ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მადამ ფისუნია
ჟანრი: დრამატურგია
30 ივლისი, 2025


მაჯლაჯუნების ქალაქი (საბავშვო კინოსცენარი)

პირველი სცენა  იწყება სოფლის ცენტრში. მოედანზე ბავშვები თამაშობენ და წაკინკლავდებიან. გელა ტიტეს ხელს ჰკრავს და ბავშვი წაიქცევა. ლილე მასთან მიირბენს და წამოდგომაში ეხმარება:

ლილე -ცუდი ბიჭი ხარ შენ, უხეში! ამას დედა არა ჰყავს, შენ რა, არ იცი?

გელა-მამა ხო რას ამბობ?… -ჩაიცინებს ბიჭი ულვაშებში.

ტიტე- მამა ქალაქშია წასული სამუშაოდ და მალე დაბრუნდება!

გელა-მე კი გავიგე რომ მიგატოვათ…. ბოროტ დედინაცვალთან დაგტოვა.

ტიტე-ნონა ბოროტი არაა, ვუყვარვარ….

გელა- ფუ რა დებილი ხარ! დედინაცვლებს ბავშვები არ უყვართ, ზღაპრები მაინც არ წაგიკითხავს?

ნიკუშა-ალბათ, შენგან უკვდავების წამლის დამზადებას აპირებს…

თორნიკე- ხო, მეც გამიგია ნონა ჯადოქარიაო, თან რიჟაა სადმე მფრინავი ცოცხიც ექნება,

ნიკუშა- და ჯადოსნური ელექსირებიც…

გელა-თუ არ გჯერა მოძებნე და ნახავ…

ლილე- ნუ ბოდავთ რა!

/გოგონამ ტიტეს აწყლიანებული თვალები შეამჩნია და ისე გადაეფარა, რომ სხვებს არ დაენახათ/

ლილე-წამოდი წავიდეთ, ნუ უსმენ ამათ….

ბავშვები სახლისკენ მიმავალ გზას ხმის ამოუღებლად გაივლიან. მხოლოდ ტიტე რამდენჯერმე დაჟინებით გახედავს უკან ჩამოტოვებული გამოფატრული კაკლის ხის ფუღუროს. ბოლოს თვალზე ხელებს აიფარებს და ფეხს უჩქარებს.

ლილე; გარბიხარ?

ტიტე: ბინდდება უკვე…

ლილე: და მერე რა? გეშინია?

ტიტე: აარა!

მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ დაამატებს:

ტიტე:ზოგჯერ… ცოტათი…

ლილე:რისი, სიბნელის? /იცინის/

ტიტე: მაჯლაჯუნების!

გოგონა უფრო ხმამაღლა იწყებს სიცილს.

ლილე: ტიტე მაჯლაჯუნები არ არსებობენ!

ტიტე: შენ რა იცი?

ლილე: ვიცი, ეგ მშობლებმა გამოიგონეს რომ ბავშვები გვიანობამდე არ დარჩნენ ეზოში…

ტიტე: მეც ეგრე მეგონა… მაგრამ… რამდენჯერმე როცა ცოტა დავაგვიანე, მესმოდა ფეხის ხმა ჩემს უკან და მაჯლაჯუნების სიცილი…

ლილე: დაინახე?

ტიტე: არა, შემეშინდა უკან მიხედვის… თანაც დედ.. /პაუზა/ ნონამ მითხრა, როცა მაჯლაჯუნები მოგდევენ არ უნდა გაიხედო უკან სანამ სახლის ჭიშკარში არ შეხვალო.

ლილე: მოგატყუა სულელო! არ არსებობენ მაჯლაჯუნები საერთოდ და არც კაკლის ხის ფუღუროებში არ ცხოვრობენ /ისევ გადაიხარხარა გოგონამ/

ტიტეს ჯერ გაეღიმა, მერე კი ადგილზე გაშრა. ჯერ ფეხის ნაბიჯებს აუჩქარა, ბოლოს კი ადგილიდან მოწყდა და გაიქცა. თან ლილეს მზერას არიდებდა.

ლილე: ნუ გარბიხარ ტიტეეე! მაჯლაჯუნები არ არსებობენ… კარგი რა! დამელოდე….

ტიტემ ჭიშკრის ურდული ჩამოსწია და შინ შევარდა.

ჭიშკრის გადაღმიდან ბავშვებმა ერთმანეთს თვალი გაუსწორეს.

ლილე: ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ…

ტიტე: კაკლის ხის ფუღუროებზე შენთვის არაფერი მითქვამს…

ლილე: მართლა ჭკვიანი ყოფილხარ! /გოგონას თვალებმა მოულოდნელად ფერი იცვალეს/ თუმცა, მართლა მომწონდი, არაფერს დაგიშავებდი…

ნონა: ტიტეეეეეეეეეეე

/ბიჭუნამ უკან გაიხედა და უპასუხა მოვდივარო, წინ რომ გაიხედა ლილე იქ აღარ იდგა/

ტიტე სახლში შედის, ნონა პატარა მაგიდას უდგამს ფეჩთან ახლოს და უშლის.  ფეჩზე დადებული გამურული ტაფიდან მჭადს იღებს და ბავშვს თეფშზე უდებს.

ნონა: პური გამოგვლევია… ხვალ თონეს გავახურებ… შენ ფიჩხს ხო მომიტან?

ტიტე; ხო, კი…

/თან გემრიელად ილუკმება. ლუკმის გადაუყლაპავად იწყებს ლაპარაკს /

ტიტე; ნონა!

ნონა: რა იყო საყვარელო?

„საყვარელო არა ისა კიდე, რა ხელოვნურია ეს ქალი, ალბათ მართლა ჯადოქარია… საიდან იცოდა აბა მაჯლაჯუნებზე ამდენი? ჩემგან უკვდავების წამლის დამზადება უნდა და რომ არ გავექცე მეფერება… რიჟაა და ბანტიანი ცოცხიც აქვს სამზარეულოში! იქნებ მამაჩემისგან სილამაზის ელექსირი დაამზადა? ვინ იცის…“

ტიტე: სინამდვილეში, მამა სადაა, მიგვატოვა?

ნონა: რას ამბობ სულელო, ამას როგორ იზამდა? ქალაქშია, მუშაობს და მალე დაბრუნდება…

ტიტე: რატომ არ რეკავს? მობილური ხომ გვაქვს?

/ნონამ ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო/

ნონა: არ ვიცი… /ჩაილაპარაკებს ჩუმად/

ტიტე: სამზარეულოში რომ ლამაზი, ბაფთიანი ცოცხი გაქვს, დაფრინავს?

/ნონას გაეღიმა/

ნონა: სამწუხაროდ არა… ეგ ჩემმა თანასოფლელებმა გვაჩუქეს ქორწინებისას, ოჯახური ბედნიერების თუ რაღაც მსგავსის სიმბოლოა ტრადიციულადო. თავისი დანიშნულებით გამოსაყენებლად შემენანა, ძალიან ლამაზია ტაალახის სახვეტად, არა?

ტიტე: ხო, ლამაზია… ალბათ დაფრინავს კიდეც… შენ ხო ჯადოქარი ხარ?

/ნონას ისევ გაეცინა/

ნონა: ბოროტი ჯადოქარი დედინაცვალი არა? /ქალი ისევ იცინის, ბავშვი კი ეჭვის თვალით უყურებს/ მფრინავი ცოცხით… გიყვართ ბავშვებს ზღაპრები… თუმცა, ვწუხვარ, იმედები უნდა გაგიცრუო მე კეთილი დედინაცვალი ვარ და მართლა მიყვარხარ /მიდის და ბავშვს შუბლზე ჰკოცნის/

ნონა: წადი ახლა დაიძინე, ხვალ პური უნდა დავაკრათ…

დილით ნონამ ცომი მოზილა და სათონეზე გაიტანა, ტიტემ ეზოში წვრილი ფიჩხი შეაგროვა და თონეც გაახურეს. სანამ ნონა პურებს აცხობდა ტიტე სოფლის ცენტრში წავიდა ბავშვებთან სათამაშოდ, ყველა ადგილზე იყო. ლილეს გარდა.

ელოდა, ელოდა და მერე გელასთან მივიდა/

ტიტე: ლილე არ გინახავთ დღეს?

გელა: ვინა?

ტიტე: ლილე…

/ბავშვებმა მხრები აიჩეჩეს და ერთმანეთს გადახედეს/

ნიკუშა:  ალბათ თავი დაარტყა გუშინ…

ტიტე: გუშინ რომ გოგომ წამომაყენა და სახლში გამაცილა… ლილე…/წაიჩურჩულა/ არ გინახავთ?

თორნიკე: მართლა მაგრად გიჯიკებია იდიოტო! /უთავაზა მუჯლუგუნი გელას/ ჰალუცინაციები დაგიმართნია…

გელა: გუშინ სახლში მარტო წახვედი და ნუ გვაშინებ ბიჭებს…

ტიტე: გუშინწინ? ლილე სულ აქ იჯდა ხოლმე… აი ამ სკამზე… როგორ არავის გახსოვთ?

/გელა მიდის ტიტესთან მხრებში ხელს ჰკიდებს და აჯანჯღარებს/

გელა: გოგოები საძმოში არ დაიშვება, გახსოვს? აქ მარტო ჩვენ ვართ ხოლმე… და ზოგჯერ ნიკუშას ბიძაშვილი გივიც. ლილეს არ ვიცნობთ! მოგეჩვენა…

/ტიტეს თვალები გაუფართოვდება და უკან კადრებად მიდის წარსული საიდანაც ლილე ნელ ნელა ქრება/

ტიტე: გაგეხუმრეთ კაი ჰო…

ბიჭები: აუ რა დებილი ხარ… რას გვაშინებ?… გვეგონა გაუჟიკინე…

/ტიტე ნაძალადევად იცინის და სახლისაკენ დააპირებს წასვლას/

გელა: სად გეჩქარება?

ტიტე: ნონა პურებს აცხობს ცხელს მინდა მივუსწრო…

/გარბის/

ფუღუროიანი კაკლის ხესთან ჯდება და ლაპარაკს იწყებს.

ტიტე: ახლა მივხვდი, შენ მაშინ გამოჩნდი წლების წინ… როცა დედა მოკვდა. შენ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხარ და მაჯლაჯუნებიც არ არსებობენ. შენ არასდროს გაზრდილხარ, იმიტომ რომ მე შეგქმენი პატარად. მარტოსული ვიყავი და დედა მენატრებოდა… მე გამოგიგონე. მართალი იყავი… მაჯლაჯუნები არ არსებობენ! ნონა მაშინებდა, ბნელაში რომ არ ვეძებნე გარე გარე მერე… ნონაც არაა ალბათ ჯადოქარი, არც ის ცოცხი დაფრინავს… ღამით კი ფეხის ხმა, რომელიც მაჯლაჯუნების მეგონა ვიღაცის უპატრონოდ მიგდებული ძროხისა იყო ალბათ… რა მარტივია სამყარო და მე რა ლამაზი მეგონა…

/ბიჭი სევდიანი სახით ხრის დაბლა თავს და წამოდგომას აპირებს/

ტიტე: უკვე ბინდია, მაჯლაჯუნები რომ არსებობდნენ – უკვე გარეთ იქნებოდ…

/სანამ სიტყვას დაამთავრებდა პატარა, კოჟრიანი ხელი გამოყო ვიღაცამ ფუღუროდან და ტიტე შიგნით შეითრია/

/ბიჭი თვალს ახელს და ხედავს ქონდრისკაცს ზუსტად იმ ფერის მოელვარე (იისფერი) თვალებით რა ფერისაც ლილეს ჰქონდა ბოლო შეხვედრისას.

ტიტე: მაჯლაჯუნა… ვაიმე!

ქონდრისკაცი: ჩუ! უზრდელო! აიდა მქვია!  მე გიშვერ თითებს და ვშფოთდები იიიიიი ადამიანიიიიიიიიიიიი-მეთქი? მერე რა რო მაჯლაჯუნა ვარ, გიკბინე თუ რა?

ტიტე: ბოდიში, ქალბატონო…

აიდა: ქალბატონოოოოოო? ვინ არის შენი ქალბატონი! შენზე ახალგაზრდა ვარ ალბათ!

ტიტე: კარგი, კარგი მაპატიე… თ… მე ტიტე ვარ! 8 წლის… მცდარი წარმოდგენები შეგვიქმნეს ალბათ მაჯლაჯუნებზე…

აიდა: არაა… სრული ჭეშმარიტებაა. ჩვენ მაჯლაჯუნები ვართ და ადამიანის ბავშვებს ვიტაცებთ ხოლმე.

ტიტე: ჭამთ? /გაუფართოვდა თვალები ტიტეს/

აიდამ სიცილი დაიწყო, ჯერ კისკისებდა ბოლოს ახარხარდა.

აიდა: ოოოო, ტბის ქალღმერთო, რა თქმა უნდა არა! მეეჭვება გემრიელები იყოთ. საერთოდ, მაჯლაჯუნები ხორცსაც არ ვჭამთ… აქ იმდენი მცენარეა.. ისეთი გემრიელი… ხორცი რა საჭმელია?…

ტიტე: აბა რატომ იტაცებთ?

აიდა: ლეგენდის თანახმად, მაჯლაჯუნები არ არსებობენ… ჩვენ უბრალოდ დაწყევლილი ტყის ელფები ვართ, ბარმამ (ჩვენს დედოფალზე უიმედოდ შეყვარებულმა და უარყოფილმა ელფმა) ბოროტ ჯადოქართან დადო გარიგება, მან მოატყუა, რომ სიყვარულის ელექსირს ამზადებდა დედოფლისთვის და თუ სითხეს წყალში ჩაუშვებდა, დედოფალი უმალვე შეიყვარებდა. უპასუხო სიყვარულით გატანჯულმა ბარმამ ჯადოქარს დაუჯერა და ჩვენ, მთელი შთამომავლობა დავიწყევლეთ და ვიქეცით მაჯლაჯუნებად.  ჩვენმა ტბის ქალღმერთმა თავისი ჯადოსნური დიადემა დაამტვრია, იმისთვის რომ წყევლისგან დავეცავით მაგრამ ვერაფერს გახდა. 

/უცნაური ხის ბუჩქებიდან ვიღაც გამოვიდა/

უცნობი: ლამაზი ლეგენდაა არა?

ტიტე: კი, ლამაზი და საინტერესოც… მერე რა მოხდა?

უცნობი: მერე ის მოხდა რომ ეს ზღაპარი უიმედო ბავშვებისთვის გამოიგონეს მახინჯმა მაჯლაჯუნებმა. გვაჯერებდნენ, რომ ოდესღაც ლამაზები ვიყავით და ისევ გავხდებით… სისულელეა… არც ტბის ქალღმერთი არსებობს და არც დიადემის ნამსხვრევები!

ტიტე: ნამსხვრევები?

აიდა: დედამიწაზეა გაბნეული… ადამიანებს იმიტომ ვიტაცებთ, რომ შესაძლოა რომელიმე მათგანში ვიპოვოთ… თუნდაც ერთი მისხალი რომ გვაპოვნინა…

ტიტე: ადამიანებში როგორ უნდა იყოს? თქვენ რა, ადამიანებს კეპავთ რომ რაღაც არ არსებული ქვის ნატეხი იპოვოთ?

აიდა: ქვა ვინ ახსენა? დიადემა ქვის არ ყოფილა… ის მთვარის შუქისგან იყო გამოკვეთილი…

/უცნობმა მაჯლაჯუნამ თვალები გადაატრიალა, მერე გასწორდა და თავი დაუკრა ტიტეს/

უცნობი: მაპატიეთ ჩემი არასტუმართმოყვარეობა, მე ბორა ვარ! მაჯლაჯუნა… მაჯლაჯუნად დავიბადე და ალბათ ეგრეც მოვკვდები, ჩემი და ზედმეტად ფანტაზიორია და ყველა ლამაზი ისტორიის და ლეგენდის სწამს… ტვინს ნუ დაიღლი, წამოდი ექსკურსიას ჩაგიტარებ… დარწმუნებული ვარ მაჯაკათრაჩის მცენარეები არასოდეს გაგისინჯავს…

ტიტე: მოჯა.. რა?

ბორა: მაჯაკათრაჩი ! ესაა მაჯლაჯუნების ქალაქის სახელი…

/ძალიან ლამაზ ბაღში შედიან, სადაც ბალახი ლურჯია. ხეელს ლურჯი და იასამნისფერი ფოთლები და უცნაური ხილი ასხია, ტიტე გაოცებული დარბის ხეებს შორის და მცენარეების სახელებს კითხულობს/

ბორა: კარგი ვინმე ჩანს… როდიდან დაიწყე ადამიანების გატაცება?

აიდა: მარტოსული და სევდიანი მეჩვენა, პორტალთან იჯდა და რაღაცას ბოდავდა… შემეცოდა…

ბორა: და რას უპირებ? აქ ამ სახით ვერ ივლის… „იმასთან“ მიათრევენ… ის კიდე…

აიდა: ვიცი! გეყოს! არ ვაპირებ მის მთვარის მაღაროში გაშვებას…

ბორა: მაშინ უნდა შენიღბო და ცოტა მეტი სიმართლე უთხრა აქაურობაზე…

/ტიტე ყველა ხილს და ბოსტნეულს გასინჯავს და გვარიანად დანაყრებული ლურჯ ბალახზე გაწვება/

ტიტე: აქ რა კარგი ყოფილა… მე კი მაშინებდნენ… აქედან წასვლა რატომ უნდა მოგინდეს?

აიდა: იქ, პორტალთან ძალიან სევდიანი იყავი. დედა არ გყავს ხო?

/ტიტე უარყოფის ნიშნად თავს იქნევს/

აიდა: არაუშავს… არც ჩვენ… ჩვენი მშობლები მთვარის მაღაროში დაიკარგნენ…

ტიტე: ეგ რა არის?

ბორა: ადამიანურ მაღაროს ჰგავს, მაგრამ ქვების ნაცვლად მთვარის წმინდა ნათებას ეძებენ…

ტიტე: გვირგვინისთვის?

აიდა: დიადემის! მჯერა რომ იპოვიან… ოდესმე და ჩვენ…

ბორა: ლამაზი ელფები გავხდებით, ჰო ჰო აბა რა!

აიდა: რატომ იყავი მოწყენილი, იქ.. პორტალთან…

ტიტე: მეგობრებთან ვიკამათე…

ბორა: ხო, ეგ მგონი ყველას ყველგან მოსდის…

ტიტე: ჰო…

აიდა: არაუშავს შერიგდებით…

ტიტე: ვის ადარდებს… მე აქ მინდა დარჩენა…

აიდა: არ შეიძლება!

ტიტე: რატომ?

აიდა: თუ აქ იმაზე დიდხანს დარჩები ვიდრე  შეიძლება შენც მაჯლაჯუნა გახდები…

ტიტე: და მერე რა?

აიდა: ვერარასოდეს იქნები…. ლამაზი…

ტიტე: ისედაც არასდროს მიმაჩნდა თავი ლამაზად…

აიდა: ასე ნუ ამბობ!

ტიტე: და მაჯლაჯუნებს ადამიანებად ქცევა არ შეუძლიათ?

აიდა: სამწუხაროდ არა… ეს შეუძლებელია…

ტიტე: კი მაგრამ… მე…  არაფერი… გასაგებია….

აიდა: ჩემს ბეჭედს მოგცემ, ამით პორტალის გაღებას შეძლებ ნებისმიერ კაკლის ხეში, შეგეძლება მოხვიდე ხოლმე, მაგრამ დამპირდი, რომ 3 საათზე მეტ დროს არ გაატარებ მაჯაკათრაჩში!

ტიტე: კარგი, გპირდები!

/გოგონა შიშველი ფეხის თითიდან იძრობს ბეჭედს და ტიტეს უკეთებს/

ტიტე: და მაინც არ მითხარი, რა ბედი ეწევათ აქ მოსულ ადამიანებს ხოლმე…

აიდა: მეფე მოკვდა. პრინცესას არ ამეფებენ. მისი ძმისწული მართავს ქალაქს. ბოროტი არაა, მაგრამ ხისტი კანონები აქვს… მოტაცებულ ადამიანებს ვისშიც დიადემის ნამსხვრევი არაა პირდაპირ მთვარის მაღაროში გზავნის წმინდა სხივის საძებნად… მეფე ადამიანებს არჩევანის უფლებას აძლევდა. ადრე მათ შეეძლოთ საკუთარი ნებით გამხდარიყვნენ მაჯლაჯუნები, ან თავის სამყაროში დაბრუნებულიყვნენ და აქაური ხილული სამყარო სულელური სიზმარი ჰგონებოდათ.

ტიტე: მთვარის მაღაროში დიდხანს დარჩენის გამო ყველა მაჯლაჯუნა ხდება არა?

აიდა: ასეა… თუმცა… მხოლოდ ესეც არაა…

ბორა: მაღარო ლაბირინთია და იქ ხშირად იკარგებიან და ვეღარ ბრუნდებიან უკან…

აიდა: ჩვენი მშობლებივით…

ბორა: უნდა შეინიღბო….

აიდა: მეფის ძმისწულის მოყვარულები თუ შეგნიშნავენ მთვარის მაღაროში გაგაგდებენ…

ტიტე: როგორ იგებენ ვის აქვს მთვარის ნაპერწკალი?

აიდა: დიადემის ნამსხვრევი…

ტიტე: ხო , ეგ ვიგულისხმე…

ბორა: რაღაც ჟანგიანი უთვლებო გვირგვინი აქვს იმ თვითმარქვია იდიოტს და თავზე ამხობს ხოლმე ადამიანებს… თუ არაფერი ხდება – არაფერი ხდება…

ტიტე: რა უნდა მოხდეს?

ბორა: ვინ იცის? ბებიების მოგონილი ზღაპარია…

აიდა: დიადემა აალდება და ყველა მაჯლაჯუნა იგრძნობს.

ტიტე: მაგარია… ისე, მხოლოდ ბავშვებს რატომ იტაცებენ მაჯლაჯუნები? რა იციან რომ უფროსებში არ იქნება ეგ შუქი?

აიდა: დიადემის ნამსხვრევი /ჩაილაპარაკა ჩუმად/

ბორა: ხუმრობ? შემოგვხედე… მეტრიანი მახინჯი კაცუნები ვართ… ზრდასრულ ადამიანს როგორ უნდა მოვერიოთ? თანაც ალბათ ათას წელზე მეტია რაც მაგ ნამსხვრევს ეძებენ… ადამიანები ზრდასრულებად ხომ არ იბადებიან?

აიდა: უნდა შეგნიღბოთ და მაჯლაჯუნას დაგამსგავსოთ…

ტიტე: კი მაგრამ როგორ?

ბორა: ეს შეჭამე… /გაუწოდა მწვანე პატარა შინდისებრი მარცვლები/

ტიტე: ეს რას მიზამს? /კითხვის დასმის პარალელურად თან სამივე მარცვალი გადაყლაპა/ გემრიელია… მარწყვის და ყავის გემო აქვს… თანაც ერთად!

ბორა: ალერგიას მოგცემს…

/ტიტე უეცრად დასივდა, სახე მიებრიც მოებრიცა, მთელ სხეულზე კოპებივით წანაზარდები გაუჩნდა, მაჯლაჯუნას დაემსგავსა. აიდამ მიწაზე იისფერი ბალახები მოგლიჯა და წრეებად დახია, ბიჭს თვალებში ლინზებივით ჩაუსვა/

აიდა: ასე უკეთესია, შენი ლამაზი ცისფერი თვალები აღარ გაგყიდიან!

ტიტე: ეს საშიში არ არის?

ბორა: უწყინარი ალერგიაა… მაჯლაჯუნებზე არც კი მოქმედებს, ისედაც ეგეთი მახინჯები ვართ, ადამიანზე კი… ხომ ხედავ… ბათრუკას ფოთლები თვალში კი სრულიად უვნებელია… რამდენიმე საათში თავისით გადნება და გაიწოვება.

აიდა: შენი სახლში წასვლის დროა! იცოდე საათი წამოიღე როცა მოხვალ…

ტიტე: ხვალ…

/ბიჭი პორტალში გაძვრა და ზუსტად საკუთარი სახლის სათონეში ამოყო თავი. როგორც ჩანს თონეზე გარსშემორტყმული ფიცრები კაკლის ყოფილიყო. თონე ჯერ კიდევ თბილი იყო, ნონა უკვე სახლში იყო, ბავშვი რომ დაინახა შორიდანვე გამოიქცა და გულში ჩაიკრა/

ნონა: სულელო ბიჭო რამდენი მანერვიულე! არავინ იცოდა სად იყავი…

/ტიტემ თვალები გადაატრიალა, გაიფიქრა რა კარგად თვალთმაქცობსო და მოატყუა რომ უკანა ეზოში თივაზე ჩამეძინაო/

/მეორე დღეს , ტიტემ  საწოლთად დადებული, ყვითელი პლასტმასის მაღვიძარა აიღო, ბაწარი გამოაბა და გულზე ჩამოიკიდა, სათონეში გაიქცა და სანამ პორტალში შეხტებოდა მაღვიძარა დააყენა. მაჯაკათრაჩში ახალი მეგობრები დახვდნენ, შენიღბეს და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში წაიყვანეს ექსკურსიაზე. აჩვენეს იქაური ბაზარიც, საფუნთუშეც, წმინდა ტბაც… ასე გრძელდებოდა ყოველდღე. ტიტე დგებოდა იკიდებდა მაღვიძარას გულზე და პორტალში ხტებოდა, იქ კი გასაუცარ და მშვენიერ სამყაროს ნახულობდა, უცნაურ ხილს და ბოსტნეულს ჭამდა, თავს ბედნიერად გრძნობდა და ვერ ხვდებოდა რატომ არ უნდა დარჩენილიყო აქ? რატომ არ უნდა გამხდარიყო მაჯლაჯუნა? ნონასთან რატომ უნდა ეცხოვრა? ის ხომ მისთვის არავინ იყო ბოროტი დედინაცვლის გარდა?/

ტიტე: აქ დარჩენა მინდა!

აიდა: არ შეიძლება…

ტიტე: რატომ?

აიდა: გთხოვ, ერთ ადგილს ნუ გამატკეპნინებ მეათასედ, არ შეიძლება!

ტიტე: პორტალის ბეჭდის მოცემა შეიძლებოდა?

/ბორამ ტიტეს პირზე ხელი ააფარა/

ბორა: გაჩუმდი, ეს რომ ვინმემ გაიგოს აიდას მაღაროში გააგდებენ!

ტიტე: მე ვნახე მაჯლაჯუნა…

ბორა: უჰ, ნუთუ? არ გვჯერა!

ტიტე: არა, თქვენ არ გესმით, მე მაჯლაჯუნა ჩემს სამყაროში ვნახე, თქვენს გაცნობამდე… ლილე… მაგრამ არ ვიცოდი რომ მაჯლაჯუნა იყო, როცა დედა მოკვდა მალევე გავიცანი და დავმეგობრდით… ჩემი მეგობრებიც გავაცანი, სულ ერთად ვთამაშობდით. ის ჩვეულებრივ პატარა გოგონას ჰგავდა, მაგრამ ამ სამი წლის მანძილზე, ოდნავადაც არ გაზრდილა! როცა მივხვდი რომ მაჯლაჯუნა იყო და სახლში გავიქეცი… ამის შემდეგ ჩემს მეგობრებს მისი არსებობა დაავიწყდათ… თითქოს .. მას მხოლოდ მე ვხედავდი… როგორც მოჩვენებას… წარმოსახვით მეგობარს… ან.. არ ვიცი…

ბორა: შეუძლებელია!

აიდა: ტბის ქალღმერთო! ეს ხომ მზის მაგიაა? დედოფლის მზის მაგია…. /აღტაცებით წამოიყვირა გოგონამ/

ბორა: ეგ მაგია არ არსებობს! სისულელეა! მოელანდა ალბათ რაღაც…

აიდა: მოელანდა ერთხელ, ორჯერ… მაგრამ სამი წელი? არამგონია! ეს მზის მაგიაა, ამბობენ დედოფალი ფლობდა უხილავ თმის ჩხირს რომელიც მას ელფობისდროინდელ მაგიურ შესაძლებლობებს უღვიძებდა და მას შეეძლო იმად ქცეულიყო რაც სურდა, და ის შთაეგონებინა ადამიანებისთვის – რაც სურდა… ვიღაცას დედოფლის თმის სამაგრი აქვს და შენ მას შეხვდი! რა საოცარია! ის არსებობს… ის.. მე … ლამაზი შემიძლია ვიყო… /ტიტეს მხრებში წვდა და აცრემლებული თვალები მიანათა/ გთხოვ, გაიხსენე ეგ შენი ლილე და მომაძებნინე…

ბორა: აიდა! არ შეიძლება… თუ მართლა არსებობს ეგ ჩხირი თუ რაცაა ყველას მოუნდება და .. ომს გამოიწვევს… აჯანყებას…

/ტიტეს მაღვიძარამ დარეკა, ამიტომ ბავშვები სასწრაფოდ გაიქცნენ ხალხმრავალი საფუნთუშედან და პორტალი გახსნეს, სადაც ტიტე გადახტა. ბავშვების საეჭვო საუბრებს ყური მიუგდო საფუნთუშის დამლაგებელმა და მათ აედევნა. დაინახა ადამიანი რომელიც პორტალში გადახტა და ეს ყველაფერი მეფის ძმისწულის ხალხს შეატყობინა. აიდა დააკავეს, ფეხის თითი შეუმოწმეს და რადგან პორტალის ბეჭედი არ ეკეთა დანაშაული დაუდასტურეს და მთვარის მაღაროში გაუშვეს. მის ბეჭედს ბლოკი დაადეს რათა პორტალის გახსნა ვეღარასოდეს შესძლებოდა/

ბორა პრინცესა ეველინასთან მივიდა და სთხოვა დახმარების ხელი გამოეწვდინა მისთვის. თავდაპირველად ბაზარში საყიდლებზე გამოსული პრინცესა ყურადღებას არ აქცევდა ადევნებულ უცნობს, მაგრამ ბორას რაღაც საინტერესო წამოსცდა.

ბორა: აიდას მხოლოდ უიმედო ბავშვის გაბედნიერება სურდა. ის მოწყენილი იყო… სევდიანი… მან მზის მაგიით მონუსხული მაჯლაჯუნა ნახა და მას ეძებდა!

ეველინა: რა თქვი?

ბორა: მზის…

ეველინა: ჩუ! აქეთ გამოდი… იმ ადამიანის ბავშვს რა ერქვა?

ბორა: ტიტე…

ეველინა: და ის… აქ ჩემს საძებნელად მოვიდა?… /უნებლიედ წამოსცდა გოგონას და გული აუჩუყდა/

ბორა: ესეიგი, შენ გაქვს ის რაღაც თმის სამაგრი არა?

ეველინა: გაჩუმდი!

ბორა: აიდას თუ არ დაეხმარები ყველას ვეტყვი! ერთი დღე გაქვს…

/ტიტემ ივახშმა და დასაძინებლად დაწვა, ნონა მასთან ოთახში შევიდა და ჰკთხა როგორ ჩაიარა დღემო/

ნონა: ახალი მეგობრები გყავს?

ტიტე: კი…

ნონა: ჰო, შევამჩნიე, ძველები სულ გეძებენ მაგრამ შენ არასდროს ხარ მათთან, გაწყენინეს რამე?

ტიტე: არა, უბრალოდ ახლებთან უფრო მომწონს დროის გატარება…

ნონა: მაღვიძარა საათი რატომ გკიდია მუდმივად გულზე როცა ახალ მეგობრებთან მიდიხარ?

ტიტე: დრო რომ არ გამეპაროს და არ განერვიულო/ ჰმმ, კარგი „აფერისტი“ დადგებოდა ჩემგან -გაიფიქრა ტიტემ/

ნონა: ეგ მახინჯი საათია, აღარ გაიკეთო… რადგან საათები შეგიყვარდა… ეს გქონდეს, ბებიაჩემის სახსოვარი საჩუქარია… ლამაზია… თანაც მე შენზე ძვირფასს ვერავის ვაჩუქებ! /ქალი ხელში ატრიალებდა ძველებურ ჯიბის საათს, ულამაზესი ყვავილების ორნამენტული რელიეფებით, რომელიც გრძელ ჯაჭვზე ეკიდა, ნონამ ჯაჭვი ისე მოაბა საათს რომ ყელსაბამივით გულზე დაკიდება შესძლებოდა ტიტეს. საწოლთან დაუდო, შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა/

/დილა რომ გათენდა ნონამ ცომი მოზილა და თონეში ცეცხლი გააჩაღა, როდესაც ნონა სათონისგან შორს დაიგულა, ტიტემ ახალი საათი დაიკიდა გულზე და სათონეში შეიპარა, გახსნა პორტალი და აალებულ თონეში ჩახტა. პორტალი უმოქმედო იყო. ამიტომ ბავშვი უეცრად ცეცხლმოკიდებულ თონეში აღმოჩნდა. აყვირდა.  თვალები დახუჭა./

ტიტე თვალებს ახელს და საავადმყოფოშია. სახვევები ადევს. დამწვრობები აქვს. ექიმების საუბარს მოჰკრა ყური რომ „დედამისი“ შეიძლება ვერ გადარჩეს. ტიტემ უნებლიედ გულში გაიფიქრა „დედაჩემი არაა დედინაცვალიაო“ და უმალვე შერცხვა საკუთარი ამ ფიქრის, ექიმთან მივიდა და სთხოვა დედა მანახეთო. აღმოჩნდა რომ ნონა რეანიმაციაში იყო, ამიტომ მხოლოდ პატარა შუშის ფანჯრიდან დაანახეს სრულიად სახვევებში გახვეული ქალი. ტიტეს პირველად გაუჩნდა ამ ქალისადმი სიბრალულის და სიყვარულის გრძნობა და ბოლო ხმაზე ატირდა.

ტიტე: დედა! დედააააააააააა, დედა!

ნონამ ბავშვის ხმა გაიგო, სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.

„კარგადაა!“ „კარგადაა!“

„დედააააააააააააააააააააა“ დეეეეეეეე დედაააააა….

„გენაცვალოს დედამ!“

ყველა ტკივილი დაუამდა ტიტეს ხმის გაგონებაზე.

ტიტე: ამ საავადმყოფოში კაკლის ხის ნივთები გაქვთ? /ჰკითხა მოხუც ექთანს/

ექთანი: როგორ არა, მთავარი ექიმის მაგიდა /ჩაიცინა ქალმა/ რად გინდა განა?

ტიტე: არა, ისე.. ლამაზიაო გამიგია… /პაუზა/ და სადაა მაგ ექიმის კაბინეტი? /ექთანმა თითით ანიშნა/

/ტიტე დაელოდა კაბინეტიდან ექიმის გამოსვლას, შეიპარა და ცდილობდა პორტალის გახსნას, ყველა მცდელობა უშედეგო იყო, პორტალი კი იხსნებოდა, მაგრამ შიგ გავლა შეუძლებელი იყო. იმედგაცრუებული ბავშვი იატაკზე ჩაიკეცა და აქვითინდა, მაგიდას ზურგით მიყრდნობილმა უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო და როდესაც გაიაზრა ამის შეუძლებლობა, უკვე იქ იყო. შიგნით. ტიტემ უკვე მეორედ ჩათვალა საკუთარი თავი გიჟად და ისევ მაჯლაჯუნას ხელმა შეათრია. ისევ პორტალში. ამჯერად ბორა იყო. მარტო./

ტიტე: მეგონა ეს ყველაფერი ისევ ჩემი წარმოსახვა იყო… /პაუზა/ მოიცა! აიდა სადაა?

ბორა: აგვედევნენ და ბეჭდის გასხვისების გამო მაღაროში გაამწესეს, მის გარდა არავინ მყავს… უნდა დავიბრუნოთ!

ტიტე: წავიდეთ მაგ მაღაროში მერე…

ბორა: გაგიჟდი? დავიღუპებით…

ტიტე: და აიდა? ხომ არ მივატოვებთ იმ რაღაცა ნაპერწკლის ძებნაში?

ბორა: ეგ ნატეხი თუ მართლა არსებობს, არ მგონია აიდაზე უკეთ იპოვოს ვინმემ, ის ყველაზე მორწმუნე მაჯლაჯუნაა ვინც კი ოდესმე მინახავს…

ტიტე: ჰო , მეც,,, /პაუზა/ და თუ არ არსებობს ეგ ქვა? თუ რაცაა?

ბორა: მაშინ წავალ და მოვძებნი…

ტიტე: ერთად წავიდეთ…

ბორა: შეიძლება სამ საათში ვერ გამოვაღწიოთ მაღაროდან, იქ კი პორტალს ვერ გავხსნით, შეუძლებელია…

ტიტე: არ მადარდებს! მზად ვარ მაჯლაჯუნად ვიქცე! უკვე მეორედ მიკვდება დედა ადამიანობაში და სულ რაღაც 8 წლის ვარ… საერთოდ აღარ მინდა ადამიანობა /ტირის/

ლილე: ასე ნუ იტყვი… /ტიტე შეკრთა/

ტიტე: ლილე! /გაიქცა და გოგონა გულში ჩაიკრა/

ლილე: არ მეგონა, ამ სხეულში თუ მიცნობდი… და .. მოგეწონებოდი…

ტიტე: ვის ადარდებს?

ბორა: ჰო, მართლა ისაა აქაურობის ნამდვილი მემკვიდრე და ჭეშმარიტი პრინცესა, მაგრამ თავისი ბიძაშვილი აჩმორებს და ესეც ასე დადის აღმა-დაღმა…

ლილე: პატივისცემა გამოიჩინე!

ბორა: კაი… ჩუმად ვარ, თუმცა ბევრი დრო არ მაქვს, ამიტომ მე ჩემი დის მოსაძებნად მივდივარ!

/აიდას მოსაძებნად სამივე ერთად წავიდნენ. როგორც კი ტიტემ ფეხი შედგა მაღაროში ნონას ნაჩუქარი საათი განათდა და ჰაერში წამოიწია. თითქოს კომპასად იქცა და მიუთითებდა ბავშვებს საით უნდა წასულიყვნენ. სამივემ გაოცებით გადახედეს ერთმანეთს და საათს გაჰყვნენ. საათმა ტიტე ერთ წრიულ ქვასთან მიიყვანა. ბავშვი ქვაზე აძვრა. მოულოდნელად საათიდან წამოსული სინათლე გაიზარდა , გაიზარდა და გასკდა. ზემოთ ავარდა და მიწა ამოხეთქა. ჰაერში გაიფანტა და უეცრად ყველამ იგრძნო უზარმაზარი ტალღა, რომელმაც მთელ ქალაქს გადაუარა და ყველა მაჯლაჯუნი მიწაზე დასცა. მაღარო გაქრა და უზარმაზარ ყვავილნარად გადაიქცა, ლაბირინთები კი ბუჩქების მომცრო ლაბირინთებად იქცა და ყველა დაკარგულმა არსებამ შეძლო ერთმანეთის და გასასვლელების პოვნაც. ყველაზე გასაოცარი ის იყო რომ ტიტემ მაჯლაჯუნას ნაცვლად ისევ ლილე დაინახა, თავისი მეგობარი ლილე. ბორაც ნამდვილ ბიჭს დამსგავსებოდა, მაგრამ უცნაური, გრძელი ყურებით/

ტიტე: თქვენ ელფები ხართ!

ბორა: ჩემი სულელი დაიკო არ ცდებოდა, ელფები ვყოფილვართ, შენ კი სახე დაგვიბრუნე.

ტიტე: მე არა, ნონამ… ჩემმა დედი… დედამ,… იმან მომცა საათი. აქ იყო თქვენი მთვარის ნათება… საათში…

აიდა: ო ტბის ქალღმერთო… ამას ხედავთ? მხედავთ? როგორი ლამაზი ვარ… მაღალი… მშვენიერი…

მეფის ძმის წულმა ბავშვები თავუსთან იხმო

მეფის ძმისწული: თქვენ ჩვენ დაგვიბრუნეთ რეალური სახე და ამისთვის მადლიერი ვართ, მე წლებია ვცდილობ ბიძაჩემის საქმის გაგრძელებას, მაგრამ ვერ შევძელი… სამაგიეროდ ეველინმა შეძლო… ამიერიდან უარს ვამბობ ყოველგვარ ძალაუფლებაზე და გადავცემ ტახტს მის კანონიერ მემკვიდრეს, პრინცესა ეველინს!

ლილე: ეველინი მაჯლაჯუნა იყო, მე კი ელფი ვარ! ელფიიიიიიიიიიი…. /პაუზა/ ლილე დამიძახეთ!

ბორას და აიდას მშობლებიც გამოჩნდნენ, ყველა ლაბირინთში დაკარგული გამოჩნდა. როდესაც ჰკითხეს მათ რითი იკვებებოდითო, უპასუხეს კედლებითო, როგორც აღმოჩნდა მაღარო რაღავ აქაური გემრიელი მასალისგან იყო.

დიდი მხიარულება გაიმართა, აიდას ბეჭედს დაუბრუნდა ძალა და ტიტეც სახლისკენ აპირებდა წასვლას, როცა გახსნილ პორტალთან ლილემ შეაჩერა.

ლილე: მადლობა, რომ მთვარის შუქის ნამსხვრევი დააბრუნე მაჯაკათრაჩში!

ტიტე: არც კი ვიცოდი… ეს ჩემი დამსახურება არაა… ნო.. დედაჩემმა მაჩუქა… /ამოიოხრებს ბავშვი/ ახლა ის ავადაა…

ლილე: ვიცი, ნუ გეშინია… შენ გადაგარჩინა და იმიტომ არის ახლა ავად არა?

/ბიჭი მდუმარედ ხრის თავს თანხმობის ნიშნად/

ლილე: მან და შენ ჩვენი ქალაქი საუკუნოვანი წყევლისაგან გაათავისუფლეთ, არა მგონია რომელიმე აქაური მოქალაქე წინააღმდეგი იყოს… /გოგონა უჩინარ თმის სამაგრს იხსნის და ბიჭს ხელებში უდებს/ გადაარჩინე დედა, მერე კი უკან დააბრუნე… /ტიტეს ლოყაზე ჰკოცნის და პორტალს შორდება/

ტიტე ექიმის კაბინეტის მაგიდაში გახსნილი პორტალიდან გადმოდის და რეანიმაციაში გარბის. ექიმები უარს ამბობენ ბავშვის შიგნით შეშვებაზე.

ტიტე: ხომ თქვით, რომ კვდება, მომეცით უფლება ვნახო სანამ ცოცხალია…

/ექიმები ერთმანეთს გადახედავენ და აცრემლებულ ბავშვს პალატაში უშვებენ/

ტიტე: დედა! დედა მოვედი… მაჯაკათრაჩში ვიყავი, მაჯლაჯუნებმა გამიტაცეს… მართალი იყავი, ისინი კაკლის ხის ფუღუროში ცხოვრობენ, უფრო სწორად პორტალებს ხსნიან მანდ… აი ასეთი ბეჭდებით /ფეხის თითს აჩვენებს/ მაგრამ ბოროტები არ არიან, სინამდვილეში ტყის ელფები არიან, რომლებიც ჯადოს გამო იქცნენ მაჯლაჯუნებად… მთვარის შუქის ნამსხვრევი თუ რაღაც ეგეთი უნდოდათ რომ თავიანთი რეალური სახე და ძალები დაებრუნებინათ… მე კი ის მივუტანე… შენ რომ ძველი ჯიბის საათი მომეცი იქ იმალებოდა თურმე… იცოდი? შენ ისინი გადაარჩინე! მათმა პრინცესამ კი მადლიერების ნიშნად ეს თმის სამაგრი გამოგიგზავნა /თმაში უჩინარ თმის სამაგრს ურჭობს/ მალე კარგად გახდები… სულ ერთია მამა დაბრუნდება თუ არა… მე საოცარ სამყაროში წაგიყვან…

/ექთანი ანიშნებს ტიტეს გამოსვლის დროაო, ბიჭი დგება და ტრიალდება, მოულოდნელად ნონას სხეულზე დაზიანებები გაქრობას იწყებს და ბინძური სახვევებიც სუფთა კრიალა თეთრი ხდება/

ნონა:მიხარია, რომ დედა დამიძახე…

/ტიტე მიბრუნდება და ქალს ძლიერად ეკვრის გულზე. ექიმები შოკში არიან ვერ იგებენ სად გაქრა ასეთი რთული დაზიანებები. მათზე ყურადღების მიუქცევლად ტიტე და ნონა სახლში მიდიან. /

ნონა: მამაშენი დაბრუნდება… ციხეშია… შენთვის გულისტკენა არ მინდოდა…

ტიტე: /აწყლიანებული თვალებით კითხულობს ბავშვი/ რა დააშავა?

ნონა: ამას არ აქვს მნიშვნელობა, რაც დააშავა მხოლოდ იმიტომ დააშავა რომ ჩვენთვის კარგი უნდოდა… გთხოვ, არასოდეს აგრძნობინო, რომ ეს იცი…

/ბიჭმა ქალს თავი დაუკრა და ჩაეხუტა. მეორე დღეს კი სათონეში პორტალი გახსნა და იქ დედინაცვალთან ერთად შეაბიჯა, მეგობარი ელფები მხიარულად შეეგებნენ და ლამაზი ექსკურსიაც მოუწყეს დედა-შვილს, გასაოცარი და უგემრიელესი მცენარეებიც დააგემოვნებინეს…/

ბოლო კადრი: /ახალგაზრდა მამაკაცი ციხის შენობიდან გამოდის…/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები