ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 ოქტომბერი, 2025


აღაზა მთისშვილი ( შორენა დოლიძე)

#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები

ნინო დარბაისელი

ამას წინათ ინტერნეტში პატარა  სამადლობელი კომენტარი თუ პოსტი დავდე და  დავწერე ‘მშვენიერი  აჭარელი პოეტი ქალი“-მეთქი.  პასუხმაც არ დააყოვნა: არა – ‘აჭარელი პოეტი ქალი“,  არამედ  „ ქართველი პოეტი ქალი აჭარიდანო’.
      რომელ ქართველს არ გაუხარებდა გულს ასეთი პასუხი  დღეს თუ მუდამ და მაინც, შენიშვნამიცემულმა კრიტიკოსის ქვეცნობიერმა  თავი შემახსენა და  უცებ  აღვიდგინე  მეხსიერებაში  ჩემთვის ნაცნობი ყველა  იქაური პოეტი ქალის ქმნილებანი და  შევეცადე, მათში ერთი ან რამდენიმე ისეთი  ნიშანი დამეჭირა, რაც მათ საერთო ექნებოდათ და რაც თავის მხრივ,  დანარჩენი საქართველოსგან განასხვავებდა.
ვიფიქრე, ეს თუ გამომივიდა, ხომ ყველასთვის  თვალნათლივი იქნება, რომ არაფერი შემშლია და ნამდვილად არსებობს ‘’აჭარელი პოეტი ქალის’ ფენომენი ქართულ  ლიტერატურაში-მეთქი.
    მე, რასაკვირველია, მყავს თანამედროვეთა შორის ჩემი რჩეულები, ადამიანები, რომელთა შემოქმედებასაც სხვებზე, დანარჩენებზე უკეთ ვიცნობ, ისევ იმის წყალობით, რომ საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან  ჩემი მრავალწლიანი, უწყვეტი  ინტერნეტ-ურთიერთობის განმავლობაში მეტად მომხვდა მათი სახელები თვალსა და გულში, თორემ მჯერა, მჯობის მჯობი არა და არ დაელევა არცერთ სფეროში არც აჭარასა და არც საქართველოს, მეტადრე პოეტი.
და ნუმც დალევია!
  ამ წერილების ამ პირველ ციკლში ოთხი მათგანით ვიფარგლები, იმ იმედით, რომ მოგვიანებით მომეცემა შესაძლებლობა და დანარჩენთა შესახებაც გავუზიარებ ჩემს მოკრძალებულ აზრს დაინტერესებულ ქართველ მკითხველს.


1.
აღაზა მთისშვილი
შორენა დოლიძე)

  მიმდინარე წელს ქართველმა პოეზიის მოყვარულმა მკითხველმა საჩუქრად არაერთი კარგი პოეტური კრებული მიიღო. მე მათ შორის დავასახელებდი კრებულს ‘, აღაზა“ რომლის ავტორიც შორენა  დოლიძეა. ეს კრებულის მეორე გამოცემაა და სამწუხაროდ, ჩემთვის ცნობილი არაა, პირველს მექანიკურად იმეორებს, ანუ მისი იდენტურია თუ რაიმე ცვლილებებიც შევიდა მასში. მე ხელთ მაქვს ამ კრებულის ელექტროვერსია.


დავიწყოთ კრებულის სათაურით. სახელი აღაზა ქართველ მკითხველს ლიტერატურული წყაროებიდან უპირველესად ვაჟა ფშაველას ‘’სტუმარ-მასპინძელს’ გაახსენებს. აღაზა მასპინძლის ცოლია, რომელიც მოკლულ ზვიადაურს დასტირის. თავის  საქრესთომატიო წერილში ‘“კრიტიკა ბ-ნ. იპ. ვართაგავასი“ ვაჟა აღნიშნავს, რომ მის ნაწარმოებებს კი საფუძვლად რაიმე ხალხური თქმულება უდევს, მაგრამ ამ თქმულებათა ლიტერატურულ ნაწარმოებად გარდაქმნის პროცესში მას, როგორც ავტორ-ინდივიდს  ცვლილებები შეაქვს, გარდა ამისა, საკუთრივ მისი ფანტაზიის ნაყოფია არაერთი ნაწილი მისი პოემებისა.
    რაკი ვცდილობ, ციტატებით არ გადავტვირთო წინამდებარე  წერილი. აქ ჩემი სიტყვებით გადმოცემას დავჯერდეთ და პირდაპირ ჩვენთვის საინტერესო მომენტს მივაპყროთ ყურადღება. ‘სტუმარ-მასპინძელის“ შესახებ ვაჟა წერს:
„ჯოყოლა, აღაზა და ამ უკანასკნელის მიერ  გლოვა ზვიადაურისა, აგრეთვე გალაშქრება ხევსურებისა, ზვიადაურის ნეშტის გადმოსასვენებლად და სხვა,- ყველა ეს - ავტორის ბრალია, მისი ფანტაზიის ნაცოდვილარი’.
      დღესდღეობით ვაჟასეული აღაზას სახისადმი მკითხველის ინტერესის გამძაფრებაა საგრძნობი. არსებობს ცდები, ახალ კონტექსტში მოთავსდეს ლიტერატურული გმირი და მე ვიტყოდი, ვულგარიზებული  ახსნა მოეძებნოს აღაზას მიერ ზვიადაურის დატირების ამბავს, და ზოგადად აღაზას სახეს: ამ მომენტში ‘’აღმოაჩინონ’ ქვეცნობიერი სწრაფვა ქალისა, უღალატოს ქმარს ზვიადაურის გამო. ვსარგებლობ შემთხვევით და აღვნიშნავ, რომ ამგვარი მიდგომების ავტორნი, არმცოდნენი ვაჟას ესთეტიკური კონტექსტისა, ცდილობენ, სრულიად უცხო ღირებულებანი მოახვიონ თავს.
    უნდა აღინიშნოს, რომ შორენადოლიძის ‘’აღაზა’ გაცილებით“ ხანდაზმულია“ ამ ახალ ინტერესთან შედარებით. ჩემი უხეში გამოთვლით ეს სახე ასე, ოცი წლისაც იქნება და მას ლიტერატურული პირველწყაროსადმი არა რაიმე  ახალკრიტიკული ან ახალინტერპრეტაციული, არამედ ტრადიციული მიდგომა ახასიათებს. საერთოდაც, კრებულში წარმოდგენილი მთელი პოეზია მთის  რომანტიზებულად შეფერილი სატრფიალო ტრადიციის გაცოცხლებას ემსახურება.
      კრებულში წარმოდგენილ ნაწარმოებთა ძირითად ნაწილს გარდა ვაჟასეული, ლიტერატურულისა, აქვს’ გალიტერატურულებული’ ანუ წერილტექსტად ქცეული ზეპირსიტყვიერი წყაროც. პრინციპში, დღესდღეობით ხომ ყველა ფოლკლორული წყარო მეტნაკლებად ასეთია. შეიძლება ითქვას, რომ მასმედიის მომძლავრების,  მყისიერი კომუნიკაციური  შესააძლებლობების მოძალების შედეგად,  ფოლკლორის წყაროები - დაშრა. დღეს ახალი - ნაკლებად ან საერთოდ აღარ იქმნება. საქართველოში ზეპირსიტყვიერების შეკრებისადმი ინტერესი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან, ძირითადად აკაკის შეგულიანებით იზრდება, ხოლო სხვა ქვეყნებში - გაცილებით უფრო ადრინდელი პერიოდიდან იწყება. ვაჟას შემოქმედება ამ მხრივაც უნიკალური წყაროა, თუმცა. ცხადია, ყველა მომენტზე დარწმუნებით თქმა, თუ რა არის ზეპირსიტყვიერიდა რა- ავტორისეული- გაძნელებულია. ამ მხრივ ისღა გვრჩება, მასსავე ვენდოთ, რომ  სტუმარ -მასპინძლის კულმინაციური სცენა, შესაბამისად -  მისგან გამომდინარე ფინალიც, გახვეული თქმულების საბურველში  -  ვაჟასეულია.
    ზემოთქმულს თუ დავაჯამებთ, წინასწარი დასკვნის სახით შეგვეძლება ვთქვათ, რომ შორენა  დოლიძის პოეტურ სახეს ერთდროულად ორი პირველწყარო ასაზრდოებს:  პირველია ქართული ფოლკლორი აღაზას შესახებ და  მეორე ვაჟასთან ლიტერატურულად ტრანსფორმირებული ანუ გარდაქმნილი ფოლკლორული სახე აღაზასი.
    რაკი ლიტერატურულ წყაროზე ორიოდე სიტყვა უკვე ვთქვით, გავიხსენოთ ხალხური აღაზას ლექსიდან :
, სწორფერმა მითხრა, ქალბნელო,
მე ვეღარ გესწორფერები, 
ჩავაგე დავითფერული,
გულზე დავიწყე ხელები,
ირაოს კრავენ, მგლოვობენ
ლექსები, არწივ-ძერები.
ჩემხელთარსებული ლექსების ანალიზის კვალობაზე , პირადად მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ხალხური ლექსის კლიშეები კი არ აკლია ამ ლექსებს, ასე ვთქვათ, კოლექტიური ცნობიერ-ქვეცნობიერის ფარგლებში კი თითქოს რჩებიან, მაგრამ ავტორ-ინდივიდის ხმაც მეცნაურება. 
თუმცა მე რა გამგე ვარ მაგისა, ავტორს საკუთარი შემოქმედების პირველწყაროდ სწორედ ეს მიუჩნევია და ასეთ შემთხვევაში ისღა დამრჩენია, ვენდო მას.
***
    დღეს რეალიზმი, დესკრიფცია ნარატიული ლექსი -ქართულ პოეზიაში დროის ნიშნად იქცა. მომრავლდა ნიმუშები, რომელთა ავტორებიც თითქმის ნატურალისტური სიზუსტით აღწერენ საკუთარ ყოველდღიურ ყოფას, არც თავისებურ ექსიცბიონიზმს გამოვრიცხავდი, როცა საქმე ეროტიკამდე მიდის;     
      ნამდვილად აქვს ასეთ ლექსებს თავისი ხიბლი თუმცა, რაღაცით მუდამ სხვის ფანჯრებში ნებადართულ ჭყეტას მაგონებს,
არც აღწერითობა და  არც ეროტიზმი ნამდვილად არაა უცხო შორენა დოლიძისათვის, თუმცა იგი აქაც გამოსახვის ზომიერების ფარგლებში რჩება,, როგორც ლექსში ‘’თმებს ამ დაწრეტილ მდინარეებს’
    უზომო - მასთან მხოლოდ განცდა, უფრო სწორედ თანაგანცდაა და არა გარე ამბები.
  კრებულში გარდა მთიური მისტიკისა, ზღვის ჰაერით გაჯერებული ლექსებიცაა,  თანამედროვე ქართული პოეზიის საერთო დონეს რომ არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ მაინც  ვერ ვიტყოდი, რომ  პოეტი შორენა დოლიძე საკუთარ, მკვეთრ ინდივიდუალობას ავლენს“ არააღაზასეულ“ ლექსებში. 
      საუბარი იქით მიმყავს, რომ აღვნიშნო შორენა დოლიძისეული ‘’აღაზას ციკლის ლექსების’ ერთი სპეციფიკა. კერძოდ,
    რეალისტური პოეზიის მოყვარულებისთვის აქ სარჩო ბევრი არაფერია. ეს არის ფიქცია, პოეტური თამაში, რომელშიც ‘’აღაზას’ მოთამაშე ავტორი პირობითად რეკონსტრუირებული, ქართული მთის სატრფიალო ტრადიციისკენ მიგვიძღვის.

***
    არ ვიცი, ახლავს თუ არა პირველ გამოცემას (2023) ბექა ახალაიას  მიმოხილვითი წერილი, მეორეს კი ახლავს და იგი კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩემს მკითხველურ შთაბეჭდილებაში, რომ ამ ავტორთან ფორმობრივი სიახლე არ უნდა ვეძებოთ. ის, რომ, გარდა ხალხური შაირისა, იგი დრო და დრო სხვადასხვა საზომებსაც მიმართავს, ჩემთვის  დამატებითი არგუმენტია იმაში დასარწმუნებლად, რომ შორენა დოლიძე ამ მხრივაც ტრადიციის ჩარჩოებში ჩატევას ცდილობს, რადგან არცერთი მისი  სალექსო ფორმა, ზოგადად ლექსის ფორმობრივი პლანი, არ არის მისწრაფებული რაიმე ახლის შექმნისაკენ. თავისუფალი ლექსიც ხომ ლამის საუკუნენახევრის ტრადიციაა ჩვენში. შორენა დოლიძის ანუ აღაზა მთისშვილის ლექსები ძირითადად ორიენტირებულია ხალხურობისკენ და ეს - შემთხვევითი როდია. ეს - მისი ესთეტიკური პრინციპია.
  ენობრიობას რაც შეეეხება. მთის დიალექტთა მცოდნე-მატარებელი,  ენობრივ პლანში არაერთ უზუსტობას აღმოაჩენს და ამას თავისი ახსნა აქვს - შორენა დოლიძე  მიზნად მთის- ფშავ-ხევსურული დიალექტების ნიმუშთა შექმნას კი არ ცდილობს,  არამედ ქმნის საკუთარ, პირობით, მე ვიტყოდი,  ილუზორულ ენას, რომელზეც აღაზა მეტყველებს.
ლექსიკურად ეს ქმნილებანი ‘’რეტროს’ ფარგლებში რჩებიან.
რაც შეეხება ინტონაციას, აქ შეიძლება ითქვას, რომ პოეტური სმენის წყალობით , შესაშური სიზუსტით იჭერს და გადმოსცემს მას.
    მეოცე საუკუნის დასაწყისში გამჭოლთემიანი კრებულების შედგენა-გამოცემა, ასე ვთქვათ ციკლურობა,  დასავლურიდან რუსული  პოეზიის გავლით, ქართულ ლიტერატურაშიც თანდათან იმკვიდრებს ადგილს (გალაკტიონი და სხვები) გასული საუკუნის ბოლოსთვის ეს ტრადიცია თითქმის დავიწყებას ეძლევა. შორენა  დოლიძის განსახილველი კრებული კი ამ ტრადიციის რესტავრირებას ცდილობს. კომპოზიციურად იგი თავიდან ბოლომდე შეკრულია აღაზასა და მისი სწორფერის დიალოგებით.
აღაზა:
მზე ჩადის, მთვარე ამოდის,
შენთან რა დროა, სწორფერო?
სწორფერი:ახლა ის დროა აღაზავ,
მთვარის სხივებითნ გეფერო.
აღაზა სტკბებია ჩვენი სიშორით,
შე უსამართლო სოფელო!
სწორფერი: ერთ ვინ დაგარქვა, გზაწვრილო,
შე ორად გასაყოფელო!
არ მინდა,  ნათქვამი ისე გამომივიდეს, თითქოს კრებული მხოლოდ და მხოლოდ  ხალხური პოეზიის იმიტირებით იფარგლებოდეს. არის კრებულში შესანიშნავი ლექსები, მაგალითად, ‘ არავინ ვარ, ნაცარი ვარ, ქარი ვარ’ (- რომელიც ჩემი რჩეულია)
დანარჩენებიდან აღვნიშნავდი ლექსებს’: ‘’ხატის ძახილი’’ გლოვის ღაზალი’ ‘თეთრი რობაი“, დევის დედა’. ‘ მეუღლეს’:

ჩვენს ჩრდილებს მეტი ფერები აქვთ,
ვიდრე ფართოფოთლოვან ტყეს შემოდგომით,
უფრო ხმამაღლაც შრიალებენ. ხაზგასმული მდუმარებით’

მე მხოლოდ ნაწილი ჩამოვთვალე კარგი ლექსებისა. ამ კრებულში მთის მისტიკის გარდა, ზღვის ჰაერით გაჯერებული იმგვარი ქმნილებებიცაა  თანამედროვე ქართული პოეზიის საერთო დონეს რომ არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ მაინც  ვერ ვიტყოდი, რომ შორენა დოლიძე საკუთარ , უნიკალურ ინდივიდუალობას ავლენს სხვა, “ არააღაზასეულ“ ლექსებში.

***
კრებულს ორი შესანიშნავი წერილი ერთვის.  ერთზე მოკლედ უკვე ვისაუბრეთ, მეორის ავტორი  ჟუჟუნა შაინიძე ( ‘’ეკფრასისი  შორენა დოლიძის ‘’აღაზას ციკლის’ ლექსებში’ ). ორივე ეს წერილი მართლაც დიდი ინტერესით იკითხება, მაგრამ, ვიცი  არ მიწყენენ მათი ავტორები, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე უკეთ მაინც თავად ავტორს - შორენა დოლიძეს აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი ესთეტიკური კრედო მცირე წერილში ‘’წინათქმის ნაცვლად“’
ეს შესავალი წერილი ასე მთავრდება და მეც ჩემს რევიუს ამით დავასრულებ:
„აღაზა იმ ძალისძალობით გაკიდულ ბეწვის ხიდზე გადის,  მა თავად რომ გადავჭიმე ყოფნა-არყოფნის ქარაფებზე, რომლის ფსკერუწვდენელ ხევებში პროტოიბერიული, გნებავთ, პელაზგური სისხლი ჩხრიალებს და ვაი-თუ სადმე სიტყვამ უმტყუნოს, ან სიყვარული გამოელიოს.’

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები