 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: პროზა 13 დეკემბერი, 2024 |
(გაგრძელება)
შემდგომმა ცდებმა, რათა დაწვრილებით გამოგვეკითხა, თუ ვინ იყო ეს "მიწიერი", შედეგი არ მოგვიტანა. ეკრანი ერთიანად რვაფეხას ადამიანური თვალები მოჩანდა, "მიწიერი ელოდება მიწიერს", - ესღა გვესმოდა მისგან. ჩვენც ბევრი აღარ გვიფიქრია, გადავწყვიტეთ ვსტუმრებოდით იმ მიწიერს. ასეთი შემთხვევა ერთხელ შეიძლება მიეცეს ადამიანს, მისი ხელიდან მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება, მერე ვერაფრით ვაპატიებდით საკუთარ თავს, მიწიერი იქნებოდა თუ უცხო სამყაროდან მოფრენილი, მაინც უნდა ვწვეოდით იმ ხომალდს, უკან ვერაფერი დაგვახევინებდა. დასაწყისისთვის ყოველივე ისე მიმდინარეობდა, როგორც ორი მიწიერი ხომალდის შეხვედრისას, ამანაც სიმხნევე შეგვმატა, დროც საკმარისი გვქონდა, "ლამინარიაზე" დიდად არ ინაღვლებდნენ ჩვენი დაგვიანების გამო. შეჩვეულები იყვნენ ამას. "დელფინით" რამდენიმე ფართო სპირალური რკალი შემოვხაზეთ იმ ხომალდის ირგვლივ, რკალების რადიუსს თანდათან ვავიწროებდით. მიახლოებისას ხომალდის ერთერთ ნაკვეთურში ისეთივე შესასვლელი შევნიშნეთ, როგორიც მიწიერ ხომალდებს აქვთ, ზუსტად იგივე ზომის და მოყვანილობის. . . "დელფინი" ტკიპასავით აეკრა გვერდით უცხო ხომალდის შესასვლელს. ერთდროულად გაიხსნა ჩვენი "დელფინის" და უცნობი ხომალდის საგდულები. . . ერთი გაბედული ნახტომი და, ჩვენ უკვე მის წიაღში ვიყავით. პირველი, რაც შევიგრძენით, ეს იყო უწონადობა. . . ეს დიდად არაფრად ჩაგვიგდია. უწონადობა მიწიერ ხომალდებზეც საკმაოდ ხშირი მოვლენაა. . . ხან ავარიული შემთხვევის გამო, ხანაც რაიმე სხვა მიზეზით. ფრენა - ფრენით გავწიეთ წინ უცნაურად გამრუდებული რგოლისებურ დერეფანში, დრეკად კედლებზე ხელის ჩასაჭიდებელი კავები შევნიშნეთ და ამან ძალზე გაგვამხნევა, ალბათ სამიოდე რვიანი მაინც შემოვხაზეთ, ბოლოს ვერცხლისფრად მოლაპლაპე ლითონის ფილას მივადექით, ამ ფილით გვირაბი ყრუდ იკეტებოდა. ჩვენი მიახლოებისას ფილა უხმაუროდ გაცურდა გვერდით. მის იქით მქრქალად განათებულ ფართო სივრცეს მოვკარით თვალი. არც დავფიქრებულვართ, ერთიმეორის მიყოლებით გადავეშვით იმ მქრქალ სინათლეში. რბილად, ნარნარად დავეშვით ძირს, მივიხედ - მოვიხედეთ და ყოვლად უცნაური არსების წინაშე აღმოვჩნდით. ჯერ მხოლოდ თვალები დავინახეთ მისი, უცნაურად გაფართოებული ორი მრგვალი თვალი. . . დაჟინებით მოგვჩერებოდა და რამდენადაც ეს უჩვეულო მდგომარეობა იძლეოდა ამის საშუალებას, შეიძლება მიმვხდარიყავით, რომ ისიც ჩვენზე არანაკლებ იყო გაოცებული. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავით ასე მოჯადოებულივით მიშტერებულნი ამ უჩვეულოდ დიდ ორ თვალს, სანამ ბოლოს ვიღაცის ხმამ, ძალზე ადამიანურმა, არ გამოგვიყვანა გაოგნებიდან. - მიწიერი მიესალმება მიწიერს - თქვა მან და ხელი გამოგვიწოდა. ჩვენც რიგრიგობით ჩამოვართვით გამოწვდილი ხელი. . . ოღონდ ეს ხელი კი არა, საცეცი გახლდათ, გრძელი, მოქნილი საცეცი, თანაც ამისთანა ზუსტად რვა ჰქონდა, როგორც დავთვალეთ, დიახ, რვაფეხა იდგა, არა, ჰაერში ტივტივებდა ჩვენს წინაშე. პირველი ზაალი გამოერკვა. - ეს რა ხუმრობაა, - ზომიერად გაჯავრებული ხმით წაიბუზღუნა მან, რაც არ უნდა იყოს, უცხო ხომალდზე ვიმყოფებით. რვაფეხამ ოდნავ უკან დაიხია, საცეცები ერთ მუსტად შეკრა და ერთიანად ტორპედოს დაემსგავსა. - ხუმრობა თქვენთვის უნდა მომეკითხა. . . ფეხს ვერ დაადგამდით ჩემს ხომალდზე, ის მშვენიერი ფოტოსურათი რომ არ მეხილა საკუთარი თვალით. - რა ფოტოსურათი? - ერთხმად შევძახეთ. - რვაფეხას ფოტოსურათი, - მოგვესმა საყვედურნარევი ხმა, - რას ვიფიქრებდი, თუ მახეს მიგებდით. ზაალმა თავში შემოირტყა ხელი. - რვაფეხას ფოტოსურათი. . . ის ხომ ჩემი ნახატი იყო, ჩემი ნახატი გადავეცი. . . - შენზე ყველაფერი ახია, - ვუთხარი ზაალს, მაგრამ მე რა დავაშავე? ძალიან გავბრაზდი ჩემს მხატვარ ძმაკაცზე. მისმა მხატვრობამ ადრეც ბევრი ამაღელვებელი წუთი განმაცდევინა, მაგრამ ისინი ერთბაშად გაფერმკრთალდნენ ამ ბოლო შემთხვევის წინაშე. ვინ იცის, რით დამთავრდება ეს უნებური შეხვედრა ამ უჩვეულო არსებასთან. ჩვენ ხომ მისი ტყვეები ვართ, ნამდვილი ღლაპებივით ჩავუვარით ხელში. . . უნდა მეთქვა საცეცებში. ზაალი ხმას აღარ იღებდა, სულ ერთიანად მუშტივით შეკრული, დაძაბული იყო. ალბათ მასაც მსგავსი ფიქრები უტრიალებდა თავში. რვაფეხა ბრაზიანი იერით მოგვჩერებოდა. . . რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მისი ფიზიონომია ფრიად მეტყველად გამოხატავდა ამ უაღრესად ადამიანურ თვისებას, საყვედურნარევ გაჯავრებას. ამან გამაბედინა, პირდაპირ ჯიქურ მიმემართა მისთვის. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ამოგვეყო თავი, მაინც ის სჯობდა, დროზე გაგვერკვია ყველაფერი: - მინდა ვიცოდე, ვის ველაპარაკები! - მიწიერი მიესალმება მიწიერს, - ამიხსნა რვაფეხამ შედარებით უფრო მშვიდი ხმით, - ჩემი წინაპრები დედამიწის მკვიდრნი იყვნენ. ვხედავ, ჩემი გარეგნობა გაოცებთ, ასედაც ველოდი. მე მხოლოდ იმას ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ სატყუარას გადმომიგდებდნენ. ვიცი, ვიცი - საცეცის აქნევით შეაჩერა მან ზაალი, რომელმაც პირი დააღო რაღაცის სათქმელად, - საოცარი დამთხვევაა, ასეთი რამ ჯერ არ მსმენია. მისმა ნაღვლიანმა კილომ და სევდიანმა იერმა, რამაც იგი, უჩვეულო ფორმის მიუხედავად, სულმთლად ადამიანად აქცია, საბოლოოდ გააქარწყლა შიში. ეტყობა, დარწმუნდა რომ ფარული მიზნები არ გვქონდა. ერთგვარი სიბრალულიც კი ვიგრძენი მის მიმართ. ვინ იცის, თავს რა გადახდა, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. . . - დიდხანს ვიმალებოდი კოსმოსში, - განაგრძო იმავე სევდიანი ხმით, - მერიდებოდა თქვენთან, ადამიანებთან შეხვედრა. მეშინოდა, სასაცილოდ არ ამიგდონ - მეთქი, - აქ შეფარვით გადმოგვხედა, შევეცადე, რაც შეიძლება სერიოზული სახე მიმეღო, თუმცა ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. არც ზაალს ექნებოდა ჯერჯერობით ხუმრობის თავი, - მე ხომ ძალიან დავშორდი ადამიანურ გარეგნობას. გასუსულები ვუგდებდით ყურს: - დიახ, ძალიან დავშორდი ადამიანურ გარეგნობას, - დაფიქრებით გაიმეორა ჩვენმა უცნაურმა მასპინძელმა, - სულ სხვა ფორმა მივიღე. . . ფეხზე რატომ დგეხართ? დაბრძანდით. მივიხედ - მოვიხედეთ, სკამისნაირს ვერაფერს მოვკარით თვალი, მაგრამ როცა რვაფეხა იქვე ჩვენს წინ განერთხა ძირს, შევნიშნეთ, რომ იატაკი ურბილესი ნოხით იყო მოგებული. მის მაღალ, მწვანე ფერის ბეწვს ტალღისებური ლივლივი გაუდიოდა. ამის დანახვამ კიდევ უფრო გამამხნევა: აბა რა უნდა ყოფილიყო ეს მწვანე ნოხი, ასეთი მაღალბეწვიანი, თუ არა მიწიერი მწვანე მდელოს ნოსტალგია? ასედაც აღმოჩნდა საბოლოოდ. ორივენი რბილ ნოხზე დავეშვით რვაფეხას პირისპირ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მოლაპარაკე რვაფეხა, კარგი მიგნებაა მოლაპარაკე რვაფეხა, კარგი მიგნებაა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|