ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2025


  ჩამოტვირთვა

პოლის

პოლი, ავიღე ჰონორარი.
სამხრეთით უფრო მზეა, პოლი.
კინოთეატრი, დეპო, ფოსტა,
ახლა მითხარი, როგორ არი,
შენი ლამაზი ნეაპოლი,
შენი უკვდავი „კოზა ნოსტრა“.

ტკბილი თუ გიყვარს- კარამელი?!
წარბით ნამდვილი მარკო პოლო,
მას მხოლოდ ზურგში უყურებენ,
ნუ მიაცილებ კარაველებს,
ნუ მელოდები, ნეაპოლო,
ჩააქრე შენი შუქურები!

საქართველოში, მაგალითად,
დამაფიცეო მარგალიტა
ან ავტობუსში რიგით
მგზავრს ყურადღება მიაქციე,
მიყვარს, როდესაც მიაცილებს
ძაღლი მოსახვევს იქით.

ხიდებს სახელი მიანიჭეს,
მე სარდაფ- სარდაფ ჯერაც ვეძებ,
რაც დამივარდა სახლთან.
პოლი, უთხარი ბეატრიჩეს,
კეფაში ესროლა ჯენოვეზემ,
პოლი, უთხარი, წახდა

და იმ მეორემ ურჩია, რომ
თვალში ესროლა ლუჩიანოს,
ასე წყდებოდა ადრე.
ინტერეს იჩენსო, გაიცანით,
ნახვამდის, ვინჩენცო პროვენცანო!
ნახვამდის, მია მადრე!

პოლი, ჯიუტად არ გჯერა, რომ
სხვები სულ ზურგში გიყურებენ,
იმ შენ ბარბაცს და ტორტმანს,
ნუ მელოდები, სან ჯენარო,
ჩააქრე შენი შუქურები!
იძინოს შენმა პორტმა!

მეც მოვიხადე გალიბანდი,
მშვიდობით, რაიმონდ პატრიარკა!
ლიპსს ძმაკაცები უბარებენ
და დგახარ, როგორც გარიბალდი-
მგელი, ქცეული პატრიარქად,
დაგაქვს დამბაჩა და ყუმბარები.

წახვედი, ჭერსაც შეაბოლე,
მძაფრი სურნელით ორეგანო,
წერილებს წერდი იქედანაც
და ეწყობოდა ნეაპოლი
ორიგამივით, პოლიგამო,
როგორც ნასწავლი იკებანა.

სხვაგან მივფრინავ, აზიისკენ,
ათბასარით და არავანით,
რამდენ მეგობარს ვარეკინო,
შემოვისახლე ვასილისკი,
სახლს შემოვარტყი გალავანი,
გავხდი გარავანი ვალენტინო.

პოლი, ხომ იცი, ანდამატი -
წყევლა არის თუ შეჩვენება,
დავიწყებული ნეაპოლი.
პოლი, ავიღე დანამატი!
პოლი, მტრედები მეჩვენება!
დღემდე მაცვია შენი პოლო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები