80 წელს დიდი ხანია გადააბიჯე. რუსები ამბობენ - "სტარასტ ნე რადასტ". სიმართლეა. ფეხები, თითქოს მძიმე ბეტონისგან ჩამოგისხეს, გადაადგილება გიჭირს. თავი მუდმივად გტკივა. ექიმები გეუბნებიან, რომ ისეთი არაფერი გჭირს. გულისხმობენ, რომ მოხუცი ხარ და ტკივილი ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. ასეთ ყოველდღიურობაზე ხარ კონცენტრირებული, თუმცა გინდა, რომ არ გტკიოდეს, გინდა, რომ კიდევ იცოცხლო. იქნებ - 100 წლამდე? მიუხედავად იმისა, რომ სამყაროსგან სიამოვნების მიღების უნარი გაგიცვდა.
მეზობელი გესტუმრა და გიყვება სამეზობლოს ახალ ჭორებს, რამდენი ამბავი დაგვიწყნია, საკუთარ ასაკში ჩაფლულს: აღარ გახსოვდა, ნოდარი რომ არაყში ილბობს ღვიძლს და ჯანმრთელობა რომ ცუდ დღეში აქვს; აღარ გახსოვდა, ნელიკო რომ მეზობელი კორპუსის ერთოთახიანში გადაცხოვრდა და შენს სადარბაზოში ოროთახიანი გააქირავა. კიდევ - უამრავი რამ... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამ, ყველაფერს. - არავითარი! ისევე, როგორც შენს მდგომარეობას არა აქვს ამათთვის დიდი მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე მეზობლობა გქონდა ყველასთან. ყველას სჭირდებოდი და ყველასთვის იხარჯებოდი. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რამდენად ფიქრობენ და სწუხან შენზე ესენი. ამაზე ფიქრი ნაკლებად შემოდის შენში.
აღმაშფოთებლად სწრაფად გაიქროლა წლებმა. .ეს გუშინ იყო,ჰო გუშინ - 60 - 70 წლის წინ, თავი რომ სამყაროს ცენტრი გეგონა, გეგონა მალე, შენი წყალობით ეს სამყარო სრულყოფილებას მიაღწევდა. აბა რა აზრი ჰქონდა არსებობას სრულყოფილების გარეშე?!
თურმე სამყარო კედელივით ისხლიტავს შენს გეგმებს და შენი ნაცნობი სპირალივით მიგაქანებს წრეებს მიღმა - გაქრობისკენ.
იმ სათამაშო პიანინოს გავს ცხოვრება, ბავშვობაში რომ გაჩუქეს. აღტაცებული იყავი, იმ ბგერებით, რასაც კლავიშზე შეხებისას გამოსცემდა. გეგონა შიგნით პატარა კაცუნები ცხოვრობდნენ, დახტოდნენ და შენი შეხებისას მღეროდნენ. რამდენინე დღე გკლავდა ინტერესი, "რა იძახდა იქიდან". ერთხელაც ჩაქუჩი აიღე და ეს ლამაზი პიანინო ... გატეხე. ეს პირველი იმედგაცრუება იყო. არანაირი კაცუნები! ეს მომნუსხველი ხმები ძალიან პროზაული, მარტივი სიმებიდან მოდიოდა.
ცხოვრებაც ისევე “გატეხე” და მისი შიგთავსი - პროზაული, მარტივი ბოლო დაინახე .
თავის ტკივილი გიტევს, თვალის გახელა გიჭირს. ცდილობ ლამაზი სურათები წარმოიდგინო. ტკივილი ყველა მათგანს ბოლო წამს შავი ჩრდილებით დღაბნის. ნათლად გახსენდება მხოლოდ ერთი, ბავშვობაში სიცხით გავარვარებულს რომ სურათი გტანჯავდა. ის არც არასდროს დაგვიწყნია:
სპირალური წრეები, მუდმივად მბრუნავი, მკაფიო ფერები, ერთმანეთისგან მკვეთრად გამოყოფილი წრეწირებით შემოსაზღვულ კალაპოტში მიედინებიან. ფერები ერთმანეთს არ ერევიან, არ იდღაბნებიან. ცენტრიდან იწყებენ ბრუნვას. მიდის ყვითელი, მიმდევრობით ავსებს წრეებს, მოყვება წითელი, ნარინჯისფერი, ყველა ფერი, ყველა გამა და სადღაც, 50 სმ დიამეტრის მიღწევის შემდეგ უჩინარდებიან.
და ეს ფერთა ტრიალი გტანჯავს. დროდადრო დედა ცივ ტილოს გადებს შუბლზე და ამ დროს ფერადი სპირალი იკარგება. მერე ისევ მოდის. - რძე დალიე - გეხვეწება დედა, და გეფერება. - დალიე რძე - გეხვეწება პატარა ძმა. გინდა, მაგრამ არ შეგიძლია. ფერადი სპირალი არ გიშვებს.
დღის ბოლოს გაგიშვებს და რაც მაშინ დგება, იმის დასაბრუნებლად, ხელმეორედ შესაგრძნობლად, 86 - დან 5- მდე წლების სხაობას მისცემდი:
საწოლზე წამოჯექი. სათამაშო მოითხოვე. დედა, მამა ბედნიერები არიან. პატარა ძმაც სასიამოვნოდ ტიკტიკებს. ოთახში შეშის ღუმელი ანთია. მის სითბოზე მეტად ოჯახური სითბოთია სივრცე გადავსებული.
უცებ უცნაური შეგრძნება მოდის… არა ცოდნა მოდის: აი, აქ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი, ბედნიერების პიკში. ან ეს წამი მარადისობაში უნდა გაყინულიყო.
ყურადღების გადასატანად ძველ ტელევიზორს რთავ. თვალდახუჭული უსმენ : თურმე კოსმეტიკური მედიცინის ასოციაცია შექმნილა და ეს დარგი ელვის სისწრაფით ვითარდება. ეს ინფორნაცია ირონიულ ჩაღიმილებას იწვევს შენში. თურმე ასტროლოგებს შავი ხველების ბუნება დაუდგენიათ. დაუდგენიათ, რომ ჩვენი მზე 6 მილიონი წლის შემდეგ ჩაქვრება და სისტემას შავი ხვრელი შთანთქავს. რა სასაცილოა!
სხვა არხზე რთავ:
თეოლოგები ამბობენ, რომ მეორედ მოსვლა ახლოვდება, ალბათ, რამდენიმე ათეულ ან ათას წელიწადში. ამაზეც კი გეღიმება. შენი " მეორედ მოსვლა" და " "განსაწმენდელი" უკვე აქ არის. თუმცა დასასრულს მაინც არ მიელტვი. ეს " ტკბილი ტანჯვა" გირჩევნია, იქაურ გაურკვევლობას და ფაქტებით დაუდასტურებელ მომავალს. რა ტყუილად დაუხარჯავს მოძღვარს შენზე, მთელი თავისი გულითადი ქადაგებანი.
ისევ გეღიმება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|