 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 10 დეკემბერი, 2024 |
(დასაწყისი)
ის ჩვენ ადრეც არაერთხელ გვენახა: თითქოს ეს – ესაა შვეს წყვდიადის ბნელმა ძალებმაო, ისე მოულოდნელად გამოეკიდებოდა კოსმოსის ღამისფერი ცის ფონზე. ყოველთვის სხვადსხვა მხარეს გამოგვეცხადებოდა ხოლმე. . . როგორც წესი, არასდროს ამჟღავნებდა სიცოცხლის რაიმე ნიშან-წყალს; ამაო იყო ჩვენი ყოველი ცდა, როგორმე კავშირი დაგვემყარებინა მასთან. ერთი შეხედვით ნიჟარასწააგავდა, სპირალურად განლაგებული რგოლისებური ნაკვეთურებით. მკვდარი ხომალდი იყო თუ მფრინავი ავტომატი, მიწიერი, თუ არამიწიერი, ყოველთვის გაუგებარი რჩებოდა ჩვენთვის, ასევე სხვებსთვისაც. სხვებსაც ჰქონდათ მსგავსი შეხვედრები, რომლებსაც თითქმის ერთნაირად აღწერდა ყველა. არცერთხელ ჩაგვთვალა გასაუბრების, ანდა სულაც შემჩნევის ღირსად. ერთხანს გვაღიზიანებდა თავისი მოულოდნელი გამოჩენით, მერე კი ისევე მოულოდნელად გაქრებოდა ხოლმე. ზაალს თავიც არ აუწევია, როცა უცნობი ხომალდის გამოჩენა ვაუწყე, რვაფეხის ფოტოსურათების თვალთვალით იყო გართული, ფოტოგრაფია მისი საყვარელი საქმეა. თუ ამ სტრიქონების მკითხველს არასოდეს უმოგზაურია მხატვართან ერთად, რომელსაც ეს ესაა პერსონალური გამოფენა ჰქონდა, ვიღაც მცოდნე პირებმა "ბრწყინვალე მოვლენა" რომ უწოდეს, ჩემი რჩევაა, დაუყოვნებლივ შეავსოს ეს ხარვეზი. ვინ მოსთვლის, რამდენი ამაღელვებელი წუთი უნდა განიცადო და გადაიტანო: ის არაფერია, ბლოკნოტს რომ ერთი წამითაც არ იშორებს და გამუდმებით ესკიზების გროვაში ხარ ჩაფლული. არც ისაა დიდი რამე, ამ გროვაში რომ გიწევს დიდი წვალებით გადაღებული სურათების ძებნა. სამართავ პულტთან მორიგეობა ხომ მთლიანად შენს კისერზეა, ამასაც გაუძლებ კაცი. კიდევ კარგი "დელფინი" არაჩვეულებრივად მანევრული ხომალდი გახლავთ, პატარა, მზვერავი ხომალდების მეფეა; უბედურება ისაა, გამუდმებით ხელოვნების, კერძოდ, მხატრობის შესახებ რომ გიწევს ლაპარაკი და, ბუნებრივია, ფიქრიც. ოღონდ მსმენელი ეპოვა, ზაალს საათობით შეეძლო ემსჯელა ნაირნაირ ზოგად პრობლემებზე, რაც მისი აზრით სახვითი ხელოვნების და ფოტოგრაფიის წინაშე იდგა. - მხატვრობა დროს ჩამორჩა, - ამტკიცებდა ზაალი, ადამიანს ახლაც ისე ხატავენ, როგორც ოცი საუკუნის წინ, არადა რამდენი ცვლილება განიცადა ადამიანმა, რამდენი მეტამორფოზა... ის აღარაა, რაც უწინ იყო. - გარეგნულად ხომ არ შეცვლილა, - ვეუბნებით ჩვენ, ხელოვნებაში უვიცნი. - ეს არაა მთავარი, - ბდნიერი კაცის ღიმილით გვიხსნიდა ზაალი, - საქმე ისაა, რომ ადამიანი დღეს თვისობრივად ახალი არსებაა. უშველებელი მანძილია უწინდელ და დღევანდელ ადამიანს შორის, ეს არის უდიდესი ნახტომი სივრცეში. მე უნდა ვიპოვო ახალი ადამიანი, აღმოვაჩინო მისი იერსახე და სხვებსაც დავანახო. შეხედავს თუ არა ვინმე, მაშინვე რომ თქვას: აი, ეს არის დღევანდელი ადამიანი, კოსმოსის გმირი, კოსმოსის ღმერთი. . . - შეხედეთ დღევანდელ ნახატებს, - ხელებს გაურკვეველი მიმართულებით იშვერდა ზაალი და ხმას უფრო იმღლებდა, - დახატავენ ჯირკივით მოუქნელ ფიგურას, რობოტისაგან ვერც კი გაარჩევ, რაც შეიძლება ძლიერად უნდა ლაპლაპებდეს და მორჩა, მეტი აღარაფერია საჭირო, დღევანდელი ადამიანი კოსმოსში თავს ისე უნდა გრძნობდეს როგორც თევზი წყალში. ერთხელ ვურჩიე, ზღვის სამყაროსათვის გადაევლო თვალი და მის მიხედვით ეძებნა ნიმუშები ახალი ესკიზებისათვის. ეს აზრი შეიძლება არც კი მომსვლოდა, კარგა მოზრდილი აკვარიუმი რომ არ ყოფილიყო "ლამინარიაზე". უწინ აქ სწორედ ზღვის სამყაროს იკვლევდნენ, აკის ახლიც ამაზე მიუთითებდა. მოგვიანებით ზღვაოსნება გუდა - ნაბადი აიკრეს, აკვარიუმი განგებ დატოვეს თუ დარჩათ, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. "ლამინარია" საცხოვრებლად საკმაოდ კეთილმოწყობილი გახლავთ. აქ ყველაფერია საარსებოდ, მიწიერი გრავიტაციით დაწყებული, მწვანე ბაღებით დამთავრებული. თვითონ ასტეროიდი, რომლეზეც "ლამინარიაა" აგებული, ზომით საკმაოდ მოზრდილია. ბიოლოგებს ყოველთვის აქვთ მიზეზი, საუკეთესო პირობები მოითხოვონ საცხოვრებლად: მცენარეებს ეს სჭირდებათ, ცხოველებს ესა და ეს სჭირდებათ. . . მე და ზაალი ფრიად მოკრძალებულ მოვალეობას ვასრულებთ: ყოველ მეორე დღეს გავდივართ კოსმოსში "დელფნით", ჩამოვუვლით უფრო მომცრო ასტეროიდებს, მძივებივით რომაა აკინძული "ლამინარიის" მეზობელ სივრცეში და სურათებს ვუღებთ იქაურ ლანდშაფტებს. ყველა ასტეროიდს საკუთარი გრავიტაცია აქვს და, ცხადია, იქაური ბიოლოგიური სადგურები თავის მხრივ უნიკალურია. ყველა ინფორმაცია ბოლოს "ლამინარიაზე" იყრის თავს, სადაც უკვე ზღვა მასალა დაგროვდა მიკროგრავიტაციის პირობებში მცენარეთა ზრდა - განვითარების შესახებ. აქ ბევრი მეცნიერ - ბიოლოგი დაფრთიანდა, ბევრმა გააკეთა სენსაციური აღმოჩენა. . . საერთოდ უკარება ხალხია. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს მიზანს და ახალი აღმოჩენით ხელდამშვენებული დაბრუნდეს დედამიწაზე. მე და ზაალს უმეტესად მანუჩართან გვაქვს ურთიერთობა. მანუჩარი ამ სადგურის უფროსი ადმინისტრატორი გახლავთ. მეცნიერული გონების კაცს ვერ უწოდებთ, მაგრამ ძალიან მახვილი თვალის პატრონი. თოვლივით თეთრი წვერ - ულვაში ამშვენებს და ფრიად შთამაგონებელი შესახედავია. ერთმანეთს უმეტესად "ლამინარიის" ყველაზე ფართო ნაკვეთში, ე.წ. დარბაზში ვხვდებით. სწორედ იქ იდგა აკვარიუმი. იქ იყრიდა თავს ყველა რაიმე შემთხვევის გამო, სასაუბროდ, გასართობად. . . აკვარიუმი მაინცდამაინც მდიდარი არ გახლავთ ზღვის ფაუნის წარმომადგენლებით. ერთადერთი არსება - რვაფეხა დაცურავს შიგნით. რომელიღაც თავგამოდებული მეცნიერი სწორედ მასზე ატარებდა ცდებს ცვალებადი გრავიტაციის პირობებში. სამაგიეროდ, ის გარემო, რომელშიც რვაფეხა ტივტივებს, მართლაც რომ ძალიან მიმზიდველი და შთამბეჭდავია. თვითონ აკვარიუმი ელიფსოიდის ფორმისაა, ზემოდან ლუკი აქვს დატანებული, რომელიც ჰერმეტულად იხურება, (წყალი რომ არ გადმოიღვაროს გრავიტაციის დარღვევის დროს). ფსკერზე მწვანე ხავსი ლივლივებს. როცა რვაფეხა ხავსზე გაიტრუნება, გეგონება ურბილეს ნოხზე ლივლივებსო. მწვანე ხავსზე აქა - იქ წყალმცენარეებია მოფენილი. ისინი გამუდმებით ყელყელაობენ, წააგრძელებენ ფერადფერად ფურცლებს და ასავსავებენ წყლის სიზრქეში. წყალმცენარეთა ფერად ფურცლებს შორის ნაირნაირი ფერის და ფორმის მარჯნებია მიმობნეული. ზღვის კენჭებიც, ცხადია, არ აკლია აქაურობას. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ბუნებრივია ყველა აკვარიუმისთვის, ოღონდ მათ გარდა, მწვავე განცდების მოყვარულები აკვარიუმში ხშირად ათავსებენ ზღვის სამყაროსათვის სრულიად უცხო, ანდა დრამატიზმით სავსე ნივთებს. მინახავს წყლის სიზრქეში მოტივტივე ნაირნაირი ჩიტებისა და ცხოველების ფიტულები, ავეჯით გაწყობილი ოთახი, ჩაძირული გემი, დამხრჩვალი ადამიანი, ჩონჩხები. . . ჩვენს აკვარიუმში ერთ - ერთ მრუდე კედელზე საათი გახლდათ მიმაგრებული, მრგვალციფერბლატიანი, ვერცხლისფრად მოლაპლაპე. ისრები ვინ იცის რამდენი ხნის განმავლობაში, ერთ წერტილში გაყინულიყვნენ. მე და ზაალი სხვადახვა მოსაზრებებს გამოვთქვამდით ამ საათის გამო, თვითონ რვაფეხა ამ დროს ღრმააზროვნად მოგვჩერებოდა თავისი მრგვალი, მეტისმეტად ადამიანური თვალებით. მე ხუმრობად ვთვლიდი პატივცემული მეცნიერების ასეთ საქციელს. ცნობილია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მხნე, კარგ ხასიათზე ყოფნას დაძაბული გონებრივი მუშაობის დროს. აკვარიუმში ჩაძირული საათი ალბათ ძალიან თავშესაქცევი ეჩვენებოდათ და ღიმილს ვერ იკავებდნენ მისი ყოველი დანახვისას. ჩვენც ხომ იგივე გვემართება. გულს ვაყოლებთ აკვარიუმის თვალიერებას და ამ დროს, როცა "დელფინით" მოგზაურობის შემდეგ "ლამინარიაზე" ვბრუნდებით, ყველაზე ცხადად სწორედ აკვარიუმის გვერდით ვგრძნობთ, რომ შინ ვართ. ის მრგვალი საათი ერთგვარი სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევს ჩვენში. ზაალის აზრით რვაფეხას საათის ცნობას ასწავლიდნენ. რა არის ამაში დაუჯერებელი? აბა შეხედეთ, რა ადამიანური თვალები აქვს. ვინ რა იცის რა იმალება ამ გამჭვირვალე რქოვანის მიღმა, რამდენი რამ აქვს ჩვენთვის საამბობი. ხანდახან რვაფეხა თავს მოიგიჟიანებდა ხოლმე, (უმეტესად იგი წყნარად იჯდა წყალმცენარეების ნოხზე) ციბრუტივით დატრიალდებოდა აკვარიუმში და თან აქეთ - იქით ეხეთქებოდა. ამ დროს წყალმცენრეთა ღეროებს წყდებოდათ ფერად ფერადი ფურცლები და წყლის სიზრქეში იწყებდნენ ტივტივს. ზაალმა ბევრჯერ დახატა რვაფეხა. ხან საცეცებგაშლილი,, ხან ტორპედოსავით შეკუმშული. ყველა ნახატზე განსაკუთრებით ხაზს უსვამდა რვაფეხას თვალების ადამიანურობას. საერთოდ ზაალმა ყურად იღო ჩემი რჩევა, ზღვის სამყაროდან აეღო ნიმუშები თავისი ნახატებისთვის. ხატავდა ნახევრად ადამიანებს, ნახევრად თევზებს, ყოველ შემთხვევაში მე ასეთნაირად აღვიქვი მისი ბოლოდროინდელი ნახატები. როგორც იქნა, ზაალი ხატვას მორჩა და თავი ასწია, უცნობი ხომალდი უძრავად ეკიდა ეკიდა სივრცეში "ლამინარიის" თავზე. ნახატს გადავავლე თვალი. რვაფეხა დაეხატა ვარსკვლავების ფონზე, სევდიანად იყურებოდა, ფართო, მეტისმეტად ადამიანური თვალებით. ასეთი ადამიანური თვალებით არასოდეს დაეხატა ზაალს თავისი უცნაური ურჩხულები. ზაალი ძალიან გონებაგაფანტულად გამოიყურებოდა, ერთი ორჯერ ძლივს ინება, იმ უცნობი ობიექტისათვის შეეხედა. ერთხანს მოწყენით უთვალთვალა ჩემს ამაო მცდელობას, როგორმე კავშირი დამემყარებინა უცხო ხომალდთან, (შეიძლება ითქვას ეს მცდელობა მოვალეობას უფრო ჰგავდა, იმ უცნაური ობიექტიდან არაფერ სასიკეთოს აღარ ველოდით) მერე ხელი დაავლო რვაფეხას ფოტოსურათს და გადამცემის წინ მოათავსა. ვერ მოვასწარი მეკითხა, რას აპირებ მეთქი."ლამინარიის" ბინადარი რვაფეხას გამოსახულება უკვე სივრცეში მიჰქროდა, ამაზე არც თუ ისე დიდად შევწუხებულვარ. თქვენზე ახია, არ გსურთ ჩვენთან ლაპარაკი, რვაფეხას ელაპარაკეთ, - გავივლე გულში იმ უცნობების მისამართით. მოულოდნელად დარეკა ზარმა,. . . კავშირი შედგა. ჩემს სათვალთავლო ეკრანზე რვაფეხას გამოსახულება ამოტივტივდა, რომელსაც ძალზე გულთბილი, მართლაც ადამიანური მიპატიჟებაც თან ახლდა: "მიწიერი ელოდება მიწიერს". მე და ზაალმა ერთმანეთს გადავხედეთ და ორივეს სიცილი წაგვსკდა: შესანიშნავი ხუმრობა იყო, ჩვენივე რვაფეხას გამოსახულება დაგვიბრუნეს უკან. ეს ნაღდად მიწიერია და მასხარად გვიგდებსო, დაასკვნა ზაალმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კაინტერესო ფანტაზიაა კაინტერესო ფანტაზიაა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|