 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2025 |
რა მარტივია მკვდარი მამების გმირებად ქცევა, შეგიძლია ომში გაუშა, იარაღი მოჰკიდო ზურგზე, წერილებს სწერდე საზღვრებს იქით როგორც კაპიტანს, პასუხად ისიც გიამბობდეს მორიგ შტორმებზე, უღრან ტყეში გავარდნილ მეხზე, უცხო სოფლების, უცხო ხალხის მძიმე ტვირთს მხრებზე... და მერე რა თუ ვერც დაბრუნდეს ცივი სანგრიდან, როგორც საკინძეს ყველა ამბავს ფურცლებს მიაბამ.
რა მარტივია მკვდარი მამების სახლებად ქცევა, გზააბნეული შეგიძლია როცა გინდა მაშინ დაბრუნდე, გარეთ დატოვო ყველა მარცხი, შფოთი თუ დაღლა, გაიღე სეზამ! სეზამ გაიღე! და შენს ზურგს უკან ქარიშხლებად მოვარდნილ ტკივილს კარს ჩაუკეტავ, უხმოდ აუწევ ნავთიან ლამპას ჩამოწოლილი უკუნითის გადასაფანტად, რომ შეძლო შენი საფიქრალის გარდამოხსნა და უბრალოდ წერო.
რა მარტივია მკვდარი მამების მამებად ქცევა, ავდარში ჭექა-ქუხილისას არ დაიფარებ შუბლამდე საბანს, ღამ-ღამობით წავლენ შიშებიც, როცა ბალიშთან დაგიტოვებს კოცნას და ზღაპარს. სანამ კონკია ბრინჯისაგან ფეტვს გაარჩევდეს, სანამ გოგრისფრად შეღებავდეს ზეცას სხივები, იქნებ მოასწრო, მასთან ერთად ჩახტე გუბეში ვიდრე დაგსჯიან სიანცისთვის როგორც ყოველთვის... და წლების მერე გულწრფელ ღიმილს გადაჩვეული კალმით მოყვები.
რა მარტივია მკვდარი მამების ლექსებად ქცევა, სადაც სულ ბავშვი მამაშენის ფეხებზე მდგარი კისკისით ცეკვავ.
რა მარტივია: იგონებდე, წერდე და გწამდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძლიერი ლექსია. ძლიერი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|