ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2025


დამინახე


  დამინახე! როგორ ვუსმენ ბლაინდ უილიამ ჯონსონს; მტირალა რომ არ ვარ, მაგიტომ ვისმენ გიტარის ტირილს.

    იმდენი რამე ვიცი, რამდენი სიზმარიც ჯერ არ გინახავს; თოვლის ფანტელიც არ ჩამოცვენილა ამდენი.

    დაინახე! ჩემი ზურგის სისწორე, დაინახე! როგორ ფართოდ ვხედავ, დაინახე! რომ ჩემს გარეშე არაფერი არსებობს.

  დაინახე! მთავარ როლში მე ვარ.

  დაინახე! ჩემი უცხოპლანეტურობა

  ვერავინ განახებს ლოგინის ქვეშ დაჟანგულ კალაშნიკოვებს, ვერავინ იქნება ჩემნაირი.

არავინ დადის ჩემი თვალების ფერზე,
არავინ დადის გატალახიანებული შარვლის ტოტებით,
არავინ იცის, რომ მე ვნადირობ,
არავინ იკეთებს ღამით სათვალეს,
არავის უნდა კილიმაჯნაროზე აძრომა.

ხედავ?!  როგორი დემოკრატი ვარ დემოკრატებისთვის, როგორი მემარცხენე ლოგინში და როგორი სოციალისტი სამზარეულოში...

დაინახე ზამთრის მიწაზე მოყინული ფეხები,
დაინახე ჩემი ყველა ორიანი სემესტრის ბოლოს,
დაინახე ჩემი ეგო, ჯვრიდან ახლად ჩამოხსნილი.

დაინახე! კაცები!.. კარგი კაცები, როცა თავებს იკლავენ, ზეციურ ბაზლაითერს იხსენებენ. დიდი კაცები, პატარა ბავშვები ხდებიან.

და ასეთ კაცებს, ჩამოვარდნილ კაცებს, მუდამ ეკითხებიან:
თქვენ რა, მართლა დაფრინავთ?!
და ისინი ამბობენ, - არა, ეს უბრალოდ იდეალური ვარდნაა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები