ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2024


კოსმოსური დინოზავრი

                                                                (გაგრძელება)

        და ახლა, მოცალეობის ჟამს, როცა ძირითადი საქმიანობა მივასუსტეთ, გავიხსენეთ პატივცემული პალეინტოლოგის დავალება. მთვარის პირობებში, მიწიერ - ზეციური უდაბნოს პირისპირ კიდევ უფრო უაზრო მოგვეჩვენა ეს უცნაური ჰიპოთეზა. ცხადია, რაღაც სასაცილო გაუგებრობის მსხვერპლი გამხდარა მხცოვანი პროფესორი. ეტყობა მეტისმეტად ჩაკეტილია თავისი სპეციალობის საზღვრებში. . . რას იზამ, სპეციალიზაციიის ეპოქაა. მართლაცდა რა უნდა მთვარეზე დინოზავრებს. . . სათქმელადაც ძალიან უცნაურად ჟღერს. კიდევაც რომ ყოფილიყვნინ ძალიან დიდი ხნის წინათ, სულ ერთია, არავითარი კვალი აღარ დარჩებოდა მათგან. მთვარეს ხომ გამუდმებით ბომბავს დიდი და მცირე ციური სხეულები, რისგანაც დედამიწაზე ასე საიმედოდ გვიცავს ატმოსფერო. გარდა ამისა, ტემპერატურის დიდი მერყეობა ყველაფერს ფშვნის და ქვიშად აქცევს.
      მაგრამ მაინც, სინდისი რომ სუფთა გვქონოდა, ხანდახან ყურადღებით გადავხედავდით ხოლმე ჩვენს ირგვლივ მიდამოებს, იქნებ რაიმე მსგავსი აღმოგვეჩინა. ისევ ჩვენს ნაკვალევს ვხედავდით ყველგან. ორი მსუბუქი ნაფეხური, ეს მე და ლაშას გვეკუთვნოდა; მესამე უფრო მძიმე, მართლაც ადამიანის შესაფერისი, ციან - ბარიუმის გახლდათ. ვერცერთს ვერ მიიღებდით დინოზავრის ნაკვალევად. თვით ჩვენი ყველგანმავალის ნაკვალევიც კი ძალზე მსუბუქი ჩანდა. ვერც ის აგერეოდათ გიგანტური ხვლიკის ნაკვალევში.
      ნელნელა ამოიწურა ჩვენი ლაშქრობის ვადა. მე და ლაშამ დედამიწაზე დასაბრუნებლად ვიწყეთ მზადება. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. არავითარი გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ გვქონია, სრულიად მშვიდად და არხეინად მოვუყარეთ თავი ნაირნაირ ნიმუშებს. ეს ნიმუშები ახლა ხომალდის ნაკვეთურში ინახებოდა, ასევე ადგილმდებარეობის კოორდინატები, ყველაზე უფრო ოპტიმალური მარშრუტები იქამდე მისაღწევად. ყველა დავალება პირნათლად  და ამომწურავად შევასრულეთ მხცოვანი პროფესორის დავალების გარდა. ვერსად აღმოვაჩინეთ დინოზავრის ნაკვალევი. არც ისე ძალიან გვაწუხებდა ეს ამბავი. რაც არ არსებობს, ვერც იპოვი, რამდენიც არ უნდა ეძებო. თუმცა, სასურველი კი იყო, გაგვეხარებინა პატივცემული პალეონტოლოგი. მოდი, ერთი კიდევ ვცადოთ. . . წასვლის წინ გავისეირნოთ შედარებით ახლო მარშრუტზე. . . იქნებ რაიმე იყოს. . . ყოველი შემთხვევისათვის. . .
        ეს იყო ზუსტად წამოსვლის წინა დღეს. სამივენი მოვთავსდით ყველგანმავალში, ეს ლაშას იდეა იყო. მე არ ვიყავი მომხრე, რომ ხომალდი ორივეს დაგვეტოვებინა. აქამდე რიგრიგობით ვტოვებდით ციან - ბარიუმთან ერთად, მაგრამ ლაშამ თქვა: ოთხი თვალი მეტს ხედავს, ვიდრე ორიო. მეც აღარაფერი მითქვამს. ცოტა ხნით დავტოვეთ ხომალდი, ოღონდ მაქსიმალურად გაძლიერებული დამცველი სისტემით. სამი კილომეტრის რადიუსში ვერავითარი ცოცხალი არსება ან რაიმე უცხო ნივთი ვერ მიეკარებოდა. გარდა ამისა, ყოველ ათ წამში ავტომატურად ხდებოდა გარემოსთვის ფოტოსურათების გადაღება, რათა სრული ინფორმაცია დაგვხვედროდა, თუ რა ხდებოდა ჩვენი არყოფნისას.
        ყველგანმავალი  მსუბუქი რწევით მიგვაქროლებდა მთვარის უსწორმასწორო  გრუნტზე. ყველანი შესანიშნავ გუნებაზე ვიყავით. ლაშას მთელი გზა ენა არ გაუჩერებია. ძველისძველ ანეკდოტებს ჰყვებოდა და მერე თვითონვე იცინოდა. მეც მეცინებოდა, მაგრამ ანეკდოტებზე კი არა, თვითონ ლაშაზე. გულიანი სიცილი ყოველთვის გადამდებია. ციან - ბარიუმსაც მგონი ჩვეულებრივზე მეტად უციმციმებდა ბროლისმინებიანი თვალები.
      უეცრად ჩვენი ყველგანმავალი ერთი შეტრიალდა და ყირამალა გადავეშვით სადღაც. . . მერე ლაშას ცხვირპირი დავინახე სულ ახლოს. . . თავლები დახუჭული ჰქონდა. ერთმანეთზე თავმიდებულები ვიწექით; შევეხმიანე, - ლაშა, ცოცხალი ხარ? თვალები გაახილა, მომაჩერდა და უცებ გაახსენდა:
      - სადღაც გადავვარდით, ხომ?
      - მგონი ასეა. . . ციან-ბარიუმი სადღაა?
      ციან-ბარიუმი კარგახანია გამომძვრალიყო დალეწილი ყველგანმავალიდან და თადარიგი დაეჭირა, ჩვენ გვითავისუფლებდა გამოსასვლელ გზას. ძლივსძლივობით გამოვძვერით მანქანიდან. მე ცალი ფეხი ნაღრძობი მქონდა, კოჭლობით ძლივს დავდიოდი. ლაშა უარეს დღეში იყო; სკაფანდრი დაზიანებულიყო, ოდნავ გასაგონი, სუსტი შიშინი ისმოდა, ეს ჰაერი გამოდიოდა გარეთ. მართალია, პნევმატური სარტყელი უნაკლოდ მოქმედებდა, მაგრამ ღრმა ვაკუუმის პირობებში მაინც ძალზე სახიფათო იყო ასეთი სკაფანდრით ყოფნა. ამას დაუმატეთ ის, რომ ჟანგბადის სათადარიგო ბალონები ყველგანმავალში სულ მთლად დამსხვრეული აღმოჩნდა.
      - ყველაფერი ისე შესანიშნავად მიდიოდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა მომხდარიყო, - წაიბურტყუნა ლაშამ და მაშინვე გაჩუმდა. ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება, ჟანგბადს უნდა გაუფრთხილდეს.
      - რაც შეიძლება ჩქარა ხომალდისკენ!
      ისეთი სულელური შეცდომა დავუშვით, ახალბედასაც რომ არ ეპატიება: დროზე ვერ შევამჩნიეთ, რომ და რომელიღაც ექსპედიციის მიერ ამოთხრილ ორმოში გადავეშვით. სანიშნე სვეტის დადგმა, რა თქმა უნდა, დაავიწყდათ იმ ყოჩაღ ყმაწვილებს, რომლებმაც ეს ორმო გათხარეს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები