ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2024


ალბათობანი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ალბათობანი

რა მოხდებოდა,
იმ საღამოს რომ არ ეწვიმა,
კარგი, ეწვიმა,
მაგრამ კიდეც გამოედარა,
რა გამოვიდა?!
არაფერი გამოვიდა, რა.
რომ არ ეწვიმა,
რა მოხდებოდა, რა!

რა მოხდებოდა,
შემძლებოდა  რაიმეს შეცვლა,
თუ ვერ შევცვლიდი,
შეუცვლელით ამ გულს ეხარა?
რა გამოვიდა?
არაფერი. 
ვნანობ?! - ეჰ, არა!
უბრალოდ, ვფიქრობ,
რა მოხდებოდა, რა!

რა მოხდებოდა,
რომ მომხდარი არ მომხდარიყო,
რამ  ალბათობას სასწორი იქით  გადაეხარა!
რა გამოვიდა?
არაფერი.  დავრჩი ამდარად,
არც რა ამხდარა.
არ  მომხდარიყო,
რა მოხდებოდა, რა!

რა მოხდებოდა,
სამყაროშიც -  რაც კი მომხდარა,
არ მომხდარიყო,
ყოფილიყო, ვინაც არ იყო,
ეცოცხლა,  უცებ  ვინც მომკვდარა,
ან დამარცხებულს - დამარცხება ეგემა არა,
სიტყვა არ ეთქვა, ვინც  დაიბარა,
მბარავს - ებარა,
მზარავს - ეზარა,
მპარავს - ეპარა,
მფარავს- ეფარა,
მდარავს- ედარა,
და ზეცასაც გამოედარა,
რა მოხდებოდა,
რა მოხდებოდა, რა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები