახალი აღთქმის სხვა ნაწილებს, რომელიც გვეხმარება, გავიგოთ, რას უნდა ნიშნავდეს ტაეპები:
ანგელოსები მას შეაფარდებს ქრისტეს, რომელიც ჯვარზე გაკრულა.
ანგელოსები ამ ჯვარედინად ნარითმ, ტიპობრივ ათმარცვლედში (5/5) რითმის (ფარდებს/შეაფარდებს), გულისთვის მოხმობილი არ უნდა იყოს, თუმცა რითმას რომ სათქმელზე ძალდატანების უნარი აქვს, ეს - ჩვენში ბევრჯერ ითქვა და გავიარეთ. ანგელოზები ღმერთის ‘’მესინჯერები’ არიან. მისი გადაწყვეტილება, სიტყვა მოაქვთ. ჯვარზე გაკრულ ქრისტესთან გალაკტიონის “შეფარდების” მნიშვნელობის ასახსნელად დაგვჭირდება, გავიხსენოთ, რომ ქრისტიანობის არსებობიდან დღემდე მისი მიმდევარი (!) მორწმუნენი ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ნაფეხურებს, კვალს მიჰყვებიან, ზოგს როგორ გამოუდის ამ გზის გავლა. ვის რამდენად შეუძლია ქრისტეში მყოფობდეს, მის პირად მორწმუნეობაზეა დამოკიდებული. ქრისტესთვის წამებულთა - მარტირთა ცხოვრებებში სწორედ იმიტომაა სახარებისეული ციტირებანი, რომ მარტირობა არსით - ქრისტეს სარწმუნოებისთვის სიკვდილია, მისი განვლილი გზის სიკვდილამდე განმეორება, ამაზე უამრავი ლიტერატურა არსებობს. არა მხოლოდ გალაკტიონი, არამედ ჩვენ, რიგითი მოკვდავნი, მორწმუნენი - ყველანი ქრისტეს ვბაძავთ და ვედარებით, ვედარებით ყოველჟამიერად, ამისკენ ბიბლიაშივე მოგვიწოდებენ მოციქულები. ანუ ეს ტაეპები, ჩემი ინტერპრეტაციით, ნიშნავს გალამტიონის მიერ ქრისტეს მოწამოებრივი გზის გავლას - მორწმუნეთა სანუკვარი ოცნების ასრულებას; მარტვილობას, რომლის ძალაც ოდენ ერთეულებისთვის მიუცია ღმერთს. ეს მსჯელობა რეალობისგან მოწყვეტილი რომ არ გამოგვივიდეს, გავიხსენოთ ახალი აღღქმისეული პეტრე მოციქულის სიტყვები: ,, ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტე ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს. ..მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები …( პეტრე 1, 2:21-25) გავიხსენოთ იოანე 1- ც, ( ჩვენც ვიაროთ ისე, როგორც ქრისტეს უვლია (2:6). მაპატიეთ თუ პირდაპირ ინგლისური ბიბლიიდან ვთარმნი, იმედია, ქართული კონკორდანსიც ამას ემთხვევა. ხდება ხოლმე, რომ ცოტა აცდენილია. რაკი კონტექსტი და ტექსტი მთლიანად ბიბლიითაა გაჯერებული. ლექსში კი სამსჯელო ცოტა როდია, უკეთესი დროის იმედად ამ მცირე ოპუსში ერთ საბოლოო ინტერპრეტაციასაც გამოვთქვამ და ამით დავასრულებ, ორი გამომდის. რას ნიშნავს:
როგორც პოეტის ნაზი თდეციმა, აფრა აშვებულ გემის აროზე.
ბოლოდან დავიწყებ. “არო’( arrow - ისარი ) ერთი გაგებით(!) დაახლოებით იგივეა, რაც გალაკტიონის მიერ სხვა ლექსში ნახსენები ბერძნული „ტრირემა“-ს , - სამმწკრივა ნიჩბებიანი, ცხვირმახვილა ხომალდის/ გემის წვერო. რაც შეეხება “თდეციმას”, ქართული ენისთვის არადამახასიათებელი ეს ბგერათ შეთანხმება, უფრო ’ ბგერათერთობა’ - გალაკტიონისთვის შემთხვევითი, გაპარული კორექტურის ბაზაზე აღმოცენებული პოეტური ნეოლოგიზმი უნდა იყოს. ჰქონდა მას და სხვებსაც, მაგალითად ცისფერყანწელებს მაშინ ასეთი რაღაცეები. არსებობს ბიბლიური სიტყვა „დეციმა“, რაც ნიშნავს აუცილებელ გადასახადს სარწმუნეობრივი საჭიროებისათვის, - ქონების ერთ მეათედს. (დეცი- ათი) გადასახადის ეს სახე რამდენჯერმეა მოხსენიებული ბიბლიაში. ქართულ ენაში მისი შესატყვისი გვაქვს ნაათალი’ . გაგახსენებთ, წყაროთა მიხედვით, ეს არის თამარის მიერ ეკლესიისადმი გაღებული მუდმივი შეწირულება. დეციმის ანუ ნაათალის მუდმივი გადასახადის წესი დღესაც მოქმედია, მრავალ ეკლესიაში, განსაკუთრებით კათოლიკურში. საქართველოში არ ვიცი, როგორაა. ერთი დაუზუსტებელი, შესასწავლი შთაბეჭდილებაც მინდა აქვე დავაფიქსირო. თუ ლექსებს დავუკვირდებით, გალაკტიონი, როგორც მორწმუნე ქრისტიანი გაცილებით მეტ სიახლოვეს ავლენს კათოლიციზმთან, ვიდრე მართლმადიდებლობასთან. თუ ეს იმპრესიონისტული ნათქვამი სწორია, მიზეზი ალბათ ის გამოვა, რომ მისი შემოქმედების საფუძველში, გარდა ქართული ტრადიციისა, უცხოეთიდან ინდირექტული გავლენით შესული დინებები, მაგალითად ფრანგული - სარწმუნოებრივად ძირითადად კათოლიციზმს უკავშირდება. დავუბრუნდეთ სიტყვას:
‘პოეტის ნაზი თდეციმა ‘ - ჩემეული ინტერპრეტაციის ენაზე ითარგმნება ასე: პოეტის მიერ ღმერთისადმი გაღებული ნაზი, მუდმივი შესაწირავი. ეს ოპუსი წინასწარმეტყველებაზე საუბრით დავიწყე, წინასწარმეტყველებაზე, რომელიც ამ ლექსშია და ზედმიწევნით აუხდა გალაკტიონს. ამჯერად ყურადღების მიღმა ვტოვებთ მისი შემოქმედების დემონოლოგიურ ასპექტებს. ჯერ ერთი - ეს - ცალკე საკვლევი თუ ნაკვლევი თემაა, მეორეც - ამ კონკრეტული, განსახილველი ლექსის პოეტურ- კონცეპტუალური საზღვრები ბიბლიური და წარმართულ, დიონისური ამბებით შემოიფარგლება. ამ პრობლემის მთელი შემოქმედების ფართო კონტექსტში გაშუქებამ, პოეტის რწმენისა და ოკულტისტური ასპექტების დინამიკის შესწავლა-შეჯერებამ შესაძლოა, სხვა დასკვნამდეც მიგვიყვანოს, ამ ლექსის ფინალის შინაარსსა და გალაკტიონის ბიოგრაფიის შესაბამის რეალიებზე დაფიქრებითა და მათი შეჯერება- შეფარდებით კი მივდივართ ასეთ დასკვნამდე, რომ პოეტი - პროფეტის მიერ საკუთარი თავისთვის ნაწინასწარმეტყველი გზა საბოლოოდ, მაინც მაცხოვრისა და დიონისეს, ანუ ქრისტიანული ჯვარცმა-ტანჯვისა და წარმართულ- დიონისური სტიქიის გზაა, გზა უფლის, ვთქვათ, დემიურგის მუდმივი ძიებისა - გარეთ თუ საკუთარ “ნამთვრალევ” არსებაში და იგი ასე დაგვირგვინდა:
ძეგლი ცისფერი და ნამთვრალევი აიმართება მშობლიურ მთებზე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|