მესმის შენი ნაბიჭვარო პერსონაჟები: ჯეიკობი, ბიჭი, გოგო(ეპიზოდური) (მოქმედება თავიდან ბოლომდე ერთ პატარა ოთახში ვითარდება, ჯეიკობი გაზეთების მაგიდასთან ზის, ბიჭი ახლო-მახლო მოძრაობს) ბიჭი _ ეს ჯეიკობია, ნაბიჭვარი ჯეიკობი, რომელიც ბოლო ექვსი წელია, ამ სავარძელში ზის და რაღაცას კითხულობს, სიმართლე ითქვას თუ არ დაელაპარაკები ხმას არ ამოიღებს, ალბათ თუ მის სავარძელში მოგინდება დაჯდომა, ადგება კიდეც და ადგილს დაგითმობს, არც ჭამა სჭირდება, არც დალევა, ტუალეტშიც კი არ გადის, მაგრამ მაინც ზედმეტად გამაღიზიანებელია, რადგან სინამდვილეში ეს ჩემი ჰალუცინაცია არის, და რეალურად აქ კი არ არის, თავის სამსახურშია, მუშაობს რომ უფრო ბევრი ფული იშოვნოს, საღამოს სახლში მიდის, გემრიელად ვახშმობს ოჯახთან ერთად, მშვიდად იძინებს და სულ არ ფიქრობს იმ ფაქტზე, რომ მის გამო, ვიღაცას ცხოვრება გაუნადგურდა. ჯეიკობი _ მაგდენ უაზრო ტლიკინს, გიჯობს გარეთ გახვიდე და ძაღლები გაყარო, მაინც რა ჭირთ დღეს, რა არ ასვენებთ გაუჩერებლად რომ ყმუიან. ბიჭი _ რას ბრძანებთ, გაწუხებთ ძაღლების ყმუილი? ჯეიკობი _ მაწუხებს ჰო, კითხვაში მიშლის ხელს. ბიჭი _ და იქნებ თქვენც აწუხებთ ვინმეს, გიფიქრიათ ამაზე? ჯეიკობი _ და იქნებ შენც აწუხებდი ვინმეს, ამაზე ფიქრობდი მაშინ? ბიჭი _ მე არავის ვაწუხებდი. ჯეიკობი _ ეგ შენ გგონია ასე, რადგანაც რეალობის აღქმის უნარი არ გაქვს, მაგრამ გეგონოს, რა ჩემი საქმეა, უბრალოდ თუ შეგიძლია გარეთ გადი და ძაღლები მოაცილე ეზოს. ბიჭი _ რა ვუყო, ხომ არ ვესვრი? ჯეიკობი _ საჭმელი უყიდე, გაიტყუე შორს და იქ დაუყარე, არ ვიცი, მოიფიქრე რამე, თუ არა და უსმინე მათ ყმუილს. ბიჭი _ როცა ეს ნაბიჭვარი ამბობს, შენც აწუხებდი ვინმესო, ექვსი წლის წინანდელ ამბავს იხსენებს, როცა ისე ვცემე, ფეხზე ვერ იდგა. ჯეიკობი _ იმდენსაც ვერ ხვდები რომ კი არ მცემე, თავი გაცემინე. ბიჭი _ დამაცადე როცა ამბავს ვყვები. ჯეიკობი _ დაგაცდი როცა სიმართლეს იტყვი. ბიჭი _ კარგი, არის თუ არა სიმართლე რომ მე შენი ქალიშვილის შეყვარებული ვიყავი? ჯეიკობი _ დაახლოებით, თუმცა მე უფრო სხვა სიტყვებით ვიტყოდი. ბიჭი _ მაინც როგორ? ჯეიკობი _ შენ, ჩემი ქალიშვილის შავი ლაქა იყავი, რომელიც უკვე წაშლილია. ბიჭი _ არ ვიცი შენ თუ რომანტიულ სეირნობას, კაფეში ხელჩაკიდებულ სხდომას და აღარ ვიტყვი კიდე რას და რეებს, შავ ლაქას ეძახი, თანავუგრძნობ თქვენს მეუღლეს შენთან ყოფნის ყველა წუთსა და წამს. ჯეიკობი _ აბა... საწყალი, რომ იცოდე როგორ იტანჯება იმ კაცთან ყოფნით რომელიც ყველა ოცნებას უხდენს, რომელთან ერთადაც ბედნიერია აგერ უკვე ოცდაშვიდი წელია, თანაც ისე, რომ ერთი საყვედურიც არ უთქვამს არც ჩემთვის და არც საკუთარი ცხოვრებისთვის. ბიჭი _ ისევ სნობიზმი, ისევ და ისევ. ჯეიკობი _ რა შუაშია აქ სნობიზმი? ბიჭი _ თავშია, რადგან მაგით იმის თქმა გინდა, რომ მე ვერ შევძლებდი საყვარელი ქალისთვის ოცნებების ახდენას და ბედნიერების ჩუქებას, რადგან საკმარისად მდიდარი არასოდეს ვყოფილვარ. ჯეიკობი _ იდიოტი ხარ, რადგან მე კი არა, ეს შენ გგონია რომ ქალის ბედნიერებისთვის მხოლოდ სიმდიდრე არის საჭირო. ბიჭი _ მე არა, შენ ფიქრობ ასე, შენ, და ამიტომაც გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ შენი შვილი ჩემთვის წაგერთმია, თუმცა მის ამჟამინდელ ქმართან და შენს ძვირფას სიძესთან მიმართებაში ასე არ მოქცეულხარ, რადგან იგი მზად იყო ყოველდღიური რუტინისა და დაქანცულობისთვის, შენთვის კი, ეს იყო მთავარი და არა გულწრფელი სიყვარული, რომლითაც მე და შენს გოგოს ერთმანეთი გვიყვარდა. ჯეიკობი _ კარგი, მაშინ მიპასუხე, გთხოვდა თუ არა ჩემი შვილი რომ გესწავლა და უნივერსიტეტში ჩაგებარებინა? ბიჭი _ მთხოვდა. ჯეიკობი _ მერე? შეასრულე თხოვნა სიყვარულის გამო? დათმე სიყვარულის გამო ეს ვითომ და შენი თავისუფლება? ბიჭი _ არა, რადგან მსგავსი ფიქრებით თქვენ ამოუტენეთ თავი, რეალურად კი ის ჩემნაირი არის, წვიმაში ცეკვა უყვარს ლამპიონის ქვეშ, რკინიგზის სადგურიდან მატარებლების გაცილება და მდინარეში ბრტყელი ქვების სროლა. ჯეიკობი _ მშვენივრად ცეკვავს მის მეუღლესთან წვიმაში, ალბათ მატარებლებსაც აცილებს და რომ იცოდე, ჩემი სიძე, ათჯერ მაინც ახვედრებს წყალს ბრტყელ ქვას. ბიჭი _ მოკეტე ჯეიკობ, მოკეტე თორე ინანებ. ჯეიკობი _ მე კიარა, ძაღკებს მოაკეტინე, აზრი ვერ გამოვიტანე წიგნიდან, ნეტა მაინც რა ჭირთ, რა არ ასვენებთ დღეს. ბიჭი _ რა გინდა ჩემგან? ჯეიკობი _ რაო? ბიჭი _ მიპასუხე, რა გინდა ჩემგან? ჯეიკობი _ შენგან რა უნდა მინდოდეს? ანდა საერთოდ, სამყაროში თუ არსებობს ნეტა ვინმე, ვისაც შეიძლება შენგან რაიმე შეიძლება უნდოდეს. ბიჭი _ მამცირებ. ჯეიკობი _ არა, არ გამცირებ, სიმართლეს გეუბნები. ბიჭი _ მითხარი რა გინდა ჩემგან, ექვსი წელია აქ ზიხარ, მელაპარაკები, წარსულის დავიწყების უფლებას არ მაძლევ, ხელებს უფათურებ ჩემს სულში, გრძნობაში, გონებაში, მითხარი რა გავაკეთო რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდეს. ხომ იცი ისედაც რომ შენს შვილს შევეშვი, რომც არ შევეშვა ხომ იცი რომ ის აღარ მიმიღებს, რომც მიმიღოს ხომ იცი რომ აკრძალული მაქვს მიახლოება და დამიჭერენ, ამიხსენი, კიდე რა გინდა ჩემგან? ჯეიკობი _ მინდა რომ ბოდიში მომიხადო. ბიჭი _ რა გავაკეთო? ჯეიკობი _ უბრალოდ მინდა რომ სწორად მიმიხვდე რის გამო გავაკეთე ყველაფერი, მიხვდე შენს დანაშაულსაც და ბოდიში მომიხადო. ბიჭი _ სულ ეს არის? ჯეიკობი _ კი, სულ ეს არის. ბიჭი _ და ექვსი წლის წინ რომ მომეხადა ბოდიში გაქრებოდი და ამ ბოლო ექვს წელს შენს გარეშე გავატარებდი? ჯეიკობი _ რა თქმა უნდა. ბიჭი _ კარგი, დავწყნარდები ახლა... აღარ დავიწყებ იმის გამო გინებას რომ ეს ექვსი წლის წინ არ მითხარი, ერთს სულს ჩავითქვამ... წყალს მოვსვამ... კარგი, ბოდიში ჯეიკობ, ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. ჯეიკობი _ ღმერთო ჩემო, რა იდიოტია. ბიჭი _ ასეც ვიცოდი. ჯეიკობი _ რა იცოდი? ბიჭი _ ის რომ მატყუებდი. ჯეიკობი _ არა, არ გატყუებდი. ბიჭი _ აბა რაღა გინდა, ხომ მოგიხადე ბოდიში, ახლა გაქრი, მიდი, გაქრი, შეგიძლია ეგ წიგნიც წაიღო. ჯეიკობი _ როგორ ვერ ხვდები რომ მე გულწრფელი მონანიება მჭირდება შენგან, ამასთანავე ისიც, რომ ნამდვილად გესმოდეს ჩემი. ბიჭი _ ჯეიკობ... მისმინე ჯეიკობ... შეიძლება ერთი შეხედვით არ მეტყობა, მაგრამ მე მართლა ძალიან ვნანობ რომ გცემე, თანაც შენი შვილის თვალწინ, გთხოვ, მაპატიო და წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან. ჯეიკობი_ ისევ ვერ გამიგე, თუმცა არც მქონდა იმედი რომ გაიგებდი, პრინციპში, რა გაგებასთან მოსატანია, მაგრამ რომ იცოდე, შენ საერთოდაც არ გიცემივარ. ბიჭი _ როგორ არა ჯეიკობ, გცემე, გამეტებით მოგდე სახეში, შენ წაიქეცი, მე ზემოდან დაგადექი, ადგომის საშუალებას არ გაძლევდი და წიხლებს გირტყამდი. ჯეიკობი _ შედეგი რა მოყვა მაგას? ბიჭი _ შენი შვილი საბოლოოდ დამშორდა. ჯეიკობი _ მეც მაგას ვგულისხმობ, ის, რაც იმ დღეს მომხვდა, მომირჩა, შენ კი იმ დღის მერე, არასრულფასოვნების კომპლექსი გტანჯავს, გამოკეტილი ხარ სახლში, არც საკუთარ თავზე ფიქრობ, არც მომავალზე, ნებდები დეპრესიას და მიუხედავად ამისა, გგონია რომ შენ მცემე? ბიჭი _ არა რა, მართლა ვნანობ. ჯეიკობი _ რას ნანობ, რას? ბიჭი _ იმას რომ იმ დღეს უფრო მეტი არ გირტყი, იმას რომ ზემოდან მუჭებით არ შეგდექი, იმას რომ იმ დღის მერე ფეხზე გავლა კიდევ შეგიძლია, ვნანობ, ვნანობ და ნეტა უკან დამაბრუნებინა დრო, რასაც ხელით დაგაკლებდი რაიმე კეტით გცემდი, კეტი თუ გამიტყდებოდა რკინით, ისე გცემდი რომ დაგმახსოვრებოდა ის დღე, ის წუთები, ის ტკივილი, შე ნაბიჭვარო... შე ნაბიჭვარო... შე ნაბიჭვარო... ჯეიკობი _ ბოლოს და ბოლოს... გააჩუმებ ძაღლებს თუ არა? ბიჭი _ მე ვიცი რასაც ვიზამ... ხო, ვიცი, კარგად ვიცი რასაც ვიზამ, ახლა ნახე რა მოგივიდეს, დამაცადე. ( ბიჭი რამოდენიმე სანთელს ანთებს, რაღაც წიგნს იღებს და იქედან შელოცვის წაკითხვას იწყებს.) „აუუუუმ, ამამ უმ ჰელოლოი ლოი აუუუუმ, ამამ უმ ჰელოლოი ლოი, ლოი ამამემ ამამ უმ ამა, ლოი ამამემ ამამ უმ ამა...“ (ჯეიკობი ტელეფონს იღებს და რეკს) ჯეიკობი _ გამარჯობა, სასწრაფო დახმარების სამსახურში ვრეკავ ხო? დიახ დიახ, თუ შეიძლება მისამართი ჩაიწერეთ, დიახ, აქ ახალგაზრდა ბიჭი გამო... გაგიჟდა უბრალოდ, ჰა? რა ბრძანეთ? ახ, დიახ, სწორედ მაგის თქმა მინდოდა, დიახ, კი, კი, ძალიან გამო... ნუ როგორც თქვით დიახ, აჰ, მაგას ვერ შველით? ეჰ არა და მაგას რომ შველოდეთ რა კარგი ქვეყანა გვექნებოდა, უჰ, ნუ იტყვით, თქვენ ვინ მოგცემდათ მოსვენებას. კარგი რა გაეწყობა, მშვიდობიანი დღე. ბიჭი _ აუუუუმ ამამ უმ ჰელოლოი ლოი... ჯეიკობი _ ეგ რა ბალახია? ბიჭი _ სეიჯო. ჯეიკობი _ და რატომ იქნევ აქეთ-იქეთ გიჟივით? ბიჭი _ აურას ვწმენდ. ჯეიკობი _ ააა, გასაგებია... გაწმინდე მიდი, გაწმინდე. ბიჭი _ ლოი ამამემ ამამ უმ ამა... ჯეიკობი _ გეყოფა ახლა ეს ცირკი, მოაცილე სანთლები აქედან, ხომ ხედავ ვერ მაფრთხობს შენი რიტუალი. ბიჭი _ გეხვეწები რა ჯეიკობ, დამანებე თავი. ჯეიკობი _ კარგი ხო, მომისმინე, მოდი აქ, მოდი, და მოაცილე ეგ ბალახები აქედან, შამანივით რომ აქნევ. ბიჭი _ აუუუუმ ამამ უმ... ჯეიკობი _ გეყოფათქო! ახალგაზრდა კაცი ხარ, გამაგებინე ერთი წარსულის ტრამვას რატომ აძლევ უფლებას რომ ცხოვრება დაგინგრიოს? გადი გარეთ, გაიარე, გამოიარე, ახალი სიყვარული იპოვნე, თორე ხომ ხედავ ასე, კომპლექსები და ნერვოზი ერთდროულად განადგურებს. ბიჭი _ არანაირი კომპლექსები მე არ მაქვს. მითუმეტეს ნერვოზი. ჯეიკობი _ კარგი, მაშინ მიპასუხე ახლა ვის ელაპარაკები? ბიჭი _ შენ. ჯეიკობი _ და ვინ ვარ მე? ბიჭი _ ჯეიკობი ჯეიკობი _ და სინამდვილეში სად ვარ? ბიჭი _ ეგ არც კომპლექსია არც ნერვოზი, ეგ ჩემი ფანტაზიაა, რეალურად შენ ჩემი ფანტაზია ხარ და მეტი არაფერი, პრობლემა მხოლოდ ის არის რომ თავიდან ვერ გიცილებ. ჯეიკობი _ მე თავიდან მანამ ვერ მომიცილებ სანამ კარგად არ გაიგებ ყველაფერს მაგრამ, ეს რომ გაიგო, ამისთვის განწყობა უნდა გამოიკეთო, ცხოვრება უნდა ნახო, ბოლოს და ბოლოს, ამხელა კაცი ხარ და... ბიჭი _ რა? რა? ამხელა კაცი ვარ და რა? ... ჯეიკობი _ ამხელა კაცი ხარ და... ბიჭი _ ჰო, რა, რა ამხელა კაცი ვარ და რა... ჯეიკობი _ ანუ, ამხელა კაცი ხარ და.... ბიჭი _ ჰო მიდი, დაამთავრე, ამხელა კაცი ვარ და რა... ჯეიკობი _ ჰო ანუ, ამხელა კაცი ხარ და... ბიჭი _ ამოთქვი ახლა! ჯეიკობი _ ამხელა კაცი ხარ და ქალთანაც კი არ წოლილხარ არასოდეს. გადი, გაიარე, გამოიარე, ვინმე გაიცანი... ბიჭი _ საიდან მოიტანე რომ ქალთან არ ვწოლილვარ? ჯეიკობი _ ხომ არ გავიწყდება რომ ბოლო ექვსი წელია თვალი არ მომიცილებია შენთვის? ბიჭი _ ეგ არაფერს ნიშნავს. ჯეიკობი _ ეგ ნიშნავს თუ ნიშნავს, აბა უკეთესი არგუმენტი რა გინდა? ბიჭი _ დავუშვათ ასეა, მაგრამ საიდან იცი რომ მანამდე არ მქონდა მსგავსი გამნოცდილება? ჯეიკობი _ მოიცა, ანუ გინდა მითხრა რომ ოდესმე ქალთან წოლილხარ? ბიჭი _ დიახ. ჯეიკობი _და აბა ვისთან თუ საიდუმლო არ არის? ბიჭი _ რა თქმა უნდა საიდუმლოა, თანაც იმაზე დიდი არაკაცობა არაფერია რომ გოგოზე მსგავსი რამ ვინმე სხვასთან ისაუბრო. ჯეიკობი _ ჰოოო, ეგ მართალია, გოგოს მსგავსი რამ არ უნდა აკადრო, მაგრამ მე ხომ შენი ჰალუცინაცია ვარ, თანაც ძალიან ცნობისმოყვარე ჰალუცინაცია, ამიტომ თამამად შეგიძლია გამიმხილო ვინ არის ის არ არსებული გოგონა, ვისთანაც სარეცელი გაიზიარე. ბიჭი _ კარგი, გეტყვი. ჯეიკობი _ მითხარი. ბიჭი _ დიახაც, გეტყვი. ჯეიკობი _ მითხარითქო, მიდი, ვკვდები ინტერესით. ბიჭი _ ჰოდა გეტყვი. ჯეიკობი _ ჰოდა მითხარი. ბიჭი _ მოიცა, რას ნიშნავს არ არსებული? ჯეიკობი _ არ არსებული, ეს ნიშნავს, აი რაღაც ისეთს, რაც შენს ფანტაზიაში და ოცნებაშია მხოლო და რეალურად არ არსებობს. ბიჭი _ მაგალითად როგორც შენ! ჯეიკობი _ დაახლოებით, თუმცა ზუსტ ნიმუშად მე მაინც არ გამოვდგები. იმიტომ რომ შენ ვინ მოგცა იმის იღბალი, ვინმე ლამაზი, გამომწვევად ჩაცმული და უპრეტენზიო ჰალუცინაცია დაგიჯდეს სახლში. ბიჭი _ აჰა, ხომ ხედავ ჯეიკობ, ნიმუშადაც კი არ ვარგიხარ, წადი რა ჩემი ცხოვრებიდან, წადი, გაქრი, აუუმ ამამუუმ ჰელოლოი ლოიი... ჯეიკობი _ ნერვებს მიშლის უკვე ეგ იდიოტური მანტრა თუ შელოცვა თუ რა ჯანდაბაა საერთოდ? ბიჭი _ ეს, შამანური სიტყვებია, ბერებმა ჩამოიტანეს მაშინ, როცა სამყაროდან იყვნენ გასულები. ჯეიკობი _ უი, რა საინტერესოა, და სამყაროდან რით გადიან ხოლმე? სადგურიდან თუ აეროპორტიდამ? ბიჭი _ არაფერი შენ არ გესმის ჯეიკობ, ყველაზე გაუნათლებელი სული ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს. ჯეიკობი _ კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ მე ისევ ინტრიგაში ვარ ჩარჩენილი. ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა ვინ გააბედნიერე შენი ტემპერამენტით? ბიჭი _ გეტყვი ჯეიკობი _ მითხარი. ბიჭი _ ჰოდა გეტყვი, ჯეიკობი _ ჰოდა მითხარი. ბიჭი _ არ გაბრაზდები? ჯეიკობი _ არა რა სისულელეა, რა მაქვს გასაბრაზებელი. ბიჭი _ ჰოდა გეტყვი. ჯეიკობი _ აღარ უნდა ამდენი მეტყვი - გეტყვი პირდაპირ თქვი. ბიჭი _ ჰოდა პირდაპირ გეტყვი. ჯეიკობი _ ჰოდა პირდაპირ მით ხა რი!
ბიჭი _ შენს შვილთან... ჯეიკობი _ აბა ახლა დაუკრეფავში ნუ გადადიხარ, უზრდელო. არაკაცობა ის უფრო არის რასაც ახლა ამბობ, დაოჯახებულ გოგონას უსინდისოდ აბრალებ იმას, რაც არ ყოფილა. ბიჭი _ კარგი ხო... ჯეიკობი _ რა კარგი, უსინდისო ხარ უბრალოდ და მეტი არაფერი. ბიჭი _ გეყოფა ჩემი ლანძღვა, შენს გასაბრაზებლად ვთქვი. ჯეიკობი _ ჰოდა გამოგივიდა კიდეც. ბიჭი _ მაგრამ რაც მართალია მართალია, ვაპირებდით, იმიტომ კი არა რომ შენი შვილი ცუდი გოგოა ან რამე, იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ჯეიკობი _ გაფრთხილებ, მსგავს სისულელეს თუ კიდე იტყვი, ან საერთოდ, მსგავს თემას თუ კიდე შეეხები, საქმეს ისე მოგიქცევ რომ ეგრე უმწიკვლო მოკვდები როგორიც ახლა ხარ. გასაგებია? ბიჭი _ გასაგებია, მაგრამ უმწიკვლო მართლა არა ვარ, კარგი ხო, ჯანდაბას შენი თავი, გეტყვი, აი იმ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა. (ფანჯრიდან იშვერს ხელს სცენაზე.) ჯეიკობი _ ვისთან? ბიჭი _ აი იმასთან (იგივე მიმართულებით იშვერს თითს) ჯეიკობი _ აბა ვისთან, დამანახე ( ფანჯარასთან მიდის ჯეიკობიც და იქედან იხედება) ბიჭი _ აი, კარგად შეხედე... ჯეიკობი _ ვაიმე რას გავს, რა არის ეს, რა საშინელებაა. ბიჭი _ ვინ რას გავს? ხომ არ გაგიჟდი, ეგეთი ლამაზი გოგო სიზმარშიც არ გეყოლება ნანახი. ჯეიკობი _ რა გოგო, რის გოგო, ძაღლზე ვამბობ, რა უბედურებაა ეს, ხერხემალზე შემოკრულ ტყავს გავს, საცოდავი, ავადმყოფობისგან ბეწვიც გაცვენია. კი მაგრამ, ეს არის ეს ბოლო დღეებია რომ ვერ მოვიშორეთ თავიდან? ბიჭი _ ჰო, ეგ არის, გავაგდე მაგრამ მაინც ბრუნდება, ვერ გავიგე რა უნდა. ჯეიკობი _ კარგი ხო, შენ ის მითხარი, რომელ გოგოზე მატყუებდი რომ მასთან რაღაც გქონდა? ბიჭი _ აი იმაზე, დააკვირდი, ლამაზი თმა რომ აქვს, ხედავ? ჯეიკობი _ იიიფ, მართლა რა მაგარი გოგოა, და შენ მასთან.... ბიჭი _ აბაა, შენ რა გგონია, იცი რა ამბები გვაქვს ნატარები? მანქანაში, სასტუროს ნომრებში, კარავში... მერე დავშორდი, სხვათაშორის შენი შვილის გამო. ჯეიკობი _ ყოჩაღ, ყოჩაღ, მართლა მაგარი გოგოა... მაგრამ იცი რა, ბოლომდე მაინც არ მჯერა შენი. ბიჭი _ აი დარდი თუ არ გჯერა. ჯეიკობი _ შეიძლება შევამოწმო? ბიჭი _ რაც გინდა ის ქენი. ჯეიკობი _ გოგონა, დიახ თქვენ, ერთი წამით შეგიძლიათ ჩვენთან ამოხვიდეთ? ბიჭი _ მოიცა, რას აკეთებ? ჯეიკობი _ დამშვიდდი, ვაკონტროლებ სიტუაციას. ბიჭი _ არ წამოგცდეს იცოდე არაფერი. ჯეიკობი _ დაწყნარდი, გიჟი კიარ ვარ. ბიჭი _ ვაიმე, რა შარში მხვევ წარმოდგენა მაინც თუ გაქვს? ჯეიკობი _ დაწყნარდი, დაწყნარდი, აი, მშვენიერი გოგონაც გვესტუმრა, გამარჯობა. (გოგონა მაყურებლიდან სცენაზე ადის) გოგო _ გამარჯობა. ჯეიკობი _ ბოდიში რომ შეგაწუხეთ, უბრალოდ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. გოგო _ რას ბრძანებთ, რა შეწუხებაა, გისმენთ. ჯეიკობი _ მე ამ შესანიშნავი ყმაწვილის გულშემატკივარი ვარ, და უბრალოდ მაინტერესებს თუ იცნობთ თქვენ მას? გოგო _ ეჰ, ვიცნობ როგორ არა, სიმართლე გითხრათ, წლების წინ ერთადაც ვიყავით, მე დღემდე მიყვარს მაგრამ თვითონ სხვა შეუყვარდა და მეც რა მექნა? გავუშვი... ჯეიკობი _ რა საინტერესოა, და მანამდე, სანამ გაუშვებდი, ახლო ურთიერთობა გქონდათ? გოგო _ კი, რა დასამალია და ჩვენ ერთად ვიწექით, (ამ დროს გოგო ჯიბიდან ფურცელს იღებს და იქედან კითხულობს ჩუმად ტექსტს) იცით რა ამბები გვაქვს ნატარები? მანქანაში, სასტუროს ნომრებში, კარავში.. ჯეიკობი _ გასაგებია, გასაგები, კარგი გოგონავ, აღარ მოგაცდენთ, წარმატებებს გისურვებთ აბა. გოგო _ არა, არ მაცდენთ, და მირჩევნია ვისაუბრო თუ თქვენ არ გაცდენთ! ჯეიკობი _ რა საკვირველია, უბრალოდ მე არ მინდა თქვენი ემოციები წარსულში დავაბრუნო და მღელვარება განგიახლოთ ხომ გესმით? გოგო _ დიახ, მე მესმის მაგრამ მე მაინც მიღირს, თუ ნებას დამრთავთ! ჯეიკობი _ ნება თქვენია, მაშ მე სმენად გარდავიქცევი რომ მოვუსმინო ამბავს თქვენგან ორი გულისას, რომლებმაც შესძლეს და ერთურთი გადაივიწყეს. გოგო _ მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი დიდო ხელმწიფევ... ჯეიკობი _ ხელმწიფეევ? გოგო _ ჰო, რატომაც არა! ჯეიკობი _ პრინციპში რატომაც არა! კარგი, განვაგრძოთ. გოგო _ სადაც გავჩერდით იქედან თუ თავიდან დავიწყოთ? ჯეიკობი _ არა, აი, ხელმწიფედან იყოს. გოგო _ დიახ, მე ასე არ ვიტყოდი ხელმწიფე ჩემო, რადგანაც ვუსმენ დღესაც ჩემი გულისა ძგერას, რადგან გავიგე სიყვარულის ოდესღაც გემო და გული, სული თუ გონება იქ არის ჯერაც! ჯეიკობი _ ნუთუ ამ წლებმა ვერაფერი დააკლო გრძნობას? ნუთუ ეს გრძნობა შენში მართლა მარადისია? გოგო _ მე მხოლოდ მასში შემიძლია მიჯნურის ცნობა და ჩემთვის მისი მოგონებაც საკმარისია. ჯეიკობი _ ვაგლახ! რაოდენ მტანჯველია სურვილთა სექტა, რაც რამ სიკეთეს ხმა აღმოთქვამს, შაქარი შენს პირს, თქვენის ნებართვით, დავუბრუნდე მე უნდა სპექტაკლს, გავკარი შექსპირს!
გოგო _ ნახვამდის (ეუბნება ჯეიკობს და ბიჭს ანიშნებს რომ გააცილოს) ბიჭი _ ყოჩაღ, მაგარი იყავი, ძალიან დიდი მადლობა. გოგო _ არაფრის, არაფრის, მაგრამ ახლა ფული მომეცი რა, ძალიან მჭირდება. ბიჭი _ რა ფული? გოგო _ ხომ მითხარი, თუ ამ ყველაფერს ვეტყოდი შენს სტუმარს, ას ევროს მომცემდი, ხოდა მჭირდება ახლა და მომეცი რა. ბიჭი _ რა ფული, რის ფული, მოიცა რა, ნუ სულელობ ახლა. ჯეიკობი _ ის ფული რომლის მიცემასაც დაპირდი, თუ იმას ეტყოდა რასაც თხოვდი. ბიჭი _ ჯანდაბა... კარგი დამელოდე... (ჯეიკობთან მიდის) ჯეიკობ. ჯეიკობი _ გისმენთ კაზანოვა. ბიჭი _ გეხვეწები, ასი ევრო მასესხე რა... (ჯეიკობი ჩაიცინებს, გულის ჯიბეში ჩაიყოფს ხელს, მაგრამ იქედან ცარიელ ხელს ამოიღებს, ბიჭს გაუწოდებს და შუა თითს გაშლის) ბიჭი _ ოხ ჯეიკობ, ნამდვილი ნაბიჭვარი ხარ, შენნაირი ნაბიჭვარი ცხოვრებაში არ შემხვედრია (გოგოსკენ მიდის) გეხვეწები, ჩადი ახლა ქვემოთ, ხომ ხედავ, სპექტაკლი მაქვს, გადმოგირიცხავ მერე ანგარიშზე, ახლა მაცადე. (გოგო თავს აქნევს და სცენიდან ჩადის. ბიჭი ჯეიკობთან ბრუნდება) ჯეიკობი _ გაისტუმრე? ბიჭი _ წარმოდგენაც კი არ გაქვს რის გამო დამცინი, მაგრამ არაუშავს, შენთვის სულაც არ არის ადვილი გაიგო როგორია მოგწონდეს საყვარელ ადამიანთან ერთად სკვერში სეირნობა, სულს გიფორიაქებდეს ის ფაქტიც რომ მისი ხელი გიჭირავს ხელში, შენ არც კი იცი როგორია იჯდე გვერდიგვერდ მასთან და გრცხვენოდეს ხელის გადახვევა, სუნთავდე მისი სხეულის სუნს, და ეს სუნი რომელიც სამყაროში ყველაზე ძვირფასია, სამარადისოდ დარჩეს შენში, შენ რა გესმის ამის ჯეიკობ, შეთვის ვულგარული ვნებები და ისტორიებია სიყვარული, მე კი ასეთი არ ვარ, ვიღაც გიჟს დამიძახებს, ვიღაც მონოგამს, მე კი ერთი უბრალო მეოცნებე ადამიანი ვარ, რომელსაც წარსული იმაზე უფრო ენატრება, ვიდრე ნებისმიერი ქალის სიშიშვლე, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ ჯეიკობ, ვერ გაიგებ და არც გიბრაზდები იმის გამო რომ არ მიეცი ჩემს სიყვარულს არსებობის ძალა... სინამდვილეშ კი, როგორიც არ უნდა ვყოფილიყავი, ძალიან ცუდიც, უფრო ცუდიც, და იმაზე ცუდიც ვიდრე ვიყავი ან ვიდრე ახლა ვარ, უნდა მიგეცა შენი შვილისთვის უფლება რომ ისეთი ვყვარებოდი როგორიც ვიყავი. ჯეიკობი _ მატყუარა ხარ შენ, მატყუარა, რომელსაც არაფერი გინახავს ცხოვრებაში, მაგრამ იცოდე, თუ ოდესმე ეღირსები შვილს, და თუ შენს შვილსაც მსგავსი ამბავი შეემთხვევა, შენც ჩემსავით მოიქცევი და მაშინ მიხვდები რას ვგრძნობდი მაშინ, როდესაც ჩემი შვილის მომავალში ვაფათურებდი ხელებს, მე მესმის რომ არ ვიყავი მართალი, მაგრამ შენი არ იყოს, არც მე ვნანობ და დრო რომ უკან დაბრუნდეს, ისევ ისე მოვიქცეოდი მეც, ისევ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის რომ დღეს ჩემს შვილს, მშვიდად ეცხოვრა, ბედნიერად ეცხოვრა და სწორად გაეაზრებინა სიყვარულის მნიშვნელობა, რომელიც სიმშვიდე, ურთერთ პატივისცემა და ჰარმონია არის და არა რაღაც ექსტრაორდინალური საქციელი, რომელაც სიგიჟე შეიძლება დაარქვა და გამოუცდელ ასაკში მარტივად შეიძლება აგიბნიოს გონება. ბიჭი _ არა ჯეიკობ, არ ვარ მე მატყუარა, მე ჩემი შვილის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვცემდი პატივს... ჯეიკობი _ მოიცადე... ბიჭი _ რა მოხდა? ჯეიკობი _ სისხლი... ბიჭი _ რაო? ჯეიკობი _ სისხლი, აქ სისხლია. ბიჭი _ დამშვიდდი, მოვწმენდ. ჯეიკობი _ მოწმენდის გამო არ გეუბნები, ვის დის სისხლი? რაიმე გაიჭერი? ბიჭი _ დამშვიდდი, ჩემი სისხლი არ არის. ჯეიკობი _ შენი არ არის, თავისთავად არც ჩემია, იქნებ იმ გოგონას... მოიცა... (ფანჯარასთან მიდის) გოგონა, უკაცრავად, დიახ თქვენ, აქ ჩვენს სახლში სისხლის წვეთებია, ჩვენ კარგად ვართ და თქვენ ხომ არ გაგიჭრიათ ხელი? არა? ანუ კარგად ხართ... კარგი, გასაგებია, აბა ვისი სისხლია? აანთეთ სინათლე თუ შეიძლება, შეიძლება დარბაზში არის ვინმე დაჭრილი... ჩვენი არ მოგერიდოთ თუ ვინმეს დახმარება ესაჭიროება, სპექტაკლის გაგრძელება ყოველთვის შეიძლება და ვინმე თუ სისხლისაგან დაიცალა... ბიჭი _ შეწყვიტე ეს სისულელე და მოეთრიე აქ, ჩააქრე სინათლე, ძაღლის სისხლია... ჯეიკობი _ შენი ძაღლის? ბიჭი _ ჰო, აბა სხვა ვისი იქნება? ჯეიკობი _ თათი გაიჭრა? ბიჭი _ არა, რა თათი. ჯეიკობი _ ააა. ატეხილია? ბიჭი _ ჰო. ჯეიკობი _ ახლა გასაგებია რა არ ასვენებს იმ ბეწვგაცვენილ ქუჩის ძაღლს, ჰაჰ, ესეც როგორ თანაუგრძნობს?! ბიჭი _ ჰო, ჯერ პატარაა, პირველ ატეხვაზე შეჯვარება არ შეიძლება, ექვს თვეში კიდე განმეორდება და მერე მოვუყვან ვინმე მისი ჯიშის, სუფთა სისხლის ძაღლს. ჯეიკობი _ მოიცა რა, ძაღლი ძაღლია, რა მნიშვნელობა აქვს, ნახე, ბედი კარს მოგდგომია, შემოუშვი და თავად მოახერხებენ ყველაფერს. ბიჭი _ რას ბოდავ, გაგიჟდი? ჯეიკობი _ აზრი არააქვს, აშკარად უყვართ ერთმანეთი, მიუშვი, და ჩვენც დავისვენებთ ამათი ყეფისაგან. ბიჭი _ ნუ საუბრობ სისულელეებს, იცოდე არც გაბედო იმის შემოშვება შენი კომფორტისთვის. ჯეიკობი _ არა, მე არ გავაკეთებ უშენოდ არაფერს, მაგრამ, აკი მატყუარა არ ვარო? ბიჭი _ ჰო ჯეიკობ, მატყუარა არ ვარ, მაგრამ ეს რა შუაშია? ჯეიკობი _ ეს სუფთა სისხლის ლამაზმანი, შენი ძაღლია, რომელსაც რატომღაც ის ბეწვგაცვენილი, უჯიშო არსება შეუყვარდა, თუმცა შენ უფლებას არ აძლევ რომ ბედნიერი იყოს, გამოგიტყდები და მსგავსი შემთხვევა მეც მქონია ცხოვრებაში. ბიჭი _ მერე? შენ როგორ მოიქეცი? ჯეიკობი _ ისევე როგორც შენ, მეც არ გავუღე კარი. ბიჭი _ იცი რა? ძაღლი ერთგული არსებაა, ახლა მე გარეთ გავალ, ეს უბეწვო ძაღლი ჩხუბს დამიწყებს, ამას ჩემი პრინცესა დაინახავს და გაბრაზდება, რადგან ვერ აიტანს როცა მის პატრონს ვინმე რამეს დაუშავებს, საბოლოოდ კი თვითონ მოიცილებს თავიდან. ჯეიკობი _ მიდი, მიდი, კარგი მეთოდია, ნაცადი... ბიჭი _ მოიცადე... რას გულისხმობდი წეღან როცა თქვი რომ მსგავსი შემთხვევა შენც გქონია. ჯეიკობი _ შენი აზრით? ბიჭი _ ნაბიჭვარო ჯეიკობ, ძაღლზე არ საუბრობდი არა? ჯეიკობი _ როგორც იქნა რაღაცას მიხვდი... ბიჭი _ შენთვის მე ვიყავი ის ბეწვგაცვენილი... ჯეიკობი _ სამწუხაროდ ასე იყო. ბიჭი _ თავიც იმიტომ მაცემინე რომ შენს შვილს ამის გამო შევძულებოდი. ჯეიკობი _ როგორც ჩანს რაღაცას ხვდები მართლა, და სწავლობ კიდეც, რადგან ხომ ხედავ, შენც იგივე მეთოდით ცდილობ არასასურველი სასიძოს თავიდან მოშორებას. ბიჭი _ შე ნაბიჭვარო... ჯეიკობი _ ასეა ცხოვრება მოწყობილი მეგობარო, მისთვის, ვინც გიყვარს, ვინც შენი ხელით გყავს გაზრდილი, ყოველთვის სწორი გინდა, გინდა და არც კი ფიქრობ იმაზე, მოცემულ მომენტში მისთვის სწორი იქნება თუ არა ეს. გამოგიტყდები და ჩემი შვილი დიდ ხანს ტიროდა შენს გამო, დიდ ხანს ენატრებოდი მაგრამ დრომ ყველაფერი დაალაგა და ახლა ბედნიერია, ასე იქნება შენი ძაღლიც, გაუვლის ეს დღეები, გავა ექვსი თვეც, შენ მოუძებნი ვინმე მის შესაფერისს, და მერე სუფთა სისხლის, ლამაზ და ჯიშიან ლეკვებს დაბადებს. სიყვარული კი ისე გაქრება როგორც ჰაერში შერეული ერთი უმნიშვნელო სიგარეტის კვამლი, შენ სწორედ ის კვამლი ხარ, რომელიც სადღაც არსებობს, მაგრამ რისთვის ან ვისთვის არსებობს არავინ იცის, ჩემი შვილი კი ის ფილტვებია, რომელმაც ეს კვამლი გამოუშვა, ჰო, მართალია სულ ცოტა ხნით მისი ნაწილი იყო, მაგრამ ახლა წარმოდგენაც კი არ აქვს სამყაროს რომელ ნაწილშია კვამლი, არც კი ფიქრობს ამაზე, არც კი ახსოვს, რას ვიზამთ... ცხოვრება ასეა მოწყობილი... ბიჭი _ შე ნაბიჭვარო... ჯეიკობი _ ასეა, ასე, შენი ძაღლი, ჩემი შვილი... აი სად არის ნამდვილი სიყვარული, ახლა კი, როცა ყველაფერი გაიგე, როცა ყველაფერს მიხვდი, მიპასუხე, რას იზამ, გააღებ კარს და შემოუშვებ იმ ბეწვგაცვენილ ძაღლს შენს პრინცესასთან? ბიჭი _( იცინის.) ჯეიკობი _ არა, არ იზამ ამას, და ეს კარგია, კარგი, ესეიგი, რაღაც მაინც ისწავლე ჩემგან... ბიჭი _ ჰო, ვისწავლე... ახლა ნამდვილად მესმის შენი, ნაბიჭვარო... ჯეიკობი _ ვიცი რომ გესმის, და სწორედ ეს იყო რაც მჭირდებოდა, ახლა კი წავალ, როგორც დაგპირდი, აბა შენ იცი... ბიჭი _ მესმის შენი ნაბიჭვარო... მესმის შენი... (თან იცინის) ჯეიკობი _ მშვიდობით. ბიჭი _ შენი მართლა მესმის ჯეიკობ, შე ნაბიჭვარო... (სიცილს ვერ წყვეტს, ჯეიკობი სცენიდან გადის, ბიჭი ისევ იცინის, იცინის, იცინის და დრო და დრო ამბობს რომ ჯეიკობის ნამდვილად ესმის.) დასასრული... პაპუნა გიორგაძე 02.10.2023
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ყოჩაღ, კარგად გაართვი თავი თემას.
ყოჩაღ, კარგად გაართვი თავი თემას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|