 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 21 დეკემბერი, 2025 |
ნინო დარბაისელი
უშბას ორი მწვერვალი (ციკლიდან - პრიმიტივები დედას)
ქვა - იწვოდა ჩემი ცოდვით, მე - ყინულებს ვკვალავდი. რად მინდოდი, არც ვიცოდი, მოგყევ კუბოს კარამდი.
გულო, როგორ დამიობლდი, უმზეობით დამიობდი? თმენა-თმენით გაიობდი? გაზრდით დაპატარავდი?!
არც რამ - გადასერილია. თითქოს გადაწერილია, გრძნობა - გადაცერილია, დროა - გადამცერვალი.
უხსოვარ დროს დანასევდი ახლა როგორ გაგახსენდი? ეს - ჩავლილი ამბავია, გული? - ძველი ამბარია, ცივეული აბარია, მთაა, განა ბარია!
ჩემს სიზმრებში თან მაყრობ და თან “მადევსო, მწერ, ვალი”… მთლიანს შენ ვინ დაგიპყრობდა. უშბასავით - განა ერთი, ღარ-ტეხილით შენაერთი, სამხრეთის და ჩრდილოეთის - გქონდა ორი მწვერვალი.
შენ - სხვა გსურდა და მე კიდე ალპურ კლდეებს დავეკიდე, შევაჯერე ქვეყნის კიდე, რის ნაშალი, რა ყორე!
სიზმრის - ისევ სიზმარს დარჩეს, ასახდენებს ვინ აარჩევს, ვინ თქვას, რა კლავს ან რა - არჩენს. ყველა წყალს გავაყოლე!
ფოტოზე - ორმწვერვალიანი მთა - უშბა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|