ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2024


ცოხნა- ცოდნაა

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ცოხნა - ცოდნაა!

ძროხას  და კამეჩს და მისთანებს
ფაშვი  ჰქონიათ  არა კნინი, - ოთხსაკნიანი.
ბალახს მოძოვენ,
სულ ცოტათი მიღეჭ-მოღეჭენ,
გადაყლაპავენ,
მერე თავისთვის,
ცალკე დგანან
და 
იმ გადაყლაპულს კიდევ კარგახანს, გულმოდგინედ იცოხნებიან.
ასე, თანდათან
ოთხსაკნიანი ფაშვის ბოლომდე,
მჟავათა ველში
გაიტარებენ,
სიმარტოვეში ნეტარებენ.

“რად გამოვენთე?
ყოველ საღამო  ეგრე იდგა თავისი ნიჩბით  და  ჩემს ნახირს უდარაჯებდა, 
ფუნას მპარავდა,
იფიცებოდა თანაც,  არაო!
ჩემი ძროხისას ეგ მასწავლის?
ძროხისა  - ავი არ არსებობს,
ფუნა, ნაკელი- ბოსტანს უნდა,
საწვავადაც  - ზამთარს გაიტან,
დალოცვილისა - ყველაფერი სასარგებლოა!”

(სცენას შემთხვევით შევესწარი,
იმ დედაბერთან
სხვა “დაჩნიკივით” მეც მაწვნისთვის  რომ გადავედი)

ძროხის ფაშვი და ჩემი გონება -
ასეთი ვის რა გაეგონება!
არსება ჩემი  - ძროხის ფაშვივით  ოთხსაკნიანი!

სიყვარულია?
მეგობრობა?
სანახაობა?
რამ განსაცდელი? -
ჯერ არაფერი!
რეალობაში ერთიანად მივღეჭ-მოვღეჭ,
მერე დავდგები ჩემთვის მარტო
და კიდევ დიდხანს,
წარმოსახვებში ვიცოხნები და ვიცოხნები.
თქვენ რეალობის უშუალო აღქმა შეგიძლიათ?
მე - ვიცი, რომ არ შემიძლია.

ცოხნა - ცოდნაა!
წარმოსახვათა სარქველები
ლოგიკური თანმიმდევრობით
ავტომატურად გამეღება-დამეხურება
და მთელს საცოხნელს
ვშლი სხვადასხვა მჟავის-მჟავებით…

ხოლო  ხანდახან  ამ ცოხნაში ლექსიც გამოდის
და თუკი ლექსი ვერ გამოდის ისე დიადი,
როგორიც ყველას საკუთარი ლექსი ჰგონია,
ალბათ იმის ბრალიცაა,
რომ ცოხნას უყვარს ლოგიკური თანმიმდევრობა და ციკლ-ფაზათა 
არეულობას,
ამის შედეგად წარმოსახვათა უკონტროლო კომბინაციებს  -  ვერ ეგუება,
უმართავობა მისთვის  არის დამახრჩობელი.
და ამის მერე ამა ყველაფრის მოხელთება,
სიტყვებად ქცევა და გამოთქმა,
ფორმის პოვნა,
ლექსად გარდაქმნა  - 
სხვა ამბავია!

საკუთარ წარსულს ვიცოხნები,
და  ვნატრობ იმ დროს,
რაღაც  ნეტარს,
რაღაც ბუნდოვანს,
როცა ხბოსავით
სულ ადვილად
ვეწაფებოდი დედის რძესავით თბილ-თბილ ცოდნას, 
მეკეტებოდა სამი სარქველი
ავტომატურად 
და მეოთხისკენ  - შეუფერხებლად იგზავნებოდა  მიწიერად მაწიერი,
თეთრი  ულუფა.

ვწერ სიცხიანი, ვერ გავიგე, რამ შემაცია!
ცოდნა - უცოხნად გადაყლაპული - 
- არის მხოლოდ ინფორმაცია.
და  მე რა მიჭირს,
რაც ჩემშია - უკვე ჩემია,
ეს  მირჩევნია,
გონება ბევრჯერ გაუტაცია,
და ვაი იმას,  ვინც  არ იცოხნის და ზარმაცია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები