 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 11 ოქტომბერი, 2024 |
#ლექსები
როგორც იქნა, იტალიაში ვარ! ირიჟრაჟებს თუ არა, მივდივარ ჩემი ცხოვრების ხანგრძლივი ოცნების ასასრულებლად:
პომპეის ქუჩებში უნდა ვიარო და ვიარო დაცემამდე.
ჩემს ეროტიკულ ლექსს რომელსაც გიტოვებთ, ვიდრე იქ გადაღებულ ფოტოებს დაგიდებდეთ ფეისბუქზე, ჩემი მეგობრები აგერ, 15 წელიც ყოფილა, რომ იცნობენ. იგი ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. ინსპირირებული კი ვიყავი ერთი მხრით - მისისიპში ,,პომპეის მოგზაური-გამოფენის ნახვით, მეორე მხრით კი - გოეთეს დრამატურგიით. ნუ, ახლა მთლად ფაუსტამდე, თუნდაც მის ,, ელექტრამდე” რომ ვერაფრით ავქაჩავდი, ეს ხომ თავიდანვე გააზრებული მქონდა, სასაცილოზე სასაცილოც იქნებოდა ასეთი მიზნის დასახვა, მაგრამ იდეალი ხომ ის იყო!
ლექსს თავისი თვითკრიტიკული ოპუსიც ახლავს. იმედია, ჩემს გამოჩენამდე არ მოიწყენთ! წავედი!!!!
თვითკრიტიკული პოსტფაქტუმი ლექსისთვის ,,პომპეი. ორნი”
ნინო დარბაისელი
ტექსტისა და კონტექსტის მიმართებისათვის - - - - -
ეს ლექსი თავიდან, როგორც ეტიუდი, ისე დავწერე. ახლობლებმა იციან, დანარჩენებს კი განვუმარტავ, რას წარმოადგენს ჩემი “ეტიუდები”. კალამი რომ არ დამიბლაგვდეს, (რაღაში მჭირდება, მაგრამ მაინც), ოსტატობაში სავარჯიშოდ რაიმე ამოცანას ვირჩევ და თემასა და ფორმასაც შერჩევით ვარგებ. რა ამოცანა მქონდა დასახული ამჯერად? კონტექსტისა და ტექსტის ურთიერთობის რაღაც პლანი მაინტერესებდა. ეს ლექსი ორი ნაწილისაგან შედგება და ამ ნაწილებს ვირტუალური ათასწლეულები აშორებს. (მაშინ/ახლა) პირველი ნაწილი (მაშინ) - დიალოგურია. მდიდარი მეომარი ვეზუვის ამოფრქვევის გამო, პომპეიდან გაღწევას ცდილობს, მაგრამ სხვებივით დასაღუპადაა განწირული. იგი გადაეყრება ტყვე-მეძავს, რომლის საროსკიპო- სატუსაღოც სტიქიურმა უბედურებამ დაანგრია და ამის წყალობით, მოახლოებულ სიკვდილამდე თავისუფლებას ეღირსა. მეძავი ირჩევს, სიკვდილამდე ეკოცნაოს, ჩაეხუტოს მეომარს და ასე, ერთად ჩახუტებულები ცხელ ლავაში დაიმარხებიან და დღემდე მოიტანენ ბოლო სურვილის ამბავს. ამბავი - ჩემი მოგონილია, თუმცა ორად, სამად და ჯგუფად გაქვავებული ფიგურები ჩახუტებულ-ჩაუხუტებელი ადამიანებისა, ბავშვიანი დედებისა, ძაღლებისა, ცხენებისა ... ცხოველებისა, მრავლადაა ,,ცოცხლად” ნაპოვნი და გამოფენილი ბევრგან. მათ შორის - ამერიკაშიც.
რისი გაკეთება მინდოდა ტექნიკურად, მიხვდებით, თუ ამჯერად მხოლოდ დიალოგის მეორე ნაწილს, ანუ ქალის ,,პარტიას” წაიკითხავთ და წარმოიდგენთ, ამ “შეფუთვის” გარეშე რომ ყოფილიყო, დამოუკიდებელ ლექსად, ჩემი სახელით დადებული, ასე პირველ პირში მეტყველი მეძავის მოწოდებად მეომრისადმი, “მოდიო”. :
ნინო დარბაისელი
პომპეი. ორი (ფრაგმენტი) - - -
- აი, სად შევხვდით! მო, მეომარო, შენ - სასურველო ჩვენო სტუმარო!
დანგრეულია ჩვენი პრიტონი, აღსასრულის წინ - ვართ უკლიტონი!
ვერავინ მეტყვის, “ო, მე რომ არო”... არ გინდა ქალი? მო, მეომარო!
ხომ არ ვიქნები შენთვის მეც ავი, შენ - მამაცი ხარ, მე კი - მეძავი.
ბევრი იამე - ასოს დასობით, მეც - ნაამები მყავდა ასობით.
რაღა დროსია რიდი და კდემა, როდესაც ირგვლივ სუყველა კვდება!
მომენდე-მეთქი, რა დროს რიდია, ვერ ხედავ? - ცეცხლი ცას უკიდია.
ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცა... სად გამირბიხარ, დარჩი, მოიცა!
დე, ვიდრე სული შეგვეხუთება, მოვასწროთ კოცნა და ჩახუტება!
2009
#ლექსები
ნინო დარბაისელი
პომპეი. ორი - - - -
(პომპეის გამოფენაზე ვნახე ჩახუტებულად გაქვავებული წყვილი. სავარაუდოდ, მდიდარი მეომარი და მეძავი. პომპეი განთქმული იყო თავისი საროსკიპოებით და შიგ ტყვე-ქალებს ამუშავებდნენ)
- ამასობაში ბოლო დღეც დადგა. ვერ გადავრჩებით ვერცერთი, რადგან
მთიდან დაიძრა მხურვალე ლავა! ლავამ ქვეყანა ააყირავა.
გრიალით მოდის გრიგალი-ცეცხლი! სულ ოხრად რჩება ეს ოქრო-ვერცხლი.
სისულელეა თურმე ყოველი, რისთვისაც ვიბრძვით, რასაც მოველით.
მოკვდა, ვინც ბოლო ძალი მოიცა და ისიც, ვინაც მხდალად მოიქცა.
არც გასაღწევი არა ჩანს არსად, რას მოვეწიე სიცოცხლის ფასად!
აქ რა მინდოდა, რამ მიმიყვანა! ფეხქვეშ მეფინა მთელი ქვეყანა...
ფერფლით პირსავსეს ფეხიც მეფლობა. ვინ დააბრალა შავ ფერფლს - ფერფლობა!
- აი, სად შევხვდით! მო, მეომარო, შენ - სასურველო ჩვენო სტუმარო!
დანგრეულია ჩვენი პრიტონი, აღსასრულის წინ - ვართ უკლიტონი!
ვერავინ მეტყვის, “ო, მე რომ არო”... არ გინდა ქალი? მო, მეომარო!
ხომ არ ვიქნები შენთვის მეც ავი, შენ - მამაცი ხარ, მე კი - მეძავი.
ბევრი იამე - ასოს დასობით, მეც - ნაამები მყავდა ასობით.
რაღა დროსია რიდი და კდემა, როდესაც ირგვლივ სუყველა კვდება!
მომენდე-მეთქი, რა დროს რიდია, ვერ ხედავ? - ცეცხლი ცას უკიდია.
ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცა... სად გამირბიხარ, დარჩი, მოიცა!
დე, ვიდრე სული შეგვეხუთება, მოვასწროთ კოცნა და ჩახუტება! ... გაქრა პომპეი, ხვედრი წყეული ერგო, ორიოდ ათასწლეული ერთად გორავდა მართალი, ჭორი. ექსპედიცია გახევებულა, აუზიდიათ როდესაც მორი, ჩახუტებულად გაქვავებული, მორქვეშ სხეული იპოვეს ორი. - -
ილუსტრაცია - ვ. ბრიულოვი “ პომპეის დაცემა”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მაოცებს ავტორის ნიჭიერება. მაოცებს ავტორის ნიჭიერება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|