ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2026


ტყუპისცალი




ყველაფერი დაიწყო 37 წლის წინ — მაშინ, როცა მე დავიბადე. დედამ ტყუპები საყვარელი მამაკაცისგან გააჩინა, თუმცა ის კაცი მშობიარობის შემდეგ თვალით არავის უნახავს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მამაჩემი ასე მოიქცა. ბევრი არაფერი ვიცი მისი წარმომავლობის შესახებ და სიმართლე გითხრათ არც მქონდა სურვილი რამე გამერკვია.
ჩემი ტყუპისცალი დაიღუპა — ასე უთხრეს დედაჩემს კლინიკაში. თუმცა მას ყოველთვის სჯეროდა, რომ მისი მეორე გოგონაც ცოცხალი იყო.
მე და დედამ ერთმანეთი გავზარდეთ. ვისწავლეთ ცუდისა და კარგის გარჩევა. დავამარცხეთ სიბნელის ფობია. როცა ძალიან გვიჭირდა, ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა.
დედას სუვენირების მაღაზია ჰქონდა და თითქმის მთელ დღეს იქ ატარებდა. მეც სკოლის შემდეგ მასთან მივდიოდი. რამდენჯერ მაღაზიაში მიძინია, მიჭამია, მეცადინეობაც ხშირად დამისრულებია დაღამებამდე. საღამოს შვიდზე დედა კარს გამოიხურავდა და გზას სახლისკენ გავუდგებოდით.
დედაჩემი ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი იყო — თავს არავის დააჩაგვრინებდა და არც არავის მისცემდა ჩემი დაჩაგვრის უფლებას.
ახლა რატომ ვამბობ ამას?
20 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ დედას კიბო ჰქონდა. თავიდან ამ ამბავს მშვიდად შეხვდა და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა, ოღონდ კიდევ დიდხანს ყოფილიყო ჩემს გვერდით. მაშინ ახალი ჩაბარებული მქონდა უნივერსიტეტში და ეს ამბავი გამოცდების პერიოდს დაემთხვა. კონცენტრაცია ძალიან გამიჭირდა. მხოლოდ დედაზე და მის გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობდი.
პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, შემდეგ დაიწყო ქიმიოთერაპია. არც ამის შემდეგ დაუხურავს მაღაზია. ცდილობდა ძალა მოეკრიბა და მუშაობისთვის თავი არ დაენებებინა.
როცა მივხვდი, რომ დედას მდგომარეობა დამძიმდა, სწავლასთან ერთად მუშაობაც დავიწყე. მახსოვს, ძალიან გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, მაგრამ როცა ვფიქრობდი, რომ ამას ვაკეთებდი ქალისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრება ჩემთვის დათმო, ყველაფერი მინდოდა გამეღო მისთვის.
მაშინ არც ანაზღაურება მქონდა დიდი და ვერც თანამშრომლების მხრიდან პატივისცემას ვგრძნობდი. ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან გულუბრყვილო ვიყავი. მჯეროდა და ყველას ვენდობოდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველა ახლოს არ უნდა მიუშვა და თუ მართლა რამის მიღწევა გინდა, ჩუმად უნდა გააკეთო ეს, ზედმეტი ხმაურის გარეშე.
დედამ ამის შემდეგ კიდევ ორი წელი იცოცხლა. ვინ მოთვლის, რამდენი იწვალა. დავრჩი სრულიად მარტო. თუმცა სანამ გარდაიცვლებოდა, დედამ ისეთი რამ მითხრა, რომ ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. ხელში მომაწოდა ფურცელი, სადაც სავარაუდოდ მამაჩემის მისამართი ეწერა. მე ისე გავბრაზდი, რომ ის ფურცელი დავკუჭე და ვისროლე. ვერასდროს მივიღებ იმ კაცს მამად — მან მე და დედა მაშინ მიგვატოვა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.
დედას გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე სამსახურიდან გვიან დავბრუნდი და კარი ისე ჩუმად შევაღე, რომ არ გამეღვიძებინა. კარებიდანვე მომესმა უცხო ქალისა და დედაჩემის დიალოგი.
— როგორ არის? — ეკითხებოდა დედა.
— გაიზარდა, დიდი გოგოა უკვე. უცხოეთში სწავლობს და ამბობენ, რომ დიდი მომავალი აქვს.
ვერ წარმოიდგენთ, მაშინ რა დამემართა. ერთდროულად გამიხარდა და სიბრაზემაც შემიპყრო. ის ქალი ისე წავიდა ჩვენი სახლიდან, არც გამიჩერებია და არაფერი მიკითხავს. დავიმალე… ალბათ მაშინ სიმართლის მოსასმენად მზად არ ვიყავი. დედაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ ვერც მას გავუბედე რამე მეკითხა — ვერ შევძელი.
მას მერე მარტო ვცხოვრობ. ეს სახლიც მე და დედამ ჩვენი შრომით შევიძინეთ. ბევრჯერ მიფიქრია გაყიდვა და სხვაგან გადასვლა, მაგრამ სანამ აქ ვცხოვრობ, მგონია, რომ დედა ისევ ჩემთან არის — ჩემს გვერდით.
მისი გარდაცვალების დღიდან მისი ოთახისთვის ხელი არ მიხლია. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც დატოვა. უყვარდა მარაოები — საკუთარი კოლექციაც ჰქონდა. სუვენირებსა და აქსესუარებს თავადაც ამზადებდა. ზოგჯერ, როცა ძალიან მომენატრება, შევდივარ მის ოთახში, მის კაბებს ვეხუტები და ასე ვიძინებ.
ვიცი, ძალიან ცუდია, როცა წარსულით ვცხოვრობ და საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას არ ვაძლევ, მაგრამ რთულია, როცა ერთადერთ ოჯახის წევრს კარგავ და სრულიად მარტო რჩები. ბევრი მეგობარი არ მყავს და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვიწრო წრეში ვტრიალებ.
ერთხელ ასეთი რამ მითხრეს:
„შენს ტკივილსა და ცრემლს დედა ყოველთვის გრძნობს. შენ ამით მის სულს უფრო ამძიმებ. მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება.“

ამის შემდეგ ვცადე ურთიერთობა დამეწყო მამაკაცთან, რომელსაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შევხვდი. მამაჩემის შემდეგ ყველას მიმართ ნდობა დავკარგე. ვფიქრობდი, რომ ისიც ისე მიმატოვებდა, როგორც მამამ მიატოვა დედა. ბოლომდე ახლოს მაინც არავის ვუშვებდი.
დაახლოებით ექვსი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. შემდეგ, როცა ცოლობა შემომთავაზა, ვუთხარი:
„მაპატიე, მაგრამ ჯერ ამისთვის მზად არ ვარ.“
მაშინ 22 წლის ვიყავი. მას შემდეგ მასაც აღარაფერი უცდია და ასე დავშორდით ერთმანეთს.
ზოგჯერ ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის, მით უმეტეს, როცა მე თვითონ დავხურე ჩემთან ურთიერთობის ყველა გზა. არ მიყვარს ზედმეტი — არც ურთიერთობებში და არც საქმეში. იმდენს ვაკეთებ, რამდენსაც საჭიროდ მივიჩნევ.
პროფესიით იურისტი ვარ. რამდენიმე წელი ოფიცერი ვიყავი, დღეს კი დეტექტივი ვარ. ამის გამო უამრავ განსხვავებულ ადამიანთან მიწევს შეხვედრა. იმდენი რამ გამიგია და მომისმენია, რომ შეუძლებელია ვინმემ რამით გამაოცოს.
გასულ კვირას, სამსახურიდან მოსულს, ვიდეოზარით მირეკავს ჩემი მეგობარი და მეკითხება:
„რატომ არ მითხარი, რომ ჩამოხვედი? დაგხვდებოდი…“
თავიდან ვიფიქრე, ხუმრობდა, მაგრამ შემდეგ სურათი გამომიგზავნა, სადაც სრულიად სხვა ქვეყანაში, სანაპიროზე, შავგვრემანი ქალი ვარჯიშობდა. ერთი შეხედვით ძალიან მგავდა, მაგრამ მაშინ ეს უბრალოდ მსგავსებად ჩავთვალე და დიდად ყურადღებაც არ მიმიქცევია.
მეორე დღეს ისევ მირეკავს, დაბნეული და აღელვებული ხმით:
„ლიზა, ის ქალი შენ ძალიან გგავს. ვერ მოვითმინე და მივედი. ერთადერთი, რაც ვკითხე, მისი ასაკი იყო. თქვენ ორივე 1989 წელს დაიბადეთ. დაბადების დღე კი 18 მაისის ნაცვლად 28 ივნისი მითხრა…“
ქეითს საუბრის დასრულება არ დავაცადე — მალევე მისი მოძებნა დავიწყე. გამახსენდა მისამართი, რომელიც დედამ გარდაცვალებამდე ხელში ჩამიკუჭა. არ გადამიგდია — დღემდე სკივრში მაქვს შენახული. მისამართი რომ წავიკითხე, ზუსტად ის ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც ჩემი მეგობარი ქეითი ცხოვრობს.
ამდენი დამთხვევა შეუძლებელია, რადგან მე ის ადამიანი ვარ, ვისაც დამთხვევების არ სჯერა. იმავე დღეს ვიყიდე ბილეთი და აგერ უკვე მესამე დღეა ქეითთან ვარ.
***
გამთენიისას ქეითი მაღვიძებს.
— ადექი, ვისაუზმოთ. დღეს კარნავალია, აუცილებლად უნდა წავიდეთ, მაგრამ მანამდე მაღაზიებში უნდა გავიაროთ და კაბები შევარჩიოთ.
— კარგი რა, ქეით, როგორ არ იღლები… — ორივე ხელით მექაჩება.
— როგორ შეიძლება ქალს ასე ეზარებოდეს შოპინგი? ზოგჯერ არ მესმის შენი. — ეს თქვა და სამზარეულოში გავიდა.
მეც ძლივს წამოვდექი, კბილები გამოვიხეხე და მაგიდას მივუჯექი.
— ჭამე, თორემ ისედაც ვაგვიანებთ.
— არ მესმის, ეს კარნავალი რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?
— გავიგე, რომ…
— იქ შენი დაც იქნება და ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა შეხვდეთ ერთმანეთს? — სწრაფად დაავლო ხელი ელექტროსიგარეტს.
— მოიცადე, საიდან დაასკვენი, რომ ის ქალი ჩემი დაა? ქეით, შენ რაღაც ჩაიფიქრე და ნამდვილად არ ვაპირებ ამ სისულელეში მონაწილეობას. — წამოვდექი მაგიდიდან და ოთახში შევედი.
— ასე თუ გააგრძელებ, გარშემო არავინ დაგრჩება. რაც დედაშენი გარდაიცვალა, საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობ. დაასვენე მისი სული და მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება. არ მაინტერესებს — დღეს კარნავალზე ჩემთან ერთად მოდიხარ.
მივხვდი, მასთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა და საღამოს კარნავალზე წავედი მასთან ერთად.
ჯერ მარტო ის უნდა ნახოთ, რა ჩამაცვა… ვითომ ნიღბების კარნავალია, მაგრამ ზოგს ისე აცვია, ვერ გამიგია — ეს კლუბია თუ კარნავალი.
მისული არ ვიყავი, დაცვამ ხალხი მაშინვე გაწია და საპატიოდ შევედით შიგნით. იქაც მაგიდა წინასწარ დაჯავშნილი იყო. თავიდან მე და ქეითი ერთმანეთს ვუყურებდით და ვერ ვიგებდით, რა ხდებოდა. მოგვიტანეს სასმელი და გვითხრეს, რომ ჩემი ნივთები უკვე ნომერში აიტანეს.
„იცით, მე ის არ ვარ… ვიღაცაში გეშლებით…“ — ამის თქმა დავაპირე, მაგრამ ქეითმა ხელი წამკრა და გამაჩერა.
ვერც გავიაზრეთ და ისე მალე მოვხვდით სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებულ ნომერში. ქეითმა ჟურნალის გარეკანს დახედა და ხმამაღლა თქვა:
— ესე იგი, ლეილა, არა? ლიზა, შეხედე — ეს ის ქალია, ვისზეც გეუბნებოდი.
— აბა, შემახედე…
წამით გავჩერდი. ვუყურებდი მის ნაკვთებს, თვალის ფერს — ხალიც კი ზუსტად ტუჩის კუთხეში ჰქონდა, როგორც დედას.
— უყურე, უყურე! ეგ ქალი მილიონერი მამიკოს გოგოა. ეტყობა კიდეც, რომ მამიკომ ყველაფრის უფლება მისცა, თორემ მეც რომ მოვინდომო, შენ ასე არასდროს ჩაიცმევდი. — ქეითი საწოლზე წამოგორდა.
— ქეით, ადექი, აქედან უნდა წავიდეთ.
— კარგი რა, მოდუნდი და შეირგე ეს ყველაფერი. ვერ ხედავ? ყველას ლეილა ჰგონიხარ და ახლა ძვირადღირებულ ნომერში ვართ. ასეთ რამეს სიზმარშიც ვერ ვნახავდი.
კარზე ზარია…


— თქვენი ვახშამი. — მზარეულმა ვახშამი მაგიდაზე გააწყო და წავიდა. ოღონდ ეს ვახშამი კი არა — მთელი ჩემი უბნის ბავშვები რომ დამესვა მაგიდასთან, ყველას ეყოფოდა.
იმ ღამით ჩემს მეგობარს მშვენივრად ეძინა, მე კი მთელი ღამე ნოუთბუქთან გავატარე. ლეილას შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი გავარკვიე. ხუთი წელი ბავშვთა სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი ერთ-ერთმა გავლენიანმა ოჯახმა იშვილა. კაცს მეუღლე მალევე გარდაეცვალა და ქალიშვილის გაზრდა მარტო მოუწია.
როგორც ამბობენ, ამ ქალაქში სამაგალითო მამა-შვილობა აქვთ. ეხმარებიან ბავშვთა სახლის ბავშვებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაფინანსებაში და საცხოვრებლით უზრუნველყოფაში. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად ჩანს, მაგრამ სად გინახავთ პატიოსანი ბიზნესმენი, ვინც თავიდან ან მერე შავ საქმეებში არ გარეულა?
დღემდე უცნობია, რის გამო გარდაიცვალა მისი მეუღლე. საქმის დეტალებში წერია, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა გარდაცვლილი ქალის სხეულზე ძალადობის კვალი აღმოჩნდა — ის საკუთარ სახლშიც, სარდაფში იყო ნაპოვნი. ჩემი აზრით, ის ქალი მოკლულია. შეიძლება ვცდები და ნაადრევ დასკვნებს ვაკეთებ, მაგრამ ამაში მალე თავადაც დარწმუნდებით.
***
მეორე დღეს, როცა მეგონა, რომ გადავრჩით და იქაურობას თავს დავაღწევდით, სასტუმროს გამოსასვლელთან მძღოლმა გაგვაჩერა.
— ლეილა… — კაცი გაჩუმდა.
— დიახ, გისმენთ… — მაშინვე თავი გვერდზე გავაბრუნე.
— დასხედით, სახლამდე მიგიყვანთ.
ქეითმა მკლავში ხელი ჩამავლო და სწრაფად მანქანაში ჩავსხედით. მთელი გზა ჩუმად ვისხედით. ცოტა ხანში კაცმა მანქანა გააჩერა, უკან გადმოგვხედა და გვკითხა:
— ვინ ხართ?
ორივემ გაფართოებული თვალებით შევხედეთ ერთმანეთს — არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა.
— მე ქეითი ვარ, ეს ლიზაა — ლეილას ტყუპისცალი.
— რას ბოდავ?! — მხარზე ხელი უხეშად გავკარი მეგობარს.
— ლეილას კარგად ვიცნობ. სულ ჩემს ხელშია გაზრდილი. დაგინახეთ თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ სრულიად სხვა ადამიანი იყავით. ლეილას და არ ჰყავს და ვერც ეყოლება. — მძღოლმა თავი გზისკენ გააბრუნა.
— რატომ? — ინტერესით ვკითხე მე.
— დედამისი მშობიარობას გადაჰყვა და მასთან ერთად მისი დაც დაიღუპა.
— რას ამბობთ, ეს ასე არ არის… — ქეითს სიტყვა მაშინვე გავაწყვეტინე.
— არ გაბედო და არაფერი თქვა, — ყურში ხმადაბლა ვუთხარი მეგობარს.
— ახლა კი მანქანიდან ჩადით!
— რა?
— ავტობუსის გაჩერებაა. აქედან მარტივად გააგნებთ გზას.
— დიახ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა და ბოდიშს გიხდით.
მანქანიდან გადმოვედით თუ არა, მძღოლი მაშინვე წავიდა.
— აი ხომ ვამბობდი, ლეილა შენი ტყუპისცალია. ახლა მაინც არ გჯერა? — ისევ მომიბრუნდა ქეითი.
— არ მჯერა და ასეც რომ იყოს, არ ვაღიარებ.
— კი მაგრამ რატომ? ვერ ხედავ? მთელ ოჯახს ფულში სძინავს. შენც მათი კანონიერი წევრი ხარ.
— ქეით, ამდენ ლაპარაკს ტაქსი გამოიძახე და სახლში წავიდეთ, ჯობია.

***
მეორე დღეს ქეითი შეყვარებულთან ერთად ორი დღით აგარაკზე წავიდა. მეც მეშველა და მასაც. ახლა მაინც დავისვენებ, სანამ წავალ და ჩემს ყოველდღიურობას დავუბრუნდები.
დილით ჯერ ყავა ვიყიდე და სანაპიროზე გავისეირნე. ვაკვირდებოდი გამვლელებს. აქ თითქოს არავის ადარდებს, რა ხდება რეალურად სამყაროში. სულ რომ ყველაფერი ინგრეოდეს, ესენი მაინც იღიმიან. სკვერში დედა-შვილს მოვკარი თვალი — როგორი ბედნიერები იყვნენ ერთად. მოხუცებიც ბევრი გამოდის დილით და ფეხით სეირნობს. მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩემთან კი, რომ მოკლა, გარეთ ვერ გაიყვან მოხუცს — ყველაფერი უნდათ სახლში მიუტანო.
ვისაუზმე და სახლში ავდიოდი. გზაში ახალგაზრდა ბიჭმა გამაჩერა — ალბათ 22 წლამდე იქნებოდა. ხელში მოსაწვევი მომცა:
„ამ საღამოს მე და ჩემი მეგობრები ბარში ვუკრავთ. საქველმოქმედო საღამოა და იქნებ მოხვიდეთ.“
თავაზიანად მადლობა გადავუხადე და სახლში ავედი. ჯერ წიგნი წავიკითხე, შემდეგ ნოუთბუქში რაღაც ფაილებს ვშლიდი. დრო ისე გავიდა, ვერც შევამჩნიე. როცა სამზარეულოში გავედი, მაგიდაზე ისევ იმ მოსაწვევმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
მოულოდნელად გავაღე ქეითის კარადა, ჩავიცვი შედარებით მსუბუქი კაბა და ბარში წავედი. დიდი ხანია ასეთი სასიამოვნო მუსიკა არ მომისმენია — ეს ნამდვილად მჭირდებოდა. ცოტა დავლიე. როცა საპირფარეშოში შევედი, შემთხვევით ქალის სატელეფონო საუბარს მოვკარი ყური:
„ძალიან გთხოვ, მალე მოდი და აქედან წამიყვანე. მამამ რომ გაიგოს, ხომ იცი, მომკლავს.“
ვერ მოვითმინე და კართან ახლოს მივედი:
— შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
ქალმა მაშინვე კარი გააღო და როგორც კი დამინახა, ხმამაღლა დაიყვირა:
— ჯანდაბააა!
მაშინვე პირზე ხელი ავაფარე. ცოტა ხანში, როცა დამშვიდდა, სარკესთან მივიდა და სახეზე ცივ წყალს ისხავდა.
— შეუძლებელია… ეს მხოლოდ მსგავსებაა… უბრალოდ მსგავსება… — საკუთარ თავს უმეორებდა.
— არა მარტო.
— რას გულისხმობ? — მაშინვე მომიბრუნდა. ჩემთან ძალიან ახლოს დადგა და თმას, ცხვირს, ლოყებს ხელით შეეხო.
— იქნებ ხელები გაწიო.
— შენც გაქვს ლაქა მკერდთან?
მაშინვე მაისური ავიწიე.
— ლეილა, სასწრაფოდ დატოვე ბარი. დაცვამ უკვე გაიგო, რომ მანდ ხარ. — ტელეფონიდან უცნობი ბიჭის ხმა ისმოდა.
ლეილას ხელი მოვკიდე და ბარი უკანა კარიდან დავტოვეთ. სად უნდა წამეყვანა? ქეითის სახლში ავედით. ვუყურებ ლეილას — საერთოდ არ აცვია ისე, როგორც მილიონერი მამიკოს გოგო ჩაიცვამდა და, როგორც ჩანს, საკუთარ ხალხსაც ემალება. ტყუპისცალი ჯერ ახლა ვიპოვე და უკვე პრობლემებს მიქმნის.
სახლში შევედით თუ არა, ერთი ჭიქა წყალი ერთი ამოსუნთქვით დალია. ცოტა ხანს ბინას თვალი მოავლო და მკითხა:
— ვინ ხარ და საიდან ჩამოხვედი?
— ლიზა, 37 წლის. ჩამოვედი ******-დან. ეს ჩემი მეგობრის სახლია. კიდევ გაქვს კითხვები?
— კი და არ ვიცი საიდან დავიწყო.
— იცი, ადამიანს სამ კითხვაზე მეტზე არ ვპასუხობ.
— კარგი, მაშინ ორი დამრჩა.
— გისმენ. — ყავის აპარატში კაფსულა ჩავდე.
— მე და შენ ასე ერთმანეთს რატომ ვგავართ?
— ამისთვის დნმ-ის ტესტია საჭირო, თუმცა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ტყუპისცალი ხარ.
— კი, მაგრამ…
— ჩვენი ბიოლოგიური დედა მშობიარობას არ გადაჰყოლია. მან ორივე ქალიშვილი გააჩინა — ერთი მას დაუტოვეს, მეორე კი, როგორც ახლახანს გავიგე მამამ გაყიდა. მესმის, შენთვის რთულია ამის მოსმენა, მაგრამ ეცადე მშვიდად მიიღო…
ვხედავ, რომ ლეილა გონებას კარგავს.
— ლეილა, აქ ხარ? არა, ახლა გონება არ დაკარგო…
ამის თქმა იყო და გაითიშა. დივანზე დავაწვინე, ცივი წყალი სახეზე მოვუსვი და მალევე მოვიდა გონს.
— რა მოხდა? — თავი წამოწია.
— ცოტა ხანს ეგრე იწექი და მანამდე მიპასუხე — ვის ან რატომ ემალები?
— მომბეზრდა ის ცხოვრება, რაც მაქვს. აღარ მინდა მამაჩემის ბრიფინგებზე სიარული და ბიზნესპარტნიორების გაყინული სახეების ყურება. მინდა ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო — ქუჩაში რომ გავალ, ვერავინ მცნობდეს. ზუსტად ისეთი მინდა ვიყო, როგორიც შენ ხარ. ისინი კი უბრალოდ რობოტები არიან. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა საშინელი შეგრძნებაა ეს.
— შენ ჩემნაირი ვერასოდეს იქნები.
— მოდი, როლები გავცვალოთ.
— შეუძლებელია. — ფეხზე წამოვდექი და ზურგი ვაქციე.
— მხოლოდ 24 საათით. ამასობაში დნმ-ის პასუხიც მოვა და გვეცოდინება, ვინ ვართ ერთმანეთისთვის.
— ვერ დამითანხმებ.
— და თუ მართლა დები ვართ? ამის გამო მაინც გთხოვ.
— ყველაფერთან ერთად მანიპულატორი ყოფილხარ. კარგი, თანახმა ვარ, მაგრამ მანამდე უნდა მომიყვე, როგორი ხარ.
— ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ შენი ჩაცმულობა უნდა შევცვალოთ. — შემათვალიერა.
— რა არ მოგწონს ჩემს ჩაცმულობაში?
— პირველ რიგში ეს პერანგი. ალბათ ათი წლის არის…
— ამას არ შეეხო. — უკან გავიწიე.
— კარგი, რა დაგემართა? ისეთი არაფერი მითქვამს…


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს