 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ბარიგა
დაუჭერიათ, მერე ციხეში გარდაცვლილა, ცოლი - მექსიკით შემოსულა ამერიკაში. ბავშვებს, გოგო- ბიჭს თურმე იმხელა შვილები ჰყავთ, რამხელებსაც მე მათ ვიცნობდი. აგურის სახლი მეზობელზე კაპიკებად გაუყიდიათ.
1. ჩვენ ზაფხულობით სულ ერთ ადგილას ვისვენებდით, ყველა ამბობდა, იქაურ ჰაერს ბავშვებისთვის არაფერი შეედრებაო. რაღაც, პატარა ოთახს ვიღებდით, მთლად მოუწყობელს, ჰიგიენისთვის წყალი - ტაშტით მზეზე გამთბარი, საპირფარეშო - ეზოს ბოლოში.
ჩვენ წინ აგურის სახლი იდგა, გალავნიანი. საღამოობით იქ ერთი კაცი მიმოდიოდა დიდ აივანზე მეფურ ნაბიჯით და გამჭვირვალე ჭიქიდან ჩანდა, რომ სტაფილოს წვენს დაგემოვნებით, უცნაური მედიდურობით შეექცეოდა. ხალათი ეცვა - ალბათ რაიმე ირანული ან ეგვიპტური, რაღაცა, მუქი მეწამული, ზედ ნაქარგებით, ხოლო იმისი ადეკალონის ძვირფასი სუნი ჩვენს მონგრეულ ღობემდეც კი გადმოდიოდა. მანქანა ჰყავდა … ბოდიში, მარკა აღარ მახსოვს, მთლიანად მინებჩაბურული. ცოლი - ოცი წლით ახალგაზრდა, ტანად მაღალი, თავით ფეხამდე აწყობილი, გაჭირვებული ოჯახიდან გარიგებით გამოყვანილი, მაგრამ გარეთ არ ახედებდა. ასე, შორიდან ვუცქერდით ხოლმე, დამლაგებლების წასვლის მერე მარმარილოს კიბისთავს რომ ნაზად ჩაგვიდა.
2.
მათი სტუმრები თავის მანქანებს მუდამ ჩვენს სახლთან აჩერებდნენ, ჩააბნელებდნენ და ახალგაზრდას გაუგზავნიდნენ. ო, ის ზაფხული, ირგვლივ ყველაფრის ის გადახმობა და ჭრიჭინების შორიდან ხმობა, ის ცოდნა - რაღაც საიდუმლოსი, უხმო თანხმობა?! იდუმალება ის გულისძგერის გამალება! იდუმალება საბოლოოდ არ იმალება!
დილ- დილაობით - ის ტანდაბალი, თუმცა ჩაფსკვნილი სულ განტელებით რომ ვარჯიშობდა, წვეთსაც არ სვამდა. იმ დღეს არ ვიცი, რა დაემართა. მისი ხმა რომ არც გაგვეგონა, დამსვენებლების და მთელი სოფლის გასაგონად, წიხლით შემდგარი ქალს დაჰყვიროდა:
- გაკლებ რაიმეს? რაც არ გინახავს, ჩემთან ნახე! ვისთან?…. ცუმბუშა ნაბიჭვართან?…. აქ შემოუშვი? მოგკლავ, შე ბოზო!… ამ ბავშვებით ნუ მევაჭრები, ვერც შენ წაიყვან, არც მე მჭირდება, ზედვე დაგაკლავ, შენ რა გგონია! თქვენი გულისთვის წითელ ხიდზე ტყვიისათვის შუბლშეშვერილი, ყვერებზე ვიბამ წამალს პარკებით, ცოტ-ცოტა მომაქვს, რომ არ ჩავვარდე, ერთი იმდენი, რომ შეგინახოთ. ობლად გაზრდილი, მამინაცვლის ჯოხით ნაცემი, ჩემი წვალებით კაცად დავდექი, სამეზობლოში პირველ სტუმრად მე მეძახიან, ვინა, ცუმბუშა?! ცუმბუშა-მეთქი…. სულ გაიხადე, რაც მიყიდია და ისე წადი ჯანდაბაში, როგორც სახლიდან გამოგიყვანე!
ის ქალი, ღამე გამოგდებული, მაგრად ნაცემი და სულ ტიტველი, ჩვენ შევიფარეთ, ფეხებში გვეწვა, დილას კი ვითომ არც არაფერი, კაცი მოგვადგა, ჩემი კნეინა თქვენთან არის, დილაადრიან, გოგოებში ყავაზე მინდა გადავიდეო. ეკამაც (ისე ეფემია ერქვა საბუთით) თავი დაღუნა და შესაწირად თოკშებმული უშობელივით მორჩილად გაჰყვა და ტანთ ჩაცმული ჩვენთვის ძვირფასი, მისთვის კი რაღაც ხარახურებიც სამუდამოდ თან წაიყოლა, (ალბათ ნაგავში გადაუძახეს).
3.
ეს ყველაფერი მოხდა წინა საუკუნეში.
გუშინ მირეკავს ეფემია, იგივე ეკა, ეკატერინე, ჩამოვედიო, იქნებ მომვლელად სადმე დავდგეო, ეჰ, აღარ გახსოვს, რა ქმარი მყავდა, როგორ მივლიდა, დედოფლად როგორ ვეჯექიო, ხვალ ამ დროისთვის დაგირეკავო.
ჩემკენ- მომვლელი არავის უნდა, სხვაგან - მე ხელი არ მიმიწვდება. იქნებ თქვენ იცით, როგორ მოვიქცე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა საინტერესო ხარ ავტორო, რას არ მოიფიქრებ და არ დაწერ, რა განა ახლაც არ არიან ბარიგები?1, ჩემი სუბიექტური აზრია, ბარიგაც და მყიდველიც სადმე კუნძულზე გაასახლონ,ისე თუ ვინმე დახმარებას გთხოვს, დააკვალიანე მაინც.ღირსები არ არიან, მაგრამ მაინც. ეგება მოინანიონ ხელშემწყობებმა და სსვებმა გაითვალისწინონ ეს ანბავი მომავალში. რა საინტერესო ხარ ავტორო, რას არ მოიფიქრებ და არ დაწერ, რა განა ახლაც არ არიან ბარიგები?1, ჩემი სუბიექტური აზრია, ბარიგაც და მყიდველიც სადმე კუნძულზე გაასახლონ,ისე თუ ვინმე დახმარებას გთხოვს, დააკვალიანე მაინც.ღირსები არ არიან, მაგრამ მაინც. ეგება მოინანიონ ხელშემწყობებმა და სსვებმა გაითვალისწინონ ეს ანბავი მომავალში.
1. ეს არის პოეტური ექსპლიკაცია კონცეფციისა, რომ ზრდასრული მოძალადენი - ეს ის ადამიანები არიან, რომელნიც ბავშვობაში თავად იყვნენ სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი. ეს რასაკვირველია, ხსნის პიროვნული ქცევის ქვეცნობიერ მოტივაციას, მაგრამ კანონიერი სასჯელისაგან არ ათავისუფლებს ბოროტმოქმედს. წესისამებრ ეს ლექსი ინტერნეტში სხვაგანაც დავდე და პირადში ერთმა ძალიან კარგმა პიროვნებამ, ჩემმა მკითხველმა მისაყვედურასავით, საქვეყნოდ არ უნდა გაგეხმაურებინათ ერთი ოჯახის ამბავიო. მადლობა გადავუხადე. ეტყობა, ეს ვრცელი ლექსი კარგი, დამაჯერებელი გამომივიდა, რომ ასეთი შთაბეჭდილება შეგქმნიათ- მეთქი. აქ ყველაფერი ჩემი მოგონილია, ნუ ცხადია, მხატვრულ “ფაზლში” აქა-იქ ცხოვრების გამოცდილებიდან რაღაც მცირე რეალიებიც შევურიე და თემას მოვარგე. ეს არის პოეტური ექსპლიკაცია კონცეფციისა, რომ ზრდასრული მოძალადენი - ეს ის ადამიანები არიან, რომელნიც ბავშვობაში თავად იყვნენ სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი. ეს რასაკვირველია, ხსნის პიროვნული ქცევის ქვეცნობიერ მოტივაციას, მაგრამ კანონიერი სასჯელისაგან არ ათავისუფლებს ბოროტმოქმედს. წესისამებრ ეს ლექსი ინტერნეტში სხვაგანაც დავდე და პირადში ერთმა ძალიან კარგმა პიროვნებამ, ჩემმა მკითხველმა მისაყვედურასავით, საქვეყნოდ არ უნდა გაგეხმაურებინათ ერთი ოჯახის ამბავიო. მადლობა გადავუხადე. ეტყობა, ეს ვრცელი ლექსი კარგი, დამაჯერებელი გამომივიდა, რომ ასეთი შთაბეჭდილება შეგქმნიათ- მეთქი. აქ ყველაფერი ჩემი მოგონილია, ნუ ცხადია, მხატვრულ “ფაზლში” აქა-იქ ცხოვრების გამოცდილებიდან რაღაც მცირე რეალიებიც შევურიე და თემას მოვარგე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|