დღესაც თვალებაკრული და მკლავაკაპიწებული გამოვიდა ეშხა სახლიდან. უეჭველი შარზე იყო, ისე ბდღვინავდა. უხეშად გამოიხურა ჭიშკარი და ბოქლომში ჩატოვებულ გასაღებს აღსარებასავით ჩააბარა დღევანდელი ბრაზის დეტალები... ქუჩაში გამოსულმა თვალებზე აკრული შარფი შეიხსნა და შარმიან ქალივით ყელზე მოიხვია. მერე მიხვდა, რომ აწეწილი თმები ისედაც აბურდულ ნერვებს უწიოკებდა და შარფით თმები აიწია. აბზეკილ, უფრო სწორად კი-შუბლამდე აზიდულ ცხვირს ღაზოიანი მზერაც შეუახამა და იჭვნეულად მომოათვალიერა გარემო. არავინ გამოადგა კბილის გასაკრავად. წყალში ჩაეყარა თავის შეგულიანება მთელი ღამის განმავლობაში და ბავშვივით აცქმუტდა. ბარდიულზე შედგა, ასკინკილით გაუყვა გზას მწერლის ბარისკენ. მიდიოდა და თან ფილმიდან აკვიატებულ - ,,სინსილა უნდა გაწყვიტო კაცების, სინსილაო! “ - იმეორებდა გულში და კეთილად იღიმოდა. რომელი სინსილის გამწყვეტი ეგ იყო, ერთ უვარგის მწერალთან ვერ გაეწყვიტა საქმე, მაგრამ მაინც ბაქიბუქობდა გულში... მწერლის ბარი მწეველთა თავშესაყარს უფრო მოგაგონებთად - რაღა მწერლის ტვინი და რაღა ეს სივრცე, ისე დაბურული იყო ყოველთვის. ვაი, მისი ბრალი, ვისაც იქ ფეხი შეუცდებოდა. განა, შემსვლელის მეტი რა იყო.. რაც არ უნდა იყოს, მაინც მწერლის ერქვა და ჩვეულებრივი ლუდხანისხან განსხვავებით, აქ დახანებას შეიძლება პრესტიჟი აეწია რომელიმე რადიკალურად დეგრადირებული ინდივიდისთვის . სწორედაც, ასეთი დეგრადირებული იყო ის ახალგაზრდა მოპოეტო ლექსმწერი, მასზე უფრო ახალგაზრდა პროზაიკოსი რომ საჯარო დრამებს უდგამდა დროდადრო და გამოზოგვით ... მწერლის ბარი ცარიელი დაუხვდა ეშხას . რატომღაც სუფთა იყო იმ დღეს ჰაერიცა და მაგიდებიც. მხოლოდ წიგნებს ედო მტვერი... წესით , ამაში არაფერი იყო სადავო, არც საშაირო. ფრთხილად გამოწია ფარჯასთან მიდგმული მაგიდიდან ოვალური სკამი და შიგ რანდენიმე წუთით ლოტოსის პოზაში მოკალათდა. წერის დაწყებამდე ჩვეულ რიტუალს რომ მორჩა, ერთი ფეხი დაბლა ჩამოუშვა, ღრმად ამოისუნთქა და ლამის თავზე ჩამომხობილი აბაჟური აინთო. ის იყო, წერას უნდა შესდგომოდა, რომ ვიღაცამ უხეშად მოიქცია მისი მხრები მარწუხებში და ჰაერში წამოსწია. მაშინვე მიხვდა , ვინც იქნებოდა. არც კი მოუხედა გახას. დაელოდა, როდის დაეღლებოდა ხელები. ცდა დიდხანს არ მოუწია. ცოტა არ იყოს, კიდეც ესიამოვნა ყურისძირში ჩვეული სუნთქვის გახშირებული რიტმი. ერთი პირი გაძალიანებაც დააპირა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. რამდენიმე წამში ხელიდან გაშვებული ეშხა უხეშად დაეხეთქა სკამს. არც ეს შეიმჩნია. მიჩვეული იყო მისგან უტაქტო ქცევებს. დიდი ტაქტიანი არც თავად გახლდათ. ყავა მოითხოვა, ყურსასმენი გაისწორა და ვითომც აქ არაფერიო, ნოუთბუქის გახსნა დაიწყო... აბეზარმა ვაჟმა გვერდითი მაგიდიდან სკამი მოაჩოჩა და მასზე პირუკუ გადამჯდარმა ჩუმად ჩაუსისინა:
-აი, სად შემხვდი ისევ ! ნუთუ, აღარ მელაპარაკები, პროზისშვილო?
ეშხამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ნოუთბუქი ჩართო. ვაჟი უსიტყვოდ მიჩერებოდა და მოჯადოებული ადევნებდა თვალს ზნეშეცვლილ ალქაჯს. უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა. მოეშვა. სკამი გაისწორა. ჯიბიდან ფურცლები ამოიღო და რაღაცის ჩხაპმას შეუდგა.
ქალმა კი, ჩვეულებისამებრ, ისევ პირველ პირში გააგრძელა წერა -
,, ...მხოლოდ ფიქრებში, გონებაში ვხაზავდი, ვაკეთებდი ესკიზებს და ვისაც ხატვა შეეძლო, ვთხოვდი ჩემი იდეების ფურცლებზე გადმოტანას. ვერც ვმღეროდი. ვღიღინებდი გულში და მხოლოდ გულისხმის გამგონელი ახმოვანებდა ჩემს მოტივებს. ცეკვითაც ვერ ვცეკვავდი, მაგრამ ვცქმუტავდი და სხვებს ვუხსნიდი რა ილეთი უნდა გამოეყენებინათ... აი, წერა კი, უფრო სწორად-ჩემი დასაწერი, ვერავის დავანებე, ვერავის ვანდე... ანაც, მწერლებს ვერაფერი შევაგონე. არ მეყო ძალა მათ ქვეცნობიერშიც საძრომიალოდ და ამიტომაც მოვიძულე ისინი...’’
ეშხამ წერა გააჩერა. გახას გატეხილი მზერა მიაპყრო და მიაყურადა. მის წინ დადებულ ფურცელზე სწორედ იმ მრგვალი საწიგნის ესკიზი ეხატა, რასაც გონებაში ამუშავებდა. გაგიკვირდებათ და მის მოტივზე ღიღინებდა რატომღაც ბიჭი და ფეხის ცერებსაც რიტმულად ამოძრავებდა... გაეღიმა. გამარჯვებულის იერით წამოდგა და უსიტყვოდ გავიდა მწერლის ბარიდან...
გახა კი იქ დარჩა გახევებული და ეშხას მიერ დახეულ საწიგნის ესკიზს დასცქეროდა...
***
სახლში დაბრუნებულმა ქალმა ბოქლომში ჩატოვებულ გასაღებს აღსარების გაუთქმელობის პირობა ჩამოართვა. მერე შიგნიდან ჩარაზა შესასვლელი და ეზოს საქანელაზე მიესვენა. ისევ მიუბრუნდა ნოუთბუქს და წერა გააგრძელა... საიდანღაც ფისო გამოძვრა და ფეხზე მიელამუნა. მერე კალთაში ჩაუგორდა. ბოლოს მხრებზე აცოცებასაც შეეცადა და ორიოდ წამში ჩხავილით ჩამოხტა ძირს. ალბათ, ისევ გახას სურნელი შეიგრძნო და გაახსენდა, როგორ გალახეს ერთხელ მისი დაკაწრვის გამო...
ეშხა იმდენად ეშხში იყო შესული დღევანდელი დღის ცუღლუტობებით, რომ სულაც არ ანაღვლებდა მაშოს ჩხავილი. ფისო მის ფეხებთან აკოტრიალდა და ცაში მიმობნეულ ღრუბელს შეაქცერდა. დღეს ხომ შვიდი მაისი იყო. როგორც ყოველთვის, წვიმას ელოდა . პატრონს კი ეტყობა დავიწყებოდა ეს ამბავი, რადგანაც სრულებით არ ეტყობოდა სინანული დაუკრეფავი ნამისა და წვიმით დაუბანელი თმის გამო... როცა გულმოსულმა კატამ ვერასგზით მოისაზა რა უნდა დაეშავებინა, რომ მისი ყურადღება მიეპყრო, წყლით სავსე თასში თათი ჩაკრა. მერე მთლიანად ამოიგანგლა მასში და ეშხას წინ ინდაურივით გაფოფხილმა შეიფრთხიალა. ,,- ნუთუ გაწვიმდა?-სიხარულით წამოიძახა გოგომ და ცას ახედა. სამწუხაროდ, წვიმას არ აპირებდა . მოიღუშა. არადა, მთელი გულით ელოდა დღევანდელ წვიმას. იქნებ საღამომდე მაინც გაწვიმდესო, გაიფიქრა და წერა განაგრძო...
*** გახა იმ დღეს გვიანობამდე იჯდა მწერლის ბარში დრამატურგ უგრეხელიძესა და მეზღაპრე ზაურასთან ერთად. დოქი ღვინისა და ბარის მაგიდის გარდა საერთო თითქოს არაფერი ჰქონდათ, მაგრამ მაინც ერთად შემოაღამდათ . რაღაზე აღარ იმსჯელეს, რაღაზე აღარ იკამათეს, მაგრამ მხოლოდ იმაზე შეჯერდნენ, რომ ეშხა მათ შორის ყველაზე უხასიათო მწერალი იყო ყველაზე სახასიათო პერსონაჟებითა და ლიტერატურული პასაჟებით. რომ მისი სექსუალური მომხიბლავობა უკანა პლანზე იწევდა, როცა მასზე, როგორც მწერალზე იწყებოდა საუბარი. რომ ის სხვა მხრივაც ბევრად საინტერესო ადამიანი იყო და ა.შ.
მოკლედ, იმდენი დალიეს და ისაუბრეს ეშხაზე, რომ ბოლოს მის სიყვარულშიც გამოუტყდნენ ერთმანეთს...
ამ ამბავმა სიტუაცია მნიშვნელოვნად დაძაბა მამაკაცებს შორის. ამიტომაც, დაპირისპირებაში რომ არ გადაზრდოდათ , დაძაბუნებულ მოხუცებივით აითრიეს წელი და მწერლის ბარიდან გამოვიდნენ.
უკვე ჟინჟღლავდა.
მაშინვე გონს მოეგო გახა და პირდაპირ ეშხასკენ გაეშურა. მის სახლთან მისულმა ჭიშკარს ხელი კრა და რადგანაც ვერ შეაღო, გაიხარა. ე.ი. სახლში იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ღიად დატოვებდა. ღობეზე გადაძვრა და უპრობლემოდ შეღწია სახლში. მძინარეს თავს წაადგა . სრულიად შიშველი აიტაცა ხელში და ეზოში გამოუყვანა წვიმას. უკვე საკმაოდ ცრიდა. მალე თქეში დაიწყებოდა. ეშხას ნეტარი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე და თავლდახუჭული ხედავდა იმას, რასაც ბედნიერებისგან გაბრუებული გახა ვერ ამჩნევდა - ჭიშკარში წვიმით სავსე თასებით ხელში დრამატურგი უგრეხელიძე და მეზღაპრე თამაზა იდგნენ...
გახა კი, შიშველი ქალით ხელში , თვალდახუჭული ტრიალებდა და ტრიალებდა, ტრიალებდა და ტრიალებდა გაუჩერებლად ... წვიმაც მოდიოდა და მოდიოდა. უკვე თავსხმა იყო, მალე დელგმაში გადაიზრდებოდა. ეშხას სიცივისგან აკანკალებდა. კატაც გაუჩერებლად ჩხაოდა და კედელს ეხეთქებოდა. ჩამომსვიო, შესძახა ქალმა და გახაც გაჩერდა. თითქოს გიპნოზიდან გამოერკვა. ქალი ფრთხილად დასვა მიწაზე.
ეშხამ თავისი სისიშვლე არაფრად ჩააგდო და ეზოში, კოჭებამდე დამდგარ წყალში, დგაფუნით გაეშურა შვიდი მაისის წვიმით სავსე თასებიანი ვაჟებისკენ.
ისინი ისევ გახევებული იდგნენ.
მათთვის ჯერ არ ებრძანებინათ გამოფხიზლება...
ახლოს მისულმა ჯერ ერთს ჩამოართვა მორთმეული ძვენი და მერე მეორეს. ორივე თასი ერთად გადაივლო თავზე და უკან გამობრუნდა. წამით შეყოვნდა. მოუბრუნდა გახევებულ ვაჟებს და თითის დაქნევით გამოაფხიზლა. ახლა უკვე ფეხაკრეფით გაეშურა სახლისკენ და გახას ისე აუარა გვერდი, აინუნშიც არ ჩაუგდია. გახა ბრაზმა დაახრჩო. ერთი პირი ეშხაზე გაყოლა დააპირა , მაგრამ გულმოსული დრამატურგსა და მეზღაპრეს მიუბრუნდა და ნათლად დაინახა, როგორ გააყოლეს მათ თვალი შინისაკენ მიმავალ შიშველ ქალს. მაშინვე მათკენ გაიწია. ორივეს ერთად სწვდა ყელში და წამოაქცია.
რამდენ ხანს ჩხუბობდნენ , იოტისოდენადაც არ ანაღვლებლა ეშხას. ის იდგა მისი სიმაღლე სარკის წინ და გახას დაუსრულებელი ტრიალის დარად იავარცხნიდა და ივარცხნიდა, ივარცხნიდა ივარცხნიდა თმას გაშრობამდე. თან გულში ღიღინებდა;
,,შვიდი მაისის წვიმაო,
თმა კოჭებამდინაო,
შვიდი მაისის წვიმაო,
თავზე დამედინაო,
შვიდ-შვიდი ნაწნავი თმა
მხრებზე დამეფინაო”...
მერე ლარნაკიდან გვირილები ამოიღო, ყვავილედები ამოაცალა, ნაწილი ზეწარზე დაიყარა, ნაწილიც თმეში ჩაიბნია. რაც მორჩა, მარლაზე გაფინა და მკლავის სიმსხო სანთლებს შემოახვია. ცხელი უთოთი დიდი რუდუნებით დაუარა და ზედ მიაკრა. გამოაღო ფანჯარები. თაროდან თითბერის შანდლები ჩამოიღო და მათზე დანთებული გვირილებიანი სანთლები საწოლთან დაიდგა. მერე საკმეველს მიუბრუნდა და ერთად დაანთო მთელი მუჭა. მწერლის ბარივით დაიბინდა ეშხას სახლი და მაშინვე რაღაცნაირი ნეტარი ბანგი მოერია...
სასწრაფოდ ჩამოუარა ფანჯრებს და მათ ნაცვლად ჭვირული დარებები დახურა . მხოლოდ კარი დატოვა ღია. რადგან ღია კარში იწვა მაშო - ეშხას საძრახისი, ფარული ხრიკებისა და ქმედების მოყვარული კატა, რომელიც ისევ პოეტის, დრამატურგისა და მეზღაპრე კაცების ჩხუბს აყურადებდა პროზაიკოსი ქალის გამო და სიამოვნებისგან თათებს ილოკავდა... ქალს ყურადღება არცერთისთვის მიუქცევია ისე მოიხურა შიშველ, აწ უკვე სრულიად შემშრალ ტანზე ღუნღულა პლედი და რულმორეული მიგორდა.
საწოლის ჭრიალმა მაშოს ნეტარება მოჰგვარა. აუჩქარებლად წამოიწია და გაიზმორა. საბოლოოდ გახედა ცარიელ თასებიან უგრეხელიძესა და თამაზას. მერე გახას გახევებულ, მაჯებში მოხრილ და გაურკვევლობით ასავსავებულ ხელებზე ცინიკურად ჩაიღიმილა . ბოლოს კი, გამარჯვებულის იერითა და კუდის ნაზი მოქნევით, უსაშველოდ მძიმე კარი ბუმბულივით გამოიხურა. მერე დინჯი, თავდაჯერებული და მწყობრი ნაბიჯებით გაეშურა მაშოსკენ. მოხდენილად შეუხტა საწოლში. მშვიდად შეუგორდა ფეხებში და თვალებმილულულმა , პატრონივით ახალ სიუჟეტზე დაიწყო ფიქრი ...
7.05.2025. უწვიმო ვარციხე
ლიტერატურული კონკურსი ,,ვარციხე - 2025"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უღრმესი მადლობა ! ???? უღრმესი მადლობა ! ????
2. როგორი ხელშესახები იყო ყველა კადრი.
ისედაც, მიყვარს მოფილოსოფოსო ფისოები :)
როგორი ხელშესახები იყო ყველა კადრი.
ისედაც, მიყვარს მოფილოსოფოსო ფისოები :)
1. კითხულობ და ხედავ მოძრაობას, ფერებს, ჟესტებს, მიმიკას... გიტაცებს ენერგეტიკა... თითქოს ფილმს უყურებ ან, უფრო სწორად, ამბის მონაწილე ხარ. ესაა ტექსტი 3 D -ში.
კითხულობ და ხედავ მოძრაობას, ფერებს, ჟესტებს, მიმიკას... გიტაცებს ენერგეტიკა... თითქოს ფილმს უყურებ ან, უფრო სწორად, ამბის მონაწილე ხარ. ესაა ტექსტი 3 D -ში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|