მზე განსაკუთრებით აუტანელია, როდესაც ის გარდაცვლილ ადამიანთან მიმავალ გზაზე მიგვაცილებს. იმდენად აუტანელი, რომ სიკვდილზე ფიქრიც მეორეხარისხოვანი ხდება. მხოლოდ მწველ სხივებზე ფიქრობ, რომლებიც მანქანის მინაში უხეშად შემოჭრილან და სიბნელესთან მეტოქეობით სივრცის ათვისებას ცდილობენ. შენც, ამ მარადიული ბრძოლის მონაწილე, უყურებ, როგორ დათამაშებენ ჩრდილები მანქანის გაუბედურებულ სალონში და ივიწყებ სიკვდილს, ჩრდილში ჩამალულ მხეცს, რომელიც ებრძვის სინათლეს. ამ თავგანწირულ ბრძოლას ფონად გენადის გაფუჭებული რადიოდან ამომავალი გაუგებარი სიმღერები და რეკლამები ერთვოდა. ასე იწყება ყველაფერი – არა ცეცხლით, ანგელოზებით ან დიდი, ყოვლისმომცველი აფეთქებით, არამედ მშვიდი სიკვდილით გენადის რადიოსა და აუტანელი მზის ფონზე. მამა დილით ადრე გარდაიცვალა, სანამ მზე ამოსვლას გაბედავდა. უძრავი და ჩუმი. დანაოჭებული ხელებით, რომლებსაც რკინის სუნი აუდიოდათ, ყავარჯენს დაყრდნობილი, თითქოს ვიღაცას ელისო და, როგორც ყოველთვის, ჰორიზონტს უმზერდა. ბოლოს დიდად აღარც ლაპარაკობდა. სიტყვები მისთვის ზედმეტად მძიმედ საზიდი ტვირთი გამოდგა, ცარიელი ასო-ბგერები, რომელთა თქმასაც სიჩუმის მარადისობაში ჩაძირვას ამჯობებდა. ისეთი კაცი იყო, რომლის დუმილსაც მნიშვნელობა ჰქონდა, რაღაც, რასაც ყურს თუ კარგად დაუგდებდი მოუსმენდი კიდეც. ერთხელ ვკითხე, რისი სწამდა. მან კი მიპასუხა: „იმის, რაც არ მიდის“. მიქაელი, ჩვენი ძაღლი, მაშინ ცოცხალი იყო. მახსოვს, ბავშვობაში, როდესაც ბუნდოვანი წარმოდგენაც არ მქონდა, რომ დედამიწა მრგვალია და მასზე უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მიქაელს ბეწვზე სითხე აპკურეს და გამაფრთხილეს არ მოეფეროო. ისიც ნათლად მახსოვს, თავში, აი, იმ თავში დანიშნულ საზღვრებს იქით არაფრის დანახვა, რომ არ შეეძლო გაჩნდა კითხვა:”რატომ?”, რაზეც მამამ მიპასუხა:” მის კანში რწყილების სასაფლაოა”. წლები გავიდა და მხოლოდ ახლა სახლისკენ მიმავალ გზაზე გამახსენდა მამას ეს სიტყვები. კანქვეშ არსებული განსასვენებელი. იქნებ მხოლოდ ძაღლები არ არიან მოსიარულე სასაფლაოები და ჩვენც საფლავის ცივ, ნესტიან, ხავსმოკიდებულ ქვებს დავატარებთ, როგორზეც მამა იჯდა მიქაელის სიკვდილის შემდეგ. დავატარებთ, სადღაც ღრმად კანის შრეების ქვეშ, უხილავ სივრცეში. იქნებ ამ საფლავის ქვებს სულაც მაგიური სითხის გარეშე, ჩვენით აღვმართავთ სულის უკიდურეს წერტილებში, სადაც ყველაფერი არსებულისა და არარსებულის ზღვარზეა, სრულიად გააზრებულად ან გაუაზრებლადაც კი. ეს თუ ასეა, დედამიწა ერთი დიდი სასაფლაო ყოფილა, უბრალოდ მკვდრებს გამორჩეულ, განკერძოებულ, საკრალურ სივრცეს გამოვუყოფთ ხოლმე, რომ ცოცხალი ხატი ვნახოთ საკუთარი ყოფისა. ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს, როდესაც ცოცხლებიც კი ძაღლის მკვდარი რწყილებივით დავატარებთ საფლავის ქვებს. დედამიწა კი საკუთარი გულგრილების ერთგული განაგრძობს ბრუნვას, როგორც გენადის გასული საუკუნის მანქანის ბორბლები მრავლადთელილ, უხეშ გზაზე. მიქაელის გარდაცვალების შემდეგ მამაში რაღაც ჩაკვდა, რაღაც უცხო, რისი წვდომაც, თითქოს მხოლოდ მის ერთგულ ძაღლს შეეძლო. აღარც ფანჯარასთან იჯდა სიცარიელის მაცქერალი და აღარც ტელეფონის ზარებს პასუხობდა. მამამ შეწყვიტა სამყაროს შენარჩუნების მცდელობა. რთულია, შეინარჩუნო რწმენა, რომ იცოცხლებ, რომ გადარჩები; რომ შენს მივიწყებულ წიაღში, რომელსაც აღარავინ სტუმრობს, ვინმე მოვა და თავს შეაფარებს. ამიტომ, როდესაც სახლი გაყიდეს და ეზოს გადაღმა ერთი გასაცოდავებული ადგილი მიუჩინეს, არც უბრძოლია. გენადიმ მკვეთრი მუხრუჭითა და ომახიანი შეძახილით მომწყვიტა ფიქრებს. ჩემი ხელჩანთა გამოაძვრინა ბარგთა სიმრავლიდან და სევდანარევი ღიმილით მითხრა: „აბა, შენ იცი!“, მეც გავუღიმე და ნაცნობ ძველ ქუჩებს თვალს ვავლებდი გენადის როხროხისა და მანქანის ძრავის გუგუნის ფონზე. დიდად არაფერი შეცვლილა – დაბზარული ტროტუარები, დაჟანგული საფოსტო ყუთები, რომლებიც მოხუცებული კაცებივით იყვნენ მოკუნტული და უსასრულობამდე დაგრეხილი ღობეები, რომლებსაც ბოლო არ უჩანდათ. სახლი აღარ იყო. მისი ადგილი პატარა სასურსათო მაღაზიას დაესაკუთრებინა. აღარსად იყო ძველი სახლის კვალი, არც კარებთან მიქაელის სუნთქვის მშვიდი ხმაური, მხოლოდ მაცივრების შორი ხმა და წარწერა ფანჯარაზე:
„ღიაა. ნისია არ გაიცემა. საქონელს უკან არ ვიბრუნებთ“.
ეს იყო ახალი ცხოვრების კრედო, ფანჯრის უკან გადახუნებულ ბანერზე აკრული. შიგნით შესულს ჰაერში გაბატონებული სარეცხი საშუალებებისა და მწნილების სურნელება შემომეფეთა სახეზე. დახრილი თაროები, რომლებზეც გაწყობილი პრუდუქცია მკვეთრი ასოებითა და გამოყვანილი წარწერით გვაუწყებდა: „სამოთხის მწნილები და კომპოტები“. გარშემო ქაოსურად იყო მოფანტული ყუთები, რომლებშიც ახალი საქონელი უპატრონო ბავშვებივით ელოდებოდა ვინმეს, ვინც წაიყვანდა. დახლის უკან მყოფმა დაჩიავებულმა ქალმა შემნიშნა და ძლივს გასაგონი ხმით მკითხა: „რამე გჭირდება?“. ირგვლივ მიმოვიხედე. ამ ძრავების ზუზუნის ქვეშ იდგა მამას სკამი, სადაც ახლა გაზიანი სასმელების მაცივარი აღმართულიყო და გამყინავი ხმით ცდილობ-და მისიის აღსრულებას. „ეს ადრე სახლი იყო“, – ვთქვი გაუბედავად, თითქოს ეჭვიც კი მეპარებოდა. ქალმა მხრები აიჩეჩა და ცივად მიპასუხა: „ახლა მაღაზიაა! რამეს ყიდულობ თუ არა?“. თავი გავიქნიე. არსად ჩანდა ნაშთი სახლისა, თითქოს არც უარსებია და მხოლოდ მოგონების ნაყოფი იყო. არანაირი ნიშანი. მხოლოდ დერეფნები, ფასის იარლიყები და ნივთები, რომლებიც უნდა გამოეხსნათ თაროთა ტყვეობიდან. სახლი, რომელიც მამამ დატოვა და ოდესღაც ჩემს საიდუმლოს ინახავდა, ახლა მხოლოდ ფულს ითხოვდა. გარეთ გამოვედი. ციოდა. იმედგაცრუებულმა ფერდაკარგულ ცას ავხედე და გავიფიქრე: „მაინც წახვედი და გამწირე!“. მზემ გამოანათა და სიომ გადაურა ხეებს, კვლავ ალიცლიცდნენ ჩრდილები გარშემო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|