ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
17 ნოემბერი, 2024


ღალატი

ღალატის შეგრნება ხშირად მაქვს. პრინციპების, ხალხის, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარი თავის.

თითქოს ყველა ეს შეგრძნება განსხვავებულია, მაგრამ ერთნაირ სიცარიელედ იგრძნობა ხოლმე ჩემში.

დილით ერთ სიმღერაზე გავახსენდი, სიმღერაზე რომელიც ჩემთვის სხვის ასოციაციას იწვევს და ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ორივე ადამიანს ვღალატობდი,
მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარ თავს. რაციონალურად არაფერი დამიშავებია, არაფერი გამიფუჭებია, არც მორალურად, არც ფიზიკურად, მაგრამ რთულია
გონებას უსმინო მაშინ, როცა შიგნიდან რაღაც გფხაჭნის და არ გასვენებს.

პირობების დადება და გატეხვა დავიწყე. არადა ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ დადებულ პირობას არასდროს ვტეხდი. ახლა ყველაზე მეტად საკუთარ თავთან
გაცემულ დაპირებებს ვივიწყებ, ძალით გადავმალავ ხოლმე ბნელ კუთხეში, რომ არ ვხედავდე, მაგრამ სადღაც უკან, ფონზე, სულ სულ სიჩუმეში ისმის მერე,
უწყვეტად და იმდენად ჩუმად, მთელი სხეული რომ გაიძულებს მოსმენას.

ხანდახან ისე თავდაუზოგავად ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცები არ ვიგრძნო, არაფერი არ ვიგრძნო, გონებაც და გულიც გამოვისუფთაო. ვფიქრობ ხოლმე,
ახლა თუ რამეს ვიგრძნობ, თუნდაც ერთს, რამეს, ძალიან ძალიან წვრილმანს.. მთელი ჩემი ბარიერები ჩამოინგრევა და წყალდიდობასავით წამიღებს ემოცია,
ტკივილი, სიმარტოვე.. მაგრამ ზოგჯერ, როცა მინდა ვიგრძნო, როცა მინდა ერთიანად გავტყდე და მთელი ჩემი სხეული ერთიანად მოიცვას ყველაფერმა,
ვეღარაფერს ვპოულობ საგრძნობს, თითქოს არც არაფერი ყოფილა.

ვწვები საწოლში და ძილის წინ საფიქრალიც არ მაქვს, მხოლოდ რაღაც მფხაჭნის შიგნიდან. სიცარიელე. პირველი ყოველთვის ეს სიტყვა მომდის თავში,
იმიტომ რომ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ჩემს ცენტრში ქარი ქრის და ყმუის.

არ მახსოვს დაწოლა და ცარიელი ფიქრები, გონებაში წარმოდგენილი სცენარების გარეშე, რა იყოს და რა იქნებას გარეშე. ახლა ვწვები, თვალებს ვხუჭავ და
ფილტვებიდან ამოსული ქარის ხმა მიდგას თითქოს ყურებში.

სულ ბოლო წამს, უკვე ძილს რომ ვყავარ ნახევრად, სანამ მთლიანად გადავეშვები უსიზმრო ღამეში.. ამ ზღვარზე წამიერად მიელვებს შეგრძნება, რომ
საკუთარ თავს ვუღალატე და მივატოვე.

და ძილიც მოდის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები