ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2024


ფრთამოსავლელი

№ლექსები

ნინო დარბაისელი

ფრთამოსავლელი

დამთავრდეს-მეთქი,
დროზე მაინც დამთავრდეს-მეთქი
ეს გაზაფხული,
სხვის ატმებად გადანაფეთქი.

რა  ყალბად ჟღერენ  თურმე  სიტყვები,
ყველაზე გულწრფელ მომენტებში ამოთქმულები?!
გაჩუმდები და სიჩუმეც კი ისე ყალბია,
ფეხქეშ გეცლება იატაკი,
აღარც ჭერია,
გარედან ხედავ საკუთარ იერს,
ღიმიერს,
ცბიერს,
სასაში ხმელი და უძრავი რა ნაჭერია?
გარედან - სხვაა:
თითქოს კბილებით ენა კი არა, 
ოქროს მონეტა დაგიჭერია.
ცალყბურად სინჯავ,
სირბილე  კი არა ჰქონია.

- წარსული -  უკვე  ნაქონია
და ეს იერი,
შორი საყვირი -  ასე ხმიერი და
აღარ არსებობს  ქვეყანაზე
იერიქონი მამისმიერი.

ღიმს  არ გაიქრობ,
გულში  კი ფიქრობ:
- ყოველთვის ფრთები  ვის რად უნდა,
სულ ზედმეტია.
რად გინდა  განძი,
თუკი არსად არ დაგეტია!

ქონა  - არ უნდა იუარო,
უნდა უარო,
ყველგან ათრიო,
დაგღლის და მალე გაგიქრება მისი ხათრიო…
ასეთ  მომენტში გინდა მხოლოდ,
რომ  მოიქნიო,
აფრინდე და აქ აღარ იყო,
თვით საკუთარი თავიც გარიყო
და შენს ჩადენილს შენც ზემოდან გადმოსცქეროდე,
როგორც ლანგარზე იოანეს თავს დასცქერდა მთვრალი ჰეროდე.

არავინაა ამაქვეყნად მეფეზე მონა!
ირგვლივ ჰგონიათ  მბრძანებელი
და უვნებელი,
ამ დროს  - იმონებს
არა მხოლოდ სხვისი სურვილი,
სხვისი როკვა  ოქროცურვილი,
თავისივე სიტყვა, მამონა!

ეს ცხოვრებაა, არავისთვის  ერთი წამითაც არ შეჩერდება.
ეს ცხოვრებაა,
მიწიდან - სხვაა,
ციდან -  სხვა და
არის სულ სხვა,
შენ როდესაც მასში ტრიალებ.
ნამდვილ სახეს კი არასოდეს არ უჩვენებს ამ დარდიანებს - ადამიანებს.

წყალობაა თუ ცის  რისხვაა.
ცხოვრება - სხვაა!
როცა ჰგონიათ, იფქლს ფანტავენ - ღვარძლი იხარებს
და მოიმკება ერთად  ყოველი.
გადარჩევამდე - ჯერ ყველაფერი ერთადაა,
უკვე თესია.
ცხოვრების გარეთ - უკეთესია!

დამთავრდეს-მეთქი,
დროზე მაინც დამთავრდეს-მეთქი
ეს გაზაფხული,
სხვის ატმებად გადანაფეთქი.

1998

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები