ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2024


წითელ-ყვითელი მოგონება

ზოგჯერ საფეთქლები აფეთქებამდე გაქვს ადამიანს, როცა ცდილობ რამე გაიხსენო, ზოგჯერ კიდევ ისეთი სიცხადით გამიგეცხადება თვალწინ მოგონება..

იმ დღეს რომ ვიხსენებ, მუდმივად წითელსა და ყვითელში ვხედავ. ფილტრდადებული კადრები მიელავს გონებაში. თვალებს რომ ვხუჭავ, ახლაც ვგრძნობ სიგარეტის, გამშრალი საღებავის, პიტნის ჩაისა და შენს სუნს.. ახლაც ვგრძნობ ჩემს სახეზე მოთამაშე შენს აბურდულ თმასა და მზერას.
იატაკზე დაგებულ ლეიბზე ვწევართ, სხეულები სხვადასხვა მხარეს გვაქვს, თავები ლეიბის ცენტრში. ერთმანეთის თვალებს ვუყურებთ და აღელვებულს გვეღიმება, როცა მზერა ტუჩებისკენ გაგვირბის. მზის სხივები შენს სახეზე დათამაშებს და თვალებში არეკლილი ნაპერწკალი მიქცევს. შენი თითები ჩემს სახეზე დასეირნობენ, მზერაც მათ დაყვება, ჩემი თვალები შენს ერთმანეთზე მჭიდროდ მიბჯენილ ტუჩებს ვერ ტოვებს და გული ლამისაა ყელში ამოვიდეს, როცა ვიაზრებ, რომ თავის სულ ერთი მოძრაობა გვაკლია კოცნამდე. შენც გრძნობ, ვიცი, შენი თითებიც ჩემს ტუჩებზე დასრიალებენ და შენი მზერაც. შენი ნაპერწკლები ჩემს თვალებში ირეკლებიან. ყველა ეს ფიქრი, შესაძლობლობა და არჩევანი.. და თითოეული მათგანი სულის შემძვრელი შიშით მავსებს და მაკავებს. სანამ გული გადამწონის, ვდგები და სიგარეტს ვუკიდებ, შენ დგები, სიმღერას რთავ. "You got a girl like this? You better be careful now brother".. მერე გილმორის ხმა ისმის.. ყვითელი კაბაც თვალწინ მიფრიალებს თითქოს,  სანამ შენც გვერდზე არ მიდგები და ჩემთან ერთად უკიდებ სიგარეტს. Double mix იმ დღეს პირველად მოვწიე. კვამლთან ერთად იფანტება ის დღეც..


კიდევ რამდენი შანსი იყო? რამდენი გზა, რამდენი არჩევანი.. მე კი კარსუკან და საწოლქვეშ დამალულ შიშებთან ერთად ვცხოვრობ და ვფიქრობ, რა იქნებოდა.

რამდენი დრო გავიდა? 4? 5 წელი? რამდენად შევიცვალეთ? დარჩა კი რამე იმ დღიდან, ერთი თავის მიბრუნება რომ გვაკლდა კოცნამდე და ვერცერთმა გავბედეთ.. დარჩა კი რამე იმ ხალხიდან ერთმანეთს რადაც ვიცნობდით?

და როცა შემხვდები? დამინახავ და მიცნობ? თუ ძებნას დაუწყებ ბიბლიოთეკაში თითისწვერებზე მდგომ ქუსლებდასვრილ გოგოს, სიზმრებს რომ უზიარებდი?..
მიპოვი თუ იგრძნობ რომ გავქრი.. რომ აღარც დინოზავრები არიან ჩემში, აღარც ფუტკრები, აღარც სიტყვები.. რომ სიგარეტის კვამლივით გაქრა ჩემში რაც კი იყო და სანაცვლოდ არის სიცარიელე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები