ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2025


ნესტან

შენ ეკლესიის ეზოს გვიდი, ძვირფასო ნესტან,
შუადღის ძილმა შეიტყუა ტყეში ეშმაკი,
წამით გაწვიმდა.
გამოგყოლია ბავშვობიდან თვალებში ნესტი,
როს ვასილისკო დაინახე, ლომი, ვეშაპი,
წმინდა ბარძიმთან.
გიორგი, ღმერთის სიზმარი ვარ, გამიმეორე,
მე გამეცინა. ინსტაგრამზე ავტვირთე სელფი.
მერე მოგთაგე.
ვიდრე ამინდი საბოლოოდ აირეოდა
და ადიშიდან მოვუხმობდი უმწვანეს ელფებს,
ვწერე ოთხთავი.
ცას ფერი ჰქონდა. იფიქრებდი, პეპსი-კოლაა.
მიმეორებდი, სიზმარი ვარ, სანამ ხორცში ვარ.
ნესტან, ხმადაბლა...
ხანდახან ვფიქრობ, წვიმა მუნჯი ტერსფიქორეა.
რომლითაც უნდა ამოივსოს ყველა ორშიმო.
ბლა. ბლა. ბლა.
რა საერთო აქვთ ელაიჯას, ვუდის და ალენს?
არც არაფერი, ჩემო ნესტან, გვართან - სახელი.
მოკლე დოსიე.
შენ იმეორებ: წყალნი წავლენ. წამოვლენ. წავლენ.
ქვიშის ნაპირზე სიყვარულის მინდა გამხელა.
კაი დროსია...
მე სიყვარული დავივიწყე. ვუყვარდი უფროს,
ქმრიან ქალებს და დასანახად არ სურდათ ქმრები.
მათი შეხება.
ჩემი გულიდან მორჩენილი ქუფრით და კუპრით,
შუადღის ძილში გადასული ძაღლიც ვერ თბება,
კარგად შეხედე.
არც მიფიქრია, ამ ქვეყნიდან რამის წაღება,
ნუ გეცინება, ჩემო ნესტან, არც რამეს ვტოვებ,
ლექსების გარდა.
წყალმა წაიღოს მეფეები. ღამე. წაღები.
ლაზიერები მოუფრთხილდნენ ალუბლის რტოებს.
ქარების გარდეს.
ლაზიერები მოუფრთხილდნენ ტანმაღალ ალვებს,
უგნურთა ხელში აღმოჩენას ან კონტრგამბიტებს,
თეთრთან - ყვავების.
თვალებში ნესტი დაგყოლია, სეზამის ჰალვა,
მსურს, შემიძულო, შემიძულო და გთხოვ, გამიგე,
ნუ გეყვარები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები